პრასივით კანდიდატები
„ჩემი კანდიდატი შენსას სჯობს“
„ნაცმოძრაობის“ აქტივი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ისეთი გაცხოველებით ემზადება, საქართველოს ამომრჩეველს რომ თავი დავანებოთ, თვით „ენ დი აისაც“ კი თვალები დააჭყეტინა (ბუნებრივია, გაკვირვებისგან; გაკვირვებისგან, ვინაიდან რეიტინგებში ფრიად მოიკოჭლებს, თუმცა, ერთ დროს შიშის ზარს სცემდა აქეთ – ამომრჩეველს, იქით – რეიტინგებს .
თავის მხრივ, არც „ოცნება“ ჩამორჩება – ერთი რას მიქვიანო და, სულ მცირე, 5-ს გვთავაზობს, თუმცა, მაგალითად, ერთ დროს მერეესტრე, აწ კი ხალხის რჩეული ბ-ნი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მათი კანდიდატი „ქართული ოცნების“ კანდიდატზე უკეთესი იქნება (პათოსით: „ჩემი სიდედრი შენსას სჯობია, არა, ჩემი სჯობს – შენს!“). სამწუხაროდ, არ აკონკრეტებს, სახელდობრ, რით, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერაც მოქმედმა პრეზიდენტმა, მაგალითად, ომის შემდეგ მილიარდიანი სასახლე წამოიჭიმა (სხვათა შორის, ჯერაც ვერ გაგვირკვევია, ზუსტად რა დაგვიჯდა პრეზიდენტის ფუფუნებით ცხოვრება), მათმა ახალმა კანდიდატმა, გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სულ მცირე, არსებულზე ორჯერ დიდი სასახლე ხომ მაინც უნდა აიშენოს?!
მეორე მხრივ, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ საპრეზიდენტო კანდიდატებს არც სხვა პარტიები მოგვაკლებენ (პრინციპით, თაფლი იყოს, ბუზი ბაღდადიდან მოვაო). უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო სკამისთვის დოღში ლეიბორისტებიც ერთვებიან და ყველა დროის კანდიდატი ქართლოს ღარიბაშვილიც კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალებს.
ჩვენ არ ვიცით, რა ხეირს მოუტანს ახალი პრეზიდენტი სამყაროსავით ძველ საქართველოს, თუმცა, უკვე ვგრძნობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვით ადრე, კანდიდატები (მსურველების რაოდენობის გათვალისწინებით) კონა ათი შაურია, ხოლო, თუ საბაზრო პრინციპებსაც გავითვალისწინებთ, შესაძლოა, თანდათან კიდევ უფრო გაიაფდეს .