მადააშლილთა მტლად დასადებები
„…ქვეყანა მშიერ მონების“
მართალია, იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა ცვლილებები „შრომის კოდექსში“ და ჯერჯერობით მხოლოდ უმნიშვნელოდ იგეგმება დაქირავებულების უფლებების დაცვა (მთავარი სიახლე ისაა, რომ დამქირავებელი მთლად უპრაგონოდაც ვერ გამოაპანღურებს თანამშრომელს), მაგრამ, როგორც ირკვევა, ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეები თვით „მეოცნებეთა“ შორისაც აღმოაჩნდა (თორემ „ნაცმოძრაობამ“ და ბიზნესმენებმა იმთავითვე შემოიხიეს ტანზე, ერთი მისხალიც არ უნდა მოაკლდეს დამსაქმებლის იმპერატორულ უფლებებსო).
პირველი მერცხალი განათლების მინისტრი აღმოჩნდა, რომელმაც სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ „შრომის კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებები, იმას გარდა, რომ როზა ლუქსემბურგის ოცნების ახდენაა (ისე, ბარაქალა როზას, თუ ასეთი ჯანმრთელი ოცნებები ჰქონია) და, რაც მთავარია, ეს ბიზნესს მოკლავსო (შესაბამისად, ინვესტორის განაწყენებას მტლად დაქირავებულთა უუფლებობა დავადოთო).
ბ-ნ მარგველაშვილს ქ-ნი წულუკიანი გამოეპასუხა (რაკი ავტორი იუსტიციის სამინისტროა). კერძოდ, განმარტა, რომ გაკრიტიკებული ცვლილებები, მაგალითად, ჩვენს ევროპელ კოლეგებს მოსწონებიათ, თუმცა, ისიც შეუნიშნავთ, რომ „ეს არის მინიმუმის მინიმუმი, რაც კი შეიძლება ცივილიზებულმა და დასავლურობაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანამ თავის კოდექსში ჩაწეროს.“
დავაში პრემიერ-მინისტრმა მხარი ბ-ნ მარგველაშვილს დაუჭირა. სახელდობრ, ბრძანა, „ინვესტორს არ უნდა დავუკარგოთ მადა იმისა, რომ შემოვიდეს საქართველოში და ინვესტიციები განახორციელოს (როგორც ჩანს, მონები აქაური ინვესტორის მადის გაღვიძების საუკეთესო საშუალებაა)“, თუმცა საბოლოოდ ვინ იქნება მხარდაჭერილი, ამას მხოლოდ ცვლილებების საპარლამენტოს სხდომაზე გატანის შემდეგ დავადგენთ, მანამდე კი ტენდენცია აშკარაა: მათ, ვინც ზემოთაა, როგორც წესი, ქვემოთ მონები ურჩევნიათ.