კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის ქალისა და მამაკაცის სასიყვარულო ურთიერთობა ჩავარდნისთვის განწირული

სიყვარულსა და ომში ყველა ხერხი გამართლებულიაო, ამბობენ; თუმცა, ალბათ, ბოლომდე ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. ჯერ ერთი, გააჩნია სიყვარულს და გააჩნია ომს. ალბათ, იგულისხმება ომი, როცა შენს ქვეყანას იცავ და ჭეშმარიტი სიყვარული. მაგრამ, მორალური პრინციპების დაცვას საზოგადოება ჩვენგან მაინც ითხოვს. სხვა საქმეა, რამდენად ვაქცევთ საზოგადოების აზრს ყურადღებას და არის თუ არა, გადამწყვეტ მომენტში ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ზოგჯერ გაცილებით ჯობია, უსმინო მხოლოდ საკუთარი გულის კარნახს და გააკეთო ის, რაც მართლა გინდა. მთავარია, საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენილმა არ თქვა, რომ ბედნიერება ხელიდან შენი უმოქმედობის გამო გაუშვი...

სოფო (36 წლის): ჩემი სიყვარული თავიდანვე ჩავარდნისთვის იყო განწირული და, გეტყვით, რატომაც – სტერეოტიპებზე „გამოკიდებული“ ადამიანი ვარ, უფრო სწორად – ვიყავი. მაგრამ, დროზე მივხვდი, რომ ცხოვრებას დავინგრევდი ამ სისულელეებით და უარი ვთქვი იმაზე, რისიც ყოველთვის მჯეროდა. ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ძალიან არის დაკომპლექსებული. ვითომ ცდილობენ, ისე წარმოჩნდნენ, თითქოს თავისუფლები და ევროპულად მოაზროვნეები არიან, მაგრამ, რეალურად ჯერ კიდევ ვერ განვითარდნენ.

– რას გულისხმობთ კომპლექსებსა და განუვითარებლობაში?

– გეტყვით. მთავარი კომპლექსია: „რას იტყვის ხალხი“ და მეორე მთავარი პრობლემა – „არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის“. ანუ, ორი უკიდურესობა ერთად და ერთდროულად ზის ჩვენს გონებაში. ვითომ არ ვაქცევთ ყურადღებას სხვის აზრს, მაგრამ, შინაგანად მთლიანად ამ აზრის გავლენის ქვეშ ვართ. გარეგნულად თითქოს რაღაც ძვრები არის და ნელ-ნელა ცივილიზებულები ვხდებით, მაგრამ, რეალური თავისუფლებისგან მაინც ძალიან შორს ვიმყოფებით, იმიტომ, რომ ფასეულობები გვერევა. შინაგანი თავისუფლება ყველაფრის კადრებას და უპასუხისმგებლობას არ ნიშნავს; პირიქით, ძალიან წესიერი და ზედმეტად პასუხისმგებლიანი უნდა იყო და მაშინ ხარ კომპლექსებისგან თავისუფალი. მე აზროვნება ძალიან შემეცვალა ბოლო ორი წლის განმავლობაში, როცა პირისპირ აღმოვჩნდი სტერეოტიპებთან ბრძოლაში და უპირველესად, საკუთარ თავთან მქონდა ბრძოლები. ეს მაშინ მოხდა, როცა შემიყვარდა.

– თქვენ თქვით, ეს სიყვარული თავიდანვე განწირული იყოო. რატომ?

– იმიტომ, რომ ამ ურთიერთობის ბარიერი სტერეოტიპები იყო – ურთიერთობის ინიციატივა მე გამოვიჩინე, ჯერ ამან დამაკომპლექსა და ყველა შეცდომაც აქედან გამომდინარე დავუშვი... დავინახე თუ არა, მაშინვე მომეწონა. კაცზე დაფეთებული ნამდვილად არ ვყოფილვარ, რომ ჩემი საქციელი ამას დავაბრალო... მაღაზია მაქვს და ახალი კონსულტანტი მჭირდებოდა. გასაუბრებაზე მოვიდა უცნაურად ჩაცმული, მაგრამ, ძალიან ინტელექტუალური... შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, მანამდე კაცებთან ურთიერთობისას ყოველთვის ვიცავდი ბალანსს – მიმაჩნდა, რომ სასიყვარულო ურთიერთობა მათი სამართავი იყო.

– რატომ? ემანსიპირებული, დამოუკიდებელი ქალი, წარმატებული ბიზნესით, რატომ ფიქრობდით ასე?

– სტერეოტიპები, ჩემო კარგო! ბიზნესი და დამოუკიდებლობა არ შველის შინაგან კომპლექსს. გარეგნულად ბევრი მოგაჩვენებთ თავს თავისუფალ ადამიანად თავისი უკომპლექსო საქციელით, მაგრამ, რეალურად, ასე ფარავენ საშინელ კომპლექსებს. ხმამაღლა არავინ აღიარებს, რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში მართვის სადავეები ყოველთვის ქალის ხელშია.

– ეს არ არღვევს მათ შორის ბალანსს? კაცს ხომ უნდა წარმმართველი და ლიდერი თვითონ იყოს?

– ერთი საკითხია, რა უნდა და, მეორეა – რას ახერხებს. „მინდა“ – ყოველთვის არ ნიშნავს „შემიძლიას.“ ქალისა და კაცის თანასწორობის პრინციპი მაშინ ირღვევა, როცა კაცი იწყებს ფიქრს, რომ მას ყველაფერი ეპატიება იმიტომ, რომ კაცია. ის, ვინც მომეწონა და მერე შემიყვარდა, ჩემზე რვა წლით არის უმცროსი. ერთი შეხედვით, თამამი ჩანდა, მაგრამ, პირველად ყავაზე მე დავპატიჟე.

– შეიძლება, ვერ გაბედა ასაკობრივი სხვაობის გამო, ან, იმიტომ, რომ მისი შეფი იყავით.

– შეიძლება, არ გამოვრიცხავ... კაცები ჩვენზე – ქალებზე გაცილებით დაკომპლექსებულები არიან და მერე აქედან მოდის მათი ღალატიც, უხეშობაც, ძალისმიერი გამოვლინებებიც...

– მისი მხრიდან საერთოდ არ იყო ინიციატივა?

– როგორ არ იყო! სიყვარული მან ამიხსნა, მაგრამ, ნიადაგი მე მოვუმზადე – მე გავათამამე და დავარწმუნე საკუთარ გადაწყვეტილებაში. ჩემი ყოფილი შეყვარებულის მიმართ სხვა დამოკიდებულება მქონდა. „საჭე“ მას ჰქონდა მინდობილი და ვცდილობდი, „თანასწორობის პრინციპი“ არ დამერღვია, მაგრამ, მაინც არაფერი გამოგვივიდა. თვითონ ვერ შედგა როგორც პიროვნება, ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს მიაღწია და ჩემმა წარმატებებმა დაბოღმა. ბოლოს უკვე იმაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ყველაფერს ლოგინიდან ლოგინში ხტუნვით მივაღწიე. ვინც შენს საქმიანობაში წაგადგებოდა, ყველას უწვებოდიო. საშინელი სკანდალით დავშორდით. მას მერე, არშემდგარ მამაკაცებს ვერიდებოდი, სტუდენტი კი შემიყვარდა.

– ამაში თქვენ პრობლემას ხედავთ?

– ვხედავდი, ახლა კი აღარ ვხედავ. მივხვდი, რომ მარტო ჩემი საქმეა, ვინ  მეყოლება ქმრად. ჩემზე უმცროსზე გავაკეთებ არჩევანს თუ ჩემზე უფროსზე, მარტო ჩემი გადასაწყვეტია. ქალმა საჭე ხელიდან არ უნდა გაუშვას არც ერთ საკითხში და არც ერთ ფრონტზე, მით უმეტეს, როცა საქმე მამაკაცთან ურთიერთობას ეხება. ჩვენი წყვილი თავიდან საკმაოდ უცნაურად გამოიყურებოდა: ის – 25 წლის სტუდენტი მეცნიერული მიდრეკილებებით და მე – ბიზნესვუმენი, ჩამოყალიბებული პიროვნება განსაზღვრული ფასეულობებით.

– თქვენ შეუთავსებლად მიგაჩნიათ ასეთი თანხვედრა?

– პრინციპში, არა. მე ამას არ დავუკომპლექსებივარ. თუმცა, ბევრი „კეთილისმსურველი“ ცდილობდა და ახლაც ცდილობს, უარყოფითი გავლენა მოახდინოს ჩემზე. აღარ იციან, როგორი ნეგატივი გამოუშვან და მომშხამონ. ამ ხალხს რომ ჰკითხო, ჩვენი ურთიერთობა განწირულია და არანაირი პერსპექტივა არ აქვს.

– მიზეზსაც ამბობენ?

– დიახ. სტერეოტიპები და ისევ სტერეოტიპები: რომ მე ქარაფშუტა, ჩამოუყალიბებელი ბიჭი (უფრო სწორად, ლაწირაკი) კი არა, ზრდასრული და სერიოზული მამაკაცი მჭირდება ცხოვრების თანამგზავრად. იფიქრებ, რომ ჩემზე მეტად შესტკივათ გული ჩემს ბედნიერებაზე... ეს ხომ სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს?! მათ გასაგონად, მთელი ხმით მინდა ვიყვირო, რომ გვერდით ნამდვილი მამაკაცი მყავს და ძალიან, ძალიან ბედნიერიც ვარ. დიახ, ურთიერთობის სათავეები მე მიპყრია ხელთ; დიახ, ამ ურთიერობის ინიციატორი მე ვიყავი; დიახ, მე ვიაქტიურე, ამით ძალიან კმაყოფილი ვარ და სხვა ქალებსაც ვურჩევ, მომბაძონ და ხელიდან არ გაუშვან თავისი შანსი.

– თამამი მოწოდებაა.

– რატომაც არა?! სხვათა შორის, ცოლობა თავად მთხოვა. ჩემი ინიციატივისა და ძალდატანების გარეშე.

– ანუ, მამაკაცზე ძალის დატანებითაც შეიძლება დაქორწინება?

– პრინციპში, შეიძლება. მეთოდები არსებობს და ცოტაც არაა, მაგრამ, მე არც ერთი არ გამომიყენებია. ჩვენი ურთიერთობა გრძნობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთგაგებასა და შინაგან სითბოზეა აგებული.

– ერთ კითხვას დაგისვამთ, თუმცა, შეიძლება, ცოტა უხერხულადაც მოგეჩვენოთ: თქვენს პარტნიორს ანებივრებთ საჩუქრებით?

– დიახ. მაგრამ, რა არის ამაში ცუდი და არაბუნებრივი? ვინც გიყვარს, გინდა, გაახარო და ასიამოვნო. თუ, მე ვარ გამონაკლისი და სხვა სხვანაირად იქცევა? დღეს თუ მე უფრო მეტი შემოსავალი და უფრო ძვირფასი საჩუქრების შეძენის საშუალება მაქვს, ბევრს არაფერს ნიშნავს. ისიც ცდილობს, თუნდაც ერთი ყვავილი მომიტანოს და გამახაროს. რომ ვატყობდე, ჩემთან გამორჩენის მიზნით არის, ეგრევე გავეყრებოდი.

– მეუღლეა უკვე?

– თითქმის. ურთიერთობა ოფიციალურად არ გაგვიფორმებია, მაგრამ, თუ საჭიროდ ჩავთვლი, ესეც იქნება, არ გვაქვს პრობლემა. მე, ზოგადად, საზოგადოების რეაქცია მაოგნებს – არაადეკვატურები არიან. ჩემმა რამდენიმე უახლოესმა მეგობარმაც კი გამაოცა და გამაბრაზა თავისი ლოგიკით – შენზე უმცროსია და ყველა ვარიანტში გიღალატებსო. თითქოს, მათი ათი წლით უფროსი, ღიპიანი ქმრები ანგელოზები იყვნენ. რატომ აკეთებენ შორსმიმავალ დასკვნებს, თანაც, ჩემ მაგივრად – გაუგებარია.

– ისე, შინაგანად თქვენ თუ გიფიქრიათ ამაზე?

– რომ, შეიძლება, მიღალატოს?!

ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ არის. მე იმაზეც ვერ დავდებ თავს, რომ მე არ ვუღალატებ, – სერიოზულად ვამბობ ამას. ჩვენი მთავარი პრობლემა, იცით, რა არის? დღევანდელი დღით ცხოვრება არ ვიცით და წინასწარ ვნერვიულობთ, იმაზე ვიკლავთ თავს, ხვალ და ზეგ რა იქნება. ეს თქვენ ნორმალური გგონიათ? განა ვინმეს ჭკუას ვარიგებ, მაგრამ, თუ რაღაც წვლილს შევიტან სტერეოტიპების დანგრევაში, გამიხარდება.

– კონკრეტულად, რომელი სტერეოტიპია უმთავრესად დასანგრევი?

– ის, რომ მამაკაცია ქალისა და კაცის ურთიერთობაში წარმმართველი. რატომ ვიბრმავებთ თვალებს?! ჩვენ გარშემო ხომ რადიკალურად სხვანაირად არის ყველაფერი. თუ კაცებს უნდათ, რომ ასე იყოს და სჯერათ, რომ ასეა – ნუ შევუშლით ხელს, მაგრამ, ქალებმა მივხედოთ საკუთარ თავს, თორემ, სტერეოტიპებსა და კომპლექსებს გამოკიდებულები, მარტო დავრჩებით. ბედი ყოველთვის უნდა სცადო. რატომაც არა?!

скачать dle 11.3