რით გააკვირვა ოტია იოსელიანი რუსმა ქალბატონმა
1972 წელია.
ქართველი მწერლები სიმპოზიუმზე მიემგზავრებიან საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში.
ოტია იოსელიანის კუპეში, თანმხლებ ორ ცნობილ მწერალთან ერთად, ერთი უცხო ქალი აღმოჩნდა.
ქალი შუა ხანს არ იყო მიღწეული, მაგრამ, საკმაოდ სანდომიანი გახლდათ. მოგეხსენებათ, იმ პერიოდში თბილისიდან მოსკოვამდე მგზავრობას კარგა სამი „სუტკა“ სჭირდებოდა.
ჩვენმა მწერლებმა (რა თქმა უნდა) ქალბატონს ქვემო „კოიკა“ დაუთმეს და, სანამ დაწვებოდა, ტამბურში გავიდნენ.
რომ შემობრუნდნენ, ქალი გემრიელად გახლდათ მოწყობილი ლოგინში. ეს სამეული კი ერთმანეთის გვერდით მოკალათდა „მსხდომიარე“ მდგომარეობაში.
როგორც აღმოჩნდა, ქალი მოსკოველი გახლდათ, ანუ, ჩვენი რძალი – ჩვენი, ერთ-ერთი თანამემამულის გულის მურაზი. გარდა ამისა, ის საკმაოდ ენაწყლიანი და თამამი გამოდგა. ჩვენი სასიქადულო მწერლებიდან ვერც ერთი ვერ იცნო, თუმცა, ეჭვი არ მეპარება, მათი სახელები, პირდაპირ თუ ირიბად, აუცილებლად ექნებოდა განაგონი, ყველასი თუ არა, რომელიმესი მაინც.
– ჩვენმა სამეულმა ჯენტლმენობის ურყევი კანონი დაიცვა და სათითაოდ გაეცნენ ქალს – მწერლები ვართ და თქვენს დედაქალაქში მიწვევით მივემგზავრებითო.
ქალს ლაპარაკის საღერღელი აეშალა:
– აი, თქვენ მწერლები ბრძანებულხართ. მართალია, ჩვენს (რუს) მწერლებთან რას მოხვალთ, მაგრამ, თქვენც არა გიშავთო. მე თავის დროზე პედაგოგი გახლდით, სანამ თქვენი რძალი გავხდებოდი, კი არ გეწყინოთ, მაგრამ, ჩემი მოსაზრებები მაქვს ცხოვრებისეულ საკითხებზე და ახლა, თქვენი აზრიც მაინტერესებს, აბა, ჩვენი მოსაზრებები თუ დაემთხვევა ერთმანეთსო.
მუდამ ტრადიციების მიმდევარ ოტიას „მანდამაინც“ არ ესიამოვნა ქალის ასეთი გულახდილობა, მაგრამ, ოტია ოტია იყო, ტრადიცია – ტრადიცია და რუსი ქალი – რუსი ქალი, მაგრამ, ჩვენი რძალი და, – გისმენთ, ქალბატონოო, – გაუღიმა.
ქალმა ავბედითი კითხვა დასვა:
– რამდენი სიყვარული არსებობს ცხოვრებაში?
მწერლებმა უხერხულად გადახედეს ერთმანეთს – რომელი უპასუხებსო.
– სიყვარული ერთია და სამუდამო, – თქვა ერთმა, მაგრამ, ქალი ამ პასუხმა ოდნავაც ვერ დააკმაყოფილა.
– „ა პაჩემუ ნე დვა“?
– „მოჟნო ი დვა“... – „დანებდა“ მეორე მწერალი. ოტიამ ფანჯარაში გაიხედა და ხმა არ ამოუღია.
– „ა მოჟეტ ი ტრი“? – არ ისვენებს ქალი, გულღიად იღიმება და პასუხს ელის.
– „რაზ ტრი, ზნაჩიტ ი ჩეტირე ვაზმოჟნა“, – თქვა ქალმა.
მწერლებს რაღაც ენიშნათ, მაგრამ, არ იმჩნევენ და აქაც დაეთანხმნენ.
– აი, ჩემი ქმარი, – მოულოდნელად, სუფთად არა, მაგრამ, ბორძიკ-ბორძიკა ქართულით ამეტყველდა ქალი, – ჩემი მეხუთე სიყვარულია. მანამდე ოთხი სიყვარული გამოვცადე...
როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მუდამ ტრადიციების დამცველი და მიმდევარი ოტია ოდნავ შეტოკდა, თუმცა, კომენტარი არ გაუკეთებია.
ქალს ეწყინა – ეს სვანურქუდიანი კაცი რატომ არ მეთანხმებაო და საყვედურით შეხედა ქართული მწერლობის კორიფეს.
– თქვენ რატომ მიემგზავრებით, ქალბატონო, მოსკოვში, თუ არ გეწყინებათ, გვითხარით, – შეეკითხა ქალს თვალმოწკურვით... ბოლოს მაინც.
– „ვოტ, ვეტომ ი იესტ პრაბლემა“... – თქვა რუსულად ქალმა, – სწორედ მეექვსე სიყვარულმა დამიძახა მოსკოვში, – დააყოლა ქართულად.
წამით სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ოტიას ჯერი რომ იყო, აშკარად იგრძნო ორმა მწერალმა. ოტიამ ღრმად ამოსუნთქა და:
– არა!
– რა – არა? – შეჩქვიფდა ქალი.
– ხუთი სიყვარული შეიძლება, ქალბატონო, მაგრამ მეექვსე... მეექვსე ნაღდად ბოზობაში გადადის!!!
შეურაცხყოფილი ქალი წამსვე გადაბრუნდა კედლისკენ და მხოლოდ მოსკოვის მისადგომებთან იკადრა გადმობრუნება.
– „მოჟნო, ვსიო მოჟნო“!! – რომ ჩადიოდა, მაშინ ისროლა...
მოსკოვში ირიბად ცრიდა.
საქართველოშიც ცრის ხანდახან...