რატომ არ ხიბლავს დათო ხუჯაძეს ღამის ცხოვრება და ვინ გადაკეტა მის გამო შვედეთის უდიდესი ხიდი
მომღერალმა დათო ხუჯაძემ რუსულ შოუ-ბიზნესში უკვე წლებია, თავი დაიმკვიდრა და უამრავი გულშემატკივარიც გაიჩინა. დათო ცოტა ხნის წინ თბილისში ჩამოვიდა და აქ 8 მაისამდე დარჩება. მისი ინტერვიუდან მკითხველი ბევრ საინტერესოსა და ახალს შეიტყობს, რადგან ჩვენი რესპონდენტის ცხოვრება ბოლო დროს მხოლოდ მუსიკით აღარ შემოიფარგლება.
– დათო, ბოლო დროს თბილისში მოუხშირე ჩამოსვლას. რა არის ამის მიზეზი?
– საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ, უბრალოდ, შეიძლება ხალხისთვის არ იყოს ეს ცნობილი. ვჩერდები ერთ კვირამდე და მერე ისევ მოსკოვში ვბრუნდები. ამჯერად საყოფაცხოვრებო საქმის გამო ვარ ჩამოსული, ასე ვთქვათ, რემონტი გვაქვს სახლში. ორ კვირაში რომ უნდა დასრულებულიყო, თითქმის ერთი თვე გავიდა უკვე, როგორც ხდება ამ დროს, ხომ იცი. ამას გარდა, ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი საქველმოქმედო ფონდის, „თამარიონის” დაფუძნებაა. „თამარიონი” უნარშეზღუდულთა ფონდია. აქცენტი ძირითადად გვინდა გავაკეთოთ ჰემოფოლიითა და C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანების დახმარებაზე. ჩემი აზრით, სერიოზული არაფერი კეთდება მათ დასახმარებლად. მინდა, საყოფაცხოვრებო პირობები გაუუმჯობესოს მათ ჩემმა ფონდმა, ისინიც ხომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან ამ ქვეყნის, როგორც ყველა. ამჯერად ვმუშაობთ, რომ 14 ივნისი, რომელიც ინვალიდთა საერთაშორისო დღეა, დავაფუძნოთ საქართველოშიც და აქაც აღინიშნოს ყოველწლიურად.
– შენ მიერ დაარსებული ფონდი როგორ ახერხებს ამ ყველაფრისთვის თანხების მოძიებას?
– ჯერ ახალი ჩამოყალიბებულია და იმედი მაქვს, არაერთი ადამიანი შემომიერთდება, ხომ გაგიგონიათ, მარტო კაცი ჭამაშიც კი ცოდოაო. თან, არც ისეთი დიდი ფინანსების პატრონი ვარ, მარტო შევეჭიდო ამ საქმეს. იმედია, არაერთი მეცენატი შემომიერთდება და ადამიანურად გვერდში დამიდგება, რადგან ამ საქმეს ერთი ადამიანი კი არა, გუნდური მუშაობა სჭირდება.
– რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას. გასულ წელს ჟანრი შეიცვალე...
– ალბათ, იმას გულისხმობ, დენსი რომ ჩავწერე. მაგის მერე ნელი სიმღერაც ვიმღერე. ასე რომ, სხვადასხვა ჟანრის სიმღერების შესრულებასთან პრობლემა არასდროს მქონია, პირიქით, ძალიან არ მინდა, რომ ერთ სტილში ვიმღერო. ამიტომაც არის მრავალფეროვანი ჩემი მუსიკალური შემოქმედება – ხან რას ვმღერი და ხან რას. არ მომწონს ის ფაქტი, როცა მომღერალი რამე კარგ ჰიტს ჩაწერს, სხვა სიმღერები კი მასზე უარესია, მაგრამ სტილისტურად იგივე. მე მიყვარს მუსიკა და არა სტილი. კარგი მელოდია ყოველთვის კარგია, არ აქვს მნიშვნელობა აზიური იქნება ის თუ ევროპული, რადგან კარგს ნაციონალური საზღვრები არ აქვს. აქედან გამომდინარე, ბოლო დროს ყოველთვის ვცდილობ, გავაკეთო ის, რა ხასიათზეც იმ მომენტში ვარ.
– შენი კლიპების უმეტესობა შვედეთშია გადაღებული. ერთ-ერთი კლიპის გადაღებისას, მახსოვს, ყველაზე გრძელი ხიდიც კი გადაკეტეთ გადაღების გამო.
– მიმაჩნია, რომ კარგი თონის პური თონეში უნდა გამოცხვეს და არა ღუმელში. ასეა კლიპის შემთხვევაშიც. რაც შეეხება ხიდის გადაკეტვას, იქაურმა მერიამ ძალიან დიდი პატივი გვცა.
– მოკლედ, შვედეთში დიდი პოპულარობით სარგებლობ, როგორც ჩანს.
– კი, ასეა. ხიდის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ნიუსიც კი გაკეთდა შვედურ ტელევიზიაში. გადაიკეტა ხიდი, მე კი ამ დროს შუა ხიდზე საწოლში ვიწექი.
– ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, გაქვს ყველა პირობა, რაც მუსიკოსს სჭირდება – საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია, სიმღერის ტექსტსა და მუსიკასაც თავადვე წერ.
– საკმაოდ სერიოზული ხმის ჩამწერი სტუდია მაქვს უკვე მე-7 წელია. რაც მუსიკოსს სჭირდება, იქ იმაზე გაცილებით მეტი აპარატურა დგას. ჩემს სიმღერებზე რომ არაფერი ვთქვა, სხვა მუსიკოსებისთვის 5 ალბომი გვაქვს იქ ჩაწერილი. მუსიკოსს სტუდია აუცილებლად უნდა ჰქონდეს, თუნდაც იმის მეოთხედი, რაც ჩვენ გვაქვს.
– რუსულ შოუ-ბიზნესში რომ დიდი პოპულარობით სარგებლობ, შენს კონცერტებზე მოსული ხალხის რაოდენობაც მეტყველებს. იმდენად დიდია ბაზარი, რომ იქ თავის დამკვიდრება ძალიან ძნელია.
– თავის დამკვიდრება რუსულ შოუ-ბიზნესში მართლა ძალიან ძნელია. თუ ეს შეძელი, ხომ კარგი. მე პირადად, სწორედ რუსეთიდან გავედი, პრინციპში, უკრაინაში, ყაზახეთში, შუა აზიაში, ერევანში, აზერბაიჯანში, ისევე როგორც ევროპასა და ამერიკაში. რუსეთში დიდი ბაზარია და ინფორმაციაც მეტი გადის ქვეყნიდან. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ასეთი რამ არ არის.
– რადიო და ტელეეთერში დათო ხუჯაძის სიმღერების დეფიციტი ნამდვილად არ არის რუსეთში. ჰიტათეულის ლიდერ პოზიციას იკავებ ხშირ შემთხვევაში, რაც ძალიან კარგია.
– კი ასეა. იმასაც გეტყვი, რომ „რადიო ჯაზის” ეთერში ქართული სიმღერა მივიტანე, ჯანსუღ კახიძის მუხამბაზი – „შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია,” რომელიც 3 კვირის განმავლობაში პირველ ადგილზე იყო.
– ბევრი მომღერლისგან განსხვავებით, არ ხარ ღამის ცხოვრების მოყვარული.
– მქონდა პერიოდი, როცა „ტუსოვკებზე” სიარული მსიამოვნებდა, მაგრამ ახლა ამას ვეღარ ვიტყვი. ბოლოს ყველაფერი გბეზრდება და ყელში ამოგდის. მირჩევნია, სადმე ცივილურ ადგილას დავჯდე რამდენიმე ადამიანთან ერთად. კარგი დროის გასატარებლად ხმაური საერთოდ არ არის საჭირო. მშვიდ და წყნარ ცხოვრებას არაფერი ჯობია.
– ჯგუფებს „სახესა” და „ფლეშს” შენს ცხოვრებაში, ალბათ, მაინც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.
– სამწუხაროდ, საქართველოში დღემდე ვერავინ შეძლო, „სახე” და „ფლეში” დაეჩრდილა.
– სპორტის სასახლეს ისე ავსებდით, ხალხი გარეთ რჩებოდა.
– სპორტის სასახლე, სხვათა შორის, მეც მაქვს ორჯერ გავსებული, ამას ნუ დამიკარგავთ. ძალიან მაგარი დრო იყო.
– ტელევიზიასთან საკმაოდ ახლო შეხება გაქვს სხვა მხრივაც, რაც ჩვენმა მკითხველმა არ იცის.
– მოსკოვში მე და ჩემი პროდიუსერი – გელა გოგოხია, მუსიკალური არხის პროდიუსერებიც ვართ. გელა მთავარი პროდიუსერია, მე კი – მუსიკალური. ეს არის „bridge TV” და „Rusong TV.” ამ 2 არხს კიდევ დაემატა „Deng TV”, ანუ საცეკვაო მუსიკა, ერთი თვის წინ გავუშვით ტესტის რეჟიმში. ყველაზე ძლიერი არხი, რომელიც ჰოლდინგში გვაქვს, ეს არის „RTG,” რომელიც დისქავერის ანალოგია. ამ შემთხვევაში მისი ჩვენება მხოლოდ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილშია.
– იმდენი რამ ჩამოთვალე, დათო, რომ ბოლოს, ალბათ, სიმღერისთვისაც აღარ დაგრჩება დრო. თემას გადავუხვევ და პირადზე გკითხავ. გასულ წელს მეუღლეს დაშორდი. ეს ნამდვილად საწყენია. თუმცა, ალბათ, დათო ხუჯაძის თაყვანისმცემლებს გაუხარდათ კიდეც, რადგან წარმოსახვაში გზა შენკენ ხსნილია. კვლავ სასურველი სასიძო ხარ.
– რამდენად სასურველი, არ ვიცი, მაგრამ საცოლე ბიჭი ნამდვილად ვარ.
– რამე ხომ არ ხდება შენს ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით ნამდვილად არაფერი.
– ანუ, დათოს გული თავისუფალია, რაც კიდევ ერთი იმედია, შენი თაყვანისმცემლებისთვის.
– იმედი არ დაგვიკარგოს ღმერთმა, მეც და ჩემზე შეყვარებულ მანდილოსნებსაც.