რაში იღებენ უკრაინულ „ვოისში“ „ზაკაზებს“ მიხეილ კილაძე და ოთო ნემსაძე და ვის უნდოდა რინგზე მათი ერთად დაყენება
24 წლის პროფესიონალი მუსიკოსი, მომღერალი, საკმაოდ ხალისიანი და ენაწყლიანი რესპონდენტი, მიხეილ კილაძე, 18 წლამდე ბათუმში იზრდებოდა, მერე კი ოჯახთან ერთად, ოდესაში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინული „ვოისის“ ქასთინგებში ათეულ ათასობით მომღერალი მონაწილეობდა, ის და ოთო ნემსაძე, „ბრმა ქასთინგის“ შემდეგ, სვიატოსლავ ვაკარჩუკის ჯგუფში მოხვდნენ. თუმცა‚ რინგზე არ მოუწიათ ერთად დგომა და ახლა უკვე მაყურებელი გააკეთებს არჩევანს.
მიხეილ კილაძე: ბათუმში დავიბადე და 18 წელი იქ ვცხოვრობდი. დედა უკრაინელი მყავს. ბათუმში ცნობილი თეატრალურ-მუსიკალური სტუდიაა „ტიპ-ტოპი“, რომელიც დღესაც განაგრძობს საქმიანობას და მე იქ სოლისტი ვიყავი. ბევრ სპექტაკლში მაქვს ნათამაშები სხვადასხვა როლი. ასევე‚ მონაწილეობას ვიღებდი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსებში, ვმღეროდი ვაჟთა გუნდში, რომელიც რამინ მიქაბერიძემ დააარსა. გარდა ამისა‚ ჩემი ოჯახის წევრები პროფესიონალი მუსიკოსები არიან: ბაბუა – მიშა კილაძე, ცნობილი ლოტბარი, დირიჟორი იყო; ბებია – აჭარის ეროვნული ანსამბლის სოლისტი, მამა და მამიდა – მუსიკოსები; დიდი ბაბუა – ფოლკლორისტი. ბებია 87 წლის არის და დღესაც ბევრ რამეს მიყვება. თურმე, დაახლოებით 1945-1947 წლებში, უკრაინაში, რუსეთში, ეგვიპტეში გასტროლებით დადიოდნენ. ერთხელ‚ მახსოვს‚ მომიყვა: უკრაინაში ჩავდიოდით ყველა სოფელში, ხალხი ყანაში მუშაობდა. შუა ყანაში იმპროვიზებული სცენა კეთდებოდა. საღამოს, ყველა რომ მორჩებოდა თავის საქმეს, მოდიოდნენ... ჩვენ ქართულად ვმღეროდით, ბაბუას კი უკრაინულ ენაზე მიჰყავდა კონცერტები და უკრაინელები გიჟდებოდნენო.
როგორც მეუბნებიან, 2 წლის ასაკში უკვე ვმღეროდი, თან‚ ისე‚ რომ სხვა ხმებზე არ გადავდიოდი. მამას თავისი ჯგუფი ჰყავდა „ლაბირინთი“, ძალიან წარმატებულად გამოდიოდნენ. ერთ-ერთ კონკურსში „მაშინა ვრემენისთან“ ერთად აიღეს პირველი ადგილი. მოკლედ‚ კარგი სტარტი ჰქონდათ, მაგრამ, 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში ყველაფერი აირია, ის თავის ბენდთან ერთად წავიდა და ლაინერზე უკრავდა. მამა დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაცურავს გემით და მღერის ბენდთან ერთად. დედაც ლაინერზე გაიცნო. როგორც მიყვებიან, როდესაც მამამ გადაწყვიტა, ლაინერით წასულიყო, დედაც ახალი მისული იყო – რესტორნის მეთვალყურეობა ევალებოდა. დედაჩემი შეუდრეკელი ქალია, მამამ ბევრი სდია და ბოლოს საქართველოში ცხოვრებაზეც კი დაითანხმა, მიუხედავად იმისა, რომ დედასთვის ეს არ იყო ადვილი. მაგრამ, გაგვზარდა მე და ჩემი უმცროსი ძმა და, მოგვიანებით უკვე ჩვენთან ერთად დაბრუნდა‚ სამშობლოში.
– რა იყო შენი პირველი წარმატება?
– ჯერ 5 წლისაც არ ვიყავი‚ მუსიკალურ სტუდიაში რომ შემიყვანეს. მალე ბათუმის დრამატულ თეატრში დაიდგა დიდი მუსიკალური სპექტაკლი – „რწყილი და ჭიანჭველა“. გამოვედით სცენაზე. ასლანმაც შეამჩნია ჩვენი წარმატება და, მოკლედ‚ ეს დიდ მოვლენად იქცა ბათუმში. როგორც ამბობენ‚ კარგად ვიმღერე. 5 წლის ვიყავი მაშინ. ამის მერე საფეხურებრივად ვვითარდებოდი და ასევე მოდიოდა წარმატებებიც.
– და, შემდეგ წახვედი უკრაინაში...
– ეს იყო ჯოჯოხეთი. თავიდან კატეგორიულ უარზე ვიყავი და დიდი მადლობა დედას იმისთვის, რომ გამიძლო. კონსერვატორიაში 7 გამოცდა რომ ჩავაბარე, თან, ყველა უმაღლეს ქულაზე, ვიფიქრე, მერვე-მეცხრეში სპეციალურად ორიანებს მივიღებ, რომ გამომაგდონ და საქართველოში დავბრუნდე-მეთქი, რადგან ყველა და ყველაფერი მენატრებოდა. პირველი სამი თვე განსაკუთრებით მიჭირდა, მაგრამ, მერე მივეჩვიე და დღეს უკვე ძალიან კარგ გარემოში ვტრიალებ, კარგი მეგობრები მყავს. ბათუმელ მეგობრებთანაც ისევ მაქვს ურთიერთობა, მელოდებიან და, მეც ძალიან მენატრებიან. ძალიან მინდა, საქართველოში კონცერტით დავბრუნდე, მათაც მივაწვდინო ჩემი ხმა. რადგან‚ როდესაც შენს ქვეყანაში გეუბნებიან, კარგი ხარო, ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა ქვეყანაში მიღებული შეფასება.
– როგორც კი ჩახვედი უკრაინაში, მაშინვე ჩააბარე კონსერვატორიაში?
– 26 ივნისს ჩამოვედი და 4 ივლისს კონსერვატორიაში დაიწყო მისაღები გამოცდები. საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტზე ჩავირიცხე, თან‚ „ბიუჯეტზე“ – სტიპენდიაც მომცეს. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა წითელ დიპლომებზე დავამთავრე. რადგან საქართველოდან ჩამოვედი, მუსიკალური ქვეყნიდან, ოჯახი მქონდა, გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობის გრძნობა ყველას მიმართ, ეს უფრო მეტ სტიმულს მაძლევდა. მეორე კურსიდან პედაგოგიური მოღვაწეობა დავიწყე. 18 წლის ასაკში ოდესის და, საერთოდ‚ უკრაინის ერთ-ერთი საუკეთესო სამუსიკო სკოლის ვოკალისა და თეორიის პედაგოგი ვიყავი, ბავშვებს ვასწავლიდი. მესამე კურსზე ჩემი სკოლა გავხსენი. არ მიყვარს თავის ქება, მაგრამ‚ ალბათ‚ დღეს ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად ვითვლები, რადგან‚ ღმერთის წყალობით‚ ყოველთვის იდგა ჩემთან რიგები. გარდა ამისა‚ ჩამოვაყალიბე ჩემი საესტრადო ჯგუფი, ნინო ქათამაძესთანაც ვიმღერეთ. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოში ჩამოვალთ ერთად. მოკლედ‚ აქტიურად ვამეცადინებ ბავშვებს და, პარალელურად‚ ვწერ მუსიკას. თუმცა, ჯერჯერობით ვერ დავაძალე საკუთარ თავს, რომ ჩემი დაწერილი მუსიკა კომერციაში გადავიტანო. თან‚ არ ვიცი, როგორ უნდა ვთქვა – ჩემი სიმღერა ამდენი ღირს-მეთქი... ახლა, „ვოისზე“ რომ წავედი, ვფიქრობ‚ ჩემი მუსიკაც გავიტანო. ბოლოს სკოლის, გუნდის კონცერტებზე ჩემი დაწერილი სიმღერები ვიმღერეთ და ძალიან კარგი რეზონანსი მოჰყვა.
– „ვოისის“ მერე კიდევ უფრო პოპულარული გახდებოდი.
– მაინცდამაინც არ მიყვარს პოპულარობა, მაგრამ, რაც „ვოისში“ გამოვედი, უფრო პოპულარული გავხდი. თუმცა, ოდესაში ჩემი განხრით, ანუ, როგორც დირიჟორს, მუსიკოსს მიცნობდნენ, განსაკუთრებით – მუსიკალურ წრეებში‚ მაგრამ, დღეს ამ პროექტმა უფრო მეტი პოპულარობა მომიტანა. რამდენიმე დღეა‚ ვიღაცეები მირეკავენ და მეკითხებიან: „შეიძლება თქვენი გაცნობა?“ ოდესის ერთ-ერთმა სარეკლამო სააგენტომ ფოტოების ბილბორდზე გაკვრა შემომთავაზა.
– რატომ გადაწყვიტე ამ პროექტში მონაწილეობა?
– ცხოვრებაში არასდროს მიფიქრია ასეთ კონკურსში მონაწილეობაზე, მაგრამ, ჩემი დამხმარე გადამეკიდა, გინდა თუ არა‚ გაგზავნე შენი მონაცემებიო. რომ დავრეკეთ, ერთ საათში მთავრდებოდა მიღება. ანკეტაში ეწერა, რომ უნდა გაგვეგზავნა იმ სიმღერის აუდიოჩანაწერი, რაც ბოლოს ვიმღერეთ. ბოლოს ჯაზ-ორკესტრთან ერთად ვიმღერე, ვიდეოჩანაწერი იყო და აუდიოფაილი უნდა ამომეღო. 4 საათში დავამთავრეთ და გადავგზავნეთ, მაგრამ უკვე დაგვიანებული იყო. 3-4 დღეში რომ არ დარეკეს, ვიფიქრე, კარგად იყავით თქვენც და მეც-მეთქი. თურმე‚ კონკურსგარეშე მოუსმენიათ და ბოლო დღეს დამირეკეს მონაწილეობის მისაღებად. სლავასთან მინდოდა ძალიან და, მადლობა ღმერთს, რომ მოტრიალდა. თუმცა‚ მიმაჩნია, რომ „ბრმა ქასთინგზე“ მოტრიალებები დადგმულია – ეს ჩემი სუბიექტური აზრია. მერე მოვიდნენ ჩემთან ზოგ-ზოგიერთები, მითხრეს: გვინდოდა შემობრუნება, მაგრამ, რაღაცამ შეგვიშალა ხელიო. სხვათა შორის‚ მე ვიყავი პირველი ქართველი, რომელიც იქ მოხვდა და მერე უკვე ოთო გავიდა, უბრალოდ‚ პირიქით დაამონტაჟეს. 5 დღე გრძელდებოდა ქასთინგები, მე მეორე დღეს ვიმღერე. არც ვიყავი დარწმუნებული, რომ ვინმე შემობრუნდებოდა, რადგან‚ როცა წინ სამი საკონკურსო დღე გაქვს, მაინც ფიქრობ: „იქნებ, უკეთესი მოვიდეს!“ ყველა ამბობდა, რომ რინგზე მე და ოთო უნდა ვყოფილიყავით. მე არ მინდოდა. იმის გამო კი არა, რომ ვინმე სუსტია – ესეც დამოკიდებულია იმაზე‚ რა სიმღერას მოგვცემდნენ, – უბრალოდ‚ ორ ქართველს შორის ბრძოლა არ გამოვიდოდა. ვაკარჩუკის დამსახურებაა, რომ ერთად არ დაგვაყენეს, თორემ, ტელევიზია ამას იზამდა. თან‚ რეკლამები გადიოდა: „ორი ქართველი – ვინ გაიმარჯვებს, ვინ იქნება უფრო ძლიერი!“ ახლა ოთხეულში ვართ და უკვე მაყურებელი ამოირჩევს. მე და ოთო დუეტს ვამზადებთ – „საქართველოო‚ ლამაზო“ უნდა ვიმღეროთ. საერთოდ, ორი-სამი წუთი თუ გვაქვს თავისუფალი, სულ ქართულ სიმღერებს ვმღერით. ისე მოსწონთ, მერე „ზაკაზებს“ ვიღებთ.
– ახლა მითხარი, რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ჯერჯერობით მაქსიმალურად კარიერაზე ვარ გადართული. შეყვარებული არ მყავს, ვარ მარტო და თავს კარგად ვგრძნობ. 24 საათი საქმეებში ვარ და სათანადო ყურადღებას ვერავის დავუთმობ, თუმცა, პრეტენდენტები მყავს. ბებია და მამიდა მეუბნებიან‚ ცოლად ქართველი მოიყვანეო. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა‚ ვინ იქნება, მთავარია‚ ერთმანეთს გავუგოთ. დედაჩემი ძალიან კარგად უგებს მამაჩემს და გემრიელ საცივსაც ამზადებს, ბევრ ქართველზე უკეთესად.