მეჩვიდმეტედან მეცხრამეტე საუკუნემდე ოსმალეთს 18 ქართველი დიდი ვეზირი, ანუ პრემიერ-მინისტრი ჰყავდა
მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში, ოსმალეთის იმპერიაში ბევრი ქართველი აღზევდა, ზოგიერთმა მათგანმა კი დიდი ვაზირის (პრემიერ-მინისტრის) თანამდებობასაც მიაღწია. ყველა ეს ადამიანი, თავის დროზე, საქართველოდან იყო გატაცებული და მათი ცხოვრება უცხოეთში მონათა ბაზრიდან დაიწყო. ამ თემაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– ბატონო ვახტანგ, როგორ მოხდა, რომ მონათა ბაზარზე გაყიდული ქართველი ყმაწვილები ოსმალეთის დიდი ვაზირები ხდებოდნენ?
– გავრცელებულია მცდარი შეხედულება, თითქოს ოსმალეთი იყო ჩამორჩენილი ქვეყანა. სინამდვილეში ოსმალეთის სულთნებმა გაატარეს ბევრი პროგრესული რეფორმა, რამაც სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა გამოიწვია. მოვიყვან ერთ მაგალითს: ოსმალეთის სულთნის კარზე სპეციალურად უყრიდნენ თავს ქრისტიანული ქვეყნებიდან მოტაცებულ და მონათა ბაზარზე გაყიდულ ყმაწვილებს. ცხადია, მათ ამაჰმადიანებდნენ და აძლევდნენ საკმაოდ საფუძვლიან განათლებას, ხოლო რჩეულებს აწინაურებდნენ უმაღლეს პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებზე.
– კი მაგრამ, ეროვნება არ ზღუდავდა სულთნის კარზე დაწინაურებას?
– თუ ქრისტიანი – ქართველი ან სხვა რომელიმე ეროვნების წარმომადგენელი – ისლამის აღმსარებელი გახდებოდა, ის უკვე ოსმალოდ ითვლებოდა და არანაირი შეფერხება მის კარიერას არ ემუქრებოდა. ოსმალეთში არ არსებობდა ძირძველი არისტოკრატია. იმ პერიოდის ბევრ ქვეყანაში უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებზე ჯერ კიდევ მხოლოდ და მხოლოდ არისტოკრატიის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ და, ცხადია, ეს განაპირობებდა იმას, რომ ხშირად მეტად მნიშვნელოვან თანამდებობაზე შეუფერებელი, ზოგჯერ უღირსი პიროვნება აღმოჩნდებოდა ხოლმე. ოსმალეთში დაკანონებულმა ზემოხსენებულმა წესმა გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო თანამდებობების, მათ შორის დიდი ვაზირის თანამდებობის დასაკავებლად, გზა გაეხსნა ბევრ ნიჭიერ და ღირსეულ ადამიანს.
– რას წარმოადგენდა დიდი ვაზირის თანამდებობა თავისი არსით?
– დიდი ვაზირი იყო ოსმალეთის პრემიერ-მინისტრი, ანუ, მთავრობის თავმჯდომარე. დიდი ვაზირი სულთნის შემდეგ პირველი კაცი იყო სახელმწიფოში, რომელიც ქვეყანას სულთნის სახელით განაგებდა. ყველა მინისტრი და გუბერნატორი (ვალი) მას ემორჩილებოდა. ომის დროს დიდი ვაზირი ჯარის მთავარსარდლის ფუნქციასაც ითავსებდა.
– თუ არის ცნობილი, რამდენმა ქართველმა მიაღწია ოსმალეთში დიდი ვაზირის თანამდებობას?
– მეჩვიდმეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში ოსმალეთის სულთნების მიერ, სხვადასხვა დროს, 18 ქართველი იყო დანიშნული დიდი ვაზირის თანამდებობაზე, თუმცა, გამოთქმულია საკმაოდ საფუძვლიანი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამავე პერიოდში კიდევ რამდენიმე ქართველმა მიაღწია ამ თანამდებობას.
– ვინ იყო პირველი ქართველი დიდი ვაზირი ოსმალეთის სულთნის კარზე?
– როგორც თავის დროზე ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, პროფესორმა ოთარ გიგინეიშვილმა დაადგინა, პირველი ქართველი დიდი ვაზირი იყო ჰადიმ-მეჰმედ ფაშა. იგი სულთანმა დიდ ვაზირად დანიშნა 1622-1623 წლებში. საინტერესოა, რომ ბოლო ქართველი დიდი ვაზირი იყო მაჰმუდ-ნედიმ ფაშა. ის დიდი ვაზირი იყო 1871-1872 წლებში. აღსანიშნავია, რომ მაჰმუდ-ნედიმ ფაშა 1875-1876 წლებში მეორედაც იყო დიდ ვაზირი.
– თუ არის ცნობილი დანარჩენი 16 ქართველი დიდი ვაზირის ვინაობა?
– ოსმალეთის სულთნის კარზე ქართველი დიდი ვაზირები იყვნენ: მელექ-აჰმედ ფაშა, სიაუშ ფაშა, გურჯი-მეჰმედ ფაშა, იფშირ-მუსტაფა ფაშა, ქეპრიულიუ-დამადი სიაუშ ფაშა, აღა-იუსუფ ფაშა, სილახდარ-სულეიმან ფაშა, ისმაილ ფაშა, მეჰმედ-საიდ ფაშა, ხაზინედარ შაჰინ ალი ფაშა, ხოჯა იუსუფ ფაშა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, ლაზ-აჰმედ ჰაშა, ჰურშიდ-აჰმედ ფაშა, რეშიდ მეჰმედ ფაშა, ხოჯა-ჰუსეინ მეჰმედ ფაშა.
– უფრო დაწვრილებით გვიამბეთ რამდენიმე მათგანზე მაინც.
– მელექ-აჰმედ ფაშა, გატაცებული ქართველი ყმაწვილი თურქეთში 1617 წელს ჩაიყვანეს. ის მაშინ 15 წლის იყო. იზრდებოდა ოსმალეთის სულთნის – აჰმედ პირველის კარზე. მელექ-აჰმედ ფაშა იყო რამდენიმე ვილაიეთის (გუბერნიის) ვალი (გუბერნატორი). ის დაქორწინებული გახლდათ სულთნის ქალიშვილზე, რის გამოც მიიღო „დამადის” (სულთნის სიძის) ტიტული. მელექ-აჰმედ ფაშა ოსმალეთის სულთანს, მურად მეოთხეს, თან ახლდა ირანის წინააღმდეგ ომებში. 1650 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. მელექ-აჰმედ ფაშამ რადიკალური ღონისძიებები გაატარა ხაზინიდან ფულის ქურდობის აღსაკვეთად, რის გამოც მის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი ოპოზიცია შეიქმნა. დიდი ვაზირი იძულებული გახდა, თანამდებობიდან გადამდგარიყო, თუმცა, მელექ-აჰმედ ფაშა ამის შემდეგაც აქტიურ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეობას ეწევა. იგი მონაწილეობდა ირანისა და ავსტრიის წინააღმდეგ ომებში.
აღა-იუსუფ ფაშა საქართველოდან გატაცების შემდეგ თურქეთის მონათა ბაზარზე გაყიდეს. მალე ის იანიჩართა ჯარში მოხვდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი, იანიჩართა ჯარის სარდალიც გახდა. 1711 წელს სულთანმა იგი დიდ ვაზირად დანიშნა. 1711-1713 წლებში აღა-იუსუფ ფაშა რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ოსმალეთის ჯარის მთავარსარდალი იყო. ამ დროს პეტრე პირველი ბალკანეთში შეჭრას ცდილობდა. რუსები დამარცხდნენ და პეტრე პირველი თავისი შტაბით ალყაში აღმოჩნდა. რუსების დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა მთავარსარდალმა აღა-იუსუფ ფაშამ. მოულოდნელად ოსმალებმა პეტრე პირველს გზა გაუხსნეს რუსეთის საზღვრებისკენ. მაშინ გავრცელდა ხმები, რომ პეტრე პირველმა ალყას დიდი რაოდენობით ქრთამის გაღების ფასად დააღწია თავი. ალბათ, პეტრე პირველმა არ იცოდა, რომ ოსმალეთის ჯარების სარდალი აღა-იუსუფ ფაშა ქართველი იყო, ისევე, როგორც აღა-იუსუფ ფაშას არ ეცოდინებოდა, რომ რუსეთის მეფის ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფდა.
საინტერესოა, კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშას ბიოგრაფიაც. ის დიდი ვაზირი იყო 1798-1805 და 1809-1811 წლებში. კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა საქართველოდან გატაცების შემდეგ თურქეთის მონათა ბაზარზე გაყიდეს. სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, 1798 წელს, ის ერზრუმის ვალად დაინიშნა. ეს იმ დროს მოხდა, როცა ნაპოლეონ ბონაპარტემ ეგვიპტის დაპყრობა დაიწყო, რომელიც იმხანად ოსმალეთის იმპერიაში შედიოდა. ნაპოლეონმა თურქეთის არმია სასტიკად დაამარცხა. სწორედ ამ კრიტიკულ ვითარებაში დანიშნა სულთანმა დიდ ვაზირად კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა, რომელიც ეგვიპტეში გაემგზავრა და ოსმალეთის არმიას ჩაუდგა სათავეში. მან რამდენიმე მარცხი აგემა ფრანგებს, თუმცა, საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ომის დასრულების შემდეგ დიდი ვაზირი სტამბულში დაბრუნდა და მალე თანამდებობიდანაც გადადგა. ამის შემდეგ ტახტზე ადის ახალი სულთანი – მაჰმუდ მეორე, რომელმაც კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ისევ დიდი ვაზირის თანამდებობაზე დანიშნა. შემდგომ წლებში კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშას რამდენიმე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, თუმცა, საბოლოოდ, სულთნისგან შერისხულმა, სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. კოჩ-იუსუფ-ზიაუდდინ ფაშა ოსმალეთში ცნობილი იყო როგორც თავისი დროის უგანათლებულესი ადამიანი, წერდა ლექსებს.
დიდი ვაზირი მაჰმუდ ნედიმ ფაშა 1867 წელს საზღვაო მინისტრი გახდა. იგი ამ დროისთვის უკვე ცნობილი პოეტი იყო. 1871 წელს სულთანმა ის დიდ ვაზირად დანიშნა. ეს ის პერიოდია, როდესაც ოსმალეთში გავლენის მოსაპოვებლად ერთმანეთს ებრძვიან ინგლისი და რუსეთი. მაჰმუდ ნედიმ ფაშა პრორუსული ორიენტაციისა იყო და სულთნის კარზე ინგლისის გავლენის შეზღუდვისთვის იბრძოდა. ინგლისის დაზვერვამ სტამბულში გაავრცელა ხმები, რომ დიდი ვაზირი რუსეთის აგენტი იყო და კავშირი ჰქონდა რუსეთის ელჩთან – იგნატიევთან. საბოლოოდ, ინგლისმა მიაღწია იმას, რომ სულთანმა მაჰმუდ ნედიმ ფაშა თანამდებობიდან გადააყენა. მიუხედავად ამისა, მალე მაჰმუდ ნედიმ ფაშა ოსმალეთის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1875 წელს კი მეორედ დაინიშნა დიდ ვაზირად. ინგლისის დაზვერვის ძალისხმევით, ეს თანამდებობა მან მალევე დატოვა, თუმცა, სულთანმა აბდულ-ჰამიდ მეორემ იგი კვლავ გამოარჩია და შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნა.
სამწუხაროდ, ოსმალურმა წყაროებმა ქართველი დიდი ვაზირების ბიოგრაფიიდან საქართველოსთან დაკავშირებული ცნობები არ შემოგვიანახა, ისევე, როგორც მათი ქართული სახელები.