როგორ აღნიშნავდნენ მეფე და დიდებულები აღდგომის დღესასწაულს
ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე ტრადიციები იცვლება, შესაბამისად, ზოგი იკარგება, ზოგიც – ტრანსფორმირდება, ასევე, ჩნდება ახალ-ახალი ტრადიციები. ჩვენს რუბრიკაში სააღდგომო ტრადიციებზე გვესაუბრება პროფესორი, ისტორიის დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი.
როზეტა გუჯეჯიანი: სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალები და რწმენა-წარმოდგენები მხოლოდ აღდგომის დღით არ შემოიფარგლება. დიდმარხვის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში გულმოდგინედ ემზადებოდნენ აღდგომის დღესასწაულისთვის. შემონახულია საისტორიო წყარო – ვახუშტი ბატონიშვილის მასალა, რომელშიც აღწერილია სამეფო კარის მიერ აღდგომის საზეიმოდ აღნიშვნის ტრადიცია, რომლის თანახმადაც, საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, მეფე და დიდებულნი გაიხსნილებდნენ და შემდგომ იმართებოდა ყაბახი.
– რა ხდებოდა ყაბახზე?
– ყაბახი, როგორც წესი, იმართებოდა თბილისში. როგორც ამბობენ, დღევანდელი ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაიდგმებოდა ოქროს ან ვერცხლის თასი და თავადიშვილები მართავდნენ შეჯიბრებას ისრით სროლაში. გამარჯვებულს აჯილდოებდნენ მის მიერვე ჩამოგდებული თასით. შემდგომ იმართებოდა ბურთაობა, ბოლოს კი ყველაფერი მთავრდებოდა ნადიმით, რომელსაც ახლდა გალობანი და სახიობანი.
– ასე ზეიმობდნენ სამეფო კარზე, მაგრამ, რიგითი მოსახლეობა როგორ აღნიშნავდა აღდგომის დღესასწაულს?
– სვანეთში შუაღამისას მთელი მოსახლეობა დაიძრებოდა მთავრი ეკლესიისკენ და იქ ესწრებოდნენ საზეიმო წირვას, დილით კი გადიოდნენ სასაფლაოზე. სადაც წინასწარ, ყოველ საფლავზე, დანთებული იყო თითო სანთელი და იქვე, ტაბლაზე, გაშლილი იყო საკურთხი. დილით, წირვის შემდეგ, მღვდელი აკურთხებდა ტაბლებს და ხალხი ამის შემდეგ გაიხსნილებდა. ამის შემდგომ იმართებოდა საერთო ტრაპეზი სოფლის შუაგულში, სასოფლო მოედანზე, ეკლესიის მიმდებარედ. აქვე სრულდებოდა ძალიან საინტერესო ხალხური საგალობლები: – სვანური „ქრისტე აღსგა”, „ქრისდეშ” და „ცხავ ქრისდეშ”. დღეობის შემდეგ იმართებოდა სპორტული ასპარეზობანი, რომლებიც როგორც წესი, სამხედრო-საწესო ელემენტებს შეიცავდა: იმართებოდა დოღი, ისრის სროლა, ჭიდაობა და ასე შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ გურიაში არსებობდა აღდგომის დღეს ლელო-ბურთის თამაშის წესი და ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია, მაგალითად, სოფელ შუხუთში. აღდგომისთვის გურიაში სპეციალურად იკერავდნენ ახალ ტანსაცმელს. ყველაფერს მოიკლებდნენ, მაგრამ, ამ დღეს აუცილებლად ახალი სამოსით უნდა გასულიყვნენ ეკლესიაში.
რაც შეეხება სამეგრელოს, აქ არსებობდა ტრადიცია სააღდგომოდ სპეციალური ქვევრის (ლაგვანის) გამოყოფისა, რომელთანაც სპეციალურ ლოცვას აღავლენდა ოჯახის უფროსი მამაკაცი და იქვე შესწირავდა ბატკანს ან გოჭს.
ხევში სააღდგომოდ, წირვის შემდეგ, იმართებოდა ნიშანში სროლა და გამარჯვებული ჯილდოს შესწირავდა ეკლესიას ან შესაბამის თანხას მოახმარდა სოფლის საჭიროებას.
ხევსურეთში აღდგომას – „ახვსებას“ უწოდებდნენ; თუ რატომ, ამაზე აზრთა სხვადასხვაობაა: ალბათ, იმიტომ, რომ ქრისტეს აღდგომის მადლით, სინათლით ივსება მთელი დედამიწა სწორედ ამ დღეს. ხევსურები ადიოდნენ თავთავიანთ ხატში და იქ აღნიშნავდნენ „ახვსებას“.
– გარდა ხევსურეთისა, სხვა მხარეებში თუ არსებობდა აღდგომის აღმნიშვნელი სინონიმური ფორმები?
– დიახ, არსებობდა. მაგალითად, სვანეთში აღგომას „თანაფს” უწოდებენ, სამეგრელოში – „თანაფას”. აუცილებელი ელემენტი სააღდგომო ტრადიციებისა იყო ჭონა.
– ჭონაზე რა ხდებოდა?
– აღდგომას, თანასოფლელთა ერთი ჯგუფი – მეჭონეები, კარდაკარ ჩამოივლიდნენ მთელ სოფელს, ასრულებდნენ სააღდგომო სიმღერებს და ყოველ ოჯახს აღდგომას ულოცავდნენ. დიასახლისები მათ სურსათ-სანოვაგითა და ტკბილეულით ასაჩუქრებდნენ. შეგროვილი ხორაგით კი საღამოს საერთო ლხინი იმართებოდა.
– როგორი იყო სააღდგომო სუფრა?
– სააღდგომო სადღესასწაულო სუფრა მრავალფეროვანი იყო და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეებში თავისებურებებით გამოირჩეოდა, მაგრამ, ყველგან აუცილებელი იყო წითლად შეღებილი კვერცხები და სააღდგომო ქადები, რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრიდან სააღდგომო პასქის უნივერსალურმა ფორმამ შეცვალა. ამის გამო ბევრი ტადიციული ქადის ნაირსახეობა დაიკარგა, მაგრამ, დღემდე ცოცხალია გურული საშობაო და სააღდგომო ღვეზელის ცხობის ტრადიცია; რაჭაში ამ დღისთვის მზადდებოდა ხორბლის ფაფა, აცხობდნენ კეცეულებსა და განატეხებს; თუშეთში – კოტორებს. სუფრაზე აუცილებელი იყო ბატკნის ან გოჭის, ზოგან კი მშრალად მოხარშული ღორის ბარკალი, ასევე, ხილი და წითელი ღვინო აუცილებლად.
– კვერცხი, ტრადიციულად, ენდროთი იღებებოდა?
– კვერცხი ბუნებრივი საღებავებით იღებებოდა: ენდროთი, ხახვის ფურცლებით. მეცხრამეტე საუკუნის პრესის მიხედვით, საღებავს „ჭიაფერა“ ეწოდებოდა.
აღსანიშნავია, რომ სააღდგომო ზარ-ზეიმი გრძელდებოდა მთელი კვირის განმავლობაში და დიდი მასშტაბურობით სრულდებოდა კვირაცხოვლობის დღესასწაულით. ამ დღეს სამეგრელოში „დიდ თანაფას“, ანუ, გათენებას, ღამისთევას უწოდებდნენ, სვანეთში – უფლიშს, უფლის დღეს. ამასთან დაკავშირებით სვანეთში მეტად საინტერესო ტრადიცია არსებობდა: კვირაცხოვლობის დღესასწაულისთვის მთელი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ. ყოველი სოფელი გამოარჩევდა ერთ საუკეთესო ბუღას, რომელსაც საგულდაგულოდ უვლიდნენ, თაფლიან წყალს ასმევდნენ, მოხარშულ ქერს აჭმევდნენ და ამზადებდნენ სპორტული ასპარეზობისთვის. კვირაცხოვლობის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, სასოფლო მოედანზე იმართებოდა ამ ბუღების ჭიდილი. ეს ტრადიცია არსებობდა აჭარაშიც, სადაც მას „ბუღიების ჭედობა“ ეწოდებოდა. საგულისხმოა, რომ ბუღების ჭიდაობის ტრადიცია დღესაც ცოცხალია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში, თანამედროვე ართვინის ვილაიეთში.
– ქართველებით დასახლებულ, საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა მხარეებში თუ შემორჩა სააღდგომო ტრადიციები?
– ცნობილია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქცეულ ქართველთა შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეთნიკური იდენტობის აქტუალიზაციის პრობლემას. მოსე ჯანაშვილის თანახმად, აღდგომის დღეს, მამლის ყივილისას, მოსახლეობა პირს იხსნილებდა ღორის ხორცით – გაღეჭავდნენ ერთ ნამცეც ღორის ხორცს, გადმოაფურთხებდნენ და იტყოდნენ: „ლეკო, დაგკეჩე” (ანუ – ლეკო, დაგღეჭე, მოგერიე, დაგამარცხეო), შემდეგ იმოსებოდნენ ახალი ტანსაცმლით და სახლის აღმოსავლეთ კუთხეში ლოცვას აღავლენდნენ შემდეგი სიტყვებით: „ღმერთო და ქურმუხის საყდარო, გახსნილებას (აღდგომას) მუდამ დაგვასწარი”. შემდეგ კლავდნენ საღვთო ყოჩს, ბატკანს, დაალაგებდნენ სანოვაგეს ხონჩაზე და მიდიოდნენ თავიანთ უმოქმედო, ნახევრად დანგრეულ საყდრებში სალოცავად. ბოლოს, წითელი კვერცხებითა და სასმელ-საჭმლით გადიოდნენ სასაფლაოზე.
რაც შეეხება ფერეიდნელ ქართველებს, მათ შორისაც ბოლო დრომდე არსებობდა კვერცხების წითლად შეღებვის ტრადიცია.