როგორ მოხვდა ნიგერიელი ბრაიანი არაერთ ქართულ სერიალსა თუ სარეკლამო რგოლში და რა ქართული სახელი და გვარი შეარქვეს მას მეგობრებმა
ნიგერიელი ბრაიანი უკვე დიდი ხანია, საქართველოში ცხოვრობს. მან უკვე მოასწრო არაერთ ქართულ სერიალსა თუ ფილმში თამაში. ხშირად მონაწილეობს „კომედი შოუში”, ქართველ ბავშვებს ფეხბურთს ასწავლის და, მოკლედ, საკმაოდ დატვირთული ცხოვრების სტილი აქვს.
ბრაიანი: ამ ბოლო დროს ძალიან იშვიათად ვარ სახლში. სულ სამსახურში მიწევს ყოფნა და დრო თითქმის არაფრისთვის მრჩება. საღამოობით ვმუშაობ ჩილიმ ბარში. აქ ვისწავლე ჩილიმის გაკეთება და, მგონი, უკვე პროფესიონალი ვარ (იცინის). როდესაც შემომთავაზეს ეს სამსახური, თავიდან უარი ვთქვი. სიგარეტსაც კი არ ვეწევი და ჩილიმი საერთოდ არ ვიცოდი, რა იყო. კეთების პროცესში მეც ხომ უნდა გავსინჯო, როგორი გამომდის. თავიდან მახველებდა ხოლმე. ეს არის ჩემი მეორე სამსახური. ძირითადად, სკოლაში ვმუშაობ – ფეხბურთის მასწავლებელი ვარ უკვე ოთხი წელია. მოსწავლეები ჩემი მეგობრები არიან, ყველასთან ძალიან ახლოს ვარ. ძალიან მინდა, ფეხბურთს დავუბრუნდე, ხშირად ვფიქრობ ამაზე, მაგრამ, ახლა თუ ამ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, თავი დავანებე, წყალში ჩამეყრება ჩემი შრომა. ძალიან დიდ რისკზე უნდა წავიდე, ყველაფერზე უარი რომ ვთქვა. ორ სამსახურში ვმუშაობ, ჩემი შემოსავალი მაქვს და ამიტომ ვერ ვრისკავ, თორემ, ფეხბურთელობა ჩემი ოცნება იყო და არის.
– ბავშვებს თუ მოსწონთ ბრაიან მასწავლებელი, რას გეუბნებიან ხოლმე?
– როდესაც სკოლაში შევდივარ, უკვე ვგრძნობ მათ სიყვარულს – ფანჯრებიდან მეძახიან, მოდიან ჩემთან, მეხუტებიან. ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს და არა ისეთი, როგორც მასწავლებელსა და მოსწავლეებს. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და სიამოვნებით ვასწავლი ბავშვებს. ერთად ვთამაშობთ ფეხბურთს. ძალიან მსიამოვნებს და მიხარია მათთან ურთიერთობა. ქართველი ბავშვები ძალიან საყვარლები და კარგები არიან. მართლაც რომ ძალიან შემაყვარეს თავი.
– შენი ოჯახის შესახებ მომიყევი. როგორც ვიცი, გყავს ქართველი მეუღლე და შვილი.
– ჩემი შვილი მალე სამი წლის გახდება, ძალიან საყვარელი და ჭკვიანია. მე და ჩემი მეუღლე ხუთი თვეა, ერთად აღარ ვართ. რაღაც პრობლემები გვქონდა და, სამწუხაროდ, ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. ბავშვი მასთან ცხოვრობს, თუმცა, მეც ხშირად ვნახულობ ხოლმე. თავიდან ძალიან სერიოზული დეპრესიები მქონდა, ვერაფერს ვაკეთებდი, ვერც ვმუშაობდი. ყველა მეკითხებოდა, რა გჭირსო. ალბათ, სახეზე მეწერა, რომ ცუდად ვიყავი. სიმართლე რომ გითხრა, არც მჯეროდა, მეგონა, სიზმარში ვიყავი, მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ გავაცნობიერე. ახლა მარტო ჩემს შვილზე ვფიქრობ, ბავშვის გამო ვაკეთებ ყველაფერს. ძალიან მინდა, ჩემი მშობლიური ენა ისწავლოს, მაგრამ, ჯერჯერობით მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს. როცა ერთად ვართ ხოლმე, ვასწავლი სიტყვებს ნიგერიულად.
– ქართულად ძალიან კარგად საუბრობ. ვინმე გეხმარებოდა თუ დამოუკიდებლად ისწავლე?
– მეც მიკვირს ხოლმე, როგორ ვისწავლე ასე მარტივად. უკვე ექვსი წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ, თუმცა, ქართული ენა ჩამოსვლიდან დაახლოებით სამ თვეში უკვე ვიცოდი. საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით იყო რაღაც ისტორიები, რაც უკვე წარსულს ჩაბარდა. ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მახსოვს, ერთი ქართული სიტყვაც კი არ ვიცოდი, ვიღაცამ მითხრა – გამარჯობაო და, მეგონა, ცუდი რაღაც მითხრა (იცინის). აქ ძალიან ბევრი კარგი მეგობარი მყავს და ამიტომ არის, დღეს კარგად რომ ვგრძნობ თავს. ყველაფერში დამეხმარნენ და გვერდში დამიდგნენ. ქართული ასოებიც ვიცი და ქუჩაში თავისუფლად ვკითხულობ წარწერებს. ეტყობა, ძალიან მოვინდომე, რომ მესწავლა და გამომივიდა კიდეც. ძნელია, როდესაც ცხოვრობ ქვეყანაში და არ იცი იქაური ენა. ხშირად უკვირთ ხოლმე, ქართულად საუბარს რომ ვიწყებ. ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ალბათ, მოულოდნელია მათთვის ქართული სიტყვების გაგონება.
– როგორც ვხედავ, თავს მართლაც კარგად გრძნობ საქართველოში.
– კი, ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს. ისევ ისე მიყვარს საქართველო, როგორც მიყვარდა. მეგობრები ბაჩოს მეძახიან. ქართული გვარიც მაქვს – გელეიშვილი (იცინის). ეს ჩემი მეგობრის გვარია და მეც ასე შემარქვეს – ბაჩო გელეიშვილი. ნიგერიაში ოჯახი მყავს – მამა, და, ძმა და მათთან ჩავდივარ ხოლმე; ახლაც ვაპირებ ცოტა ხნით წასვლას. ბავშვის წაყვანაც მინდა, მაგრამ, ჯერ პატარაა. ისეთ ასაკში მინდა წავიყვანო, როცა ყველაფერს გაიგებს, დაიმახსოვრებს.
– გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ გამოჩნდი „კომედი შოუში“.
– „კომედი შოუში“ ყოფნა ძალიან მომწონს. მახსოვს, სრულიად შემთხვევით გავიცანი „კომედი შოუს“ ბიჭები: ერთ-ერთ რესტორანში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად, სადაც მნახეს, ჩაიწერეს ჩემი ნომერი, შემდეგ დამირეკეს და შემომთავაზეს „კომედი შოუში“ მონაწილეობის მიღება. რასაკვირველია, დავთანხმდი. მას შემდეგ დავიწყეთ ერთად მუშაობა. ამის გარდა, ნათამაშები მაქვს რამდენიმე სერიალში: „ჩვენი ოფისი,“ „ჟამი ყვავილობისა“. იყო კიდევ ერთი ფილმი, სახელი არ მახსოვს. სარეკლამო რგოლებშიც გადამიღეს.
– ესე იგი, მსახიობობის ნიჭი გქონია. არ გიფიქრია ამ კუთხით კარიერის გაგრძელებაზე?
– არ ვიცი, წინასწარ არაფერს ვგეგმავ. ზოგადად, ისეთი ბედი მაქვს, რომ ყოველთვის ყველგან მამჩნევენ. ნიგერიაშიც ასე იყო – სადაც არ უნდა წავსულიყავი, მუდამ ყურადღების ცენტრში ვიყავი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგაც ასე მოხდა და ადვილად მოვიპოვე პოპულარობა. არ ვიცი, ეს რისი დამსახურებაა, შეიძლება, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ხდება ასე. ადვილად შევდივარ ადამიანებთან კონტაქტში, ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. სადაც მე ვარ, იქ ხალხი არასდროს იწყენს. საერთოდ, ძალიან მხიარული ვარ და, ვცდილობ, ჩემ გვერდით მყოფი ადამიანებიც გავამხიარულო. ერთი შემთხვევა გამახსენდა: აეროპორტში ვიყავი მეგობრებთან ერთად, ჩვენთვის ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით. ჩვენთან მოვიდა დათო გომართელი და გამოგველაპარაკა. რომ გაიგო, ქართულად ვლაპარაკობდი, გაუკვირდა. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება. ყოველთვის ვიღაც მამჩნევს.
– ანუ, მიგაჩნია, რომ იღბლიანი ხარ?
– კი, ნამდვილად იღბლიანი ვარ, ხშირად მიმართლებს. როდესაც რაღაცის გაკეთებას ვიწყებ, ის საქმე ყოველთვის გამომდის. ერთადერთი ოცნება ვერ ავისრულე – ეს არის ფეხბურთელობა. ჩემი მეგობრები, რომლებთან ერთადაც დავიწყე ფეხბურთის თამაში, ზოგი უკრაინაში თამაშობს, ზოგი – ესპანეთში და უკვე შემდგარი ფეხბურთელები არიან. ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე: მე რატომ არ ვარ ფეხბურთელი, რატომ არ ვთამაშობ არც ერთ გუნდში? ალბათ, იმიტომ, რომ საკმარისად არ მოვინდომე. დარწმუნებული ვარ, ახლაც კი, თუ ამ ყველაფერს თავს დავანებებ, რასაც აქ ვაკეთებ და წავალ სადმე, შევძლებ, დავუბრუნდე ამ სპორტს. ძნელია, იმ ყველაფერზე უარის თქმა, რისთვისაც ამდენი ვიშრომე. ფეხბურთელობა თუ არ გამომივა, შეიძლება, მწვრთნელობა შევძლო. არ მინდა, ფეხბურთს საბოლოოდ ჩამოვცილდე. ეს არის საქმე, რომელიც მე ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.