მკვდარი ვერსია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N7-18(644)
ზურაბმა ყურადღებით შეათვალიერა დიმა. საპატიმროში გატარებული ხუთი წლის მიუხედავად, ის კარგად გამოიყურებოდა: სახეზე, მკერდსა და დაკუნთულ მკლავებზე მზე მოჰკიდებოდა; კბილები თეთრად უელავდა, კისერს კი ოქროს მსხვილი ჯაჭვი უმშვენებდა.
– კარგ ფორმაში ხარ. როგორც მახსოვს, შენ კიდევ ოთხი წელი უნდა გაგეტარებინა სროკზე. როგორ აღმოჩნდი გარეთ? – თქვა მცირე პაუზის შემდეგ და ხელი ჩამოართვა.
– აქტიროვკით1 გავთავისუფლდი, – უპასუხა დიმამ.
– აქტიროვკით?! – ზურაბმა დამცინავად შეავლო თვალი მის გარუჯულ სახეს, – მაინც, რა გაწუხებდა?
– ტუბიკი2 ავიკიდე. მარცხენა ფილტვი გახსნილი მქონდა, როცა გამათავისუფლეს.
– რამდენი ხნის წინ?
– მეშვიდე თვეა... ბატონო ზურაბ, ამის გასარკვევად ხართ მოსული? – დიმა ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რას უკავშირდებოდა კრიმინალური პოლიციის უფროსის მოულოდნელი ვიზიტი.
– არა. შენი ავადმყოფობისა და სასწაულებრივი გამოჯანმრთელების ისტორიას სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში გავარკვევ, – უპასუხა ზურაბმა.
– ეგ თქვენი საქმეა. მაგრამ, ვერ გამიგია, რაში გჭირდებათ წარსულის ქექვა. რაც იყო – იყო. ვაღიარებ, რომ მივქარე. ახალგაზრდა ვიყავი, შევცდი და ამისთვის დავისაჯე კიდეც. ხუთწლიანი სროკი და ჯანმრთელობის შერყევა არასაკმარის სასჯელად გეჩვენებათ?
– ეგ იმ ოჯახს ჰკითხე, რომელსაც ღამით, შენს პადძელნიკებთან ერთად იარაღით ხელში შეუვარდი სახლში! – ირონიულად შენიშნა ზურაბმა.
– ისევ ძველს უბრუნდებით, – ამოიოხრა დიმამ, – ის ყველაფერი წარსულში დარჩა. ხომ ხედავთ, ვმუშაობ. არც ძველ ძმაკაცებს ვხვდები და კანონსაც აღარ ვარღვევ.
– აქ როგორ მოხვდი?
– ჩვეულებრივად. ახალგაზრდობაში ცხენოსნობით ვიყავი გატაცებული. გათავისუფლების შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამეტანა თავი. წარსულისკენ მიბრუნება ნაღდად არ მინდოდა – ვიცოდი, რომ ისევ სროკზე წავიდოდი, მეორედ აღარ გამიმართლებდა და კოლონიაში დავასრულებდი სიცოცხლეს. ერთ საღამოს ტელევიზორში ახალ იპოდრომზე ვნახე გადაცემა. ბევრი აღარ მიფიქრია, მეორე დღესვე მოვედი აქ. აღმოჩნდა, რომ პროფესიონალი მეჯინიბეები ბევრი არ ჰყავთ. გაარკვიეს, ვინც ვიყავი და მაშინვე ამიყვანეს სამუშაოზე. უკვე ხუთი თვეა, რაც აქ ვარ. მილიონებს ვერ ვშოულობ, მაგრამ, ცხოვრებისთვის მაინც მყოფნის.
– კონკრეტულად რას აკეთებ? – ჰკითხა ზურაბმა.
– რამდენიმე ცხენს ვუვლი და ვწვრთნი. იპოდრომი ხელფასს მიხდის, ცოტ-ცოტას ცხენების პატრონებიც მჩუქნიან... მოკლედ, ბედს არ ვუჩივი.
ზურაბი გამოკითხვის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ, სწორედ ამ დროს საჩეხის საპირისპირო მხარეს, თაროზე ორი ცალი სწორედ ისეთი ბალონი შენიშნა, როგორიც ღობის სიახლოვეს, ბუჩქნარში იპოვა.
– კარგი, ნუ იძაბები, – მიუბრუნდა დიმას, – უბრალოდ, არ ველოდი, აქ თუ შეგხვდებოდი.. ერთი თხოვნა მაქვს შენთან.
– რა გნებავთ? – ჰკითხა დიმამ.
– სამახსოვრო ფოტო გადავიღოთ.
– რაა?! – დიმამ გაოცებისგან პირი დააღო.
– რა გაგიკვირდა? – გაიღიმა ზურაბმა, – ბოლოს და ბოლოს, ძველი ნაცნობები ვართ. სურათს კომპიუტერში შევაგდებ და დროდადრო გაგიხსენებ ხოლმე, – ამ სიტყვებთან ერთად, ზურაბი მეორე მეჯინებეს მიუბრუნდა, რომელიც საჩეხის საპირისპირო მხარეს საქმიანობდა და თავისთან მიიხმო, – ჩემი ძმა, ერთი წუთით აქეთ მოიწიე!
მამაკაცმა ფოცხი კედელზე მიაყუდა და მათკენ წამოვიდა. როდესაც მიუახლოვდა, ზურაბმა მობილური ტელეფონი გაუწოდა და სთხოვა, ფოტოსურათი გადაგვიღეო.
დიმა ისევ დაბნეული იდგა. ის ვერაფრით მიმხვდარიყო, რას უკავშირდებოდა ზურაბის მოულოდნელი ცვლილება, რომელმაც გონზე მოსვლა არ აცალა, მხარზე გადახვია ხელი და იმ თაროსკენ წაიყვანა, რომელზეც აეროზოლის მსგავსი ბალონები მოჩანდა. დიმა მექანიკურად გაჰყვა და, როდესაც ზურაბი თაროსთან შედგა, თვითონაც გვერდით ამოუდგა.
მამაკაცმა რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო, მობილური ტელეფონი ზურაბს დაუბრუნა და შეწყვეტილი საქმე განაგრძო.
– უცნაური ადამიანი ხართ, – განაგრძო გაკვირვებულმა დიმამ, – ბოლოს და ბოლოს, მეტყვით თუ არა, რა გინდათ ჩემგან?
– სტადიონზე დადიხარ? – ჰკითხა ზურაბმა.
– რა შუაშია სტადიონი? – დაიბნა დიმა.
ზურაბმა თაროდან ბალონი აიღო და ღილაკს დააწვა. საჩეხში გამაყრუებელი ხმა გაისმა. მისი გაგონებისას ღობურის მიღმა მყოფმა ცხენებმა ყურები დაცქვიტეს, მერე კი მიწაზე ფლოქვის ცემა და ფრთხვინვა დაიწყეს.
– ფრთხილად, ფრთხილად, ბატონო ზურაბ, – აჩქარდა დიმა, – ცხენებს აშინებთ!
ზურაბმა ბალონი თაროზე დააბრუნა და ჰკითხა:
– მაინც რისთვის გჭირდებათ ეს ბალონები?
– ცხენების გასაწვრთნელად.
– გასაწვრთნელად?! – გაუკვირდა ზურაბს, – როგორ?
– ძალიან უბრალოდ: ახალგაზრდა ცხენების უმეტესობას აშინებს უცხო ხმები. შეშინებული ცხენი კი, შეიძლება, აღარ დაემორჩილოს მხედარს, გაიტაცოს ან უნაგირიდან გადმოაგდოს. გამოცდილი მხედრისთვის ეს საშიში არ არის, გამოუცდელი კი ნამდვილად დაშავდება და, შეიძლება, დაიღუპოს კიდეც. ეს რომ არ მოხდეს, ცხენებს წინასწარ ვაჩვევთ მკვეთრ ხმას. როცა ბალონიდან ვიძლევი სიგნალს, როგორც წესი, ცხენი ფრთხება. შემდეგ ვეფერები და ვაძლევ ერთ ნატეხ შაქარს. დროთა განმავლობაში ცხენი ხვდება, რომ უცხო ხმა საშიშროების კი არა, გემრიელი ლუკმის მომასწავებელია და აღარ ფრთხება.
– ესე იგი, პავლოვის რეფლექსს უვითარებ?
– დაახლოებით.
– საინტერესო პროფესია გქონია. რაში გჭირდებოდა იარაღით ხელში ვინმეს ოჯახში შევარდნა? დროზე მოგეკიდა ხელი ამ საქმისთვის, შენც მშვიდად იქნებოდი და მეც! – ზურაბმა მზერა გაუსწორა დიმას და შემდეგ ჰკითხა: – რა იცი გუშინდელი შემთხვევის შესახებ?
– რას გულისხმობთ?
– ბიჭი რომ ჩამოვარდა ცხენიდან. შენ ხომ შეესწარი იმ ამბავს? – შეახსენა ზურაბმა.
– ჰო... გამოუცდელი მხედარი იყო, მგონი, პირველად იჯდა ცხენზე. საგანგებოდ შევურჩიეთ მშვიდი ცხენი, მაგრამ, მაინც ვერ შეძლო თავის შეკავება, – უპასუხა დიმამ, – რატომ გაინტერესებთ ეს ამბავი?
– დაიჯერებ, რომ გითხრა, იმ შემთხვევასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული-მეთქი?
– სისხლის სამართლის საქმე?! – გაიკვირვა დიმამ, – ვინ იყო ის ბიჭი – მთავარი პროკურორის ცოლიძმა თუ ქვისლი?
– არც ერთი. უბრალოდ, იპოდრომზე უსაფრთხოების წესები დაირღვა. თქვენ ცხენი ანდეთ სრულიად გამოუცდელ ადამიანს, ამას კი, შესაძლოა, მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოეწვია! – ოფიციალური ტონით უპასუხა ზურაბმა.
– და ასეთი საქმის გამოძიებაზე თქვენ მოგაცდინეს?! ჩანს, მართლაც მაგრად მუშაობს პოლიცია. სხვა აღარავინ დაგრჩათ დასაჭერი?! – შენიშნა დიმამ.
– რა მოგდის, ბიჭო? – გაიცინა ზურაბმა, – ვხუმრობ. ზონაში საერთოდ დაკარგე იუმორის გრძნობა? ის ბიჭი ჩემი ახლობელია და, უბრალოდ, მაინტერესებს, რა შეემთხვა, – უპასუხა ზურაბმა.
– მურტალოს მოსწონდა, როდესაც მილიციელი ხუმრობდა, მე კი – არა! – მოიღრუბლა დიმა.
– მაშინ, სერიოზულად ვილაპარაკოთ... რა მოხდა აქ გუშინ?
– ის ბიჭი ჩვენს მუდმივ კლიენტთან, დოდო კასრაძესთან ერთად მოვიდა. მათ ორი ცხენი შეგვაკაზმვინეს და სასეირნოდ გავიდნენ ბილიკზე. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ ის ბიჭი ცხენმა ჩამოაგდო – სულ ეს არის, – სწრაფად თქვა დიმამ.
– შენ თქვი, რომ იმ ბიჭისთვის საგანგებოდ შეარჩიეთ მშვიდი ცხენი.
– ჰო, – დაუდასტურა დიმამ, – ოსკარი მშვიდი, კარგად გაწვრთნილი ცხენია. ის ზედგამოჭრილია დამწყები მხედრისთვის.
– მაშინ, რატომ ჩამოაგდო მხედარი? – ჩაეძია ზურაბი.
– მაგაზე ვერაფერს გეტყვით.
– ცხენი რაღაცამ დააფრთხო და ყალყზე შედგა. რას შეიძლება ეს გამოეწვია?
– ცხენის დაფრთხობა ან გაღიზიანება ბევრ რამეს შეუძლია: შეიძლება, კრაზანამ უკბინოს, ან, რომელიმე მწერი შეუძვრეს ყურში; შეიძლება, უბრალოდ, მკვეთრი მოძრაობა გააკეთოს და მხედარმა არასწორად მოინდომოს მისი მოთოკვა. ცხენებს უდიერი მოპყრობაც აღიზიანებთ... მოკლედ რომ ვთქვა, მიზეზი მრავალია. გამოცდილი მხედარი ყოველთვის გრძნობს ცხენის მოუსვენრობას და ამშვიდებს, თქვენი მეგობარი კი პირველად იჯდა ცხენზე. ასე რომ... – აღარ დაასრულა დიმამ.
– მან მითხრა, რომ ცხენი სიგნალის შემდეგ შედგა ყალყზე.
– სიგნალის?! – სწრაფად თქვა დიმამ, – გამორიცხულია, იმ მონაკვეთის სიახლოვეს სამანქანე გზა არ გადის. შორიდან მოსული ხმა კი, ცხენს ვერ დააფრთხობდა. არა... თქვენს მეგობარს რაღაც ეშლება.
– ესე იგი, მოეჩვენა?
– შეიძლება, თავის გასამართლებლად თქვა. ცხენს ვერ გაუგო, რაღაც შეეშალა და შემდეგ ოსკარს მიაწერა თავისი შეცდომა, – ივარაუდა დიმამ.
– შეიძლება ასეც იყო, – მშვიდად თქვა ზურაბმა, – ის ცხენი სად არის?
– სხვა საჩეხში გვყავს – წაქცევისას ისიც დაიჟეჟა და ჯერჯერობით ვასვენებთ.
– მაჩვენე.
– წამობრძანდით, – უპასუხა დიმამ და გასასვლელისკენ დაიძრა. როგორც კი მან ზურგი შეაქცია, ზურაბმა თაროდან ბალონი აიღო და უკან მიჰყვა.
ოსკარი მშვიდად იდგა ღობურის მიღმა. დიმას დანახვისთანავე, მისკენ დაიძრა და ღობის ზემოდან გადმოჰყო თავი.
– ხედავთ, როგორი მშვიდი ცხენია? მართლაც მაგარი ტლანქი უნდა იყოს მხედარი, რომ ასეთი ცხენიდან ჩამოვარდნა მოახერხოს... რას აპირებთ?! რად გინდათ ეგ?! – გაოცებით წამოიძახა დიმამ, როდესაც ზურაბის ხელში ბალონი შენიშნა.
– ჩათვალე, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტია, – უპასუხა ზურაბმა და ბალონის ღილაკს დააწვა. საჩეხში გამყინავი ხმა გაისმა. ოსკარი უმალ გამოცოცხლდა, ელვის სისწრაფით გახტა გვერდზე და ღობურას ხტუნვითა და ფლოქვების ცემით გაუყვა.
– ამას უწოდებ მშვიდ ცხენს? – დიმას მიუბრუნდა ზურაბი.
– ასე არ შეიძლება, ბატონო ზურაბ. იცით, რა თანხას გადამახდევინებენ, რამე რომ დაუშავდეს? – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა დიმამ.
– შენს ნათქვამს ვენდე, შენ კი არაფერი გცოდნია ამ საქმისა. ესაა გაწვრთნილი ცხენი, რომელსაც ხმაურის არ ეშინია?!
– წაქცევის შემდეგ დაშინდა. ვატყობდი, რომ შფოთავდა და ამიტომაც არის მარტო, – უხალისოდ უპასუხა დიმამ.
– ესე იგი, ყველაფრის ახსნა შეგიძლია? – დამცინავად ჰკითხა ზურაბმა.
– აქ არაფერია ასახსნელი. თავად ვერ ხედავთ, რომ ცხენი შეშინებულია?
– კარგი, იყოს ასე. ერთი შეხვედრისთვის საკმარისია. უახლოეს მომავალში ისევ შევხვდებით და იმ დროისთვის სხვა განმარტებების მოფიქრება მოგიწევს, – თქვა ზურაბმა და ბალონი ხელის სწრაფი მოძრაობით გადაუგდო.
* * *
კოტე რუხაძე ახალი მისული იყო პროკურატურაში, საშვთა ბიუროდან რომ აცნობეს, ორი პიროვნება თქვენთან შეხვედრას ითხოვსო.
– კონკრეტულად ვინ? – დაინტერესდა ის.
– ზურაბ კვაჭაძე და ნიკოლოზ მესხი, – უპასუხა საშვთა ბიუროს თანამშრომელმა.
ბრაზით ატანილმა კოტემ უმალ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მათ მიღებაზე, მაგრამ, მალევე მიხვდა, რომ ეს შეცდომა იქნებოდა. იოლი გასაანგარიშებელი იყო, რომ ამ გზით ჯიუტ წყვილს მხოლოდ მცირე ხნით თუ მოიშორებდა თავიდან. ზურაბი ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხებდა მასთან შეხვედრას.
– რა გადაწყვიტეთ, ბატონო კოტე? – მცირე პაუზის შემდეგ ჰკითხა საშვთა ბიუროს თანამშრომელმა, – გავცე საშვი?
– შემოუშვი, – უპასუხა კოტემ და ტელეფონი გათიშა.
ოთიოდ წუთში მის სამუშაო კაბინეტში ზურაბი და ნიკა შემოვიდნენ. კოტე მეგობრული ღიმილით შეეგება, ორივე შინაურულად გადაკოცნა, დაჯდომა შესთავაზა.
– აბა, რით მესტუმრეთ? – განაგრძო კოტემ, როცა ისინი მაგიდას ექეთ-იქიდან შემოუსხდნენ და ნიკას წინ დადებულ საქაღალდეს მიაპყრო მზერა.
– ზედმეტი ლაპარაკით დროს არ დაგაკარგვინებ, – უპასუხა ზურაბმა, – ვითარება შეიცვალა და შენი გადაწყვეტილების გადახედვა მოგიწევს.
– სირაძისა და ნინუას საქმეებთან დაკავშირებით? – დააზუსტა კოტემ.
– ჰო... ნიკამ ახალი გარემოებები აღმოაჩინა.
– მერედა, რატომ მოხვედით? ოფიციალური წერილით მოგემართათ, როგორ წესი და რიგია. წერილს განვიხილავდი და გადაწყვეტილებას გაცნობებდით.
– პირდაპირ გეტყვი სათქმელს: შენთვის ცუდი არ მინდა. რაც აქამდე მოხდა, შეცდომად ჩაგითვლი და იმ შეცდომის გამოსწორების შესაძლებლობასაც მოგცემ, – განაგრძო ზურაბმა, – არ დავიწყებ მიწერ-მოწერას. არ გვინდა ამ საქმეში გარეშე ხალხის ჩარევა, აქვე შინაურულად გადავწყვეტთ ყველაფერს. ჩვენ მასალებს გაგაცნობთ. შენ კი ძიების განახლებაზე იზრუნებ.
– ესე იგი, ძიების შეწყვეტას შეცდომად მითვლი?! – გაღიზიანდა კოტე.
– მხოლოდ ძიების შეწყვეტას არა, შენ სხვა შეცდომაც დაუშვი – ამ საქმიდან ჩემი ჩამოშორება რომ სცადე!
– რას გულისხმობ? – მოჩვენებით გაიკვირვა კოტემ.
– იმ გაფრთხილებას, რომელიც სამმართველოს ხელმძღვანელისგან მივიღე, – უპასუხა ზურაბმა, – ახლა არ მითხრა, რომ არაფერი იცი ამის შესახებ.
– მართალი ხარ, მართლაც არ მესმის, რაზეა საუბარი.
– ცუდად ვიწყებთ, – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა ზურაბმა, – კარგი... დავანებოთ ამას თავი და საქმეზე გადავიდეთ. მოკლედ რომ ვთქვა, ძიების განახლება მოგიწევს!
– რა მიზეზით?
– აქ ახალი მონაცემებია. გადახედეთ, – თქვა ნიკამ და საქაღალდე გაუწოდა.
კოტემ საქაღალდე გახსნა, სესხთან დაკავშირებულ დოკუმენტებს სწრაფად გადაავლო თვალი და უკმაყოფილო სახით მიუბრუნდა ზურაბს.
– ეს მიგაჩნიათ ახალ გარემოებებად?
– შენ ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ გეჩვენება?
– ამ მასალებში ახალი არაფერია. ჩვენ ძიების დახურვამდეც ვიცოდით, რომ ანდრო სირაძეს სესხი ჰქონდა ბანკიდან აღებული, – უპასუხა კოტემ, – მოატყუა თუ არა მან ნანა სირაძე, ამ შემთხვევაში სრულიად უმნიშვნელოა. ჩვენ მკვლელობების გარემოებებს ვიძიებდით და არა სესხთან დაკავშირებულ ისტორიას. მაინც, რას ელით ძიების განახლებისგან – დაამტკიცებთ, რომ სირაძემ მეუღლე მოატყუა?! შეიძლება, მეც დაგეთანხმოთ ამაში, მაგრამ, რას შეცვლის ეს? ის კაცი მკვდარია, მკვდარს კი ვინ მოსთხოვს პასუხს ამ ავანტიურისთვის – თქვენ, ნანა სირაძე თუ სასამართლო?!
– უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ სირაძის მკვლელობა უშუალოდ უკავშირდება იმ სესხს? – ჰკითხა ნიკამ.
– მაშინ, შენ მიპასუხე: ვინ მოკლა ანდრო სირაძე?
ნიკამ დუმილით უპასუხა.
– საქმეც ესაა, არაფერი გაქვს სათქმელი. სირაძე ვერულიძემ მოკლა, რომელმაც შემდგომ ტყვია იკრა შუბლში. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? იქნებ ვერულიძეს საფლავიდან ამოთხრა და უფრო ღრმად დამარხვა მივუსაჯოთ?! – ჩაიცინა კოტემ.
ზურაბი წინ გადაიხარა და ხმადაბლა თქვა:
– იქნებ, მთლად მკვდარიც არ არის ვერულიძე?
– მკვდარი არ არის?! – მოიღრუბლა რუხაძე, – ხუმრობის ხასიათზე ხარ?!
– მე მგონია, რომ მთლად მკვდარი არ უნდა იყოს. როგორ უნდა ჩათვალო მკვდრად ადამიანი, რომელიც საიქიოდან უკავშირდება ნანა სირაძეს და მოკვლით ემუქრება? ამას შენც მიხვდებოდი, ოდნავ ყურადღებით რომ გასცნობოდი ნიკას მასალას. ბოლო გვერდი ნახე.
კოტემ დოკუმენტების დასტიდან ბოლო გვერდი გამოარჩია, რომელშიც აღწერილი იყო ნანა სირაძისა და უცნობის სატელეფონო საუბრები.
– რას იტყვი? – ჰკითხა ზურაბმა, როგორც კი რუხაძემ კითხვა შეწყვიტა.
– განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას არ ახდენს. ვფიქრობ, რომ ნანა სირაძე ასეთი გზით ცდილობს, თავი აარიდოს სესხის დაფარვას.
პასუხად ნიკამ საქაღალდიდან კომპიუტერის დისკი ამოუღო და წინ დაუდო.
– რაა ეს? – გახედა რუხაძემ.
– ნანა სირაძისა და უცნობის საუბრის აუდიოჩანაწერი. იქვეა ბანკის ფილიალის ხელმძღვანელთან და კრედიტოფიცერთან ჩემი საუბრის ფარული ჩანაწერები, – უპასუხა ნიკამ.
– გინდათ, რომ ძიება ფარული ჩანაწერების საფუძველზე განვაახლო?! – გაიკვირვა რუხაძემ.
– ისე გიკვირს, თითქოს პირველად აკეთებდე ამას! – შენიშნა ზურაბმა.
– ამაზე არც კი იოცნებოთ! – მკაცრად თქვა რუხაძემ, – სასამართლო არ გაითვალისწინებს არასანქცირებულ ჩანაწერებს!
– ჩვენ შეგვიძლია, ოფიციალურად მოვითხოვოთ ბანკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.
– რას მოგვცემს ეს? – ჰკითხა კოტემ.
– ამით დავამტკიცებთ, რომ ხელშეკრულების დადებისას ნანა სირაძე ბანკში არ ყოფილა, ანუ, იმას, რომ ხელშეკრულების გაყალბებაში უშუალოდ ბანკის თანამშრომლები მონაწილეობდნენ, – უპასუხა ნიკამ.
– ისევ ნანა სირაძე და მისი სესხი... – ამოიოხრა კოტემ, – უკვე გითხარით, რომ ჩვენ არ ვაპირებთ სესხის საკითხის განხილვას, ეს ნანა სირაძისა და ბანკის კერძო დავის საგანია!
– რით იმართლებ თავს, ხვალ ნანა სირაძეს რამე რომ შეემთხვეს?! – ცივად ჰკითხა ზურაბმა.
– მოდი, დღეის მდგომარეობით ვიმსჯელოთ. კედევ ერთხელ ვიმეორებ: მე ვერ ვხედავ ძიების განახლების საფუძველს და აგიხსნით, რატომაც: პირველი – სესხთან დაკავშირებით არსებობს ოფიციალური ხელშეკრულება. თუ ნანა სირაძე მიიჩნევს, რომ მეუღლემ მოტყუებით მოაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე, დავა სასამართლოში განაგრძოს. თქვენს მასალებში არაფერი მიანიშნებს მკვლელობასა და სესხს შორის რაიმე კავშირზე; მეორე – ნანა სირაძის საუბრის ჩანაწერი. მივიჩნევ, რომ ეს ქალბატონ ნანას მიერ წამოწყებული ავანტიურაა და მეტი არაფერი; მესამე...
– შენი აზრით, ნანა სირაძე ორ ხმაში ესაუბრებოდა საკუთარ თავს?! – შეაწყვეტინა ზურაბმა.
– ასეთი ფანტაზიის მქონე ქალბატონი სხვანაირადაც მოახერხებდა ამას!
– დავუშვათ, რომ მართალი ხარ. ჩანაწერის წარმოშობის ისტორია მაინც გასარკვევია!
– ამას ძიების განახლება არ სჭირდება!.. – რუხაძემ პაუზა გააკეთა და შემდეგ განაგრძო, – და, მესამე – რაც შეეხება ბანკში გაკეთებულ ფარულ ჩანაწერებს, სასამართლო მათ მტკიცებულებად არ მიიღებს და მეც არ მოგცემთ საშუალებას, იდიოტის მდგომარეობაში ჩამაყენოთ.
– და, მეოთხე!.. – შეაგება ზურაბმა, – მე მაქვს საფუძველი ვივარაუდო, რომ მავანი ნიკას მოკვლას ცდილობდა და ეს ამ საქმის ძიებას უკავშირდება!
– რაა?! – გაოცებულმა გახედა რუხაძემ, – თავს დაესხნენ?!
– გააჩნია, რას ვიგულისხმებთ თავდასხმაში.
– მაგით რისი თქმა გსურს? – ჰკითხა რუხაძემ.
– ახლავე აგიხსნი: სამი დღის წინ ნიკა თავის მეგობართან ერთად იპოდრომზე ცხენით სეირნობდა. ღობის სიახლოვეს ჩავლისას გაისმა საყვირის ხმა. ცხენი დაფრთხა, ყალყზე შედგა, მერე წაიქცა და ნიკა ქვეშ მოიყოლა...
– და ეს, შენი აზრით, თავდასხმაა?! – ირონიით შენიშნა კოტემ.
– იპოდრომის ექიმის შეფასებით, ნიკა შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. მე დავათვალიერე ის ადგილი და ღობის სიახლოვეს, აი, ამას მივაგენი, – ამ სიტყვებთან ერთად ზურაბმა ჯიბიდან პატარა ბალონი ამოიღო და წინ დაუდო.
– ეს რა არის ? – ჰკითხა რუხაძემ.
პასუხად ზურაბმა ბალონი აიღო და ღილაკს დააწვა. კაბინეტში სიგნალის გამაყრუებელი ხმა გაისმა.
– რას აკეთებ?! – კოტემ ყურებზე აიფარა ხელები.
– ეფექტურია, არა? – კმაყოფილებით თქვა ზურაბმა, – ამ ბალონებს ცხენების გასაწვრთნელად იყენებენ. მარტივად რომ ვთქვა, მკვეთრ ხმას აჩვევენ, რათა მომავალში აღარ დაფრთხნენ.
– და, რა, ამით?
– მავანმა კარგად იცოდა, რომ ასეთი ხმა ცხენს დააფრთხობდა და შესაბამისი გამოცდილების არმქონე ნიკა უნაგირზე თავს ვერ შეიმაგრებდა!
– ეე... – ხელი აუქნია კოტემ, – ახლა მართლაც ღრმად შეტოპე. ერთ რჩევას მოგცემ. სტივენ კინგის კითხვას მოუკელი და...
– მე არ დამიმთავრებია! – ცივად შეაწყვეტინა ზურაბმა, მერე თავის მობილურ ტელეფონში დიმასთან ერთად გადაღებული სურათი მოძებნა, რომელზეც აეროზოლის ბალონებიც მოჩანდა და ლაპარაკი განაგრძო, – ფოტოსურათი იპოდრომზეა გადაღებული. ეს პიროვნება დიმიტრი გაბისონიაა. ხუთი წლის წინ ის ყაჩაღობის საქმეზე ავიყვანე და სასამართლომ ცხრა წელი მიუსაჯა, მაგრამ, ამჟამად თავისუფლებაზეა და იპოდრომზე მეჯინიბედ მუშაობს. სურათზე აღბეჭდილი და ჩემს მიერ ღობესთან ნაპოვნი ბალონები იდენტურია... და, ეს კიდევ არ არის ყველაფერი: მე ბალონი დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზას გადავეცი. მის ზედაპირზე ორი პიროვნების თითის ანაბეჭდები აღმოაჩინეს. ერთი პიროვნების იდენტიფიკაცია ვერ მოვახერხე, მეორე ანაბეჭდი კი გაბისონიას ეკუთვნის. მგონი, ეს გარემოება საკმაო საფუძველს იძლევა მის დასაკითხად!
– მე სხვა აზრი მაქვს ყოველივე ამაზე, – კოტე ნიკას მიუბრუნდა, – ხშირად დადიხარ იპოდრომზე?
– არა, ცხოვრებაში პირველად შევჯექი ცხენზე, – უპასუხა მან.
– და, მაშინვე ჩამოვვარდი!... ამაში ვერაფერს ვხედავ უცნაურს, პირიქით, შენი ჩამოვარდნა ლოგიკური შედეგია. რაც შეეხება ბალონს. შენი თქმით, ასეთ ბალონებს მეჯინიბეები ცხენების გასაწვრთნელად იყენებენ. რაა დაუჯერებელი იმაში, რომ ერთ-ერთი მათგანი ღობის მიღმა აღმოჩნდა? შეიძლება, ვინმეს დაეკარგა, ან, უბრალოდ მოისროლა. მოკლედ რომ ვთქვა, ამ მიმართულებით მრავალი ვერსიის შედგენა შეიძლება და მათგან ყველას ექნება არსებობის უფლება.
– მაგრამ, ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, ვერსია მხოლოდ ვერსიად დარჩება და არასოდეს იქცევა ფაქტად! – უპასუხა ზურაბმა.
– მერედა ჩემგან რატომ მოითხოვ ამ საკითხის გადაწყვეტას? თუ ნიკას მიაჩნია, რომ მართლაც თავს დაესხნენ, მოგმართოს საჩივრით. აღძარი საქმე, მოიძიე სამხილები და დაამტკიცე, რომ ეს უბედური შემთხვევა კი არა, მკვლელობის ან სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობა იყო, – დამრიგებლური ტონით უპასუხა კოტემ.
– ესე იგი, ყველა მიმართულებით უარს გვეუბნები ძიების განახლებაზე? – ჰკითხა ზურაბმა.
– ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ამის საჭიროებას.
– მართალი იყავი – არ ღირდა შენთან მოსვლა, პირდაპირ ქალაქის პროკურორისთვის უნდა მიმემართა... ხომ არ იცი, ახლა აქ არის?
– ეგ მისაღებში გაარკვიე. შეგიძლია, ეს მაკულატურაც თან წაიღო, – კოტემ არაორაზროვნად მიანიშნა, რომ საუბარი დასრულებული იყო.
– კეთილი... დროებით, – მშვიდად უპასუხა ზურაბმა და ნიკას ანიშნა, წავედითო.
* * *
დიმამ საღამოს ექვსი საათისთვის დაამთავრა სამუშაო, ტანსაცმელი გამოიცვალა და იპოდრომიდან გავიდა. ავტოსადგომთან მიახლოებისას უკნიდან მანქანა წამოეწია და მის გვერდით შედგა. დიმამ სწრაფად შეხედა მძღოლს – საჭესთან მისი ძველი ნაცნობი და თანამზრახველი ჯიბო ზარქუა იჯდა.
ჯიბო იმავე ყაჩაღობის თანამონაწილე იყო, რომლის გამოც დიმას ცხრა წელი მიუსაჯეს, მაგრამ, მაშინ დაზარალებულები იმდენად დაბნეულები იყვნენ, რომ პოლიციას ზუსტად ვერ დაუსახელეს თავდამსხმელთა რაოდენობა. ამის შედეგად, საბრალდებო სკამზე ოთხი თავდამსხმელი აღმოჩნდა, მეხუთე კი ძიებამ ვერ გამოავლინა. დაკავებული თავდამსხმელებისთვის ძიებას ჯიბოს შესახებ კითხვაც კი არ დაუსვამს, დიმას და ყაჩაღობის დანარჩენ მონაწილეებს კი საერთოდ არ გასჩენიათ გულწრფელობის სურვილი.
– დაჯექი! – მისკენ გამოუხედავად გამოსძახა ჯიბომ.
დიმამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა, მანქანაში ჩაჯდა და უკმაყოფილოდ უთხრა მძღოლს:
– რამდენჯერ გაგაფრთხილე, აქ აღარ მომაკითხო-მეთქი?! დაგერეკა და სხვაგან შეგხვდებოდი!
– ენა დაიმოკლე! – ჩაიხიხინა ჯიბომ, – მე თვითონ გადავწყვეტ, როდის, სად და როგორ შეგხვდები!
დიმა მართლაც გაღიზიანებული იყო, მაგრამ, ჩუმად ყოფნა არჩია. მრავალწლიანი ნაცნობობის მიუხედავად, მას ყოველთვის აშინებდა ჯიბო, მის გვერდით დაძაბულობა იპყრობდა. აშინებდა მისი გამჭოლი, მუდამ ბრაზით აღსავსე გამოხედვა; ჩახლეჩილი ხმა, დაკენკილი და ნაიარევი სახე; ყველაზე მეტად კი მისი წარსული აფრთხობდა. მან კარგად იცოდა, რომ მის გვერდით ჩამოყალიბებული მკვლელი იჯდა, რომლისთვისაც ადამიანის სისხლის დაღვრა ლამის ცხოვრების წესი იყო.
– სად მივდივართ? – იკითხა დიმამ, როდესაც ჯიბომ ქალაქის მაგივრად მანქანა ლისის ტბის მიმართულებით წაიყვანა.
– ტბაზე გადავიდეთ. შენთან სალაპარაკო აქვთ, – უპასუხა მან.
– ვის?
– იქ ნახავ, – როყიოდ მიუგდო ჯიბომ.
ოციოდ წუთში მანქანა ტბის სიახლოვეს, დაბურულ კორომში შეჩერდა. ჯიბო მანქანიდან გადავიდა, საბარგულიდან ორი ქილა ლუდი ამოიღო და დიმას ანიშნა – აქ მოდიო.
– ლუდის დალევა სხვაგანაც შეიძლებოდა! – უკმაყოფილოდ შენიშნა მან და სახელური გამოწია, – ბოლოს და ბოლოს, მეტყვი თუ არა, ვის უნდა ჩემი ნახვა?
– რა ისტერიკას მიმართავ! – შეუღრინა ჯიბომ, – ჯობდა, პოლიციასთან გელაპარაკა ასე!
– რაა?! – დაიბნა დიმა, – რომელ პოლიციაზე ლაპარაკობ?
– ვინ მოგაკითხა გუშინწინ იპოდრომზე? – ჯიბომ ლუდის ქილა გაუწოდა.
– კვაჭაძე იყო, რაიონის კრიმინალური პოლიციის უფროსი, – დიმამ ქილა გახსნა და ლუდი მოსვა.
და, შენც, გულითადი საუბარი გაუბი და ოსკართანაც მიიყვანე!
– თვითონ მოინდომა ცხენის ნახვა, უარს ხომ ვერ ვეტყოდი?!
– რა აინტერესებდა? – განაგრძო ჯიბომ.
– ის ბიჭი მისი ახლობელი გამოდგა. აინტერესებდა, როგორ ჩამოვარდა ცხენიდან.
– შენ შიგ ხომ არა გაქვს! – იფეთქა ჯიბომ, – ვინ ჭამს მაგას?! როდის იყო, რომ კვაჭაძე ასეთ სირობებზე კარგავდა დროს? ასეთ საქმეზე თავის ოპერსაც კი არ მოაცდენდა!.. სხვა რა აინტერესებდა?
– რა გითხრა... მეც ვერ მივხვდი, რა უნდოდა კონკრეტულად. თავიდან ჩემს გათავისუფლებაზე ჩამომიგდო სიტყვა – როგორ გამოგიშვესო. ისიც თქვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გადავამოწმებ, ვინ და რა მიზეზით გამოგიშვა ზონიდანო. მერე სურათის გადაღება მოინდომა. სასიგნალო ბალონზეც გამომიკითხა და ბოლოს ოსკარის ჩვენება მთხოვა.
– ბალონზე ჩამოგიგდო სიტყვა? – დაიძაბა ჯიბო.
– ჰო, – თავი დაუქნია დიმამ.
– მაშინვე რატომ არ დამიკავშირდი?
– რისთვის უნდა დაგკავშირებოდი? – მხრები აიჩეჩა დიმამ, – ისეთი არაფერი მომხდარა.
– შენ ხომ არ უბერავ? რას ნიშნავს – არაფერი მომხდარა?! ვინ შემომთავაზა საქმეში ოსკარისა და იმ იდიოტური ბალონის გამოყენება? ვინ მიმტკიცებდა: თუ არ დაიბრიდა, სერიოზულად დაიმტვრევაო?!.. ახლა კი კვაჭაძე მაგ საქმეზე იწყებს შენთან სიარულს და შენ მიმტკიცებ, არაფერი მომხდარაო?!
– რას მიიღებს სიარულით? რით დაამტკიცებს, რომ ის ბიჭი შეგნებულად შევსვი ოსკარზე?! – ხმა გაიმტკიცა დიმამ, – შენ კარგად მიცნობ და იცი, რომ პოლიციასთან ზედმეტს არასდროს ვიბაზრებ!..
– მართალი ხარ, არ იბაზრებ და ამას მე მოვაგვარებ! – ავად გამოცრა ჯიბომ, ელვის სისწრაფით მოიმარჯვა პისტოლეტი და დიმას შუბლში დაუმიზნა.
– რას აკეთებ?! – შიშით წამოიძახა მან და ინსტინქტურად გახტა უკან. მაგრამ, უკვე გვიან იყო – ჯიბომ უმალ დაუშვა სასხლეტი და ტყვია შუბლში მოხვდა დიმას. ის დენდარტყმულივით შეხტა, გვერდზე გადაქანდა და მოწყვეტილი დაემხო მიწას...
გაგრძელება შემდეგ ნომერში