კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ტომარაში

შერიფი ვიქტორ ფიალა მშიშარა არ იყო, მაგრამ ინფორმაციამ ხესუს მირანდას ციხიდან გამოსვლის შესახებ, უსიამოვნო შეგრძნება გაუჩინა. ბარმენმა, რომელიც ფიალასთან მეგობრობდა, შერიფი მაინც გააფრთხილა... მირანდა ხუთი წლის წინ, სწორედ, მის ბარში დააკავა შერიფმა ყველას თვალწინ. ამაყი მექსიკელისთვის ეს დამამცირებელი იყო, რომ აღარაფერი ვთქვათ, ციხეში გატარებულ ხუთ წელიწადზე. „ნუთუ შემეშინდება და დავიმალები, როგორც უკანასკნელი ლაჩარი“, – ფიალა ორმოცდათექვსმეტის ხდებოდა. მის ასაკში მამაკაცები ოჯახში მყუდრო ყოფას ნატრობენ და არა თავზეხელაღებული ბანდიტების უკან დევნას. ხუთი წელი, რომელიც ხესუსმა ციხეში გაატარა, მის ფიზიკურ მონაცემებს ბევრს ვერაფერს დააკლებდა. ფიალა შინაგანად მოემზადა იმისთვის, რომ მირანდას შურისძიებას დაპირისპირებოდა. ორმა დღემ სრულ სიმშვიდეში გაიარა, მაგრამ ეს უფრო ქარიშხლის მოახლოებას ჰგავდა. მესამე დღეს, საღამოს ფიალა სახლში დაბრუნდა. თავი უკვე სამშვიდობოს იგრძნო, რომ ინფორმატორმა დარეკა. ეს სანაბრია ძირითადად ნარკოგამსაღებლებზე აწვდიდა ინფორმაციას... ამჯერად უთხრა, ბაზარზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა, ვინმე მონტი. ახალგაზრდა და მსხვილი ნარკოგამსაღებლები ჩაძირა. შემიძლია, მისი ზუსტი კოორდინატები მოგცე და ფაქტზე აგაყვანინოო. ფიალა დაფიქრდა. სანაბრიას დიდად არ ენდობოდა. ფულისთვის საკუთარ დედასაც გაყიდდა. არ გაუჭირდებოდა, შერიფი მირანდასთვის ჩაებარებინა. თუმცა, მეორე მხრივ, საქმეზეც აუცილებლად უნდა წასულიყო და პროფესიული ვალი შეესრულებინა.

სანაბრია ბართან ელოდა. დამფრთხალი ჩანდა. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა.

– მოკლედ, მონტი ახლა სან-ლუისშია. დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს.

ფიალამ თავი დაუქნია. სანაბრია შებრუნდა და იქაურობას ჩქარი ნაბიჯით გაეცალა. შერიფი ყოყმანობდა... ეს შეიძლება, მირანდასგან დაგებული მახეც ყოფილიყო. სან-ლუისი პატარა ქალაქივითაა მთებში... მალე ქალაქ მონტერის ღამის ნათურები უკან დარჩა და გზა საკმაოდ სახიფათო გახდა. ფიალა ფრთხილად მართავდა ავტომობილს. ყოველ წუთს შეიძლებოდა, ბუნებრივად ან ვიღაცის ნებით, კლდიდან ლოდი დაგორებულიყო და მანქანა ჭიანჭველასავით გაესრისა. ოთხი საათი დაუსრულებლად გაგრძელდა. სან-ლუისში რომ ჩავიდა, შუბლი ოფლისგან სველი ჰქონდა. პატარა ქალაქი ცნობილი იყო, როგორც ნარკობიზნესის ცენტრი. აქაურ ერთადერთ ბარში, თითქმის დაუფარავად მიდიოდა მარიხუანით ვაჭრობა. ფიალამ ბარის კარი შეაღო და პირდაპირ ბარის დახლს მიაშურა.

– დამისხით ერთი ტეკილა!

ბარმენმა ყურადღებით შეათვალიერა. აქ ყველა ყველას იცნობდა. იმასაც ყველა ხვდებოდა, ვინ რისთვის იყო სან-ლუისში ჩასული. ამიტომაც, ფიალას ბარმენის ეჭვიანი მზერა არ გაჰკვირვებია.

– მოგესალმებით სან-ლუისში, სენიორ, კიდევ ხომ არ გნებავთ რამე?

– გმადლობ. ტეკილას გავიმეორებ. ხომ არ იცნობთ კაცს, სახელად მონტი?

ბარმენმა მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და თავი დაუქნია.

– მისი ნახვა მინდა. აქ არის?

– არა სენიორ, თუმცა... – ბარმენმა განაპირა მაგიდასთან მჯდარ, უხეშნაკვთებიან ტიპს რაღაც ანიშნა, ფიალა დაიძაბა და ყოველი შემთხვევისთვის, რევოლვერის ბუდე მოისინჯა. რამდენიმე წუთის შემდეგ ბარმენმა კარისკენ მიანიშნა და იდუმალი ხმით რაღაც ჩაილაპარაკა.

– გარეთ უკვე გელიან.

ფიალა გარეთ გავიდა. მოედანზე, დაახლოებით ორმოცდაათიოდე მეტრის მოშორებით, ზუსტად მის პირდაპირ, მათხოვრის გარეგნობის შუახანს გადაცელებული მამაკაცი იდგა. მან გაბმით დაუსტვინა. ფიალას საკუთარი გულისცემა ესმოდა. სიბნელეს ახმახი გამოეყო. შერიფს მიუახლოვდა და ანიშნა, უკან გაჰყოლოდა. ფიალამ შეძლო, თავი ხელში აეყვანა და ნაჩვენები მიმართულებით დაიძრა. თითქმის მთელი ქალაქი გაიარეს, ნახევრად, ჩაბნელებული პირქუში სახლებით. სულ ბოლოს, ვიწრო ქუჩის განაპირას მდებარე სახლთან რომ მივიდნენ, გამცილებელი შეჩერდა და უსიტყვოდ მიანიშნა კარზე.

ფიალა შეყოყმანდა. ფანჯარაში შუქი არ ჩანდა და ერთი შეხედვით, სახლი უკაცრიელი გეგონებოდა. ვინ ელოდა შიგნით? შეიძლება, კარს მიღმა მირანდაც იყო ჩასაფრებული და დატენილი რევოლვერის ლულა შემოსასვლელი კარისკენ ჰქონდა დამიზნებული... გარისკა და კარი შეაღო. ცარიელ, პატარა ოთახში ერთადერთი, ხისგან უხეშად გამოჩორკნილი მაგიდა და ოთხი სკამი იდგა. მაგიდაზე წითელქაღალდგადაფარებული ლამპა ბჟუტავდა. მაგიდასთან უცნობი იჯდა და ხელები მაგიდაზე ეწყო. მარჯვენა მხარეს, ოდნავ მოშორებით ტომარა იდო. უცნობი სიგარეტს ეწეოდა. ფიალას თავი დაუქნია და ანიშნა, დამჯდარიყო. შერიფმა ფეხზე დგომა ამჯობინა.

– შენ ხარ მონტი?

– საქონელი ტომარაშია. ხომ ამისთვის მოხვედით?

ფიალამ თავი დაუქნია.

– სულ აიღებთ?

– სულ.

– მაშინ, ნახეთ საქონელი. უმაღლესი ხარისხის მარიხუანაა, მაგრამ შეგიძლიათ, სიტყვაზე არ დამიჯეროთ და გასინჯეთ. მონტი რაღაცნაირად, დაძაბულად უყურებდა ტომარას. ფიალამ ის იყო ხელი გაიწოდა მისკენ, რომ უცებ რაღაცამ დააეჭვა.

– იყოს. სიტყვაზე გენდობი. გაუსინჯავად მიმაქვს.

მონტი გაწითლდა და აწრიალდა.

– ცოტაოდენი ბალახი მაინც ამოიღეთ და დასუნეთ, – ეს რომ თქვა, ტომარას ოდნავ წაჰკრა ხელი და ფიალასკენ მიაჩოჩა. შერიფი უკვე დარწმუნდა, რომ საფრთხე ტომრიდან ელოდა... ელვის უსწრაფესად უკან გადახტა, რევოლვერი იძრო და ნარკომოვაჭრეს დაუმიზნა.

– აბა, ახლა გახსენი ტომარა და შენ თვითონ ამოიღე იქიდან „ბალახი“...

– არა, არა, მისტერ, – მონტის შიშისგან თვალები გაუფართოვდა და ერთიანად აცახცახდა.

– სად არის მირანდა? – ხმა გაიმკაცრა ფიალამ.

– არ ვიცნობ არანაირ მირანდას.

– მაშინ, გახსენი ტომარა და დასუნე მაგ ბალახს, თორემ შუბლს გაგიხვრეტ...

მონტიმ არაადამიანურად იყვირა და მისკენ ისკუპა... ხელში გახსნილი დანა ეჭირა... ფიალამ ისროლა. ყოველთვის ზუსტად ახვედრებდა მიზანს. ოთახის სიღრმეში, მანამდე უჩინარი კარიდან მირანდა გამოვარდა, რევოლვერმომარჯვებული, ველური ღმუილით... მეორე გასროლა კიდევ უფრო გამაყრუებელი იყო. ფიალას არც ამჯერად აკანკალებია ხელი... წამში იატაკზე ორი გვამი ეგდო... ფიალამ მათ გადააბიჯა და მაგიდას მიუახლოვდა... ტომარას დააშტერდა. თითქოს ოდნავ შეინძრაო... რევოლვერის  ლულით თასმა მოხსნა და ძირს უბიძგა. ტომარა გაიხსნა და იატაკზე ჩამოვარდა. რამდენიმე წამი სრულმა სიჩუმემ დაისადგურა და უცებ ტომარა შეინძრა. შერიფმა ინსტინქტურად, უკან დაიხია და მზერაგაყინული, საშინელების მოლოდინში გაირინდა... ტომრიდან გველი გამოცურდა... შხამიანი გველი, იდუმალი სისინით. ფიალამ წარმოიდგინა, რა ელოდა, ტომარაში ხელი რომ ჩაეყო და ზიზღისა და შიშისგან კანი დაუბუსუსდა...

скачать dle 11.3