ყველა კაცი ერთნაირია
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ N12-18(644)
მანამდე და შემდეგ...
ამბობენ, ყველა ადამიანს თავისი მწარე ფიალა აქვს გამოსაცლელი... ალბათ, მართალია. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და დავინახოთ რეალობა, რომელიც ხშირად სულაც არ არის მოსაწონი. იტყვით, ვის არ მოსვლიაო, მაგრამ, მაზოხისტად არ უნდა იქცე და თავი არ უნდა გაიწამო. ერთხელაც, უნდა გაიღვიძო და თქვა: საკმარისია, მორჩა, აღარ ვიტირებ და აღარც საცოდავი ვიქნები! დღეიდან ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგად იქნება. დავივიწყებ, რაც იყო აქამდე და მარტო იმაზე ვიფიქრებ, რაც მერე იქნება. მომავალი ხომ გაცილებით მომხიბვლელია მაშინ, როცა მას იმედით შესცქერი...
***
ზუკა ფანჯარასთან იდგა და გულხელდაკრეფილი რაღაცას დაჟინებით მისჩერებოდა. გიგიმ რამდენჯერმე დაუძახა, მაგრამ, მისი ყურადღება ვერაფრით მიიპყრო. ბოლოს მასთან მივიდა, მხარზე მოჰკიდა ხელი და მაგრად შეანჯღრია.
– გამოშტერდი? ლამის ყელის ძარღვები დავიწყვიტე ყვირილით. რას გაშტერებულხარ?
– რაღაცაზე ვფიქრობდი.
– შენ ძალიან ბევრს ფიქრობ ამ ბოლო დროს. მავნებელი რომ არის, არ იცოდი?
ზუკამ ხელი ჩაიქნია:
– ღადაობის განწყობაზე არ ვარ და თავი დამანებე!
– ვინ გითხრა, რომ გეღადავები? მართლა მაინტერესებს, რაზე ფიქრობ.
– ღალატზე.
– რა?! – გიგი ჯერ გაჩუმდა, მერე კი სიცილი აუტყდა. სული რომ მოითქვა, ჰკითხა:
– ვის ღალატზე ფიქრობ, თუ ღმერთი გწამს, დამიკონკრეტე. ცოლი შენ არ გყავს და ვის უღალატე? ახლა, არ მითხრა, რომ თავად ღალატის ფენომენმა ჩაგაფიქრა. ამ საკაცობრიო პრობლემას შენ ვერ გადაჭრი და თავს ნუ აიტკივებ.
– რატომ? ვინმე ვართ ამისგან დაზღვეული? ახლა იმ ტიპს ვუყურებდი, მოპირდაპირე კორპუსში – აი, იმას, ცოლთან სულ ომი რომ აქვს და მაინც ერთად ცხოვრობენ... აივანზე იდგა და ნახევარი კოლოფი სიგარეტი მაინც მოწია... შემეცოდა...
– აუჰ, მეტი სადარდებელი არ მოგცეს ღმერთმა. გადაიტანს როგორმე, თუ უკვე გადატანილი არ აქვს. პირადად მე ეგეთ კაცებს ყოველთვის დავცინი.
– ასეც ნუ იტყვი. როცა ძალიან გიყვარს, მერე, ეტყობა, პატიობ...
– საკუთარ თავზე მეტად არავინ არ უნდა შეიყვარო – ეს არის ჭეშმარიტებაც და ღალატისგან თავის დაცვის საუკეთესო მექანიზმიც. ყველა კაცი, რომელსაც ცოლი ღალატობს, იმსახურებს ამას.
– ამას იმიტომ მეუბნები, რომ ქმრიან ქალთან გაქვს რომანი?
ზუკა შემობრუნდა და მეგობარს თვალებში შეხედა. გიგიმ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი.
– აუ, ნუ იგრუზები, რა. ხომ მოგწონს ის ქალი... ხომ არავის დაუძალებია მასთან ურთიერთობა? ჰოდა, შეირგე, რა!..
– ბიჭო, რატომ არ გესმის, რომ მე მაგ ქალს ნაშად ვეღარ აღვიქვამ.
– აბა, რად აღიქვამ, არ გამაგიჟო ახლა... – გაცხარდა გიგი.
– ნუ ყვირი, ყველას ნუ გააგებინებ, რაზეც ვლაპარაკობთ.
გიგიმ ოთახში მიმოიხედა:
– ვინ უნდა გაიგონოს? ლაშა ისეა თავისი შვილის სურათების თვალიერებით გართული, ღრიალზე რომ გადავიდე იმასაც ვერ გაიგონებს. ვახო კი საერთოდ არ არის აქ.
– მაინც ხმას დაუწიე, რა...
– კარგი, ვიჩურჩულებ. მომისმინე ერთი: შენ გირჩევნია, ცოტა აზრზე მოხვიდე და, თუ ატყობ შენს თავს, რომ ებმები, აჯობებს, საერთოდ აღარ შეხვდე.
ზუკამ ამოიოხრა.
– მაგაზეც ვიფიქრე, მაგრამ...
– მაგრამ, რა?
– არ შემიძლია, ნარკოტიკივით არის. როცა ვერ ვხვდებით, ცუდად ვარ.
გიგიმ წაუსტვინა:
– შენ, მგონი, მართლა ცუდად ხარ. გაგიჟდი? გეუბნები, გამოფხიზლდი-მეთქი, თორემ, სანანებლად გაგიხდება საქმე.
ზუკამ ხელი ჩაიქნია და ისევ იმ აივნისკენ გაიხედა, სადაც კაცი სიგარეტს ეწეოდა.
– ნეტავი, რას გრძნობს? საშინელებაა, როცა იცი, რომ შენი თავმოყვარეობა ფეხქვეშ გათელეს. ალბათ, როგორ უნდა, გულიდან ამოიგლიჯოს თავისი მოღალატე ცოლი და შვებით ამოისუნთქოს, მაგრამ, ვერ შვრება ამას და საკუთარი უსუსურობის განცდა კიდევ უფრო ამწარებს...
– აუ, შენ როგორ გაუბერე! გეფიცები, უკვე სერიოზულად ვნერვიულობ შენზე. ცოლი სხვისია და, შესაბამისად, სხვას ღალატობენ... მოდი, რა, აზრზე!
– მაგას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს.
– რას არა აქვს, ბიჭო, მნიშვნელობა? ქალებიც ღალატობენ ხანდახან. აბა, ასე რომ არ იყოს, კაცები ვისთან უღალატებდნენ ცოლებს? – გიგის თავის სიტყვებზე თვითონვე გაეცინა.
– ვერაფერი ხუმრობაა. საკმაოდ სერიოზულ პრობლემაზე გელაპარაკები.
– მეც სერიოზულად გეუბნები: შეეშვი მაგ ქალს, სანამ გვიან არ არის.
– ჰო, უნდა შევეცადო და თავი დავანებო. აღარ შევხვდები.
– შესანიშნავია. ყოველ შემთხვევაში, სანამ არ დარწმუნდები, რომ ჩვეულებრივი ნაშაა, – ჭკუა დაარიგა გიგიმ.
– არა, მაგიტომ არა, – თავი გააქნია ზუკამ, – მაინც ვერაფერს მიხვდი: მიტყდება მის ქმართან. თან, ამ ყველაფერში ფულსაც რომ ის იხდის...
– მდაა... – დაამთქნარა გიგიმ, – წავედი ახლა მე, ნინის დავპირდი, რომ ერთად ვისადილებდით. ხომ არ შემოგვიერთდები?
– არა, ხელს არ შეგიშლით. მირჩევნია, აქ ვიყო. თან, საერთოდ არ მშია.
– რა ვიცი, დაიტოვები მარტო? რამე სისულელე არ ჩაიდინო. ხომ არ დაურეკავს?
– არა, – უხალისოდ გაუქნია თავი ზუკამ.
– არც იმის ზარს უპასუხებ? – ჩაეძია გიგი.
– ვეცდები.
– ჰო, ეცადე. ისევ შენთვის აჯობებს.
გიგი რომ წავიდა, ზუკამ მობილური გამორთო და თავი ხელისგულებში ჩარგო. ლაშამ მხოლოდ მაშინ შენიშნა თანამშრომლის უჩვეულო, არაბუნებრივი მდგომარეობა, როცა ცოლთან ლაპარაკი დაასრულა, ანუ, დაწვრილებით გამოჰკითხა თავისი პირმშოს კვებისა და კუჭის მოქმედების განრიგი...
– ზუკა, ცუდად ხარ?
ზუკამ თავი ასწია და შეეცადა, გაეღიმა:
– არა, უბრალოდ, მეძინება. გუშინ გვიანობამდე კალათბურთს ვუყურებდი და...
– ჰო, კალათბურთი კარგია. მე კი ვცდილობ, ღამით მაინც შევენაცვლო ჩემს ცოლს, რომ ცოტა დაისვენოს. ძალიან ცელქი და მოუსვენარი ბავშვია, – ლაშას გაეღიმა, – უკვე მცნობს, იცი? ხელში რომ ავიყვან და ველაპარაკები, მიცინის.
– მაგარია... – ზუკას აშკარად არ ჰქონდა ლაშას შვილზე ლაპარაკის განწყობა. ის იყო, იფიქრა, ავდგები და საერთოდ გავალ ოთახიდანო, რომ კარი გაიღო და ვახო შემოვიდა.
– გიგი არ არის? – იკითხა ნაჩქარევად.
– სასადილოდ გავიდა, – უთხრა ზუკამ.
ვახომ მექანიკურად დაიხედა საათზე:
– კარგი, შენ ხომ აქ ხარ? კლიენტი გვყავს. რაღაც ახალ ბიზნესს იწყებს და რეკლამის საკითხებში დახმარება სჭირდება.
– რა ბიზნესია?
– სიმართლე გითხრა, კარგად არ ვიცი. პრინციპში, რა მნიშვნელობა აქვს, დაელაპარაკები და გაგარკვევს. მოკლედ, მიხედე, რა!..
– თუ ჩემ მეტი ვერავინ დაეხმარება, რა გაეწყობა, მივხედავ, – ხელები გაშალა ზუკამ. ვახომ ეჭვით შეხედა:
– რა გჭირს შენ?
– არაფერი...
– აბა, ეგ რა პასუხია?! სერიოზული კლიენტია სერიოზული შეკვეთით. გასაგებად არ ვლაპარაკობ?
ზუკამ თავი დაუქნია.
– ჰოდა, ასე... კარგი იქნებოდა, გიგიც ყოფილიყო, მაგრამ, არა უშავს. შენ დაიწყე და ისიც მოვა. აგერ, შეგიძლია, ლაშაც გამოიყენო.
– მე – პას! – ხელები გაასავსავა ლაშამ, – ჯერ იმ კვერცხების ფაბრიკის შესაფუთი მასალის დიზაინი არ დამიმთავრებია. დღეს აუცილებლად უნდა მოვრჩე. თან, ერთი საათით უნდა გავვარდე – ბავშვი აცრაზეა წასაყვანი.
ვახომ ამოიოხრა:
– გასაგებია. კარგი, შენ მიხედე. თიკო ყავით უმასპინძლდება მისაღებში. გამოდი და დაელაპარაკე...
***
ქეთი სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და სტილისტს სარკეში გაუღიმა.
– ვალიდა, საყვარელო, რამე მომიფიქრე – ახალი და უცხო. ძალიან მინდა, რაღაც შევიცვალო, თანაც, თვალშისაცემად სხვანაირად უნდა გამოვიყურებოდე.
სტილისტმა ფენი სარკესთან დადო და გულხელდაკრეფილი, სიბრალულით მიაჩერდა კლიენტს:
– მოხდა რამე?
ქეთის გაეღიმა:
– რა უნდა მომხდარიყო?
– რა ვიცი, – მხრები აიჩეჩა ქალმა, – საერთოდ, ასეთი სურვილი ქალს პირად ცხოვრებაში კრიზისის დროს უჩნდება ხოლმე. თმის ფერის რადიკალური შეცვლა დეპრესიისა და დანგრეული ოჯახის პირდაპირი მაჩვენებელია – ეგრევე ვხვდები ხოლმე.
– არა! ჩემთან ყველაფერი წესრიგშია. ღმერთმა დამიფაროს ეგეთი პრობლემებისგან! – დაამშვიდა ქეთიმ.
– უჰ, გულზე მომეშვა. მაინც ჩემიანი ხარ და მეწყინებოდა. ახლა უფრო წყნარად ვიმუშავებ. ისე კი, კარგი აღარაფერი ისმის: ეს გაშორდა, იმას საყვარელმა უღალატა, ამის ქმარს ვიღაც ნაშამ შვილი გაუჩინა... საგიჟეთია, რა!
– მე ჯერჯერობით ასეთი პრობლემები არ მაქვს.
– მიხარია. მაგრამ, მაინც ფხიზლად იყავი, ეს ქალები სულ გადაირივნენ.
– ქალები თუ კაცები? – გაეცინა ქეთის.
– ქალები, საყვარელო, ქალები... გულუბრყვილო ნუ იქნები, ჩემო ლამაზო. კაცები არაფერს წყვეტენ. პრინციპში, არც არასდროს წყვეტდნენ. სამაგიეროდ, ქალები ისეთ რამეებს აკეთებენ... ჩემი ნაცნობების უმრავლესობა, რომ იტყვიან, ვნების ცეცხლში იწვის.
– რა?!
– ჰო, აბა?! არ ვიცი, რა დაემართა ამ ხალხს. ერთი დაქალი მყავს, სკოლიდან ვმეგობრობთ... ჩვიდმეტი წლისა გათხოვდა და სამი თვის მერე ბავშვი გააჩინა, ექვსი თვის შემდეგ კი გაშორდა – ესაო, ისაო, ის არ იყო, რაც მინდოდა, ახალგაზრდობით და გამოუცდელობით დამემართა, შეცდომა დავუშვიო... ნუ, კარგი... ვის არ მოსვლია, ხომ? ჩვენც მოვეფერეთ, შევიცოდეთ... მერე კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. მეორე ქორწინება სამ წელიწადში დაასრულა, ანუ, სამ წელიწადში გაეყარა. მოწიფულ ასაკში შეცდომის დაშვება კიდევ უფრო ადვილიაო, – გვიმტკიცებდა. ნუ, ჩვენც, ხომ არ გავკიცხავდით? გავუგეთ ადამიანს, ქალები ვართ მაინც. ერთი თვის წინ კი სამი შვილის მამას დაუნგრია ოჯახი... სიმართლე გითხრა, თითქმის აღარაფერი მიკვირს, მაგრამ, მაინც არ არის სასიამოვნო, როცა შენი დაქალი ოჯახებს ანგრევს. თანაც, იმ კაცის ცოლმა ვენები გადაიჭრა...
ქეთის შეაჟრჟოლა.
– უიმე, რას ამბობ?! – წამოიძახა დამფრთხალი ხმით.
– აბა?! მადლობა ღმერთს, გადაარჩინეს საცოდავი.
– თავი როგორ უნდა მოიკლა კაცის გამო, როგორ ძალიანაც არ უნდა გიყვარდეს, – შეწუხებული ხმით ჩაილაპარაკა ქეთიმ.
– მეც მაგას ვამბობ. მაგრამ, ეტყობა, მარტო სათქმელად არის ადვილი... იცი, როგორ ტიროდა? ვერც კი დავამშვიდე...
– შენ იყავი მასთან? კი მაგრამ, რატომ?
– სახლში მიუვარდა ჩემს დაქალს და იმანაც ჩვენ გამოგვიძახა, გოგოები. ისეთი ამბავი იყო... ქმარი იქ იდგა და ერთი სიტყვა არ უთქვამს. იყო წივილი და კივილი. ამ ჩემმა დაქალმა უთხრა, გვიყვარს ერთმანეთიო და ფეხმძიმედაც ვარო; ჩვენი დიდი სიყვარულის ნაყოფი უნდა გავაჩინოო. გაგიჟდები, რა... ერთი თვის წინ იყო ეს ამბავი. გუშინ კიდევ, გავიგე, ვაჟბატონი ისევ ყოფილ ცოლს დაბრუნებია.
– გადასარევია! მერე, მიიღო იმ ქალმა ამხელა შეურაცხყოფის მერე?
– ეჰ, მიიღო რომელია. რა ექნა, სამი შვილი... თვრამეტი წელი ძაღლი რომ გყავდეს სახლში, იმას ვერ შეელევი ადვილად...
– შენი დაქალი აჩენს მისგან ბავშვს? – ქეთი ნელ-ნელა დაძაბა ამ ამბავმა.
– ბავშვს არა! მოიგონა ორსულობა. იფიქრა, ალბათ, ამ მეთოდით უკეთ „დავაბამო“. ან, შეიძლება, მისი ცოლის გასამწარებლად თქვა – რას გაიგებ... კაცი რომ სამ შვილს მიატოვებს, შენთან გაჩერდება?! ბავშვით დაბმული კაცი სად გინახავს?
– ჰო, ეგ რთული საკითხია.
– რთული? პირიქით, დაწყებითი კლასის არითმეტიკასავით მარტივია. შვილები კაცებს მანამდე უნდათ, სანამ მათი დედები უნდათ. მერე კი – პრაშჩაი – შარშანდელი თოვლივით ქრებიან და ალიმენტსაც აღარ იხდიან. გამონაკლისები, შეიძლება, არიან, მაგრამ, მე ასეთებს არ ვიცნობ, – ბოლომდე გადაუწურა წყალი ვალიდამ. ქეთის ისევ შეაჟრჟოლა და იფიქრა, რას ატყდა დღეს ეს ქალი, რატომ დაიწყო ამ თემაზე საუბარიო, მექანიკურად კი მაინც იკითხა:
– რას შვრება ახლა შენი დაქალი, ამბობს, ამჯერადაც შეცდომა დავუშვიო?
– ცოტა ვითომ იდარდა, თუმცა, ვენები არ გადაუჭრია, რა თქმა უნდა. ახლა ვიღაც ოცდასამი წლის ბიჭთან აქვს რომანი.
– მერე?
– რა მერე, კარგი ბიჭია: სახლში რემონტი გაუკეთა თავისი ხელით; ჩემი დაქალის ბავშვზე ზრუნავს, დაჰყავს სკოლაში. ეს ჩემი სულელი მეგობარი კი ყველას ინახავს. მოკლედ, რა... ქალი მაგარი სულელი არსებაა... შენ ხომ ხარ გათხოვილი?
ქეთის გული შეუქანდა.
– კი, ერთი შვილი მყავს. რატომ მეკითხები?
– ისე. ხომ კარგად ხართ?
– რა ვიცი, ნორმალურად.
– ჰოდა, გაუფრთხილდი მაგ შენს ქმარს, ვერ ხედავ, რა ხდება?!
– ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი... – ბავშვივით ჩაილაპარაკა ქეთიმ.
– სიყვარულის ვიღას სჯერა, გენაცვალე. სიყვარულისთვის ბრძოლაში ჯანმრთელობას დაიზიანებ და ბოლოს კაცის მაგივრად, ნევროზი შეგრჩება ხელში, – გადაიკისკისა სტილისტმა და ფენი ჩართო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში