კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-18(644) 

– ჩვენ ბავშვობიდან გვიყვარს ერთმანეთი და დაქორწინებას ვაპირებთ. ერთად ვსწავლობთ ინსტიტუტში და სულ მალე შევუღლდებით, – მითხრა ბიჭმა, – მოკლედ, ცხოვრებას ავაწყობთ.

– ალბათ, მშობლები გეხმარებიან, – განგებ ვუთხარი ბიჭს, თუმცა, მშვენივრად ვიცოდი, ვინც ეხმარებოდა. სიმონმა ხელი ჩაიქნია და მითხრა:

– სად აქვთ ჩვენს მშობლებს ჩვენი დასახმარებელი ფული. მათ თავი ძლივს გააქვთ და ჩვენ გარდა სხვა შვილებიც ჰყავთ. ჩვენ ჩვენი და-ძმები, მორწმუნე ღვთისშვილები გვეხმარებიან. გუშინწინ კრება ჩაატარეს და გადაწყდა, რომ ოროთახიან ბინას გვიყიდიან. უფრო სწორად, ჯერ ჩვენი არ იქნება ის ბინა, მხოლოდ ხუთი წლის მერე გაგვიფორმებენ. მანამდე კი იქ ვიცხოვრებთ.

– ჯერ ვერ ვიცხოვრებთ, ჯვრის ამბავია მოსაგვარებელი, – შეუსწორა სიმონს ეთერმა და სინანულით დაამატა, – ვაითუ ჯვრები ვერ ვიპოვეთ, მაშინ ხომ არც ნაჩუქარი ბინა გვექნება და არც ნათხოვარი.

– მერე რა, თუ ვერ ვიპოვეთ, – ხელი ჩაიქნია სიმონმა, – ორი ჯვარი ვიყიდოთ და მივიტანოთ.

– მოვატყუოთ? – კოპები შეიკრა ეთერმა, რომელსაც ეტყობოდა, რომ სექტაში ბევრად ღრმად იყო ჩათრეული, ვიდრე მისი საქმრო.

წყვილის ჯვრებზე საუბრიდან აზრი ვერ გამოვიტანე და ბიჭს ვკითხე:

– აბა, ერთი კარგად ამიხსენით, რას ამბობდით ჯვრებზე? როგორც, ვიცი თქვენი და-ძმები ჯვარს არ ცნობენ.

ბიჭმა პირი დააღო, ეთერმა კი მას დაასწრო და მითხრა:

– ჩვენ ორივე ჩვილობაში მოგვნათლეს და ნათლიებმა ჯვრებიც მოგვცეს. ის ჯვრები კი ჩვენს სოფელშია, ჩვენი მშობლების სახლში. ხოლო, ჩვენი ჭეშმარიტი რწმენის სახლში დასამკვიდრებლად, ჩვენი ნათლობის ჯვრები უნდა გავანადგუროთ. სიმონი კი მეუბნება, სხვა ჯვრები ვიყიდოთ და ისინი მივიტანოთ გასანადგურებლადო. ტყუილი არ შეიძლება.

– ეგ რა ტყუილია. თუკი ბინას მოგვცემენ, მერე, რა მოხდა. განა ჩვენი ბედნიერებისთვის არ ღირს, რომ პატარა ვიცრუოთ? – თქვა სიმონმა და არყით სავსე მორიგი ჭიქა გადაჰკრა.

სიმონი და ეთერი მშვენიერი გარეგნობის ახალგაზრდები იყვნენ. მათ ერთმანეთი უყვარდათ და ოჯახის შექმნა უნდოდათ. მაგრამ, არანაირი სახსრები არ გააჩნდათ და, მზად იყვნენ, ისეთი მიუტევებელი ცოდვაც კი ჩაედინათ, როგორიც უფლისა და რჯულის გმობა იყო. მათ შველა სჭირდებოდათ. ამიტომ, შევეცადე, რომ ეს მისია საკუთარ თავზე ამეღო და წყვილს ვუთხარი:

– ახლა თქვენ მომისმინეთ ყურადღებით და გირჩევთ, დამიჯეროთ. მით უმეტეს, რომ ღმერთმა ჩემთან მოგიყვანათ და თუკი ამ შანსს ხელიდან გაუშვებთ, მერწმუნეთ, თქვენც დაიღუპებით და თქვენს შთამომავლობასაც დაღუპავთ.

– ბრძანეთ, გისმენთ, – ერთხმად მითხრა ქალ-ვაჟმა.

– თქვენ, ჩემო კარგებო, გაჭირვებამ მიგიყვანათ სექტანტებთან და ისე აგირიათ გონება, რომ ჭეშმარიტ ღმერთს გმობთ, სასიკვდილო ცოდვას იდებთ და უკან არ იხედებით. ასიათასობით ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქართველმა მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის გაწირა საკუთარი სიცოცხლე, რომ ქრისტეს რჯული, ქრისტეს ჯვარი არ უარყო. თქვენ კი რაღაც დამპალი ბინის გამო თქვენი ნათლობის ჯვრის განადგურებას აპირებთ. განა სიკეთეს მოგიტანთ ასე შექმნილი ოჯახი და ასე მიღებული ბინა?

– თქვენ, ჩემო ბატონო, სასახლეში ცხოვრობთ, ჩვენ კი ერთი ნესტიანი ოთახიც არ გვაქვს და აბა, რა ვქნათ?

– და, ამის გამო, ღმერთი უნდა დაგმოთ და სექტანტები გახდეთ? ნუთუ იმის გამო დათმო ერთ დღეში საკუთარი სიცოცხლე ასი ათასმა მართლმადიდებელმა წამებულმა, რომ ქართველების სულებს ჯერ ეშმაკი დაჰპატრონებოდა, შემდეგ კი ჩვენი ერი გადაგვარებულიყო?

– რას გვირჩევთ, ბატონო, ჩვენც გვინდა ნორმალური ცხოვრება და, იქნებ, უკეთესი რამ გვითხრათ? – მითხრა ეთერმა, რომელიც მანამდე უხმოდ მისმენდა.

მე ანთებული ბუხრისკენ გავიშვირე ხელი და ვუთხარი:

– ეგ თქვენი სატანური ლიტერატურა, თავისი ჩანთებითურთ, იქ შეყარეთ და მერე ვილაპარაკოთ.

სიმონმა ხელი დაავლო ჩანთებსა და მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ სექტანტურ ლიტერატურას, რომ ისინი ბუხარში შეეყარა, მაგრამ მე გავაჩერე:

– ასე არ მაწყობს. ახლა თქვენ ნასვამები ხართ და, სიმთვრალეს რომ არ დააბრალოთ ყველაფერი, მოდი, ჯერ კარგად გამოიძინეთ, მოწესრიგდით და, თუკი კვლავ ამ აზრზე იქნებით, ეს ნაგავი მერე დაწვით.

– სად გამოვიძინოთ? – მკითხა ეთერმა.

– აქ, ჩემს სასახლეში. აი, სტუმრების საძინებელი. ჩემი სამზარეულო პროდუქტებითაა სავსე და შეგიძლიათ ჭამოთ და სვათ, შემდეგ შხაპი მიიღოთ და კარგად გამოიძინოთ. მე კი საქმეზე უნდა წავიდე, – ვუთხარი ეთერს, რომელმაც მკითხა:

– როდის დაბრუნდებით?

– როცა გაიღვიძებთ.

– მერედა, გვენდობით?

– როგორც ხედავთ, – მივუგე ქალს. ცოტა ხნის მერე კი გამოვემშვიდობე მათ და ზუსტად შუადღეზე სახლიდან გამოვედი.

ბინაში რომ დავბრუნდი, საღამოს ექვსი საათი იყო. ჩემი სტუმრები სავარძლებში იყვნენ მოკალათებულები. რომ დამინახეს, შეიშმუშნენ და ეთერმა მითხრა:

– გელოდებოდით. ახლა კი წავალთ.

– ესე იგი, კვლავ ძველ აზრზე ხართ?

– არა, რატომ? ამ წიგნებს ახლავე დავწვავთ, – ერთხმად მომიგო ქალ-ვაჟმა. შემდეგ მთელი ლიტერატურა ჩანთებში ჩაყარეს და ჩემს უზარმაზარ ბუხარში შეაგდეს, რომელმაც მთელი ეს სექტანტური ნაგავი ნაცრად აქცია. მერე ეთერმა მითხრა:

– გვიანაა, უნდა წავიდეთ.

– სად წახვალთ, ისევ სექტაში ხომ არ დაბრუნდებით?

– არა, იქ ფეხს აღარ მივადგამთ.

– ღამის გასათევი გაქვთ?

– ადრე გლდანში ვქირაობდით ბინას, მაგრამ, ფული რომ აღარ გვქონდა, სექტას შევეკედლეთ და ბოლო ერთი თვე მათ სახლში ვცხოვრობდით.

– ესე იგი, წასასვლელი არსად გაქვთ.

– როგორ არა, – მითხრა ეთერმა, – ვარკეთილში ჩემი ჯგუფელი ცხოვრობს და იმასთან გავათენებ ღამეს.

– მე კი ჩემს ნათესავთან... – მითხრა სიმონმა. მაგრამ, ეთერმა მას სიტყვა შეაწყვეტინა და მითხრა:

– იტყუება, არავითარი ნათესავი არ ჰყავს. ან ქალაქში უნდა იხეტიალოს, ან სადგურზე დაიძინოს, მოსაცდელ დარბაზში.

– გასაგებია, ახალგაზრდებო. ახლა კი მე მომისმინეთ: რადგან ასე გიყვართ ერთმანეთი და დაოჯახება გსურთ, გთავაზობთ, ჯვარი დაიწეროთ და, როგორც ჩვენი რჯულისა და ადათის ხალხს სჩვევია, ისე შეუღლდეთ. მღვდელი რვა საათისთვის გველოდება სიონის ტაძარში, ბინაც მზადაა, სადაც დროებით იცხოვრებთ, შემდეგ კი თქვენზე და თქვენს მარიფათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

 სიმონი და ეთერი გაოგნებულები მიყურებდნენ და საკუთარ თვალებსა და ყურებს არ უჯერებდნენ. თუმცა, სიონში მაინც წამომყვნენ, სადაც მე ჩემი „ჯიპით“ მივიყვანე და ხელისმომკიდეც მე ვიყავი. ჯვრისწერის შემდეგ კი, საბურთალოზე, ერთ-ერთი კორპუსის ოროთახიან ბინაში მივედით, სადაც სუფრა უკვე გაშლილი იყო და მათი შეუღლება აღვნიშნეთ. წამოსვლის წინ სიმონი გარეთ გავიხმე და ვუთხარი:

– ეს ბინა თქვენია და, რაც აქაა – ავეჯი და ყველაფერი დანარჩენი – ესეც თქვენია. უბრალოდ, ხვალ, აი, ამ მისამართზე მიხვალ შენი პირადობის მოწმობით და წამოიღებ ამ ბინის შენზე გადაფორმების საბუთს. და, კიდევ ერთი: კომოდის უჯრაში პატარა ზარდახშაა, რომელშიც ათი ათასი დოლარი დევს. ეს ფულიც თქვენია. აბა, თქვენ იცით, არასოდეს დაგმოთ ჭეშმარიტი ღმერთი.

სიმონი ისეთი დაბნეული იყო, რომ მადლობის თქმაც კი ვერ მოახერხა. მე ამით ვისარგებლე და წამოვედი.

სიმონისა და ეთერის ისტორია იმისი თვალნათელი მაგალითია, რომ ქართველების მიზანმიმართული გადაშენების პროცესი სრული სვლით მიმდინარეობს და სექტანტობა ამ ვერაგობის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა. ჩემი აზრით, მართლმადიდებლური საქმიანობა მეტი ძალით, რომ იტყვიან, მთელი ფრონტით უნდა გაიშალოს და ეს იქნება ჩვენი ერის გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე ქმედითი საშუალება.

ქრისტიანული მართლმადიდებლობა, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ის უმთავრესი იდეოლოგია იყო კომუნისტურ პერიოდში, მე ვიმეორებ, კომუნისტურ პერიოდში, რამაც ქართველი ერი დეგრადაციისგან იხსნა და შეგვანარჩუნებინა ჩვენი ეროვნულობა, კულტურა და ტრადიციები. სხვათა შორის, მართლმადიდებლური კულტურისა და, თუ გნებავთ, რწმენის დაცვა, არაერთხელ უტვირთია ჩვენს უწყებას და ასეთ ამბებში მეც მიმიღია მონაწილეობა. ერთხელ, შჩუკინმა მიხმო და მითხრა:

– კოკი, ერთი ძალიან დელიკატური დავალება უნდა მოგცე და, იმედია, მასაც ისეთივე წარმატებით შეასრულებ, როგორც ყველა დანარჩენს.

– დიახ, ბრძანეთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს და სმენად ვიქეცი.

შჩუკინმა ერთი რელიგიური ლიდერის ფოტო მაჩვენა და მითხრა:

– ეს საკმაოდ მაღალი რანგის სასულიერო პირი სინამდვილეში „ემვედეს“ აგენტია და ქრისტეს მსახურისთვის შეუფერებელი საქციელით კომპრომეტაციას უწევს მართლმადიდებლობას. ამიტომ, ჩვენ ამ საქმეში უნდა ჩავერიოთ და ამ უწმინდურის ეგრეთ წოდებული „მოღვაწეობა“ აღვკვეთოთ.

– მაინც, რას აშავებს?

– გარდა იმისა, რომ ბაცაცობს და ეკლესიის ქონებას ძარცვავს, რაც, თავის მხრივ, სისხლის სამართლის დანაშაულია, წმიდა სინოდში ინტრიგებს ხლართავს და, აშკარაა, ეკლესიის საჭეთმპყრობლის პოსტს უმიზნებს. ამის დაშვება კი არანაირად არ შეიძლება. ამიტომ, მისი გეგმები უნდა ჩავშალოთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან დავასკვენი, რომ მაინცდამაინც რთული დავალების შესრულება არ მომიწევდა, როგორც ეტყობა, ეს სახეზე აღმებეჭდა. თუმცა, პროტესტი არ გამომიხატავს და ვუთხარი:

– გასაგებია.

შჩუკინმა შემატყო, რომ ასეთმა „უმნიშვნელო“ დავალებამ დიდად არ მომხიბლა და მითხრა:

– ტყუილად გგონია, რომ უმნიშვნელო საქმეა.  ეს არც ისე იოლი დავალებაა, მაგრამ, რაც მთავარია, დელიკატურია და სწორედ ამიტომ გავალებ შენ.

– კონკრეტულად რა უნდა გავაკეთო?

– შენ სემინარიადამთავრებულ ახალგაზრდა მღვდელმსახურად გადაცმული ეახლები მას და მასზე კომპრომატებს შეაგროვებ, ბოლოს კი გადადგომას შევთავაზებთ და, თუკი უარს იტყვის, გავასამართლებთ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეს.

ასეთი ოპერატიული კომბინაცია იმიტომ დასჭირდა „კაგებეს“, რომ ის სუბიექტი „ემვედეს“ აგენტი იყო და მათი მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. იმ პერიოდში კი, „ემვედე“ და „კაგებე“ ერთმანეთთან ძაღლი და კატასავით იყვნენ და მათი შეფი იმიტომ იყო ასე გათავხედებული, რომ ბრეჟნევის პირადი მეგობარი გახლდათ და ანდროპოვის განადგურებას ცდილობდა. ამგვარად, ეს დავალება პირადად ანდროპოვისგან მომდინარეობდა და, მართალია, ამის შესახებ შჩუკინს არაფერი უთქვამს, მაგრამ, მე თავადვე მივხვდი.

– სად და როდის უნდა გავემგზავრო? – ვკითხე შჩუკინს.

– ეს სპეცოპერაცია საქართველოში, ერთ-ერთ ეპარქიაში უნდა ჩაატარო, – მომიგო მან.

სიმართლე გითხრათ, საქართველოში მუშაობა არ მესიამოვნა, მაგრამ, ბრძანება ბრძანებაა და დავემორჩილე.

სამკვირიანი მომზადების შემდეგ საქართველოში დავბრუნდი და ოპერაციის შესრულებას შევუდექი. „ემვედეს“ აგენტი მღვდელმსახური იმდენად გათავხედებული იყო და ეგონა, არ დასჯიდნენ, რომ ეკლესიას ძარცვავდა, მრევლის გარყვნას ცდილობდა და ყველაფერ ამას რელიგიის მანტიით მოსავდა. მე ის ვამხილე, ყველა კომპრომატი წინ დავუდე და ამ სფეროდან წასვლა შევთავაზე, მანამდე კი ნაძარცვი ნივთების უკან დაბრუნება მოვთხოვე. მაგრამ, მან ჩემი მოკვლა მოინდომა – მოულოდნელად პისტოლეტი ამოაცურა, მესროლა და მიუხედავად იმისა, რომ წართმევა ვცადე, მარცხენა მკლავში მსუბუქად დამჭრა. რომ არ მეაქტიურა, ტყვია გულს გამიგლეჯდა. ასეთი საქციელის გამო ობიექტი გაასამართლეს, ჩემზე თავდასხმის გარდა, ყველა დანარჩენი ბრალდება წაუყენეს და თხუთმეტი წლით ციხეში გამოამწყვდიეს. სხვათა შორის, ის კაცი დღესაც ცოცხალია, თანმიმდევრულად ცდილობს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და, უნდა, რომ თავი წამებულად გამოაცხადოს.

ზემოხსენებული სუბიექტის მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მომრავლდნენ ადამიანები, ვისაც მძიმე სისხლის სამართლის თუ მორალური დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, რისთვისაც ისინი სამართლიანად დაისაჯნენ, მაგრამ, ახალი ეპოქის პირობებში ცდილობენ საკუთარი თავის რეაბილიტაციას. ბევრმა ასეთი რამ მოახერხა და უკვე ლეგალურად აკეთებს იმ საზიზღრობას, რისთვისაც კომუნისტების პერიოდში სამართლიანად იყო დასჯილი. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და, რომ მივედი, მითხრა:

– შემკვეთი შენთან შეხვედრას ითხოვს. რას იზამ?

– სად და როდის უნდა შეხვედრა?

– მოსკოვში, ამ ერთი კვირის განმავლობაში, – მითხრა რომანმა, – მაგრამ, ის თანხაზე არაფერს ამბობს, თქვა, ჯერ შემსრულებელს დაველაპარაკებიო. რა ვიცი, რამე ხაფანგი არ იყოს, რაღაც საეჭვოდ მეჩვენება.

– ჩემნაირ ხალხს ხაფანგს ისე უგებენ, რომ საეჭვოდ არ მოეჩვენოთ, – ღიმილით ვუთხარი „ძიას,“ – არა მგონია, ასე იყოს. თუმცა, გამორიცხული არაფერია და, რა თქმა უნდა, ფრთხილად ვიქნები.

 – აბა, შენ იცი, წარმატებას გისურვებ, – მითხრა რომანმა და წავიდა.

შემკვეთს მოსკოვში, „ჩისტიე პრუდისთნ“ მდებარე პატარა კაფეში შევხვდი და, რა თქმა უნდა, კარგად ვიყავი შენიღბული. შემკვეთმა მწველი მზერა მესროლა და ინგლისურად მკითხა:

– ლაპარაკობთ ინგლისურად?

მე გამეღიმა და ვუთხარი:

– მიუხედავად იმისა, რომ რუსი არ ვარ და ინგლისურადაც ვლაპარაკობ, მირჩევნია, რუსულ ენაზე ვისაუბროთ, – პაუზა გავაკეთე და უკვე რუსულად დავამატე: – ასე უკეთესი იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ზედმეტად არ მივიპყროთ ყურადღება.

– ესე იგი, ყოფილი საბჭოელი არ ხართ, – თქვა შემკვეთმა, – მე კი მერჩივნა, რომ შემსრულებელი საბჭოელი ყოფილიყო.

– რატომ?

– იმიტომ, რომ, ცოტა არ იყოს, სპეციფიკური შეკვეთა მაქვს და, ჯობდა, საბჭოელს შეესრულებინა, რადგან, საბჭოელისთვის ის ბევრად ადვილი გასაგებია. 

სხვა შემთხვევაში შეკვეთის შინაარსით არც დავინტერესდებოდი და უარს ვიტყოდი, მაგრამ, შეკვეთის „სპეციფიკურობამ“ დამაინტერესა და შემკვეთს ვუთხარი:

– ნება თქვენია, მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ყოფილ საბჭოეთსა და საბჭოელებს კარგად ვიცნობ და არც შეკვეთის სპეციფიკურობაში ჩაწვდომა გამიჭირდება. თუმცა, საბოლოო სიტყვა თქვენზეა და, თუ ჩემი კანდიდატურა არ გაწყობთ, მაშინ, ახლავე დავშორდეთ ერთმანეთს.

– თქვენ მართლაც მშვენივრად ლაპარაკობთ რუსულად და, იმედია, მართლა კარგად ჩასწვდებით ჩემს პრობლემას, – მითხრა შემკვეთმა, – თანახმა ვარ, თუ, რა თქმა უნდა, თქვენც დამთანხმდებით.

– ბრძანეთ და ვნახოთ.

– ერთი სიტყვით, მე ყოფილი კანონიერი ქურდი ვარ. გსმენიათ, ალბათ, ასეთი კასტის არსებობის შესახებ.

– რა თქმა უნდა, მსმენია. რადგან ყოფილი კანონიერი ქურდი ხართ, გამოდის, რომ ან თქვენ თქვით უარი ამ ტიტულზე ან არაქურდად დაგტოვეს.

ჩემს სიტყვებზე შემკვეთს გაეცინა და მითხრა:

– ლაპარაკიდან გეტყობათ, რომ მართლაც კარგად ერკვევით საბჭოურ ამბებში. მე ქურდობაზე უარი არ მითქვამს და არაქურდად დამტოვეს – ბლოკი შემიკრეს, ჩირქი მომცხეს და, რომ იტყვიან, გამიჩალიჩეს. უფრო სწორად, ერთმა გამიჩალიჩა, იურა ვიზბორმა, მეტსახელად, „შირკამ“, დანარჩენი თერთმეტი კი გამოიყენა, რომ ქურდული განაჩენი გაეფორმებინათ. სიმართლე გითხრათ, იმ თერთმეტზე არც ვარ ნაწყენი და, რომც ვიყო, ბევრს ვერაფერს დავაკლებ, რადგან, არც ერთი აღარაა ცოცხალი; აი, შირკა კი ოთხში უნდა ამოვიღო და ამისთვის კვალიფიციური შემსრულებელი მჭირდება.

„შირკას“ ხსენებაზე შემკვეთი ძალიან ანერვიულდა და სახე აუცახცახდა. ამიტომ, მე მას ვუთხარი:

– პატივცემულო, ნუ ღელავთ. სულაც არ არის საჭირო, რომ თქვენი ამბავი მომიყვეთ, რომელიც ასე განერვიულებთ. მთავარია, შეკვეთის ტიპსა და თანხაზე მოვილაპარაკოთ.

შემკვეთს მწარედ გაეცინა და მითხრა:

– ჩემი შეკვეთის მთავარი სპეციფიკაც იმაშია, რომ, მინდა, „პოსლეზე“ შეასრულოთ ჩემი შეკვეთა. ციხიდან ორი თვის წინ გამოვედი და, რომ იტყვიან, მათხოვარი ვარ – კაპიკი ფული არ მაქვს და წინასწარ ვერაფერს გადაგიხდით.

– გასაგებია, მაგრამ, შემდეგ რით გადამიხდით?

– მე თქვენ გთავაზობთ, იმ ნაძირალას ფული და ძვირფასეულობა წაართვათ და შუაზე გავიყოთ. მით უმეტეს, რომ მას ეს ქონება ადამიანების სიცოცხლის ფასად აქვს ნაშოვნი.

შემკვეთის წინადადება იმდენად უჩვეულო, არაორდინარული და მართლაც სპეციფიკური იყო, რომ გამეცინა. ასეთი შეკვეთა არც მანამდე და არც შემდეგ არ მქონია. ამიტომ, თავი გავაქნიე და ვთქვი:

– ეს უფრო ნაკოლს ჰგავს, ვიდრე შეკვეთას.

– ასეც ვიცოდი, რომ უარს იტყოდით. რა გაეწყობა, მართალს ბრძანებთ. ნახვამდის, – მითხრა შემკვეთმა და საფულიდან ქაღალდის კუპიურა ამოაცურა, რომ ყავის საფასური გადაეხადა. მე კი ვანიშნე, გაჩერებულიყო და ვუთხარი:

– უარი არ მითქვამს. მე თანახმა ვარ. უბრალოდ, ობიექტზე მეტი ინფორმაცია მჭირდება.

შემკვეთმა ერთხანს გაკვირვებული სახით მიყურა, ბოლოს კი მითხრა:

– ნამდვილად არ მეგონა, თუ დასთანხმდებოდით. ახლა კი მომისმინეთ. ერთი სიტყვით, მე და შირკა ერთმანეთს ნარკოტიკების გამო დავეტაკეთ. მას, როგორც ყველა ამორალურ ადამიანს, არ აინტერესებდა, როგორ იშოვიდა ფულს, მისთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება, მეტი თანხა ჩაეჯიბა. ამიტომ, ნარკოტიკების ბარიგებს შეეკრა და კრიშავდა. მე რომ ეს გავიგე, ვინახულე, ქურდულად შევახურე და შევპირდი, რომ თუკი ასეთ საქმეს არ შეეშვებოდა, არაქურდად დავტოვებდი. იურა ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო და იმიტომ დავინდე, თორემ, მაშინვე რომ წამომეწია ეს ამბავი და სხოდკა შემეკრიბა, შირკას გაფუჭება არ ასცდებოდა. ჩემს სიტყვებზე მან თავი ჩაღუნა და მითხრა:

– ბოდიში. არაქურდულად ვიქცევი. სიტყვას გაძლევ, რომ ამ საქმეს შევეშვები. შენ კი – დიდი მადლობა, რომ არ გამწირე.

ჩვენ ერთმანეთს გადავეხვიეთ და დავშორდით. ორი თვის შემდეგ კი ქურდულ სხოდკაზე დამიძახეს და ობშჩიაკის გაფლანგვაში დამდეს ბრალი, რომელიც მე მებარა. 80 ათასი მანეთი, რომელიც ჩემი სახლიდან დავკარგე, ნაცნობი ცეხავიკებისგან ვისესხე და სამ დღეში მოვიტანე, მაგრამ, არაქურდობა მაინც არ ამცდა და პატივი იმით მცეს, რომ ცოცხალი დამტოვეს. სინამდვილეში კი ეს ფული „შირკამ“ მოაპარინა ჩემი სახლიდან. წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიგო, სად ვინახავდი თანხას.

– თქვენ გარდა ვინ იცოდა ფულის ადგილსამყოფელი?

– აბსოლუტურად არავინ, ჩემმა ცოლმაც კი. მხოლოდ მე ვიცოდი ამის შესახებ. სახლში, ოთახის კუთხეში, ერთი ზაგაჟნიკი მქონდა გაკეთებული იატაკში და იქ ვინახავდი. ფულის წამღებს სახლში არაფრისთვის უხლია ხელი, მხოლოდ ობშჩიაკის თანხა ჰქონდა მთლიანად წაღებული.

– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენ გარდა არავინ იცოდა სამალავის ამბავი?

– კი, ასი პროცენტით.

– იქნებ, ცოლმაც იცოდა?

– არა, – თავი გააქნია შემკვეთმა, – არ იცოდა და, რომც სცოდნოდა, არ იტყოდა.

– ახლა სად არის თქვენი მეუღლე?

– გარდაიცვალა. ციხეში რომ ჩამსვეს, სამ თვეში ინფარქტით მოკვდა – ვერ გაუძლო ჩემს შერცხვენას. ის უკვე თორმეტი წელია, გარდაცვლილია.

– თორმეტი წელი რის გამო მოიხადეთ?

– ნარკოტიკები ჩამიდეს. ესეც შირკამ გამიჩალიჩა.

– კეთილი. კიდევ რამეს ხომ არ მეტყვით?

– შირკა გაძლიერებული დაცვით გადაადგილდება და მისი მოხელთება რთულია. არადა, თქვენ ის უნდა მოიტაცოთ, რომ ფული და ძვირფასეულობა წაართვათ.

– როგორ წავართმევ, მას ხომ ეს ყველაფერი ბანკის საიმედო სეიფში ექნება ჩაკეტილი?

– არა, – გაეცინა შემკვეთს, – ზუსტად ვიცი, რომ თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს ის ძვირფასეულობაში დებს და ფულთან ერთად ზაგაჟნიკში ინახავს. ის არც ერთი ბანკის სეიფს არ ენდობა. ამიტომ, თუკი თქვენ მის მოტაცებას მოახერხებთ, თავადვე გეტყვით, სად რა აქვს. რა თქმა უნდა, ცოტა უნდა დააკაჩავოთ და ინფორმაცია დააფქვევინოთ.

– კეთილი, მოვილაპარაკეთ. როდესაც საქმე გაკეთდება, მე თვითონ დაგიკავშირდებით, – ვუთხარი შემკვეთს და წასვლა დავაპირე, მაგრამ, მან შემაჩერა და მითხრა:

– ბოლომდე მომისმინეთ. მე არ მინდა, რომ შირკა მოკლათ. როცა მას შეიპყრობთ, მეც უნდა დამასწროთ მის დაკითხვას. უფრო სწორად, მას მე დავკითხავ.

– კარგი, თანახმა ვარ, – ვუთხარი შემკვეთს და წავედი.

რადგან მოსკოვში უნდა მემოქმედა, თბილისში, რა თქმა უნდა, არ დავბრუნებულვარ. უბრალოდ, გრიმი შევიცვალე, სამოსი გამოვიცვალე და საქმეს შევუდექი.

შირკა, იგივე იური ვიზბორი, მოსკოვში ძალიან ცნობილი და გავლენიანი პიროვნება გახლდათ. მას მართლაც გაძლიერებული დაცვა დაჰყვებოდა და მისი მოტაცება ურთულესი საქმე იყო. თუმცა, მე მისი ელიტური საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან მის ბინაში ჩავძვერი და, მას მერე, რაც პულვერიზატორით მივაძინე, ქვევით ჩავიყვანე, მანქანაში ჩავაწვინე და კონსპირაციული ბინის სარდაფში მივიყვანე. იქ მის გამოსატეხად ყველაფერი მზად მქონდა. როგორც შემკვეთს შევპირდი, ის წავიყვანე სარდაფში, სადაც შირკა დედიშობილა მყავდა კედელზე მიბმული.

– ხომ არ ჩაძაღლდა? – მკითხა შემკვეთმა, როდესაც თვალებდახუჭული და თავჩაქინდრული შირკა დაინახა. 

– არა, სძინავს, – ვუთხარი შემკვეთს და საათს დავხედე, – შვიდ წუთში გაიღვიძებს.

შირკამ რომ გაიღვიძა და შემკვეთი დაინახა, საშინელი ისტერიკა დაემართა, აკივლდა და იმეორებდა:

– ლუსკას მოკვლა არ მინდოდა, მან მაიძულა. მაგრამ, რაში გჭირდებოდა ასეთი მოღალატე? ზაგაჟნიკის ამბავი ხომ მან გვითხრა...

– რაო, რა თქვი? – ფერი ეცვალა შემკვეთს და აკანკალდა.

შირკამ ენა მოიკვნიტა და მიუგო:

– მაპატიე, არ მინდოდა, რომ გამეწირე, მაგრამ, ასეთია ჩვენი ბიზნესი.

– რა ბიზნესი?! ლუსკაზე მითხარი, რას ბოდავდი!

– არაფერს.

– როგორ არაფერს, რას ნიშნავს მოკვლა არ მინდოდა და ზაგაჟნიკის ამბავი მან მითხრაო? – გაიმეორა შემკვეთმა.

– სისულელეა, წამომცდა, – თქვა შირკამ, რომელმაც შიშისგან ჩაისვარა...

ლუსკა, შემკვეთის ცოლი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, შირკას საყვარელი იყო. სწორედ მას გაუყიდია ქმარი, ვიზბორმა კი ის თავიდან მოიშორა, რომ არ გაშიფრულიყო. შემკვეთს შირკას მონაყოლის არ სჯეროდა, მაგრამ, რომ დარწმუნდა, არ ცრუობდა, ალესილ მაჩეტეს ხელი დაავლო, შირკას მოუქნია და მარცხენა ხელი მოჰკვეთა.

– მოიცა, რას აკეთებ, ჯერ ზაგაჟნიკის ადგილსამყოფელი ვათქმევინოთ! – ვუღრიალე შემკვეთს, რომელიც ადამიანს აღარ ჰგავდა და ახლა შირკას თავის მოკვეთას ცდილობდა.

მე შემკვეთს მაჩეტე ავართვი და გავთიშე. შემდეგ გულწასულ ვიზბორს ჭრილობა გახურებული რკინით მოვუწვი, რომ სისხლდენა შემეკავებინა და, როდესაც გონზე მოვიდა, საიდუმლო სამალავის ადგილსამყოფელი ვათქმევინე.

– ჩემს აგარაკზეა, პოდმოსკოვიეში. ბუხრის ქვეშ მაქვს დამალული, – თქვა შირკამ და კვლავ გული წაუვიდა. ამასობაში შემკვეთი გამოფხიზლდა და მითხრა:

– მარტო დამტოვე, შური უნდა ვიძიო.

– ხვალ თქვენთან მოვალ და, როგორც მოვილაპარაკეთ, ისე მოვიქცეთ, – ვუთხარი შემკვეთს და დავამატე, – აქ დიდხანს ნუ შეყოვნდებით, მალე მოათავეთ, რომ შემთხვევით არ ჩავარდეთ.

– ნახვამდის, – მითხრა შემკვეთმა და მე კონსპირაციული ბინის სარდაფი დავტოვე.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, შემკვეთმა შირკა ნაკუწ-ნაკუწ აქნა და ისე იძია მასზე შური. მე კი ვიზბორის საიდუმლო სამალავიდან საკმაოდ მოზრდილი ყუთი წამოვიღე, რომელშიც უამრავი ფული და ძვირფასეულობა იყო. მე მხოლოდ ორასი ათასი დოლარი ავიღე და, შემკვეთის პროტესტის მიუხედავად, ხელი არაფრისთვის მიხლია.

– დანარჩენი თქვენ განკარგეთ, ეს შეკვეთა კი მეტი არ ღირს, – ვუთხარი შემკვეთს, გამოვემშვიდობე და წამოვედი.

იმ შემკვეთს დღეს რუსეთში მსხვილი საქველმოქმედო ფონდი აქვს და ძირითადად უდედმამო ბავშვებს ეხმარება. თავად კი საეკლესიო საქმიანობაშია ჩაბმული და, როგორც შევიტყვე, ბერად აღსაკვეცად ემზადება. 

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3