ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო ოთახის იას?
პასუხი: ოთახის ია ტროპიკული მცენარეა, ამიტომ ძალიან პრეტენზიულია. ის ძალიან ფაქიზია და რეაგირებს როგორც სიცივეზე, ასევე სიცხეზე. ამიტომ, ეს მცენარე სულ სახლის პირობებში უნდა იყოს. ოთახის ია შესაძლოა, გაამრავლოთ გაყოფით. შეურჩიეთ ძალიან დაჩრდილული ადგილი და ეცადეთ, ბევრი წყალი არ დაასხათ. ოთახის ია იოლი გასამრავლებელია – მისივე კალმით ხდება გამრავლებაც. ზაფხულში მას სჭირდება +18, 20 გრადუსი, ხოლო ზამთარში რეგულარულად უნდა იყოს +22 – 25 გრადუსი. მცენარე ასევე ვერ იტანს ორპირ ქარს. ზაფხულის ცხელ დღეებში შესაძლოა დანამოთ.
კითხვა: როგორ მოვუარო პასიფლორას?
პასუხი: ეს მცენარე ტროპიკულია, ამიტომ ეცადეთ, მზიანი ადგილი შეურჩიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უყვარს წყალიც. პასიფლორა კარგია ვერანდებისა და აივნების გასამწვანებლად. ის მრავალწლიანია და მისი ზოგიერთი სახეობა – მარადმწვანეც. პასიფლორა მრავლდება კალმითაც და მისივე თესლით. მცენარე ისხამს ნაყოფს, რომელიც ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. მცენარის ნაყოფი შეიცავს ვიტამინების ნაკრებს და მისგან კეთდება მურაბები, ჯემები. მცენარე ძალიან მალევე ფარავს 8-დან 15 კვადრატულ ტერიტორიას, რომელზეც საჭიროა მავთულების გაბმა. ასევე, შესაძლოა, გააბათ თოკები, რათა მალევე აუყვეს. პასიფლორა ითესება აპრილის ბოლოს და მალევე აღმოცენდება. შეგიძლიათ, ამყოფოთ ის ქოთნის პირობებშიც.
კითხვა: როგორ მოვამრავლო ვალერიანის მცენარე?
პასუხი: ვალერიანი საერთოდ კოლხური მცენარეა, ამიტომ მისი მომრავლება არც ისე ძნელია. ის შეგიძლიათ შეიძინოთ მწვანე აფთიაქში და ფესვურებიდან გაამრავლოთ. წინასწარ დაალბეთ თბილ წყალში და ფესვურები გააჩერეთ ასე ერთი-ორი დღე. შემდეგ საჭიროა, მცენარე ნიადაგში დაირგოს და მორწყეთ. შემდეგში, ყოველ მორწყვაზე შესაძლოა მცენარეს დაასხათ შაქრიანი წყალი, რომ ტანი მალე აიყაროს. ვალერიანი სამკურნალოდ კარგია მესამე-მეოთხე თვეს. მას იყენებენ, როგორც ჩაიში, ასევე ნაყენად. სასარგებლოა და უხდება ნერვულ სისტემას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.
კითხვა: ვერ ვახარებ პელარგონიუმს. როგორ მოვუარო, რომ კარგად გაიხაროს?
პასუხი: აუცილებლად უნდა მოაშოროთ დამჭკნარი ყვავილები. მიწა რეგულარულად გაანოყიერეთ. თუ გსურთ, რომ მცენარემ კომპაქტური ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად გაკრიჭეთ. ის ადვილად მრავლდება ტოტების დაფესვიანებით.
კითხვა: ბინაში მაქვს ძალიან პატარა ნემათანტუსი. რა ზომის შეიძლება გახდეს ის?
პასუხი: ნემათანტუსი მომცრო ბუჩქოვანი მცენარეა. თუმცა, მისი ტოტები თანდათან იზრდება და ქოთნიდან თუ საკიდი კალათიდან 60 სანტიმეტრზე, ან უფრო გრძლადაც გადმოეშვება. სიმაღლეში მან შეიძლება 35 სანტიმეტრს მიაღწიოს.
კითხვა: რომელი ადგილი უყვარს ყველაზე მეტად კალამონდინს და ვნებს თუ არა მას გარეთ ყოფნა?
პასუხი: ზაფხულში თუ ქარიან ადგილს მოარიდებთ, კალამონდინს გარეთ ყოფნა არგებს. გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი სასურველია, ღამით გარეთ არ დატოვოთ. მისთვის კარგი ადგილი ზამთრის ბაღია.
კითხვა: როგორ პირობებში ხარობს უკეთ აკალიფა?
პასუხი: აკალიფა ტენიან პირობებში ხარობს, ამიტომ გირჩევთ, გვერდით ორი-სამი აკალიფა ან სხვა მცენარე გაახაროთ, რათა ლოკალური ტენიანობის მაღალი დონე შეუნარჩუნოთ. სიცხეში ხშირად დაუნამეთ ფოთლები, აქტიური ზრდის პერიოდში კი, ხშირად მორწყეთ. ზამთრის თვეებში მორწყვა შედარებით შეამცირეთ, ოღონდ მიწა ძალიან არ გამოუშროთ.