რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ტოიოტა 4 რანერი”, 1998 წლის. ავტომობილის დაქოქვის შემდეგ, გასაღებს ხელს უშვებ, მაგრამ სტარტერი ბრუნვას აგრძელებს, ძრავასთან ერთად სტარტერიც ბრუნავს და მისი ჟღრიალის ხმაც გრძელდება. მეზობლებმაც მითხრეს, სტარტერი მუშაობას აგრძელებსო. ავტომობილით ვერ გადავადგილდები, მეშინია, რამე არ დავაზიანო. იქნებ მირჩიოთ, რა ვუშველო და საერთოდ, შეიძლება თუ არა ასეთი ავტომობილით გადაადგილება, ხელოსნამდე მაინც რომ მივიდე?
პასუხი: ასეთი შემთხვევა, კონკრეტულ მოდელს რომ თავი დავანებოთ, შეიძლება, ნებისმიერ ავტომობილს მოუვიდეს. მწყობრიდან გამოდის ავტომობილის დასაქოქი მექანიზმი. ამის მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს – ძალიან წვრილმანი, წარმოუდგენელი მიზეზიც კი. მაგრამ, უმეტესად, ეს მაშინ ხდება, როცა სტარტერის ღილაკი გამოდის მწყობრიდან. ეს არის ღილაკი, რომელიც უშუალოდ დასაქოქ ელექტრულ ძრავაზეა დამონტაჟებული და გასაღების გადატრიალების შემდეგ ახდენს კონტაქტს იმისთვის, რომ ძრავამ ბრუნვა დაიწყოს. გასაღების გამორთვის შემდეგ კი, ხდება კონტაქტის ერთმანეთთან დაშორება, დამქოქი მექანიზმის უკან გამოწევა და სტარტერი გაჩერდება. ამ შემთხვევაში ეს „მაკონტაქტებელი” მოწყობილობა შესაძლოა ღილაკს იკრავს და უკან დაშორებას ვეღარ ახერხებს. შეიძლება ოქსიდები გაიკეთა, ან რაღაც წინააღმდეგობრივი ფენა გაჩნდა, რის გამოც დაშორებას ვეღარ ახერხებს; შესაძლოა პლასტმასი გაიბზარა, ლითონმა ფორმა შეიცვალა ბევრი მუშაობისგან; კბილანა რომელიც ქოქავს და უკან გამოდის, ვეღარ ახერხებს უკან დაბრუნებას, ან რაღაც სხვა უშლის ხელს ამ დაშორებას, რის გამოც სტარტერი მუშაობას აგრძელებს. ხელოსანი ამ მოწყობილობას დაშლის და მიზეზს იოლად დაადგენს. მაგრამ, არაფრით არ შეიძლება ამ ავტომობილით სიარული, რადგან ძრავის ბრუნების გაზრდასთან ერთად, გაიზრდება სტარტერის ძრავის ბრუნიც და აუცილებლად გაფუჭდება. ეს სტარტერის სრულ დაზიანებას გამოიწვევს, რაც თქვენს პრობლემასთან შედარებით, გაცილებით სახლაფორთო და ძვირი გასაკეთებელია. ხელოსნამდე ავტომობილი ბუქსირით, ან ევაკუატორით წაიყვანეთ და პრობლემას იოლად მოაგვარებთ.
კითხვა: მყავს „ფიატ პუნტო”, 1.1 ძრავით. პეკინის ქუჩაზე საცობში ვიდექი, როცა ავტომობილი რაღაც უცნაურად, უცებ ჩაქრა. ვეცადე დამექოქა, მაგრამ ძრავამ რაღაც სხვა, არაჩვეულ ხმაზე დაიწყო ტრიალი და არაფრით არ დაიქოქა. ხელოსანთან ჯერ არ მყოლია, მაგრამ ვინც შედარებით ერკვევა ავტომობილში, ყველამ მითხრა, ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენია” გაწყვეტილიო, კბილებიანი ღვედი და ძრავა შესაძლოა, გადასაგდებიც კი გქონდესო. როგორ ვუშველო?
პასუხი: რიგ მოდელებში არის შანსი, რომ კბილებიანი ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში, ძრავა გადარჩეს, ზოგ მოდელში კი ის მთლიანად აზიანებს ძრავას. აღდგენის პერსპექტივის გარეშე ზიანდება ძრავა იმ დროს, თუ ავტომობილი მაღალ ბრუნებზე მუშაობდა. კბილებიანი ღვედის შეცვლა გარკვეულ დროში აუცილებლად საჭიროა. ოთხმოცი ათასზე, როგორც მინიმუმ, ღვედს შეცვლა მაინც უნდა (თანამედროვე ავტომობილებში ეს ციფრი 120-130 ათასამდე გაზარდეს), რადგან მისი გაწყვეტა ძრავას აზიანებს. მაგრამ, რაც შეეხება „ფიატ პუნტოს”, გაგიმართლათ – ის იმ გამონაკლის ავტომობილთა სიაშია, რომელიც ღვედის გაწყვეტის შემთხვევაში, არ ღუნავს „კლაპნებს” და არ აფუჭებს ძრავას. სისტემა ისეა მოწყობილი, ეგრეთ წოდებულ „პორშინზე,” ანუ დგუშზე სპეციალური ღრმულებია დატოვებული, რათა ასეთ შემთხვევებში „კლაპანი” და დგუში ერთმანეთს არ შეეხოს. ღვედის გამოცვლით თქვენ პრობლემას აღმოფხვრით, მაგრამ ამას პროფესიონალი სჭირდება. ბევრი ღვედს თავისი ხელით ცვლის, რაც არასწორია. მისი დამონტაჟება აბსოლუტური სიზუსტით არის აუცილებელი, სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ, არ დაიქოქება. შეიცვლება ღვედი და ავტომობილი ჩვეულებრივ განაგრძობს მუშაობას.
კითხვა: შარშან ჩემი კონდიციონერი ჩვეულებრივად მუშაობდა, სიცხეებთან ერთად, ჩართვა ვცადე, მაგრამ აღარ ჩაირთო. როგორც მეუბნებიან, კონდიციონერის კომპრესორია დაზიანებული, იქიდან გასდის ფრეონი და გამოსაცვლელია. ამიტომ, ფრეონის ჩასხმას აზრი არ აქვსო. არ არის იმის საშუალება, რომ კომპრესორი გარემონტდეს? აუცილებელია მისი გამოცვლა? მთელი ზამთარი არ ჩამირთავს და ჩაურთველი როგორ დაზიანდებოდა?
პასუხი: ასეთი რამ შესაძლებელია და სწორედ იმიტომაც, რომ ზაფხულიდან ზაფხულამდე კონდიციონერს არავინ რთავს. გამოუყენებლობის დროს, ის დეტალები, რომლებიც სითხეს ატარებს, გამოშრება, გამოხმება და ჩართვის დროს სითხის შეკავებას ვეღარ ახერხებს – იწყებს ფრეონის გამოშვებას. კონდიციონერს დროგამოშვებით მაინც სჭირდება ჩართვა, რომ მუშა ფორმა შეინარჩუნოს. რაც შეეხება აღდგენას, არიან ხელოსნები, კომპრესორებს რომ აღადგენენ, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, აღდგენილი ძალიან ცოტა ხანს აგრძელებს მუშაობას. დაბალია იმის ალბათობა, რომ აღდგენილმა დიდხანს იმუშაოს, თან იმასაც აქვს მნიშვნელობა რომელ ავტომობილზეა საუბარი – როგორი კონსტრუქციით არის ის აწყობილი და კონკრეტულად, რა დეტალია დაზიანებული. ხელოსანი მართალია, მისი გამოცვლაა საჭირო. დაშლილებში ამ დეტალის შეძენას შეძლებთ, ახალი საკმაოდ ძვირი ეღირება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, გააჩნია რა მოდელზეა საუბარი – რომ დაგეკონკრეტებინათ, უფრო მეტ რჩევას მოგცემდით. თანამედროვე ავტომობილებს, იმის გამო, რომ ზაფხულიდან ზაფხულამდე კონდიციონერს ჩართვა მოუწიოს, ფანჯრების დაორთქვლისას, როგორც კი ღუმელს ჩართავთ, ავტომატურად ირთვება კონდიციონერიც. ჯერ ერთი, ცივი ჰაერი უცებ აშორებს მინას ორთქლს და მეორე – კონდიციონერიც პერიოდულად მუშა მდგომარეობაში მოდის.