კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსენებს ძველი თაობის კომენტატორებს გიორგი ზურაბიშვილი და მისი რომელი გადაცემა გახდა მეგაპოპულარული „ფეისბუქში”

ვისაც ერთხელ მაინც უნახავს საკალათბურთო შოუ – NBA Action, გიორგი ზურაბიშვილთან ერთად, დამეთანხმება, რომ გადაცემის წამყვანის კომენტარების დავიწყება, შეუძლებელია. ხალისი და იუმორი გადაცემას არ აკლია, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის. ამასთან ერთად, თავად გიორგიც საინტერესო რესპონდენტი აღმოჩნდა და გთავაზობთ მასთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს.

– გიორგი შენი გადაცემით დავიწყოთ, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტში, განსაკუთრებით, Top-10-ის მიმოხილვა. როგორ ხდება ამ ათეულის ჩაწერა, სპონტანურად იგონებ ამ ფრაზებს? 

– Top-10 NBA Action-ის ნაწილია – ვრცელი გადაცემაა და შედგება: შესავლის ბლოკისა და ნიუსებისგან, ვიწვევთ სტუმრებს და მიმოვიხილავთ თამაშს. ჩვეულებრივად, სპონტანურად ხდება ტოპ-ათეულის ჩაწერა, არანაირი წინასწარი მომზადება. ვიგონებ ფრაზებს და რაც მომეწონება, ვიწერ, რომ არ განმეორდეს და არეული არ გამოვიდეს მიმოხილვა. ვფიქრობ, განსაკუთრებული არაფერია, მაგრამ, როგორც ჩანს, სიახლის პრობლემაა ჩვენთან (იცინის). საერთოდ, კომენტატორმა თავი უნდა წარმოაჩინო მაქსიმალურად, თუნდაც ინტელექტით. ამ თვალსაზრისით, ძველი, ლეგენდარული კომენტატორები რომ იყვნენ – კოტე მახარაძე, ეროსი მანჯგალაძე, რთულია მათ მიჰბაძო და შეეჯიბრო. არაა აუცილებელი ძველი გადმოიღო, ახალი უნდა შესძინო ამ პროფესიას, არა მარტო ამ პროფესიას, ზოგადად ყველგან აუცილებელი და მნიშვნელოვანი ახლის დანერგვაა.

– ძველი თაობის კომენტატორები ახსენე, რას იტყოდი მათზე, თუ გყავს საყვარელი კომენტატორი?

– სამწუხაროდ, არ მოვსწრებივარ ძველი თაობის კომენტატორებს, პატარა ვიყავი მაშინ. თუმცა, ვიცი, მათ როგორ მიჰყავდათ თამაშები. კომენტატორების უფრო შემდგომ თაობას ვიცნობ, ვისთან ერთადაც ვმუშაობ, ვისი გაზრდილი და აღმოჩენილიც ვარ (იცინის). ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალუქვაძე, პაატა გურასპაული, თავისი საქმის პროფესიონალები არიან.

– რამდენი ხანია, რაც თამაშები მიგყავს და საერთოდ, კომენტატორობის ინტერესი რატომ გაგიჩნდა?

– მეორე წელია. ბავშვობიდან მიყვარს სპორტი, სპორტის სიყვარულიდან იწყება ყველაფერი. ფეხბურთი და კალათბურთი – სპორტის ამ ორი სახეობის მატჩების რეპორტაჟებზე ვმუშაობ. თუმცა, სპორტის სხვა სახეობებითაც ვინტერესდები. ვფიქრობ, რაც კარგად არ იცი და მისგან სიამოვნებას ვერ იღებ, ის არც უნდა გააკეთო.

– პოპულარობა თუ აისახა შენზე? „ფეისბუქზე” ცალკე გვერდიც კი არის გახსნილი, სადაც შენი გადაცემის „დალაიქება” ხდება. 

– სიმართლე რომ გითხრა, პოპულარობა ჩემთვის ნაკლებმნიშვნელოვანია. კარიერის თვალსაზრისით არ ვაკეთებ ამას, უბრალოდ, მიყვარს ეს საქმე  და რაც მიყვარს, იმას ვაკეთებ.

– ქართველი კალათბურთელების კლუბები როცა თამაშობენ, ალბათ, განსაკუთრებულად ქომაგობ მათ.

– „ატლანტა ჰოუქს” და „ბრუკლინ ნეთს” განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ, ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გამო. საერთოდ, შენგელია, მგონია, რომ ძალიან მაგარი კალათბურთელი გაიზრდება. ნელ-ნელა მეტი სათამაშო დრო მიეცემა და უდიდესი პოტენციალი აქვს, დარწმუნებული ვარ, ბევრს მიაღწევს NBA-ში.

– ქართველთა კლუბების გარდა, რომელ კლუბს ქომაგობ NBA-ში?

– ჩემი საყვარელი გუნდია „ნიუ-იორკ ნიქსი”, ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ მას. საერთოდ, განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს ნიუ-იორკთან, ბევრი მეგობარი მყავს იქ. ერთი წელი ვსწავლობდი ამერიკაში და ხშირად ჩავდიოდი ნიუ-იორკში, სადაც კარგი დრო მაქვს გატარებული. ლიგის თამაშებზეც ნამყოფი ვარ „მედისონ სკვერ გარდენში”, „ნიუ ჯერსი ნეთსის” ძველ დარბაზში, ასევე, ვაშინგტონში. ჩემი საყვარელი კლუბი განსაკუთრებულად ძლიერი არასდროს ყოფილა – შეიძლება, პატრიკ იუინგის ეპოქა გამოვყო და წლევანდელი სეზონი, რომელსაც კლუბი კარგად ატარებს. კიდევ „დენვერ ნაგითს” ვგულშემატკივრობ, ვფიქრობ, ამ სეზონში ყველაზე სანახაობრივ თამაშს აჩვენებს.

– ნაციონალური ლიგის კალათბურთელებიდან ვის ქომაგობ. თუ გყავს საყვარელი მოთამაშე?

– ბავშვობიდან სტივ ნეში მომწონდა, თუმცა ახლა უკვე ასაკშია და ვეღარ აჩვენებს იმ თამაშს. ასევე, გამოვყოფდი პოლ პირსს, ვფიქრობ, საუკეთესო კაპიტანია და „ბოსტონ სელტიქსის”, ტრადიციულად ძლიერი კლუბის ნამდვილი ლიდერია.

– ამერიკაში ცხოვრობდი გარკვეული პერიოდი, როგორ გაიხსენებდი იმ დროს?

– რიჩმონდში ვცხოვრობდი, ვირჯინიის შტატში. აღმოსავლეთ სანაპიროა, ძალიან ახლოს არის ვაშინგტონსა და ნიუ-იორკთან. როგორც კი თავისუფალი დრო მქონდა, იქ ჩავდიოდი.  თვითონ „მედისონ სკვერ გარდენი”, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საკალათბურთო დარბაზია. იქ ჰოკეის მატჩებიც ტარდება და საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ეს ყინულის მოედანი ავტომატურად იცვლება პარკეტის მოედნით. შოუს ელემენტებია თამაშების დროს და პაუზებს თითქმის ვერ გრძნობ. საოცარი შეგრძნებაა ლიგის თამაშების ცოცხლად ყურება.

– თვითონ თუ თამაშობ კალათბურთს?

– კალათბურთს ნაკლებად, კარგად ვერ ვთამაშობ. სამაგიეროდ, ფეხბურთს ვთამაშობ ბავშვობიდან სამოყვარულო დონეზე, ბევრ ტურნირში მაქვს ნათამაშები.

– კალათბურთის გარდა, ფეხბურთის რეპორტაჟებიც მიგყავს და  რომელ გუნდებს ქომაგობ?

– ძირითადად, ჰოლანდიისა და ინგლისის ჩემპიონატებზე ვმუშაობ. ყველა კომენტატორს საკუთარი ნიშა გვაქვს და მე ამ ორი ქვეყნის ჩემპიონატის მატჩების წაყვანა მიწევს. ისე, მგონია, რომ ყველაზე სანახაობრივი მაინც ინგლისის ჩემპიონატია. ლონდონის „არსენალს” ვქომაგობ ბავშვობიდან და ნაკრებებიდან – საფრანგეთის ნაკრებს.

– კომენტატორობის გარდა, რით ხარ დაკავებული, რას იტყვი შენ შესახებ?

– (იცინის) განსაკუთრებული არაფერია – ვსწავლობ, ასევე GDS TV-შიც ვმუშაობ, სპორტული მიმართულებით ვაკეთებ სიუჟეტებს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ვატარებ, ვცდილობ, გავერთო. მუსიკა მიყვარს ძალიან, არ შემიძლია, მუსიკის გარეშე. ახლახან დავიწყე ვინილის ფირფიტების შეგროვება. ღვინის დაწურვა და არყის გამოხდა მიყვარს ძალიან (იცინის). ბევრნაირი სასმელი მაქვს. ვხდი ვაშლის, ქლიავის არაყს და ამით ვამაყობ. 

– დალევა და ქეიფი გეყვარება მაშინ.

– ძალიან მიყვარს, თამადობაც მიწევს ხოლმე (იცინის). საერთოდ, არ მესმის, როგორ შეიძლება, ადამიანს თამადობა გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს. 

– როგორი სიმთვრალე გაქვს? 

– მშვენიერი, ძალიან კომუნიკაბელური ვხდები და ერთადერთი, ბევრი ლაპარაკი მიყვარს (იცინის). „პახმელია” კი ძალიან ცუდი მაქვს,  სიგარეტს დავანებე თავი და მას შემდეგ ოდნავ გამომისწორდა. მანამდე უფრო რთულად ვიტანდი (იცინის). საერთოდ ყველას მოვუწოდებ, ვისაც ცუდი „პახმელია“ აქვს, დაანებოს სიგარეტს თავი და „პახმელიაც” კარგი ექნება. 

– მამაზე უნდა გკითხო, თუ უყურებს თამაშებს შენი კომენტარით და რჩევებს ხომ არ გაძლევს? (გიორგის მამა, დავით ზურაბიშვილი – განათლების მინისტრის მოადგილე – ავტორი) 

– სპორტი უყვარს ძალიან, კალათბურთი ნაკლებად, უფრო ფეხბურთი. ჩემს საქმიანობაში ჩართულია-მეთქი, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. თავისი საქმე იმდენი აქვს, ჩემი რეპორტაჟებისთვის ნაკლებად სცალია. თუმცა, რა თქმა უნდა, შენიშვნებიც აქვს, რჩევებიც, მაგრამ უფრო ცხოვრებისეულ და ზოგად თემებზე და არა კონკრეტულად, კომენტატორობაზე. ლამაზ ფეხბურთს ვინც თამაშობს, იმ გუნდებს ქომაგობს. ბოლო დროს „ბარსელონას” გულშემატკივარია. ისე, 80-იან წლებში ბრაზილიის ნაკრებს ქომაგობდა, სოკრატესი და ზიკო როცა თამაშობდნენ. ფეხბურთში ცვალებადი გემოვნება აქვს და სანახაობრიობას ანიჭებს უპირატესობას (იცინის).

– ვიცი, მოგზაურობა გიყვარს და ასევე, გურმანიც ხარ. რას იტყვი – რამდენ ქვეყანაში ხარ ნამყოფი და რომელი სამზარეულო გიყვარს?

–  არც ისე ბევრგან ვარ ნამყოფი, თუმცა არც ცოტაში – ამერიკა, ევროპა. როგორც კი ფული ჩამივარდება და თავისუფალი დრო მაქვს, ვცდილობ, გავიდე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. სულ სხვა მუხტი აქვს ეგრეთ წოდებულ  „პაეზდკას”. ყოველთვის კარგად ვერთობი უცხოეთში. შარშან უკრაინაში ვიყავი, ევროპის ჩემპიონატის მატჩებს დავესწარი, კარგად გავერთე და 2014-ში ბრაზილიშიც ვაპირებ წასვლას. ძალიან მინდა, რიო-დე-ჟანეიროში მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს დავესწრო. ქართული და იტალიური სამზარეულო მიყვარს. არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ხინკალი მიყვარს. საერთოდ, საჭმლის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი და რაც გემრიელია, ყველაფერი მიყვარს. 

скачать dle 11.3