როგორ გახდა დედა შვილის მიერ მამის სასტიკი მკვლელობის თანამონაწილე და რა დაუმალა მან გამოძიებას
62 წლის ვაჟა ჭ-შვილი საავადმყოფოში თავის არეში მიყენებული ჭრილობებით მიიყვანეს. დაზიანებები ცულის დარტყმის შედეგად ჰქონდა მიყენებული. დასახიჩრებული მამაკაცი შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა – მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და გონზე მოუსვლელად, საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვლა.
სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მკვლელობას არ ჰყავდა თვითმხილველი. მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა ცოლმა, რომელმაც მომხდარის შესახებ მეზობლებს აცნობა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ ქმრის მკვლელობის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან შვილთან ერთად სოფლის საძოვარზე სამორიგეოდ იყო წასული და იქიდან დაბრუნებულს, სახლში ასეთი ვითარება დახვდა.
ოპერატიული სამსახურისა და სამედიცინო ექსპერტიზის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილისა და ცხედრის დათვალიერების შემდეგ, გვამი პროზექტურაში მოათავსეს. შემთხვევის ადგილზე, საძინებელ ოთახში, საწოლთან ახლოს ეგდო ცული, რომელიც დანაშაულის იარაღი უნდა ყოფილიყო. დამნაშავეს შემთხვევის ადგილზე არანაირი კვალი არ დაეტოვებინა – მას ცულის ზედაპირი საგულდაგულოდ გაეწმინდა. ამონაწერი ვაჟა ჭ-შვილის მეუღლის, მადონა კ-იანის ჩვენებიდან: იმ დღეს, როდესაც ჩემი ქმარი მოკლეს, საძოვარზე ჩვენს ოჯახს უწევდა მორიგეობა. წინა დღეს მეზობლის დასაფლავება იყო, ვაჟამ ბევრი დალია, დილით თავს შეუძლოდ გრძნობდა და საძოვარზე მე და ჩემი ვაჟი წავედით. გვიანი საღამო იყო, როცა სახლში დავბრუნდით. უკვე ბნელოდა. მე ჯერ მარანში შევედი, საიდანაც საქონლისთვის საჭირო საკვები უნდა გამომეტანა. ჩემი შვილი ქუჩაში მეზობელთან შეყოვნდა სასაუბროდ. ალბათ, ათი წუთი იქნებოდა გასული, სახლში რომ შევედი. ვაჟას დავუძახე, მაგრამ არ გამომეხმაურა. ვიფიქრე, რომ სადმე იყო გასული. სანამ ოთახში შევიდოდი ტანსაცმლის გამოსაცვლელად, პატარა დერეფანი უნდა გამევლო. დერეფანში საწოლი გვიდგას, სადაც ვაჟას უყვარდა დაძინება. დერეფანში სიბნელე იყო, სანამ „ლამპა” ავანთე, საწოლთან უცნაური ხმა შემომესმა – ახლაც მგონია, რომ იმ დროს დამნაშავე ოთახში იყო და მაშინ გაიპარა სახლიდან, როცა „ლამპას” ვეძებდი. ოთახი რომ განათდა, საწოლში ვაჟას თითქმის უკვე ცხედარი დავინახე. საწოლი სისხლით იყო მოსვრილი – სისხლი იყო ყველგან, იატაკზე, ფანჯრებზე. ვაჟა თითქმის უკვე აღარ სუნთქავდა. მახსოვს, კივილი დავიწყე – მეზობლები შემოცვივდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ექიმია. მან თქვა, რომ ვაჟა ჯერ გარდაცვლილი არ იყო და რაიონული ცენტრიდან სასწრაფო გამოიძახა. ვაჟა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცოლისა და შვილის დაკითხვის შემდეგ, მეზობლები და ოჯახთან დაახლოებული პირები დაკითხეს. ყველა მათგანი გაოცებული იყო მომხდარი ფაქტით – ვაჟას ყველა პატივს სცემდა, მას სოფელში მშრომელი და პატიოსანი კაცის სახელი ჰქონდა და ვერავინ მიმხვდარიყო, წარმოუდგენელი იყო, თუ რა უნდა გამხდარიყო სასტიკი მკვლელობის მიზეზი. ოჯახს არ ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობები. სახლიდან არ იყო წაღებული არც ერთი ნივთი, რომ სახლის პატრონი ქურდობის ან ძარცვის მსხვერპლი გამხდარიყო. ვაჟა ჭ-შვილს მხოლოდ ერთი ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელიც სულ პატარა იშვილა. მამა-შვილს ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა – 26 წლის გოგამ იცოდა, რომ ნაშვილები იყო, მაგრამ ამ თემას ოჯახში არავინ ეხებოდა.
ოპერატიულ-სამძებრო სამსახურმა დამნაშავის კვალს მკვლელობიდან ათი დღის შემდეგ მიაგნო. სამართალდამცველებისთვის კონფიდენციალური წყაროსგან ცნობილი გახდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, მამა-შვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ვაჟა ჭ-შვილი შოკში ჩააგდო სოფლის მცხოვრებთა შორის გავრცელებულმა ხმებმა, გოგას სექსუალური ორიენტაციის შესახებ. სოფელი ამ თემაზე ბევრს ჭორაობდა, მაგრამ ვაჟა ჭ-შვილის მიმართ ისეთი მორიდება ჰქონდათ, ამაზე ხმამაღლა საუბარს ყველა ერიდებოდა. მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, ეს თემა ვაჟას ერთ-ერთმა მეზობელმა ჩააწვეთა. თვითმხილველთა განცხადებით, ვაჟა ჭ-შვილი მეზობლის გასვენებაზე ძალიან უხასიათოდ იყო. გარდაცვლილის მეგობრის განცხადებით: ვაჟა საერთოდ არ სვამდა, იმ დღეს კი საკმაოდ ბევრი დალია. ვკითხე, შენ რაღაც გაწუხებს-მეთქი. თავი აღარ მინდა ცოცხალიო, ეს სიტყვა მითხრა და გამერიდა... გამოძიებაში ახალი გარემოებების აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ დაკითხეს გარდაცვლილის მეუღლე – მადონა კ-იანი, რომელმაც დაადასტურა, რომ ვაჟასთვის ეს თემა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი. ამონაწერი მადონა კ-იანის ჩვენებიდან: „ქელეხიდან სახლში რომ დაბრუნდა, შევატყვე, ძალიან განერვიულებული იყო. მაშინვე გოგა მოიკითხა. მე ვუთხარი, რომ მეზობელ ბიჭებთან ერთად იყო წასული. ნასვამმა ტირილი დაიწყო: ჩემი ხელით როგორ მოვკლა ჩემი გაზრდილი შვილიო. დავამშვიდე და ვუთხარი: გოგა გოგოსავით ნაზი და ლამაზია და ასე იმიტომ ჭორაობენ. სინამდვილეში, ასე არ იქნება საქმე-მეთქი. ამის თქმა იყო და მე დამიწყო ჩხუბი, დედა ხარ და ეს როგორ გამოგეპარაო. ისეთი სასოწარკვეთილი იყო ვაჟა, ვიფიქრე, გოგას სახლში დაბრუნებისთანავე დავლაპარაკებოდი. ვაჟა ძალიან იმუქრებოდა, მოვკლავ ჩემი ხელითო, – ასეც კი თქვა. შემეშინდა, უცებ გოგა რომ დაბრუნებულიყო, მათი ჩხუბი გარდაუვალი იქნებოდა. მაშინვე ბიჭს დავურეკე: მამა ძალიან გაბრაზებულია და სანამ დაიძინებს, სახლში არ მოხვიდე-მეთქი.
გოგა ჭ-შვილს მეზობლები ახასიათებდნენ, როგორც მშვიდ, წყნარ, მაგრამ უცნაურ ახალგაზრდას. სოფლის მცხოვრებთა განცხადებით, 26 წლის გოგა არაერთხელ უნახავთ უცნაურ ვითარებაში. ის, ძირითადად, სოფლის სასაფლაოს და ძველ ნანგრევებს ეტანებოდა. გოგა მაგიური რიტუალებითაც იყო გატაცებული, თანატოლები მასთან მეგობრობას ერიდებოდნენ, ახალგაზრდა ბიჭი საკუთარ თავში იყო ჩაკეტილი. დიდხანს ცდილობდნენ მშობლები შვილის უცნაური ხასიათისთვის ახსნა მოეძებნათ, მაგრამ ბიჭს ვერაფერი მოუხერხეს, რაზეც ვაჟა ჭ-შვილი ხშირად დაიჩივლებდა ხოლმე ახლობლებთან და ნათესავებთან.
სამართალდამცველებისთვის, გოგა ჭ-შვილის დედის რამდენიმე დაკითხვის შემდეგ, საეჭვო აღარ იყო, რომ ქალი მნიშვნელოვან ინფორმაციას მალავდა. ერთ-ერთი დაკითხვის დროს მან აღიარა, რომ მაშინ, როცა ქმართან შვილის შესახებ ლაპარაკობდა, მიხვდა, მათ საუბარს მალულად გოგაც ისმენდა. ეტყობა, როცა დავურეკე და ვუთხარი, სახლში მალე არ მოსულიყო, ამან უფრო დააინტერესა და სახლში ჩუმად შემოიპარა. მივხვდი, რომ ჩვენს საუბარსაც ისმენდა და ვაჟას მუქარაც გაიგო: ეს რომ დამიმტკიცოს ვინმემ, ბიჭს ჩემი ხელით მოვკლავო. დილით, როდესაც ვაჟამ გაიღვიძა, გოგა მასთან შეხვედრას მოერიდა. მეორე სართულიდან საერთოდ არ ჩამოსულა – ამანაც მიმახვედრა, რომ ბიჭმა ყველაფერი საკუთარი ყურით გაიგონა. საძოვარზე რომ წავედით, მითხრა, ცუდად ვარ და სახლში წავალო. მე ვუთხარი, მარტო ვერ დავრჩები-მეთქი, მაგრამ აიჩემა და მაინც დამტოვა.“
ის, რომ მამის მკვლელობაში შვილი იყო გარეული, ეჭვს აღარ იწვევდა. გოგა ჭ-შვილმა ამის შესახებ გამოძიებასთანაც აღიარა. როგორც მან განაცხადა, მკვლელობის უნებლიე თანამზრახველი აღმოჩნდა გარდაცვლილის მეუღლე, მადონა კ-იანიც, რომელმაც მკვლელობის ფაქტზე შეუსწრო შვილს, მაგრამ მის გადასარჩენად ცრუ ჩვენება მისცა. დამნაშავემ დეტალურად მოუთხრო გამოძიებას ჩადენილი მკვლელობის შესახებ: „ვიცოდი, რომ მამაჩემს ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ უთხრეს, რაზეც სოფელში ბევრს ლაპარაკობდნენ. მამამ ამ თემაზე ჩემთან საუბარს თავი აარიდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ამას დიდხანს ვერ დამალავდა. იმ საღამოს, როცა დედამ დამირეკა და მითხრა: სახლში მოსვლისგან თავი შეიკავეო, მე სპეციალურად, მალევე დავბრუნდი. საკუთარი ყურით მოვისმინე, რა სიტყვებს იძახდა მამა ჩემზე, როგორ მემუქრებოდა მოკვლით. ხმა არ ამომიღია, მალულად ავედი მეორე სართულზე. დილით დედას საძოვარზე გავყვევი – ძალიან ვიყავი მამაზე გაბრაზებული, შურისძიებამ შემიპყრო. დედას ვუთხარი, სახლში წავალ-მეთქი. როცა სახლში დავბრუნდი, უკვე დაბნელებული იყო. მამაჩემი დერეფანში საწოლში იწვა, ეძინა. ცული ავიღე და თავზე დავადექი. თვალი გაახილა და მკითხა: რას აკეთებო? პასუხი არ გამიცია, ისე ჩავარტყი ცული თავში – არ მახსოვს, ორჯერ ან სამჯერ მოვიქნიე. სისხლი სახეში შემესხა. ძალიან ვიყავი აღგზნებული – სახე ფარდებით მოვიწმინდე. ამ დროს ფეხის ხმა შემომესმა – იქვე, კუთხეში მივიმალე. მივხვდი, რომ ოთახში დედა შემოვიდა. დედაჩემის მოკვლაც მინდოდა, მაგრამ ჩამეხუტა და მისი მოკვლის სურვილი მაშინვე გამიქრა. იქვე, ძირს დავჯექი, დედა თავისი ხელით წმენდდა ცულს, რომლითაც მამა მოვკალი. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მე გადავერჩინე. ჩვენ შევთანხმდით, რომ დანაშაული არც ერთს არ უნდა გვეღიარებინა. ერთადერთი, რაც დედამ მითხრა, იყო სიტყვები: მამაშენს ვეღარაფერს ვუშველი და არ მინდა, შენც სამუდამოდ დაგღუპოო.”
სასამართლომ მამის მკვლელობისთვის ბრალდებულ გოგა ჭ-შვილს, განზრახ ჩადენილი განსაკუთრებით სასტიკი მკვლელობისთვის, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანაშაულის კვალის დაფარვისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გაასამართლეს მადონა კ-იანი. დედას, რომელმაც შვილის „გადარჩენა” სცადა, რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.