კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იძია შური ჯალათ მილიციელზე ცნობილმა ქართველმა მძარცველმა, მეტსახელად „ბეღურამ“

გაქცევა

1970 წლის 9 მაისს, მოსკოვში, საიუველირო მაღაზია „სამოცვეტი“ გაძარცვეს და 499 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტაცეს. ოთხი დღის შემდეგ კი თბილისში პავლე სიმონის ძე გავაშელი დააკავეს და მილიციის სამმართველოში ისე სასტიკად აწამეს, რომ ხუთი დღე იმყოფებოდა უგონო მდგომარეობაში და, რომ არა ექიმების პროფესიონალიზმი, ვერ გადარჩებოდა. 35 წლის გავაშელი კრიმინალურ სამყაროში „ბეღურას“ მეტსახელით იყო ცნობილი და მას „სამოცვეტის“ გაძარცვაში სდებდნენ ბრალს. ბეღურა რეციდივისტი იყო, სამჯერ იჯდა ციხეში მსგავსი დანაშაულისთვის და „სამოცვეტის“ გაძარცვამდე ერთი თვით ადრე, ანუ, 7 აპრილს გათავისუფლდა მესამე პატიმრობიდან. გავაშელს ცნობილი თბილისელი ჯალათი, მილიციის კაპიტანი უშანგი კოკორაშვილი აწამებდა, რომელსაც არაერთი პატიმარი შემოკვდომია, მათ შორის – ბეღურას ძველი მეგობარი ანზორ ტუღუში, რომელიც მან ხერხემალში გადატეხა და, დანაშაულის დაფარვის მიზნით, მეოთხე სართულიდან გადააგდო... გავაშელი სიკვდილს გადაურჩა ერთი მხრივ, რკინისებური ჯანმრთელობის წყალობით, მეორე მხრივ კი, იმიტომ, რომ მისი მოსკოვში ტრანსპორტირება „მურმა“ მოითხოვა. პატიმარი რომ არ მომკვდარიყო, ქართველმა მილიციელებმა ის „ლეჩკომბინატში“ დააწვინეს და საუკეთესო ექიმები მიუჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ბეღურას ორი შეიარაღებული მილიციელი სდარაჯობდა, მან რეანიმაციული პალატიდან მაინც მოახერხა გაქცევა და პატარა ბარათი დატოვა, რომელშიც ეწერა: „ჩემი წამებისა და პარტიზანას (ეს წამებით მოკლული ანზორ ტუღუშის მეტსახელი იყო) მკვლელობის შემსრულებელი საკუთარი სიცოცხლით აგებს პასუხს“. ბეღურას გაქცევამ ბევრი მილიციელი შეაშფოთა, კაპიტანი უშანგი კოკორაშვილი კი ისე შეშინდა, რომ ყოველ კუთხე-კუნჭულში მკვლელი ელანდებოდა...

„სამოცვეტის“ საქმე

დაკავების მიუხედავად, ბეღურა ბრალდებულიც კი არ ყოფილა „სამოცვეტის“ საქმეში, რადგან მილიციას მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ ჰქონდა. მოსკოვში ექსტრადიცია კი „მურმა“ მხოლოდ მისი დაკითხვის მიზნით მოითხოვა. ამიტომ, მისი ძებნის გამოსაცხადებლად ძალოვან სტუქტურებს არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ და მას არაოფიციალურად ეძებდნენ. „სამოცვეტის“ საქმეს „მურის“ გამომძიებელი კარენ აბრამიანი იძიებდა, რომელიც კარგად იცნობდა ბეღურას და, სამხილების არარსებობის მიუხედავად, დარწმუნებული იყო, რომ საიუველირო მაღაზია, სწორედ გავაშელის გაძარცვული იყო. ერთ-ერთ საგანგებო თათბირზე კარენმა თქვა:

 – პავლიკა ბავშვობიდანვე ჩუმჩუმელა და ხიტრი იყო. კარგად სწავლობდა, თითქმის არასოდეს ხმაურობდა და, როცა მეათე კლასში მაღაზიის ქურდობაზე დაიჭირეს, ყველას გაგვიკვირდა...

კარენ აბრამიანი და ბეღურა პლეხანოველები იყვნენ, ერთ კლასში სწავლობდნენ და ბავშვობაში მეგობრობდნენ.

– კაპიტანო აბრამიან, – უხეშად გააწყვეტინა სიტყვა კარენს მისმა უფროსმა, – ვარაუდებით ფონს ვერ გავალთ. გავაშელის წინააღმდეგ ერთი სამხილიც არ გვაქვს და, საერთოდაც, სად არის ბეღურა, არავინ იცის.

– გავაშელის გაქცევა „პლასკაგუბცას“ ბრალია, – უთხრა აბრამიანმა უფროსს და დაამატა, – ამხანაგო პოდპოლკოვნიკო, ის რომ არა, ბეღურა აქ გვეყოლებოდა და დავკითხავდით მაინც.

– პლასკაგუბცა ვინ არის?

– თბილისიის მილიციის სამმართველოს ჯალათია. ბეღურა მას სიკვდილით დაემუქრა და შეუსრულებს კიდეც, მით უმეტეს, რომ მან პარტიზანა მოკლა.

– ანზორ ტუღუში, ხომ?

– დიახ, ამხანაგო პოდპოლკოვნიკო.

– უბადლო შემსრულებელი იყო. პირველად მე ავიყვანე. მაშინ ჯერ კიდევ ლეიტენანტი ვიყავი, – თქვა პოდპოლკოვნიკმა და დაამატა: – რას აპირებ, კარენ?

– პლასკაგუბცაზე თვალთვალი უნდა დავაწესოთ. ვფიქრობ, რომ ასე გავალთ ბეღურაზე – ის აუცილებლად მივა მოსაკლავად...

თვალთვალი

„მურის“ უფროსმა თავის თბილისელ კოლეგას დაურეკა და სთხოვა, რომ კაპიტან უშანგი კოკორაშვილზე ოცდაოთხსაათიანი ფარული თვალთვალი დაეწესებინათ. რუსმა გენერალმა ქართველ პოლკოვნიკს უთხრა:

– ოღონდ, ეს თვალთვალი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ თავად პლასკაგუბცა ვერაფერს მიხვდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, ბეღურა დააფრთხოს.

– თქვენც იცით კოკორაშვილის მეტსახელი? – ეუხერხულა ქართველ პოლკოვნიკს, – დარდი ნუ გაქვთ, ყველაფერს მაღალ დონეზე შევასრულებთ.

– და, კიდევ ერთი...

– დიახ, გისმენთ, ამხანაგო გენერალო!

– თუკი გავაშელს შეიპყრობთ, მას თითიც არ დააკაროთ. ჩვენ ის საღსალამათი გვჭირდება, – უთხრა „მურის“ უფროსმა თავის თბილისელ კოლეგას, გამოემშვიდობა და ყურმილი დაკიდა.

შეშინებულ პლასკაგუბცას ოცდაოთხი საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ. მართალია, თბილისის მილიციის სამმართველოში ბეღურა არ მივიდოდა, მაგრამ, არც იქ აშორებდნენ მას თვალს.

30 ივნისს, ანუ, რეანიმაციიდან ბეღურას გაქცევის ერთი თვის თავზე, პლასკაგუბცას შუა რუსთაველზე ისტერიკა დაემართა: როცა ის გამზირზე ფეხით მიდიოდა და ლაღიძის წყლებს მიუახლოვდა, გვერდითა სადარბაზოდან შუა ტანის მამაკაცი გამოვარდა. კოკორაშვილს ეგონა, რომ მამაკაცი მასზე თავდასხმას აპირებდა და ტაბელური „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტიდან ესროლა... შუა ხნის მამაკაცი მშვიდობიანი მხატვარი აღმოჩნდა, რომელიც მხოლოდ ფეხში დაიჭრა და სიკვდილს გადაურჩა. შეშინებული პლასკაგუბცა კი ოფიცერთა სახლის მიმართულებით გაიქცა, თან ჰაერში ისროდა და, რომ არა ფარული მოთვალთვალეები, რომლებმაც ის დააკავეს და განაიარაღეს, ვინ იცის, კიდევ რას ჩაიდენდა...

ისტერიკაში მყოფი პლასკაგუბცა ვერაფრით დაამშვიდეს. ამიტომ, მისი კოლეგები იძულებულები გახდნენ, მილიციის კაპიტანი თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ და ერთადგილიან პალატაში მოეთავსებინათ...

ანონიმური წერილები

პირველი ძლიერი ისტერიკის შემდეგ კოკორაშვილს დამამშვიდებლები გაუკეთეს, მკურნალობის კურსი ჩაუტარეს და სამი კვირის მერე საერთო პალატაში გადაიყვანეს, სადაც შედარებით მსუბუქი ავადმყოფები იყვნენ. თუმცა, 4 აგვისტოს პლასკაგუბცას ისტერიკის მორიგი შეტევა დაემართა: მან ჯერ თანაპალატელებს დაუწყო ცემა და ორ მათგანს ხელები გადაუმტვრია, შემდეგ კი მესამე სართულის ფანჯრიდან სცადა გადახტომა, მაგრამ, ჩამონტაჟებულმა გისოსებმა ამის საშუალება არ მისცა. ამასობაში, კუნთმაგარმა სანიტრებმაც მოუსწრეს, ძლიერად გაკოჭეს და იზოლირებულ პალატაში გაამწესეს, სადაც ის ჯერ დააბეს, შემდეგ კი ძლიერი დამამშვიდებელი ნემსი გაუკეთეს და დააძინეს...

პლასკაგუბცას ისტერიკის მიზეზი გახდა სამი ანონიმური წერილი, რომლებიც მას ერთ-ერთმა ავადმყოფმა მისცა. იმ ავადმყოფს კი ეს წერილები ვიღაც ბიჭმა აუგდო ფსიქიატრიული კლინიკის ეზოდან და სთხოვა, უშანგი კოკორაშვილისთვის გადაეცა. სამივე წერილი თითქმის ერთი და იმავე შინაარსის იყო და ასე მთავრდებოდა: „წამებით მოკვდები, ჯოჯოხეთში მოხვდები და მოსვენება არ გექნება. იქ შენ მიერ მოკლული ადამიანების სულები მოგაკითხავენ და სულს გაგიმწარებენ...“

ანონიმური წერილების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ, მოკვლევამ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ვერც წერილების მომტან მოზარდს მიაგნეს და ვერც ხელწერით დაადგინეს მისი ავტორი. თუმცა, გამომძიებლები ასი პროცენტით იყვნენ დარწმუნებულები, რომ მათი ავტორი ბეღურა იყო.

– ჯობდა, მოეკლა, ვიდრე ასეთ დღეში ჩაეგდო, – თქვა მილიციის სამმართველოს უფროსმა, – საგიჟესთან პოსტი დააწესეთ. ბეღურა სადღაც ახლოსაა და ადრე თუ გვიან ჩვენს ბადეში გაებმება.

პოლკოვნიკის იმედების მიუხედავად, გავაშელი ვერსად მოიხელთეს და ის აღარც პლასკაგუბცას შეხმიანებია...

ძარცვა

პლასკაგუბცას მორიგი ისტერიკიდან ცხრა დღის შემდეგ, ანუ, 13 აგვისტოს, თბილისის ერთ-ერთი საიუველირო მაღაზია გაიძარცვა, საიდანაც 109 ათასი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა გაიტანეს. იქაც, ისევე, როგორც „სამოცვეტებში“, ექსპერტ-კრიმინალისტებმა ვერანაირ კვალს ვერ მიაგნეს. ამ ძარცვის დროსაც სიგნალიზაცია სუფთად იყო გათიშული და სეიფიც, ასევე, სუფთად გაღებული. ბოროტმოქმედი კი შუშის ვიტრინიდან იყო მაღაზიაში შესული, რომელიც მრგვლად ამოეჭრა.

– უდავოა, ბეღურა მოქმედებდა, ეს მისი ხელწერაა, – თქვა თბილისის მილიციის სამმართველოს თანამშრომელმა, მაიორმა გივი კაკაბაძემ, – თბილისისა და მოსკოვში „სამოცვეტების“ ძარცვაც ზუსტად ასე მოხდა. მართალია, იქ ხუთჯერ მეტი წაიღეს, მაგრამ, არც 109 ათასი მანეთია ცოტა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას უმცირესი სამხილიც კი არ ჰქონდა, რაც ძარცვაში ბეღურას მონაწილეობას დაადასტურებდა, მაგრამ, მილიციამ გავაშელის ძებნა მაინც გააათკეცა და მთელი აგენტურული ქსელი ფეხზე დააყენა, თუმცა, კვლავ უშედეგოდ. თბილისის მილიციის სამმართველოს უფროსი ცოფებს ყრიდა და ხელქვეითებს აქტიურობისკენ მოუწოდებდა, მაგრამ, თავზემოთ ძალა არ იყო და „ფსკერზე დაწოლილი“ ბეღურას აღმოჩენა არ ხერხდებოდა. ამასობაში, დრო გადიოდა და პლასკაგუბცას ჯანმრთელობა ნელ-ნელა უმჯობესდებოდა. მართალია, ის მილიციაში სამუშაოდ აღარ ვარგოდა, მაგრამ, რეაბილიტაციის რამდენიმე კურსი ჰქონდა გავლილი და ზუსტად ხუთთვიანი მკურნალობის შემდეგ, 30 ნოემბერს, ის თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან სახლში გაწერეს.

პლასკაგუბცა მარტოხელა იყო, მას არავინ დახვედრია საავადმყოფოს კართან. ამიტომ, სამოცდაათიოდე მეტრი ფეხით გაიარა, შემდეგ ერთ-ერთი შემხვედრი მანქანა გააჩერა და ჰკითხა:

– დიღმის მასივში წახვალ?

– დაბრძანდით, – მიუგო პლასკაგუბცას მძღოლმა და, როდესაც ის მის გვერდით მოთავსდა, მანქანა ადგილიდან დაძრა. ხუთასიოდე მეტრის გავლის შემდეგ მძღოლმა კოკორაშვილს ქლორეთილი მიასხა და მიაძინა.

შურისძიება

თვალი რომ გაახილა, პლასკაგუბცამ იგრძნო, რომ დედიშობილა იყო რკინის ძელზე მიბმული, მის წინ კი ორმოცდაათიოდე წლის მამაკაცი იდგა. კოკორაშვილს სახე დაეღრიჯა და უცნობს ჰკითხა:

– ბეღურამ გამოგგზავნა?

– მე თვითონ ვარ ბეღურა.

– რომ არ ჰგავხარ?

მამაკაცმა მკერდი გაიღეღა და პლასკაგუბცას მარჯვნივ ამოსვირინგებული ბეღურა დაანახვა, რაზეც კოკორაშვილს საშინელი ისტერიკა დაეწყო და წივილ-კივილი მორთო. 

– რაც არ უნდა იღრიალო, მაინც ვერავინ გაიგებს, ღრმა მიწისქვეშეთში ვართ. ხომ გახსოვს, საგიჟეთში რა მოგწერე? მოემზადე საშინელი სიკვდილისთვის, – უთხრა ბეღურამ პლასკაგუბცას, ორი ცალი სამართებელივით ალესილი ხანჯალი აიღო და ერთმანეთზე გაუსვ-გამოუსვა.

ბუნკერი, სადაც გავაშელმა კოკორაშვილი ჩაათრია, სამოქალაქო თავდაცვის მიგდებული ობიექტი იყო და მტკვრის ქვეშ მდებარეობდა. ბეღურამ ჯალათი მილიციელი უსასტიკესად აწამა: მას ჯერ მთელი სხეული დაუსერა, შემდეგ ხორცების ათლა დაუწყო, სასქესო ორგანო მოჰკვეთა და ზედ თითები და სხვა ორგანოებიც მიაყოლა. პლასკაგუბცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ბეღურამ ბუნკერი დატოვა, ქუჩის ტაქსოფონიდან მილიციის სამმართველოში დარეკა და მორიგეს უთხრა:

– თქვენი ჯალათი პლასკაგუბცა ნაწილ-ნაწილ აქნილი ყრია ბუნკერში და, სანამ ვირთხებს შეუჭამიათ, მიდით და ნახეთ...

ბუნკერში მისულ მილიციის ოპერჯგუფს კოკორაშვილის ცხედარი ვირთხების მიერ დაგლეჯილი დახვდათ. მათ მისი ნარჩენები პროზექტურაში გადაიტანეს ქსპერტიზაზე.

ნათელი იყო, რომ შურისძიება ბეღურას მიერ იყო მოწყობილი, თუმცა, მის წინააღმდეგ არანაირი სამხილი არ არსებობდა და არც თავად ის ჩანდა სადმე.

1970 წლის 30 დეკემბერს კაპიტანი კარენ აბრამიანი სახლში დაბრუნდა. კარი რომ მიიხურა, სასტუმრო ოთახში მჯდარ მამაკაცს ქართულად უთხრა:

– ყველაფერი რიგზეა, პავლიკ, ორ კვირაში გაემგზავრები. მერე კი ისე ვქნათ, როგორც მოვილაპარაკეთ.

პავლიკა გარეგნობაშეცვლილი ბეღურა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ რეანიმაციული პალატიდან გაქცევის ერთი თვის თავზე გაიკეთა პლასტიკური ოპერაცია და მილიციამ ამიტომ ვერ მოახერხა მისი პოვნა.

P. S. ბეღურა და კარენ აბრამიანი ბავშვობის ძმაკაცები იყვნენ. 1971 წელს ბეღურა კანადაში დასახლდა, ათი წლის მერე კი მეგობარს აბრამიანიც შეუერთდა, რომელიც ცოლ-შვილთან ერთად გაემგზავრა კანადაში და უძრავი ქონების ბიზნესში ჩაება.

скачать dle 11.3