როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თაბორიძე
გვარის ფუძეა თაბორი.
„ბარამ ფარეშიშვილმა მიჰყიდა დათუნა ხიზანიშვილს თაბორისეული ბურნაყაული თოთხმეტი დღის მიწა ბორაშვილის მიწამდე“ (მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარი).
საქართველოში 319 თაბორიძე ცხოვრობს: თბილისში – 149, კასპში – 60, დუშეთში – 26. არიან სხვაგანაც.
ოქუაშვილი
მცირერიცხოვანი, ქართლში გაჩენილი გვარია, რომლის ფუძედ გამოყენებულია მამაკაცის საკუთარი სახელი – ოქრო, ოქრუა. გვხვდება მისი მოფერებითი სახელები: ოქო, ოქია.
ოქროდან რამდენიმე გვარია გაჩენილი: ოქაძე, ოქრიაშვილი, ოქროაშვილი, მოქროაძე, ოქროკვერცხიშვილი, ოქროპირაშვილი, ოქროპირიძე, ოქრუაძე და ასე შემდეგ.
ასევე, გვხვდება ქართული გვარი ოქუნაშვილი.
საქართველოში 66 ოქუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 26, თეთრი წყაროში – 16, გორში – 11. არიან სხვაგანაც.
შიშინაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია საკუთარი სახელი შიშინა. შიშინაშვილი რაჭაში წარმოქმნილ გვარადაა მიჩნეული. ილია მაისურაძე წერს: „შიშინაშვილი, მეორე ტოლი, ამბროლაურის რაიონი; საკუთარი სახელი – შიშინა”.
საქართველოში 248 შიშინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 97, ამბროლაურში – 79, ქუთაისში – 43. არიან სხვაგანაც.
დაბრუნდაშვილი
ერთი ადგილიდან აყრილი კაცი ცოტა ხანში უკან დაბრუნებულა და მისი შთამომავლები დაბრუნდაშვილები გამხდარან.
დაბრუნდაშვილი ივანა, რომელიც აგრაში ცხოვრობდა, ედიშერ და პაპუნა ციციშვილების გაყრის დროს, მამულით ერგო ედიშერს.
საქართველოში 612 დაბრუნდაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 305, ხაშურში – 103, ქარელში – 68. არიან სხვაგანაც.
ეგრისელაშვილი
გვარის ფუძეა გეოგრაფიული სახელი ეგრისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებაა და ეგრისის ტომის სახელიდან მომდინარეობს.
ეგრისი იყო სოფელი ბედრუჯის, დღევანდელი ბოლნის-დმანისის მხარეში.
1721 წელს, საგაჩვეთს მოიხსენიება გიორგი ეგრისელაშვილი.
საქართველოში 185 ეგრისელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, დმანისში – 43, ბოლნისში – 5. არიან სხვაგანაც.
გოგოლაშვილი-გოგოლაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგოლა.
ამავე ძირისაა გვარი გოგოლაური.
1728 წელს აგაზანში მოიხსენიება აზნაური მიხდაჯი გოგოლაშვილი.
გოგოლაურთა სოფელია დუშეთის რაიონში.
საქართველოში 1 675 გოგოლაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 521, ქუთაისში – 229, სიღნაღში – 173. არიან სხვაგანაც.
9 791 გოგოლაძე: თბილისში – 2 135, ბორჯომში – 1 554, ლაგოდეხში – 1 007. არიან სხვაგანაც.
იორდანაშვილი-იორდანიშვილი
გვარის ფუძეა მდინარის სახელწოდება იორდანე.
მეცამეტე საუკუნეში ტბეთის მატიანეში მოიხსენიებიან იორდანიშვილები.
1679 წელს მიქელაშვილების ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იორდანე იორდანაშვილი.
საქართველოში 241 იორდანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 59, კასპში – 55, გარდაბანში – 46. არიან სხვაგანაც.
434 – იორდანიშვილი.
გულიტაშვილი
გვარის ფუძეა საკუათარი სახელი გულია, გულიტა.
ამავე ძირისაა გვარები: გულაძე, გულია, გულიაშვილი, გულისაშვილი, გულუა, გულუხია.
1721 წელს აგვადანეთში მოიხსენიება ევნეზა გულიტაშვილი.
საქართველოში 417 გულიტაშვილი ცხოვრობს: საჩხერეში – 191, თბილისში – 67, ოზურგეთში – 36. არიან სხვაგანაც.
სოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსია.
მისი კნინობითი ფორმებია: სოსე, სოსება, სოსელა, სოსიკა, სოსიკო, სოსიტა.
სოსიაშვილი თევდორე ოჯახითურთ, 1843 წლის აღწერით, ღოუბანში მოიხსენიება.
საქართველოში 295 სოსიაშვილი ცხოვრობს: გორში – 145, თბილისში – 91, ქარელში – 27. არიან სხვაგანაც.
გოგიძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. ამავე სახელის კნინობითი ფორმაა გიო, რომელიც დამოუკიდებელ სახელადაც გვხვდება.
1817 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში, რომელიც პავლე ნემსაძეს ბეჟან წერეთლისთვის მიუცია, კაღელა გოგიძე მოიხსენიება.
ბორბალოში მცხოვრებმა გლეხმა ივანე გოგიძემ 1829 წელს იქორწინა ვინმე დავითის ასულ მარიამზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა ანტონ ციმაკურიძემ.
გოგიძეები ცხოვრობენ ლეჩხუმში, შიდა ქართლში, იმერეთში.
საქართველოში 1782 გოგიძე ცხოვრობს: გორში – 474, თბილისში – 375, წყალტუბოში – 297. არიან სხვაგანაც.
ხოსროშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხოსრო, რომელიც სპარსული წარმოშობისაა და ქართულად სახელგანთქმულს, დიდებულს ნიშნავს. მისი კნინობითი ფორმებია: ხოსია, ხოსიტა, ხოსროა, ხოსროვა, ხოსროველა, ხოსრუა, ხოსუა.
1818 წელს, ეგნატე ხოსროშვილი ნათლავს ქალიშვილს – ქეთევანს.
ამავე ძირისაა გვარები: ხოსიაშვილი, ხოსიეიშვილი, ხოსრიაშვილი, ხოსრაშვილი, ხოსრუაშვილი.
საქართველოში 531 ხოსროშვილი ცხოვრობს: თბილისში – 174, დუშეთში – 84, რუსთავში – 60. არიან სხვაგანაც.
ჭამელაშვილი
გვარის ფუძეა მეტსახელი ჭამელა.
თიანეთში მცხოვრებ გიორგი ჭამელაშვილს შეეძინა ქალიშვილი, რომელიც მონათლა მღვდელმა აბრამ თეთრაძემ და სახელად მარიამი უწოდა. ნათლია იყო გულუა ჩივაძე.
საქართველოში 69 ჭამელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 53, გარდაბანში – 10, დმანისში – 2. არიან სხვაგანაც.
ოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსია.
1721 წელს სამშვილდეში მოიხსენიება დავით ოსიაშვილი.
ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე და ოსიაური.
საქართველოში 878 ოსიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 249, თბილისში – 200, გურჯაანში – 169. არიან სხვაგანაც.
ხანიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხანია.
1721 წლის აღწერით, სამაჩვეთში მოიხსენიება თეიმურაზ იარალაშვილის ყმა – ვახუშტი ხანიაშვილი.
საქართველოში 379 ხანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 126, სიღნაღში – 90, ყვარელში – 59. არიან სხვაგანაც.
გრიგოლაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გრიგოლი, რომელიც ბერძნული წარმოშობისაა და ქართულად მღვიძარს, ფხიზელს ნიშნავს. მისი მოფერებითი, კნინობითი ფორმებია: გიგა, გიგო, გიგლა, გიგოლი.
1721 წელს მუხათში მოიხსენიება კირაოზა გრიგოლაშვილი.
საქართველოში 703 გრიგოლაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 183, თბილისში – 177, წყალტუბოში – 81. არიან სხვაგანაც.
ინაშვილი
გვარის ფუძეა სახელი ინა.
გიორგი ინაშვილი მოიხსენიება 1711 წელს ბერუკა აბრამიშვილის მიერ დომენტი ბენიათიშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში.
ვარდისუბნელმა დიმიტრი ინაშვილმა 1818 წელს თანასოფლელ სოლომონ კედელაშვილს მიათხოვა ქალიშვილი – სოფა.
1874 წლის აღწერით, სოფელ შავსაყდარში მოიხსენიებიან პეტრე, დიმიტრი, გიორგი, ლაზარე და მიხეილ ინაშვილები.
ამავე ძირისაა გვარები: ინაძე, ინაური, ინაიშვილი, ინალიშვილი.
საქართველოში 1 013 ინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 467, დუშეთში – 133, სიღნაღში – 128. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით