კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მადრიდის „რეალის” რომელი ლეგენდარული ფეხბურთელები დარჩნენ „ოქროს ბურთის” გარეშე

ზედიზედ მეოთხედ არგენტინელმა ლიონელ მესიმ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული ჯილდო – „ოქროს ბურთი” მიიღო. მოსალოდნელია, მომავალი წლის დაჯილდოებაზე ის მეხუთედაც გახდეს ტრიუმფატორი, მიუხედავად იმისა, რომ ზოგმა ფეხბურთელმა შეიძლება მასზე მეტი ტიტული მოიგოს. მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას არაერთი ფაქტი ახსოვს, როცა ფეხბურთელს მოუგია ყველა ჯილდო, ყოფილა ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გუნდისთვის და კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაუტარებია, თუმცა „ოქროს ბურთი” მაინც სხვას რგებია წილად. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბრაზილიელი – რობერტო კარლოსი, რომელმაც 2002 წელს მსოფლიო ჩემპიონატი და „ჩემპიონთა ლიგა” მოიგო, მაგრამ „ოქროს ბურთი” მის თანამემამულე, რონალდოს გადაეცა, რომელმაც მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა. გთავაზობთ ინფორმაციას იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც საფეხბურთო კარიერა ისე დაასრულეს, ან ამჟამად დაასრულებენ, რომ „ოქროს ბურთის” ლაურეატები ვერ გახდნენ.


ფერენც პუშკაში

1952 წლის ოლიმპიადის ტრიუმფატორ ფერენც პუშკაშს 1960 წელს ერთი ნაბიჯი დააკლდა სანუკვარ ჯილდომდე – მას ესპანელმა ლუის სუარესმა აჯობა. კარიერის განმავლობაში პუშკაშს ოლიმპიური ოქროს გარდა, არაერთი სხვა ჯილდო მოუგია: ხუთი საჩემპიონო ტიტული უნგრეთში და ესპანეთში, სამი ჩემპიონთა თასი „რეალთან” ერთად, გამარჯვება საკონტინენტაშორისო თასზე და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი. პირადი მიღწევების გამო პუშკაში   დასახელდა უნგრეთის საუკეთესო ფეხბურთელად მეოცე საუკუნეში და 11-ჯერ გახდა ბომბარდირი ესპანეთსა და ჩემპიონთა თასზე.

რაულ გონსალესი

მადრიდის „რეალის” კიდევ ერთი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს ჯილდოს იმსახურებდა. რაულმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და შვიდჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. 2001 წელს ის მეორე იყო „ოქროს ბურთის” გამოსავლენ ლაურეატთა შორის. რაულს უამრავი ინდივიდუალური ჯილდო აქვს: ის დასახელებულია ესპანეთის, მეოცე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად ავტორიტეტულ გაზეთ „მარკას” ვერსიით, გარდა ამისა, ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ბომბარდირული მონაცემები.

ანდრეს ინიესტა

ესპანეთში ქომაგთა გარკვეული ნაწილი დღემდე ვერ იჯერებს, რომ მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის ტრიუმფატორი ნაკრების ლიდერი, ფინალურ შეხვედრაში გადამწყვეტი გოლის ავტორი – ანდრეს ინიესტა ჯილდოს გარეშე დარჩა და მას იმ წელს უტიტულო ლიონელ მესიმ აჯობა. შარშან ესპანეთის ნაკრებმა უნიკალური რეკორდი დაამყარა და ზედიზედ მეორედ მოიგო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ჯილდო კვლავ ლიონელ მესის ხვდა წილად. საგულისხმოა, რომ ანდრეს ინიესტამ შესაძლოა, ისე დაასრულოს კარიერა, მუდამ ლიონელ მესის ჩრდილში დარჩეს, არადა ტიტულებით ის გაცილებით მდიდარია მესიზე.

ალესანდრო დელ პიერო

 ალესანდრო დელ პიერო ისე წავიდა კარიერის დასასრულებლად ავსტრალიაში, რომ „ოქროს ბურთის” მოგება ვერ მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ახლოს იყო მიზანთან. ტურინის „იუვენტუსის” ლეგენდარულმა ათიანმა 1995-1996 წლების სეზონში თითქმის ყველაფერი მოიგო, თუმცა იმ წელსაც ჯილდოს გარეშე დარჩა. იგივე მოხდა 2006 წელს, როცა დელ პიერო მსოფლიო ჩემპიონი გახდა, თუმცა ჯილდო არც მაშინ შეხვდა. 

უესლი სნეიდერი

2010 წელი ჰოლანდიელის კარიერაში საუკეთესო იყო. მან პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო: საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ჩემპიონატი და იტალიის სუპერთასი, ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა. მუნდიალზე სნეიდერი ჰოლანდიის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი გახლდათ და ანდრეს ინიესტასთან ერთად, „ოქროს ბურთის” მოპოვების კანდიდატად მიიჩნეოდა. თუმცა, ორივეს ჩია არგენტინელმა – ლიონელ მესიმ აჯობა. ამჟამად სნეიდერი თურქული „გალათასარაის” რიგებში თამაშობს და სავარაუდოდ, მისი შანსები „ოქროს ბურთის” ლაურეატობაზე ნულის ტოლია, მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის ნაკრების ლიდერი ფორმას ნელ-ნელა იბრუნებს.

ფრანკო ბარეზი

„ოქროს ბურთი” ნომინალურ მცველს სულ სამჯერ გადაეცა, მათ შორის ერთხელ ბარეზის თანამემამულე ფაბიო კანავაროს. თავად იტალიის მეოცე საუკუნის დამცველად წოდებულ ფრანკო ბარეზის კი ეს ჯილდო ჯერ არ შეხვედრია. არადა კარიერის განმავლობაში ფრანკოს არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული მოუგია და ნამდვილად იმსახურებდა ამას, მსოფლიოს ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი, სამი ჩემპიონთა თასის მფლობელი და ექვსგზის იტალიის ჩემპიონი – სია მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ „ოქროს ბურთი” მცველებს, როგორც ჩანს, არ წყალობს.

დინო ძოფი

მეკარეებიდან „ოქროს ბურთი” მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს მიღებული, ლეგენდარულ საბჭოელ გოლკიპერს, ლევ იაშინს. თუმცა, არიან მეკარეები, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ ამ ჯილდოს, მათ შორის – იტალიელი დინო ძოფი. ძოფი 1968 წელს იყო ახლოს „ოქროს ბურთთან”, როდესაც იტალია მისი უშუალო მონაწილეობით ევროპის ჩემპიონი გახდა. ის ასევე 1982 წელსაც ითვლებოდა კანდიდატად, როდესაც 40 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფორტუნა ძოფის მხარეს არ აღმოჩნდა.

ჯანლუიჯი ბუფონი

ბუფონი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია, თუმცა, როგორც ჩანს, ეს არ კმარა, რომ „ოქროს ბურთის” ლაურეატი გახდე. 2006 წელს იტალია მსოფლიო ჩემპიონი გახდა და ბუფონმა მართლაც ფენომენალურად იასპარეზა. თუმცა, „ოქროს ბურთი” მის თანამემამულე ფაბიო კანავაროს გადაეცა. ჯანლუიჯი ბუფონმა „ოქროს ბურთის” გარდა, შესაძლოა კარიერა, ისე დაასრულოს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი, „ჩემპიონთა ლიგაც” კი ვერ მოიგოს.

პეტერ შმეიხელი

პეტერ შმეიხელს ბრწყინვალე კარიერა ჰქონდა „მანჩესტერ იუნაიტედსა” და დანიის ნაკრებში – ის იყო 1992 წელს „დანიური დინამიტის” ერთ-ერთი შემოქმედი ევროპის ჩემპიონატზე, როცა ყველასთვის მოულოდნელად, დანიელები ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლნენ. შმეიხელი გახლდათ ასევე იმ ლეგენდარული ჩემპიონთა ლიგის ფინალის მონაწილე, როცა „მანჩესტერმა” ერთ წუთში გატეხა მიუნჰენის „ბაიერნი” და 1999 წელს ლიგას დაეუფლა. შმეიხელი თავისი კარიერის განმავლობაში პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნეოდა, თუმცა „ოქროს ბურთის” მოპოვება მისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

იკერ კასილასი

მადრიდის „რეალის” გოლკიპერი, მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარჯვებული – კასილასი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად მიიჩნევა. თუმცა, „ოქროს ბურთის” მოპოვება მისთვის ჯერაც მიუღწეველია. შესაძლოა, კასილასმა სულაც ისე დაასრულოს კარიერა, რომ ვერ გახდეს „ოქროს ბურთის” ლაურეატი, თუმცა ეს სულაც არ აკნინებს მის მიღწევებს.

скачать dle 11.3