სიახლეები
რაულის მეათასე მატჩი
მადრიდის „რეალის” და გელზენკირხენის „შალკე 04-ის” ექსთავდამსხმელმა, ლეგენდარულმა ესპანელმა რაულმა კარიერაში მეათასე ოფიციალური მატჩი ითამაშა. რაული ამჟამად ყატარის „ალ-საადის” ღირსებას იცავს და საიუბილეო შეხვედრამაც „ალ-რაიანის” წინააღმდეგ ყატარის თასის გათამაშების ფარგლებში მოუწია. ყატარული კლუბის ღირსებას რეკორდსმენი ესპანელი 2012 წლის მაისიდან იცავს და უკვე მოასწრო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. გავრცელებული ცნობის თანახმად, მიმდინარე სეზონი რაულისთვის უკანასკნელი იქნება. უკვე ცნობილია, რომ მადრიდული კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ფეხბურთელს კლუბის ადმინისტრაციაში შესთავაზებს თანამდებობას.
პისტორიუსის აკრძალული ფოტოები
ცნობილია, რომ ექვსგზის პარაოლიმპიური ჩემპიონი – ოსკარ პისტორიუსი მეგობარი გოგონას მკვლელობაშია ეჭვმიტანილი და საქმეს სამხრეთ აფრიკის სასამართლო განიხილავს. სასამართლოს დასრულებამდე სპორტსმენი თავისუფალია და რამდენიმე ხნის წინ, მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაკავების მომენტში პოლიციელები მალულად უღებდნენ პისტორიუსს ფოტოებს მობილური ტელეფონებით. სამხრეთ აფრიკის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, უკვე ამოღებულია მობილური ტელეფონების ნაწილი, სადაც 45 ფოტო აღმოჩნდა. სკანდალურ სპორტსმენს პოლიციელები ფოტოებს ნებართვის გარეშე უღებდნენ და შესაძლოა, ამ ფაქტის გამო, რამდენიმე მათგანი დაისაჯოს კიდეც.
კუბა პროფესიულ კრივში ბრუნდება
2013 წლის ნოემბრიდან კუბელ მოკრივეებს უფლება მიეცემათ, პროფესიულ კრივში მოსინჯონ ძალები. აკრძალვა 51 წლის განმავლობაში მოქმედებდა და ძალაში ფიდელ კასტროს ინიციატივით შევიდა, რომელსაც მიაჩნდა, რომ პროფესიული კრივი კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული. ამასთან ერთად, სამოყვარულო კრივი კუბაში სპორტის ერთ-ერთ პოპულარულ სახეობად ითვლება და არაერთი ცნობილი სპორტსმენი აღზრდილა თავისუფლების კუნძულზე, მათ შორის, ფელიქს სავონი – ლეგენდარული სპორტსმენი და ოლიმპიური თამაშების მრავალგზის ჩემპიონი. მან ისე დაასრულა კარიერა, რომ პროფესიულ რინგზე ძალები ვერ მოსინჯა.
კრიშტიანუ და ირინა ერთად არიან
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები კრიშტიანუ რონალდუსა და ირინა შეიკის დაშორების თაობაზე, რუსმა ლამაზმანმა „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ფოტო განათავსა, რომელზეც რონალდუსთან ერთად მადრიდის ერთ-ერთ რესტორანშია გადაღებული. წყვილის დაცილების თაობაზე დიდი ხანია, ევროპული ტაბლოიდები იუწყებიან და რონალდუს სხვადასხვა ლამაზმანთან კავშირში ამხელენ, თუმცა, როგორც ჩანს, შეიკი არ ეჭვიანობს და პრესის მიერ აგორებულ ჭორებს ყურს არ უგდებს.
ტამარა ეკლსტოუნის მოპარული ავტომობილი
„ფორმულა ერთის” მფლობელის, მილიარდერ ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილს, ტამარა ეკლსტოუნს ძვირად ღირებული ავტომობილი, „ლამბორგინ ავენტადორი” მოჰპარეს. აღნიშნული ავტომობილი ტამარამ 2011 წელს შეიძინა. იმ პერიოდში ლამაზმანი ვინმე ომარ კიამს ხვდებოდა და ავტომობილიც ომარის სახელზე იყო გაფორმებული. თუმცა, დარეგისტრირებული ტამარას ლონდონურ მისამართზე გახლდათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ომარს ვალი ჰქონია და ავტომობილიც მის მევალეს წაუყვანია. ამჟამად ბრიტანული პოლიცია ავტომობილის ნამდვილი მფლობელის ვინაობას არკვევს. ტამარა ეკლსტოუნი კი ირწმუნება, რომ „ლამბორგინი” სწორედ მას ეკუთვნის.
2014 წლის მუნდიალის სექს-სიმბოლო
ლორენა ბური ბრაზილიელი ლამაზმანია, რომელსაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სექს-სიმბოლოს ტიტულისთვის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ასახელებენ. ლორენამ უკვე გაიმარჯვა პაულისტას სილამაზის კონკურსში და ამჟამად პრეტენზიას ბრაზილიური ფეხბურთის დედოფლობაზე აცხადებს. ფეხბურთის მიმართ სიყვარულის დასამტკიცებლად ლორენამ უკვე მიიღო მონაწილეობა გულახდილ ფოტოსესიაში და სრულიად შიშველმა ბრაზილიის დროშით ხელში სტადიონ „პაკაემბუს” ფონზე იპოზიორა.
ყველაზე სექსუალური სპორტის მინისტრი
ვენესუელის ახალმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოფარიკავე ალეხანდრა ბენიტეს რომერო სპორტის მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. 32 წლის სპორტსმენი სამხრეთ ამერიკის მრავალი ტურნირის გამარჯვებული და 2004, 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების მონაწილეა. 1999 წლიდან ალეხანდრა უგო ჩავესის მომხრე იყო და ვენესუელის ერთიანი სოციალისტური პარტიის, კარაკასის ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე გახლდათ. გარდა ამისა, ალეხანდრა თამამ ფოტოსესიებში მონაწილეობითაცაა ცნობილი. მან შიშველმა გამოუცხადა მხარდაჭერა უგო ჩავესს შარშანდელი არჩევნების დროს.
რუნი - ყველაზე მდიდარია პრემიერლიგაში
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ფორვარდმა უეინ რუნიმ პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის ყველაზე მდიდარის სტატუსი მოირგო. რუნის ქონება 79 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მეუღლესთან, კოლინთან ერთად, მათი საერთო კაპიტალი 99 მილიონ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზე რუნის თანაგუნდელი რიო ფერდინანდია, რომლის აქტივები 65 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მესამეზე – წარსულში პლანეტის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ამჟამად კი „სტოკ სიტის” თადარიგში ჩაკარგული მაიკლ ოუენია, 58,9 მილიონი დოლარით. მიმდინარე სეზონი „ლივერპულის” ლეგენდისთვის უკანასკნელი იქნება. ცნობისთვის, ყველაზე მდიდარი ბრიტანელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემია, რომლის აქტივები 255 მილიონ დოლარად არის შეფასებული. თუმცა, იმის გამო, რომ „ბექზი” „პარი სენ ჟერმენის” რიგებში ასპარეზობს, ვერ მოხვდა აღნიშნულ რეიტინგში.