კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთვის არის გახსნილი მუდმივად სამოთხის კარი და როდის ირჩევს ადამიანი საკუთარი ნებით ჯოჯოხეთს

სულ ახლახან მართლმადიდებლურმა სამყარომ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმა. თუმცა‚ ამით ყველაფერი არ მთავრდება: აღდგომის შემდეგ‚ მთელი კვირის განმავლობაში კვლავ გრძელდება სადღესასწაულო დღეები, რომელიც მუდმივად გვახსენებს მაცხოვრის აღდგომას. ამ დღეებს ამიტომაც ეწოდება ბრწყინვალე შვიდეული. რა მნიშვნელობა აქვს ამ დღეეებს, როგორ უნდა გავატაროთ ბრწყინვალე კვირეული, ამის შესახებ გვესაუბრება, ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

– აღდგომა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში დღესასწაულთა დღესასწაული, დიდი სიხარულია. შესაბამისად‚ აღდგომის შემდეგი კვირა – ეს არის განცდა ამ დიდი დღესასწაულისა, აღდგომის სადიდებელი და საქები დღეები, რომ არ დაგვავიწყდეს ამ დღეს რა მნიშვნელოვანი მოვლენა აღესრულა. ადამიანები მარხულობენ 7 კვირის განმავლობაში, რომლის შემდეგაც დგება აღდგომა და ამ დროს თითქოს გარდატეხა ხდება მათ ცნობიერებაში: დადგა აღდგომა, გავიხსნილეთ მარხვა, შევამსუბუქეთ ჩვენი ცხოვრების წესი, სტილი შევიცვალეთ და ამით ყველაფერი დასრულდა. რა თქმა უნდა‚ ასე არ არის. ამით არაფერი სრულდება, პირიქით‚ აღდგომით იწყება ქრისტიანის მზადება მთელი წლისთვის. ანუ,  ბრწყინვალე შვიდეული ეს ის დღეებია, როდესაც ჩვენ კი არ გვავიწყდება, რომ აღდგომა დამთავრდა, პირიქით ჩვენს ცნობიერებაში, გულში, აზროვნებაში უნდა გაგრძელდეს აღდგომის სიხარული. რჯულის კანონის თანახმად‚ არა თუ ერთი კვირის განმავლობაში იყო ხსნილი, არამედ 50 დღის განმავლობაში, სულთმოფენობამდე გრძელდებოდა ეს სიხარული. ამაზე მეტყველებს მოციქულთა 68-ე კანონი, ასევე მისი დამატება, რომელიც ნიკეას პირველ მსოფლიო კრებაზე ათანასე დიდმა ალექსანდრიელმა მიიღო – განწესება: აღდგომიდან სულთმოფენობამდე ქრისტიანები 50 დღის განმავლობაში ზეიმობენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა და ახლა ჩვენ ერთი კვირის განმავლობაში ვზეიმობთ მაცხოვრის აღდგომას და ეს ყველაფერი  უნდა აისახოს ჩვენს ცნობიერებაზე, გულში, ცხოვრების წესსა და პატივის მიგებაში. ანუ‚ ჩვენ უნდა განვიცდიდეთ აღდგომის სიხარულს არა მხოლოდ ტრაპეზით, დასვენებით, არამედ იმის გაცნობიერებთ, გააზრებით‚ რას ვდღესასწაულობით და რამდენიმე დღის წინ რასთან გვქონდა საქმე. 

– ამ პერიოდში ლოცვითი წესი შემსუბუქებულია. დილისა და ძილის წინ საკითხავი ლოცვების მაგივრად, იკითხება „პასექის ჟამნი“. 

– იკითხება მცირე ლოცვა, რომელსაც „პასექის ჟამნი“ ეწოდება. საუკუნეების განმავლობაში ამას ჰქონდა თავისი დანიშნულება. იმ განჩინების თანახმად‚ ყველა დიდი დღესასწაული, რომელიც მაცხოვარს უკავშირდება ან დიდ მოწამეებს, ღვთისმშობელს, იოანე თაყვანისმცემელს, მიეგება თანასწორი პატივი, როგორც კვირა დღისა, აღდგომისა. 69-ე კანონის განჩინებაში წერია ასეთი რამ: ოთხშაბათსა და პარასკევს მთელი წლის განმავლობაში დაიცვება მარხვა, თუ‚ რა თქმა უნდა‚ ადამიანს რამე არ სჭირს – სნეულებაში არ არის, ანუ ავად. როცა საქმე გვაქვს დიდ დღესასწაულებთან, მსგეფსთან, მაშინ ოთხშაბათსა და პარასკევს აღარ არის მარხვა და ეს დღეები კვირის ტოლფასი ხდება. წმიდა ექვთიმე მთაწმინდელი ამბობს: ამ დიდ დღესასწაულებში, რომელიც უკავშირდება აღდგომას‚ ვიდრე სულთმოფენობამდე, 50 დღის განმავლობაში არ სრულდება არათუ  ზედმეტი ლოცვები, კანონები, არამედ მუხლმოდრეკებიც, მეტანიებიც. ანუ, ადამიანი მუდმივად სულიერად საზეიმო მდგომარეობაშია, რადგან ეს დღეები წმიდა აღდგომასთან არის დაკავშირებული. ლოცვებიც ამიტომ არის შემცირებული, თუმცა‚ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი ჩავარდეს ულოცველ მდგომარეობაში და არაფერი აკეთოს. მაგრამ‚ ასევე, მნიშვნელოვანია, თუ როგორ ვუდგებით ლოცვას. ანუ, ამ პერიოდში ლოცვების რაოდენობა, მოცულობა მცირდება. თუმცა‚ შეიძლება, ადამიანმა მთელი დღე ილოცოს, მაგრამ მის ლოცვას ლოცვა არ ერქვას. მაგრამ‚ პირიქით‚ შეიძლება‚ ადამიანმა მხოლოდ „პასექის ჟამნი“ წაიკითხოს და მთელი გულით ილოცოს. ანუ, გააცნობიეროს, რომ ის ცოდვილია, ღმერთი სჭირდება და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოთქვას. ლოცვა არ არის მრავალსიტყვაობა, ეს არის უფალთან ურთიერთობა, ჩვენი შინაგანი, სულიერი მდგომარეობა და არ გამოიხატება მრავალსიტყვაობაში.

– კვირის ბოლოს ქრისტიანები ვზეიმობთ აღდგომის განახლებას – კვირაცხოვლობას. ამ დღეს ადამიანებს წმიდა არტოსი ურიგდებათ, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ინახავენ და უძლურების ჟამს იღებენ. რა მნიშვნელობა აქვს არტოსს, რომელიც აღდგომიდან მთელი კვირის განმავლობაში აღსავლის ღია კარშია დაბრძანებული?

– აღდგომის მსახურების ტიპიკონში ბოლოს წერია არტოსის კურთხევის ლოცვა. არტოსი პურია, რომელიც ამ დღისთვის ცხვება. აღდგომის ღამეს ხდება მისი კურთხევა და მთელი კვირის განმავლობაში დაბრძანებულია აღსავლის გახსნილ კართან, ამბიონზე, გადაფარებული აქვს ტილო. შაბათს‚ ანუ კვირის ბოლოს, კვირაცხოვლობის მსახურებაზე იკითხება მისი განტეხვის ლოცვა და შემდეგ ხდება მისი დანაწევრება, კვირას კი მრევლს ურიგდება. შეიძლება ითქვას, ამას არ აქვს საკრალური მნიშვნელობა, უბრალოდ‚ აღსავლის კართან მისი დაბრძანება განასახიერებს ეკლესიის ერთობას. პური სულიერი თვალსაზრისით‚ ზოგადად‚ არის სიმბოლო ერთობის, ხვავის, ბარაქის, შესაბამისად‚ არტოსი განასახიერებს ეკლესიის ერთობას, რომელიც ურიგდება მორწმუნე მრევლს, ნიშნად ამ ერთიანობაში ყოფნისა. რაც მთავარია‚ არა პური მოქმედებს, არამედ რწმენა, სარწმუნოება, რომლითაც ადამიანი არტოსს მიიღებს. ეს ტრადიციაა და ეკლესია საუკუნეების განმავლობაში აღასრულებს. 

– დღეს გავრცელებულია ასეთი მცდარი აზრიც, ერთგვარი ცრუ რწმენა: რადგან აღსავლის კარი ღიაა, ამიტომ სამოთხის კარიც ღიაა და ვინც გარდაიცვლება ბრწყინვლე შვიდეულში, ის აუცილებლად მოხვდება სამოთხეში. როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი? 

– თუ ჩვენ საეკლესიო მსახურების ტიპიკონსა და მის მნიშვნელობას ავიღებთ, რა თქმა უნდა‚ იქ ნებისმიერ ქმედებას, როგორც მღვდლის, ასევე დიაკვნის, აღსავლის კარის გაღებას, დაკეტვას, მცირე შესვლას, ყველას თავისი მნიშვნელობა აქვს. ის, რომ აღსავლის კარი ღიაა‚ მიანიშნებს იმაზე, რომ სამოთხის კარიც ღიაა – მაგრამ ამას პირდაპირი გაგებით ვერ მივიღებთ. ვერ ვიტყვით, რომ რადგან აღსავლის კარი ღიაა, ამიტომ სამოთხის კარიც ღიაა და ადამიანს შეუძლია შიგნით შესვლა. სამოთხის კარი არათუ ერთი დღით, რამდენიმე კვირის, ან წელიწადის რომელიმე დროს არის ღია, არამედ ყოველთვის ღიაა, ისევე‚ როგორც ჯოჯოხეთის, რომლის კარი უფრო ფართოა. ამიტომ, გარეგნული შეფასებების მიღმა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას გააზრება სჭირდება და არა პირდაპირ გაგება. მაცხოვარი ამბობს: სამოთხე ხილულად არა მოვა, ის თქვენს გულებშია, ისევე‚ როგორც ჯოჯოხეთი. თუ ჩვენი ცხოვრებით ვამტკიცებთ, რომ ცხოვრების წესით, სურვილებით, მიდრეკილებებით მზად ვართ სამოთხისთვის, ეს განაპირობებს კიდეც მასში შესვლას. ანუ, სამოთხის კარის დაკეტვა-არდაკეტვას მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პირადი ცხოვრება განაპირობებს. თუ არ გინდა სამოთხე, მაშინ თავისთავად შენთვის მისი კარი ღია არ იქნება. სამაგიეროდ‚ გაიღება მეორე, ჯოჯოხეთის კარი. დოგმატურ ცდომილებაში რომ შევიდეთ, უნდა გავიაზროთ, რომ ადამიანის სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შესვლას ღმერთი კი არ განაპირობებს, არამედ თავად ადამიანი საკუთარი პირადი ცხოვრებით. სხვა ყველა რელიგია ადამიანს არ ასწავლის იმას, რომ ცხონება-არცხონება, გადარჩენა-არგადარჩენა შენზეა დამოკიდებული, როგორც ამას მართლმადიდებლობა ასწავლის. სხვა რელიგიებში პირიქითაა: რომ ადამიანზე არაფერია დამოკიდებული, ყველაფერი უზენაესის ნებაა და ის მოხდება, რაც მას უნდა.

– ვინც კარგად არ იცნობს მართლმადიდებლობას, ისიც ზუსტად ასე ფიქრობს. ანუ, ამტკიცებენ, რომ ადამიანის ნება მართლმადიდებლობაში უგულებელყოფილია და მისი მომავალი ღმერთზეა დამოკიდებული. 

– ვინც არ არის ჩახედული მართლმადიდებლობაში, ფიქრობს, რომ ეს ყველაზე კონსერვატორული რელიგიაა, რადგან ისეთ რაღაცეებს გვთავაზობს კანონების, რჯულის, მორალის, ქრისტიანული ეთიკის სახით, რაც ჩვენთვის‚ ხშირ შემთხვევაში‚ ძალიან ძნელია და მიუღწეველი. მაგრამ, ვინც კარგად იცის მართლმადიდებლური რელიგია, მან ისიც იცის, რომ ყველაზე თავისუფალი რელიგია სწორედ მართლმადიდებლობაა, სადაც ადამიანის უფლება არასდროს იზღუდება. ყველა სხვა ფუნდამენტურ რელიგიაში, ადამიანის პიროვნული ნება ყოველთვის უგულებელყოფილი, დაჩაგრულია. ღმერთს რაც უნდა‚ ის მოხდება, ისე იქნება – ამას თავისუფალ სარწმუნოებას ვერ დავარქმევთ. მართლმადიდებლობა კი ყველაზე თავისუფალი სარწმუნოებაა. ღმერთი ადამიანის თავისუფალი ნების წინაშე უძულურია, ოღონდ არა პირდაპირი გაგებით, რადგან მას ყველაფერი შეუძლია. უბრალოდ‚ ღმერთმა ადამიანი თავისუფალი ნებით შექმნა და რადგან ის თავის გადაწყვეტილებაში მუდმივია, ამიტომ მან ადამიანს დაუტოვა თავის საქმიანობის, მოღვაწეობის ასპარეზი. ადამიანი ყველაზე მაღალ საფეხურზე დგება, ყველაზე დიდია, თავად ანგელოზებზეც კი. ის წყვეტს როგორ იცხოვროს, სამოთხეში შევიდეს თუ ჯოჯოხეთში. ასე რომ‚ მართლმადიდებლობა იმიტომ არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, რომ ის ადამიანს ასწავლის საკუთარ ქცევებზე, ცხოვრებაზე, დანიშნულებაზე ანალიზის გაკეთებას, რომ შემდეგ აირჩიოს ის‚ რაც უნდა.

скачать dle 11.3