ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ბოლო ჟამის ხატი – „მე ვარ თქვენთანა და ვერავინ უფლობდეს თქვენზედა“ – დაიწერა იოანე კრონშტადტელის კურთხევით ლეუშინის დედათა მონასტრის მონაზვნების მიერ. იოანე კრონშტადტელმა თავად აკურთხა ეს ხატი, მის წინაშე ლოცულობდა, უწოდებდა მას „რუსეთის მხსნელს“ და „ბოლო ჟამის ხატს“. შემდეგ მამა იოანემ ხატი გადასცა ერისკაცს, წმიდანმა წინასწარ აუწყა მას იმ მოვლენების შესახებ, რაც მოხდებოდა რუსეთში უახლოეს მომავალში (რევოლუცია, მეფის მკვლელობა, ღვთისმბრძოლი ხელისუფლების მიერ ქრისტიანთა დევნა და ხოცვა, სიწმინდეების განადგურება), მანვე იწინასწარმეტყველა, რომ მოგვიანებით რუსეთი ისევ გაბრწყინდებოდა ჭეშმარიტი რწმენის ნათლით და კვლავ ეყოლებოდა მართლმადიდებელი მეფე, რომელიც შეძლებდა ქვეყნის აღორძინებას. წმიდა მამამ ისიც აუწყა სერაფიმ ვირიცელს, რომ დეკანოზი გახდებოდა და აკურთხა იგი, გაემეორებინა წმიდა სერაფიმ საროველის ღვაწლი – ელოცა ამ ხატის წინაშე რუსეთის გადარჩენისთვის. ეს კურთხევა აღსრულებულ იქნა: მამა სერაფიმმა ორჯერ ილოცა 1 000 დღე-ღამის განმავლობაში ღვთისმშობლის ამ ხატის წინაშე (1937 და 1942 წლებში). როდესაც მასთან დახმარებისთვის მიდიოდნენ, სერაფიმ ვირიცელი ყოველთვის ამ ხატს მიმართავდა ლოცვით. დედაღვთისას ხატმა – „მე ვარ თქვენთანა და ვერავინ უფლობდეს თქვენზედა“ მრავალი სასწაული აღასრულა, სახელი განსაკუთრებით გაითქვა მას შემდეგ, როცა დედაღვთისამ გააცოცხლა ბავშვი, რომელიც მამა სერაფიმის მისაღებში მოუკვდათ. ხატის შესახებ შეიტყო ხელისუფლებამაც და მიიღო დადგენილება მისი ჩამორთმევის შესახებ. მაშინ ღირსმა სერაფიმმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეს ხატი გადასცა მონაზონ ბარსანოფიას, ისიც უთხრა, რომ მომავალში გადასცემდა მას ქერუბიმს და ხატი გახდებოდა წმიდა გიორგის სახელობის მონასტრის საკუთრება (ეს წინასწარმეტყველებაც შესრულდა. 1962 წელს დედა ბარსანოფიასთან სტუმრად მისულმა მამა ქერუბიმმა შემთხვევით ნახა „მე ვარ თქვენთან და ვერავინ უფლებოდეს თქვენზედა“, ძალიან მოეწონა და გადააბრძანა იგი ჩერნიგოვის წმიდა გიორგის სახელობის დედათა მონასტერში).
ეს ხატი თითქმის საუკუნის წინათ დაიწერა, მაგრამ ამის შესახებ ცოტა ვინმეს თუ სმენია ადრე. მოვიდა დრო და იგი მოგვევლინა, ეს დრო სწორედ ახლა დადგა, როცა მსოფლიო კატასტროფის საზღვართანაა მისული, როცა ომები, კატაკლიზმები და სასიკვდილო სნეულებანი ჩვენი სამწუხარო რეალობა გახდა.
როცა საზოგადოებამ ხელი აიღო თავისი შვილების ზნეობრივი ნორმების ერთგულ ადამიანებად აღზრდაზე (რომ აღარაფერი ვთქვათ სულიერ ფასეულობაზე) ტელევიზია, გაზეთები, წიგნები, ჟურნალები მიზანმიმართულად ამახვილებენ ადამიანთა ცნობიერებას, ყველგან ინერგება ავისმომასწავებელი კოდები, განსაკუთრებით დაუცველია ახალგაზრდა სულები, მხოლოდ ქრისტეს რწმენის შუქს შეუძლია, დაარღვიოს ეს წყვდიადი; აუცილებელია, რომ რწმენის ნათელი აინთოს იმ სულებში, რომლებიც ცოდვათა ბინდითაა დაბნელებული. სწორედ ამ ადამიანების გადასარჩენად შეიქმნა დედაღვთისას ხატი „მე ვარ თქვენთანა და ვერვინ უფლებოდეს თქვენზედა“, რომელსაც დიდი რუსი წმიდანი იოანე კრონშტადტელი „ბოლო ჟამის ხატს“ უწოდებდა. ალბათ, შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ხატი დაიწერა დედათა მონასტერში, მონაზვნების მიერ; მისი დაუჯდომელი ლოცვაც სასწაულებრივად დაიწერა წმიდა გიორგის მონასტრის იღუმენიას მიერ (იღუმენია დიდხანს ეძებდა ადამიანს, რომელიც შეძლებდა ამ სამუშაოს შესრულებას, მაგრამ, მოხდა ისე, რომ თავად მან დაწერა ეს საგალობელი, რომლის წერისასაც აშკარად გრძნობდა, რომ სიტყვები თავისთავად მოდიოდნენ, თითქოს ზეციდან იყვნენ ნაკარნახევი), როგორც ჩანს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ისურვა, რომ ამ ხატში და მის საგალობელში ბევრი დიდებული სითბო ყოფილიყო ჩაქსოვილი და, მართლაც, ხატში არაა ხაზგასმული ზეციური დედოფლის სიდიადე და ჩვენ ვხედავთ დედას, რომელიც თითქოს დაკარგული შვილების მოსაძებნად მიეშურება; სახე სატირლადაა გამზადებული მათი ბედის გამო, თვალები კი ღვთისადმი სასოებითაა აღსავსე. ყრმა იესოსაც ხელები აქვს გაშლილი თითქოს იმისთვის, რომ გულში ჩაიკრას ისინი, ვინც მას შეუყვარდება.
ხატი გამოეცხადა სწორედ ჩვენს ეპოქას, აქედან გამომდინარე, იგი განკუთვნილია ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის, მათთვის, ვინც ვცხოვრობთ ამ შფოთიან დროში – უკანონობის საუკუნეში, როცა სახელმწიფო აღარ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტს თავისი მოქალაქეებისთვის, მეფობს სოციალური დაუცველობა, ეკონომიკური არასტაბილურობა, უმუშევრობა, დამნაშავეების თარეში.
„ბოლო ჟამის სასწაულები“