კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ წელს გაუქმდა სასაფლაო ვერის ბაღის ტერიტორიაზე და რომელი წლიდან აღარ დადის ტრამვაი მელიქიშვილის ქუჩაზე

 

წარსულში მდინარე ვერეს ქვემო წელზე განლაგებული იყო სოფელი ვერე, რომელიც გაბაშვილების მამულს წარმოადგენდა. ვახუშტი ბაგრატიონის მოწმობით, ვერეს ადრე „სკვირეთი“ რქმევია. ვერაზე გადიოდა დიღმის საქარავნე გზა, რომელიც ამჟამინდელ გმირთა მოედანთან ძველი ვერის ხიდით კვეთდა მდინარეს. ვერე რომ თბილისის უძველესი უბანია, ამას რამდენიმე ფაქტი მოწმობს, რომელთა შესახებ, ძველი ფოტოების დახმარებით, ამ ნომრიდან შეიტყობთ. 

 

ვერე

ვერე წყაროებში პირველად მოხსენიებულია მეცამეტე საუკუნეში. აქ აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მასალა ცხადყოფს, რომ ეს ადგილები უფრო ადრე იყო დასახლებული. ვერაზე გადიოდა თრიალეთისკენ მიმავალი მნიშვნელოვანი სტრატეგიული და სავაჭრო-საქარავნე გზა. მეთვრამეტე საუკუნეში ამ გზას იცავდა საგანგებო რაზმი, ეგრეთ წოდებული „ვერის ხევის ყარაული”. მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში ვერე მოიცავდა ტერიტორიას ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილისა და გაბაშვილის ქუჩებიდან ბაგებამდე. მეცხრამეტე საუკუნეში აქ ახალი უბნები გაჩნდა: ვარდისუბანი, ვაკე, საბურთალო.  ვარდისუბანი ახლანდელ მელიქიშვილის გამზირსა და „სემიონოვკის” (დასახლება ვარდისუბნის სამხრეთ-დასავლეთით, ვარდისგორაზე. სახელწოდება აქ ადრე განლაგებულ ჯარის ნაწილის სახელიდან უნდა იყოს წარმოქმნილი) დასახლებას შორის მდებარე ადგილს ერქვა. ადრე ერთ-ერთ ქუჩასაც (ამჟამინდელ ჯანაშიას ქუჩას) „ვარდისუბნისას“ ეძახდნენ, სადაც ამავე დასახელების სოფელი იყო. არსებული ცნობებით, ეს ტერიტორია ასკილის ბუჩქებით ყოფილა დაფარული (ასკილი ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია) და, ალბათ, სწორედ ამიტომ მიიღო ეს პოეტური დასახელება. მეცხრამეტე საუკუნის ტფილისის გეგმაზე ვარდისუბნის დასავლეთით დატანილი იყო უბანი, სახელწოდებით - „ახალი ჰოლანდია“. აქ უწინ ტავერნა „ახალი ჰოლანდია” არსებობდა და უბნის სახელიც აქედან მოდის. ვარდისუბანი ავლაბარშიც ყოფილა, რომლისთვისაც მოგვიანებით „ძაღლის უბანი“ შეურქმევიათ.

ვერეს ბაღი

ადრე ამ ტერიტორიაზე  ხეხილის ბაღები, ვენახები და ბოსტნები იყო გაშენებული ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ  ვერისუბნის დიდი ნაწილი დაიკავა, ეგზარქოსის თანხმობით, ქალაქის გამგეობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის გაშენება დაიწყო. ვერეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე შემორჩენილია დანიელ ჭონქაძისა და მისი მეუღლის, აგრეთვე, ლავრენტი არდაზიანისა და სხვათა საფლავები. საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წელს დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ ა. მაჭავარიანის პროექტით. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ბაღს ტრადიციული დასახელება დაუბრუნდა. ვერის ბაღში განისვენებენ ქართული ალპინიზმის ფუძემდებლები: ალიოშა, ალექსანდრე და სიმონ ჯაფარიძეები; დგას ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი და მერაბ კოსტავას ბიუსტი. ვერის ბაღშია ჭადრაკის სასახლე (არქიტექტორები: ვ. ალექსი-მესხიშვილი; გ. ღუდუშაური), რომელიც 1973 წელს აშენდა   ნაწილობრივ ამოვსებული გაბაანთხევის ადგილზე. ხევი მდებარეობდა ლურჯი მონასტრისა და ვერის ბაღს შორის. ვერე გაბაშვილების მამული იყო და ხევის სახელიც ამ გვართანაა დაკავშირებული, თუმცა, ლურჯი მონასტრის მიმდებარე მიწები ცნობილ მოგზაურ რაფიელ დანიბეგაშვილს, ხოლო ხევის გადაღმა ტერიტორია – მღვდელ გამდლიშვილს ეკუთვნოდა. 

ფილარმონია

თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის ადგილზე 1966 წლამდე საცხოვრებელი სახლი იდგა. სახლის წინ აღმართული იყო ცნობილი საათი და, როდესაც ვერელები და თბილისის სხვა მცხოვრებლები იტყოდნენ – „საათთან ვხვდებით,” ყველამ იცოდა, რომ იქ უნდა მისულიყო, აღარ კონკრეტდებოდა, რომელ საათთან. ეს სახლი ლავრენტი ბერიას პერიოდში აშენდა და მსგავსი არქიტექტურული შენობა დგას კოლმეურნეობის მოედანზე, კოშკის ფორმა რომ აქვს. ეს იყო ფსევდოქართული ელემენტების გამოყენებით აშენებული საცხოვრებელი სახლი. არანაირი კულტურული დატვირთვა ამ სახლს არ ჰქონდა და, დიდი საკონცერტო დარბაზის აშენების პარალელურად, მისი დემონტაჟი მოხდა. არქიტექტორ ივანე ჩხენკელის პროექტით აგებული ფილარმონია 1971 წელს გაიხსნა, შემდგომში რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ამჟამად 2 000 მაყურებელს იტევს. ფილარმონიის წინა ფასადს მერაბ ბერძენიშვილის ბრინჯაოს ქანდაკება – „მუზა” ამშვენებს.

მელიქიშვილის ქუჩა

პეტრე მელიქიშვილის ქუჩას წარსულში წყნეთის ქუჩა ეწოდებოდა და ის ამჟამინდელ მეცხრე საავადმყოფომდე გრძელდებოდა. ქუჩის გაფართოება მეოცე საუკუნის დაახლოებით 30-იან წლებში დაიწყო, ამჟამინდელი იერი მიიღო და მასზე ტრამვაის ხაზები გაიყვანეს. ტრამვაის მოძრაობა მელიქიშვილზე 1967 წელს გაუქმდა.  მელიქიშვილის გამზირზე მდებარეობდა თბილისში ტუბერკულოზის ინსტიტუტის პირველი შენობა, სადაც ამჟამად   განთავსებულია გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი. მელიქიშვილის გამზირზეა, ასევე, საბჭოთა პერიოდში აშენებული სასტუმრო „საქართველო”, რომლის მშენებლობაზე გერმანელი ტყვეები მუშაობდნენ. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: თ. კვირკველია „ძველთბილისური დასახელებანი” (გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1985).

 

скачать dle 11.3