რატომ აღარ უშვებენ ნინას თაყვანისმცემლები ქმრებს სტომატოლოგთან და როგორ აფასებს ის დათოს საქციელს
როგორ სასაცილოდ არ უნდა მოგეჩვენოთ, მთელი საქართველოსთვის შოკის მომგვრელი იყო დათოს მხრიდან ნინას ღალატის ამბავი. ამას წინათ „ფეისბუქში“ მანდილოსანი წერდა: საკუთარ პრობლემებზე იმდენს რომ ვნერვიულობდე, რამდენსაც „ჩემი ცოლის დაქალების” პრობლემებზე ვნერვიულობ, ჩემი საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდაო. მართლაც, კაცი თუ ქალი, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ამ სერიალის გმირების პრობლემებმა მოიცვა და საკუთარი დროებით დაავიწყა. ჩვენს ინტერვიუში ნინასთან, თინასთან და ლიკუნასთან ერთად ვისაუბრებთ.
– როგორ ხართ, გოგოებო? ლიკა ბავშვს ელოდება, ნინა – გაბრაზებულია, თინა – ყველას ჭკუას არიგებს...
მაკა ძაგანია (თინა): იცი, რა? მე მგონი, ნატაშკას ქმართან კონფლიქტის შემდეგ, თინამ გადაწყვიტა, რომ დიდად აღარ ჩაერიოს სხვის საქმეებში, თუმცა, არ გამოსდის და მაინც რაღაცეებს ამბობს ხანდახან.
– ხასიათს ვერ ერევა... იმ ვაჟბატონს, როგორ იგერიებ, სათვალიანი და მკაცრი ნაშები რომ ევასება?
– ვერსკის? ვიგერიებ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ თავი ავარიდო, მაგრამ, არ გამომდის.
– როგორ გგონია, ამჯერად იპოვა შენმა გმირმა ოცნების მამაკაცი?
– არა მგონია, რომ ოცნების მამაკაცი იპოვა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ეგ არ ჩანს.
ეკა ამირეჯიბი (ლიკუნა): არ მოგწონს ლაშა?
მაკა: როგორ არ მომწონს, მომწონს, თუმცა, ჯერჯერობით ისეთ კონდიციამდე არა ვართ, რომ ჩემი ოცნების მამაკაცი ვუწოდო. კი, სიმპათიები მაქვს, მაგრამ...
ეკა: რომ ჰკითხო, ძალიან წესიერი ქალია თინა. არადა, აბა, გადათვალე, უკვე მერამდენე მამაკაცია ლაშა!
ანა ტყებუჩავა (ნინა): მე მგონია, თინა, არც ხარ შენ ისეთი ქალი, რომ ოცნების მამაკაცის გჯეროდეს.
მაკა: ჰო, ალბათ, არც სჯერა თინას მაგ ყველაფრის, მაგრამ, მოსწონს ლაშა, კარგად გრძნობს თავს ამ ადამიანთან ერთად და მისთვის ეს ჯერჯერობით აბსოლუტურად საკმარისია.
– ანა, ნინას დღევანდელი გადასახედიდან რას ეტყვი იმ ადამიანებს, ვისაც სჯერათ, რომ ოცნების მამაკაცი არსებობს? შენი ოცნებები ისევ ისეთი აღმატებულია, თუ დედამიწაზე სიარული გასწავლა ცხოვრებამ?
– მე მჯერა, რომ არსებობს ასეთი...
– დათო არის ასეთი?
– ყოველ შემთხვევაში, დათო იყო ასეთი. ასე მეგონა, რომ იყო, მაგრამ, ახლა უკვე არაფერი აღარ ვიცი.
– ახლა როგორ გააგრძელებთ ცხოვრებას შენ და დათო, აპატიებ, თუ ვერა?
– ამაზე ლაპარაკი ადრეა. არ ვიცი.
– ბავშვები ვისთან არიან?
– ცოტ-ცოტა ყველასთან. მამასთანაც იქნებიან და ჩემთანაც.
– ჯერჯერობით ასე ცხოვრებას აპირებთ?
– ჰო.
– შენს დედამთილს რომ გული გაუსკდეს, არ გეშინია?
მაკა: ოდესმე ხომ უნდა მორჩეს საქართველოში ფიქრი დედამთილზე, მამამთილზე, მეზობელზე და დადგეს დრო, რომ ვიფიქროთ საკუთარ თავებზე?!
ანა: დედამთილის აზრი ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია.
– ჩემი გადასახედიდან, ლიკას საუკეთესო დედამთილი ჰყავს.
ეკა: მე მყავს ფანტასტიკური დედამთილი, რომელიც კეფირს არ მაკლებს, სულ ხელისგულზე მატარებს. არაჩვეულებრივ ოჯახში შევედი, ტუზი დამეცა.
– ცოტა თავისებური ხასიათი აქვს შენს მეუღლეს, მაგრამ, მე მგონი, იპოვა ის საქმე, რაც მართლა მისი იყო.
– კი, რა თქმა უნდა. ახლა ხურცილავა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, როდესაც რეალიზებულად გრძნობს თავს და კმაყოფილია.
– სამაგალითო მეუღლე ხარ, დღე-დღეზე ბავშვს ელოდები და ამ მომენტშიც კი გვერდში უდგახარ.
– კონცერტს არ ვაცდენ. ხომ იცი, რომ კითხულობენ, თურმე: რა არის, რას მიეთრევა ეს ლიკუნა ყოველ კონცერტზე, ტორტივით რომ უზის თავის ქმარსო. ჩემს ქმარს წარმატებული პერიოდი დაეწყო და ჩემი გვერდში ყოფნა აუცილებელია ამ დროს.
– ყველა გაგებით, არა?
– რა თქმა უნდა.
– აი, ნინა უშვებდა მარტოს სტომატოლოგთან და, რაც მიიღო, ვხედავთ.
ანა: იცით, რა არის? თუ ქმარს უნდა ღალატი, სტომატოლოგთანაც გიღალატებს, მეზობელთანაც და პურის რიგშიცო, – ამბობენ. მე არ ვიცი, როგორ არ უნდა შევუწყო ხელი, ან, როგორ შევუშალო, ანუ, როგორ მოვიქცე ისე, რომ მას არ გაუჩნდეს ამგვარი საქციელის ჩადენის სურვილი და აზრი.
ეკა: ხომ იცით, „ფეისბუქზე“ რას წერენ, თურმე?! ქმრებს კბილები სულ რომ დასძვრეთ, სტომატოლოგებთან არ გავუშვებთო.
– ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ძალიან არ უნდოდა დათოს ღალატი, მაგრამ, თავს ვერ მოერია.
– გააუპატიურეს თუ რა ქნეს?!
ანა: დათოს შემთხვევაში, მე რასაც ვუყურებ, ისე მოხდა, რომ ძალიან არასერიოზულად აღიქმება მისი ღალატი. ისე იქცევა, როგორც 16 წლის ბიჭი. ეს უფრო დამამცირებელია. ზოგადად, პიროვნება გახდა რაღაც ძალიან დაბალი დონის, თორემ, შეიძლება, მამაკაცს რაღაც პრობლემა გაუჩნდეს – შესაძლოა, რაღაცის გადამოწმების მიზნით... ან, ვიღაცამ ძალიან შეაწუხოს... ეს ძალიან ცუდია, მაგრამ, შეიძლება, რაღაცნაირი თავისებური გამართლება მაინც ჰქონდეს ამას. ამ შემთხვევაში მარტო ღალატზე არაა საუბარი, მე აღარ მომწონს ისეთი ადამიანი, როგორიც გახდა დათო, აღარ მომწონს მისი აზროვნება... ეგეთი კაცი ჩემი ოცნების მამაკაცი ვეღარ იქნება. ძალიან კონკრეტული გადაწყვეტილება მივღე – აღარ ვიქნებით ერთად!
– გიწონებენ შენი დაქალები ამ გადაწყვეტილებას?
– ჩემი დაქალები იმას იწონებენ, რომ მე ვიყო ნორმალურად და ეს იყოს სიმართლეზე დამყარებული ურთიერთობები.
ეკა: ასეა. ჩვენ პროგრესულად მოაზროვნე სადაქალო ვართ. პირველ ყოვლისა, მოვიწონებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება ჩვენს მეგობარს და არ მივეკუთვნებით იმ ქალების კატეგორიას, რომლებიც მსხვერპლად ეწირებიან რაღაცეებს და ვიღაცეებს – მეზობელმა არ თქვას რაღაც და მეზობლის ბებიამ კიდევ...
– არადა, ძალიან გული კი დაგვწყდა...
თინა: სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო, – ეს ჩემს გმირს არ უნდა ეთქვა ახლა, მაგრამ... ზოგჯერ ჯობია, დაანგრიო ოჯახი, იმიტომ, რომ ასე უკეთესი იქნება შენთვისაც და შენი შვილებისთვისაც; უფრო სრულფასოვანი შეიძლება იყო ამ დროს.
– ქართველი მამაკაცების უმრავლესობას, ღალატად ის მიაჩნია, თუ ქმარს საყვარელი ჰყავს, მაგრამ, თუ ერთი-ორჯერ ექნება ვიღაცასთან შემთხვევითი სექსუალური კავშირი, თურმე, ეს ღალატი არ არის.
ეკა: მაგ მამაკაცებს მოკითხვას გადავცემთ!
ანა: მოვიკითხოთ ეგეთი მამაკაცები თავიანთ ნაშებთან ერთად. მე ვუსურვებ მათ, რომ ზუსტად ეგეთი ცოლები ჰყავდეთ, როგორებიც თვითონ არიან.
მაკა: აბსოლუტურად თანაბარი უფლებები აქვთ ქალსაც და კაცსაც და, თუკი კაცს შეუძლია ამის გაკეთება, მაშინ, ქალმაც იგივე უნდა გაუკეთოს, რომ მიხვდეს, საკუთარ ტყავზე გამოსცადოს, როგორია ღალატი.
– ტყავზე თუ რქაზე?
– რა მნიშვნელობა აქვს.
ანა: ყველა თავის არჩევანს აკეთებს: ვიღაცას, მოსწონს, რომ მისი ქმარი რაღაცაზეა დამოკიდებული, ვიღაცას – რომ მისი ქმარი თამაშობს.
ეკა: ვიღაცისთვის მთავარია, თვითონ არ გაიგოს და, ისე, სადაც უნდა, იქ იაროს მისმა ქმარმა.
ანა: ვიღაცისთვის მთავარია, რომ არ მოაკლდეს არაფერი, ვიღაცა შვილის გამო რჩება, ვიღაცას გამოსავალი არ აქვს... ყველას არჩევანსა და გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. ამ შემთხვევაში მე ვიღებ ასეთ გადაწყვეტილებას: მე არ შემიძლია, ვაპატიო და ვიცხოვრო ჩვეულებრივად. პატიება რომ შემეძლოს, რატომ დავანგრევდი ოჯახს?!
– როგორც ვხედავ, ნინას, თინას და ლიკას რეალობაშიც პრობლემებით ცხოვრება გიწევთ, როგორც ამ ინტერვიუში.
ეკა: ძალიან ხშირად მაყურებელს ეშლება რეალური ცხოვრება და კინო. მაყურებელი ხანდახან ზედმეტად პირდაპირ იღებს ყველაფერს და ავიწყდება რაღაც ზღვრის გავლება. ისე, ჩვენ არ ვემდურით მაყურებელს, გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რეიტინგი გვაქვს. „ჩემი ცოლის დაქალები” მართლა ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად აღიარა ყველამ.