როგორ უმკლავდება ალინა არველაძე ცხოვრებაში არცთუ ისე მხიარულ პერიოდს და ვინ მოელოდა მისგან სარგებელს
„იმედის“ არხზე რამდენიმე გადაცემის პროდიუსერ ალინა არველაძეს, კიდევ უამრავი პროექტის იდეა ჰქონდა, რომელთა განხორციელებასაც გეგმავდა. თუმცა, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, არხზე მდგომარეობაც რადიკალურად შეიცვალა. არხის იმჟამინდელმა გენერალურმა დირექტორმა და ალინას მეუღლემ, გიორგი არველაძემ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს კარი ფართოდ გაუღო და ტელეკომპანია დატოვა. ალინა თბილისის „მოდის კვირეულის“ ერთ-ერთ ჩვენებაზე შემხვდა და თუ ადრე ინტერვიუებს ყოველთვის გაურბოდა და უარს ამბობდა, ამ შემთხვევაში, ხალისიანად დამთანხმდა.
– თიკოსთანაც (სადუნიშვილთან) იგივე შეკითხვით დავიწყე საუბარი, რადგან ორივე მოდის კვირეულზე შემხვდით. როგორი განწყობაა, როდესაც ათეულობით მოსაწვევის ნაცვლად, სულ რამდენიმე ჩვენებაზე ხართ დაპატიჟებული?
– ეს ძალიან ლოგიკური – არც გასაკვირია და სხვას არც არაფერს მოველოდი. ხშირად ხალხს ამნეზია ემართება და რაც ადრე დასაფასებელი იყო, ახლა თითქოს მნიშვნელობა აღარ აქვს, ან უფრო მეტიც, სირცხვილია. მაგრამ, ეს ოდნავაც არ მწყინს. დიდი ამბიციებით არასდროს გამოვირჩეოდი და სულ არ მქონია იმის ილუზია, რომ რაღაცეები ხალხს ათი წლის განმავლობაში უნდა ახსოვდეს და თუ ვინმესთვის რამე გამიკეთებია, ამისთვის მთელი ცხოვრება მადლობლები უნდა იყვნენ. ყველამ ისე უნდა იცხოვროს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს, ჩემთვის ყველაფერი მისაღებია. ვინც მიყვარდა, დღემდე მიყვარს და ვისგანაც შესაძლოა, რამე მწყენოდა, მათთან ზუსტად ისეთივე ურთიერთობა მაქვს – არაფერი შეცვლილა.
– როცა ცხოვრებაში რაღაცეები იცვლება, მეგობრები თუ რჩებიან? მით უმეტეს, რომ შენ საქართველოში ბავშვობის მეგობრები არ გყოლია და მეტ-ნაკლებად, ახალშეძენილებად შეიძლება ჩაითვალონ.
– შემიძლია თამამად ვთქვა, რომ გამიმართლა. ვინც ახლოს მყავდა და ვინც ჩემთვის ძვირფასი იყო, ისევ ჩემ გვერდით არიან. ახლა უფრო ახლოს ვარ მათთან, რადგან მეტი თავისუფალი დრო მაქვს. ხშირად ვართ ერთად და ამ პირობებში უფრო დავუახლოვდით ერთმანეთს. თუმცა, ვიცი, ბევრი შემთხვევა, როცა ყოფილა იმედგაცრუების ფაქტი. მაგალითად, ჩემს ქმარს ეს იმედგაცრუება უფრო მეტი ჰქონდა. მე, როგორც ქალმა, ინტუიციის წყალობით, იმდენად ბევრი ხალხი არ შემომიკრებია. გვერდით არ მყოლია ისეთები, ჩემგან მხოლოდ სარგებელს რომ მოელოდნენ. ვინც მეგობრად მიმაჩნდა და ვისაც ამ სახელს ვარქმევდი, ყველა ახლოს მყავს ახლაც.
– ანუ, გაგიმართლა.
– მართლა გამიმართლა მეგობრებში.
– ახლა რას აკეთებ?
– ოჯახში დავბრუნდი (იცინის). ვდიასახლისობ. მაგრამ, ალბათ, ესეც დროებითია. ტელევიზიებზე ნაკლებად ვფიქრობ, ალბათ, უფრო კერძო ბიზნესს დავიწყებ. მაგრამ, ჯერ ზუსტად არ მომიფიქრებია, კონკრეტულად, რა მიმართულებით წავალთ.
– როგორ ხედავ ახლანდელ პროექტებს, რა მოლოდინები გაქვს იმ პროექტებთან დაკავშირებით, შენ რომ აკეთებდი?
– მიხარია ის ფაქტი, რომ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ გაგრძელდება ახალ სატელევიზიო სეზონზეც. მგონია, რომ თუ სწორად გაკეთდება, კიდევ არაერთი სეზონის განმავლობაში ექნება რეიტინგი. მაყურებლისთვის ნაკლებად საინტერესოა ალინა გააკეთებს, პეტო თუ ლაშა... მისთვის მთავარია, კარგი საყურებელი იყოს. რაც შეეხება ახალ პროექტებს, რასაც თვალი მოვკარი, სიმართლე გითხრა, დიდად არ მომწონს. ცოტა უფრო დაბალი დონე მეჩვენება ამ არხზე, ვიდრე რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო. არ ვიცი, მაგრამ დეტალურად ახალი პროექტების ანალიზს ვერ გავაკეთებ, რადგან არ ჩავღრმავებივარ ამ თემას. რაც ვნახე, არაფრით გავგიჟებულვარ.
– ტელევიზიაზე რატომ აღარ ფიქრობ?
– საქართველოში ახლა ისეთი სიტუაციაა, ადამიანის პროფესიონალიზმი იმაზე ნაკლებად აინტერესებთ, ვიდრე მისი პოლიტიკური შეხედულება. ახლა ამის გამო არც აზროვნებაში, არც დამოკიდებულებებში არაფერს შევცვლი, ეს გამორიცხულია. არც „ფეისბუქზე“ ვაპირებ მოჩვენებითი რაღაცეების კეთებას, როგორც ამას ბევრი აკეთებს. არც გავაკეთებ და არც გამომივა. ამიტომ, მომიწევს, ამ სფეროსგან თავი შორს დავიჭირო.
– ახლა, ალბათ, მეუღლისთვის შენი გვერდში დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია...
– არ დაგიმალავთ, რომ ახლა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მხიარული პერიოდი ნამდვილად არ არის. რა თქმა უნდა, მისი ერთგული დავრჩი და ვიქნები ყოველთვის, სხვანაირად არც წარმომიდგენია. ჩემთვის არასდროს ყოფილა პრიორიტეტი არც ფინანსური მდგომარეობა, არც სოციალური სტატუსი და ძალაუფლება. ვინც მიცნობს, ამას აუცილებლად დაგიდასტურებთ. საკმაოდ უბრალო ვარ ამ მხრივ და დროებითი მდგომარეობა ნაკლებად მაწუხებს. მის გვერდში ვარ.
– ბევრი ჭორი გავრცელდა, რომ საქართველო დატოვე, სამშობლოში დაბრუნდი...
– პირიქით, სულ საქართველოში ვარ და უფრო ნაკლები სიხშირით გავდივარ თბილისიდან, ვიდრე ადრე. არ ვიცი, ეს ჭორები საიდან წამოვიდა. სულ ვფიქრობ იმაზე, რა გავაკეთო, რა საქმიანობას მოვკიდო ხელი. მილიონი იდეაა, რომლთაგან ერთს აუცილებლად განვახორციელებ.
– შენს მეუღლეს კომპანია ჰქონდა, რომელიც ფილმის გადაღებას გეგმავდა, იყო კავშირები ოსკაროსან რეჟისორ ჰაზანავიჩუსთან. ამ მიმართულებითაც შეწყდა საქმიანობა?
– დიდი ხანია, ამ თემებზე არ გვილაპარაკია. რამე რომ ხდებოდეს, აუცილებლად მეცოდინებოდა. შემოქმედებითი პროცესები გაჩერებულია.