სოსო პავლიაშვილის ბავშვობის მეგობრის მკვლელობაში მისი დის ქმარს ედება ბრალი
ხუთი თვის წინ, 23 ნოემბერს თბილისში მკვლელობა მოხდა. ზაზიაშვილის ქუჩაზე „ML-ის ჯიპის“ მარკის ავტომობილის უკანა სავარძელზე გარდაცვლილი იპოვეს. მოკლული 45 წლის ბიზნესმენი, ავთანდილ ადუაშვილია. როგორც თვითმხილველებმა აღნიშნეს, ის სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს ზაზიაშვილის ქუჩაზე და დატოვეს, რადგან სროლის ხმა იქ არავის გაუგონია. ყველა საინფორმაციო საშუალებით (სოციალური ქსელის, ტელევიზიებისა და პრესის) გავრცელდა სკანდალური ინფორმაცია, რომ მკვლელობის უკან, რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, სოსო პავლიაშვილი დგას. ავთანდილ ადუაშვილი პავლიაშვილის ძალიან ახლო, ბავშვობის მეგობარი, მეჯვარე და შვილის ნათლია იყო. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულნი არიან: ვახტანგ ჩხაპელია მომღერლის დის, მაკა პავლიაშვილის ქმარი, გელა უბილავა, კობა ყურუა, ვლადიმერ ქარჩავა. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის საფუძველზე აქვთ წაყენებული (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) ასევე, ბრალდებულნი არიან: რამაზ ქარჩავა, მურთაზ გერგაია, თეიმურაზ ქობალია. მათ ბრალი სსკ 376-ე მუხლის საფუძველზე ედებათ (დანაშაულის შეუტყობინებლობა). ჩვენ, არ დავიწყებთ იმის გადაჭრით მტკიცებას, რომ მკვლელობა სწორედ სოსო პავლიაშვილის დაკვეთით მოხდა, მით უმეტეს, რომ გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მოკლულის, ასევე ახლო მეგობრებთან. (სასამართლო პროცესის დასრულებამდე, პიროვნებებმა, რომლებმაც მოგვცეს ინტერვიუ, გვთხოვეს, ინკოგნიტოდ დარჩენა გარკვეული მიზეზების გამო. სრულ ინფორმაციას უახლოეს ნომერში მოგაწვდით). გთავაზობთ ამონარიდს ვახტანგ ჩხაპელიას აღიარებითი ჩვენების ოქმიდან და სოსო პავლიაშვილის ერთი წლის წინ რუსეთის არხზე გადაცემა ლჭ მèíîð-ისთვის მიცემული ინტერვიუდან (იმას, რასაც ინტერვიუში მოკლულის მეგობრები ამბობენ, სასამართლოზეც აპირებენ გაიმეორონ, როდესაც მოწმის სტატუსით იქნებიან დაბარებულები). ჩვენ შევეცადეთ, დავკავშირებოდით სოსო პავლიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს. თუმცა, ისინი აღარც სატელეფონო ზარს და არც მეილს და „ფეისბუქზე“ გაგზავნილ კითხვებს პასუხობენ. საზოგადოებისთვის კი სოსო პავლიაშვილის პოზიცია უკვე ცნობილია, ისევ და ისევ საინფორმაციო საშუალებებით.
– უპირველესად, გმადლობთ, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. მოდი, სოსოს და ავთოს ბავშვობიდან, მათი დამეგობრებიდან დავიწყოთ.
– ავთო და სოსო ხუდადოვზე, იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ, ერთი კედელი ყოფდათ, იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ (სოსო ავთოზე ორი წლით უფროსია – ავტორი) ავთოს ოჯახი ფინანსურად ყოველთვის ძლიერი იყო – ძალიან თბილი მოსიყვარულე ოჯახია. ავთო თუ შეამჩნევდა, რომელიმე ჩვენგანს პრობლემა ჰქონდა, არ ჭირდებოდა თქმა, ეგრევე გეხმარებოდა. ყოველთვის ეხმარებოდა სოსოს და სოსოს ოჯახს. პავლიაშვილების და ადუაშვილების ოჯახების ერთად ყოფნა, ჩვეულებრივი ამბავი იყო, იმიტომ რომ, მშობლებიც მეგობრობდნენ. წარმოიდგინეთ ახლა, ნახალოვკაში იზრდება ბიჭი, რომელიც ვიოლინოზე დადის... ხშირი იყო შემთხვევა, როცა სოსოს აჩერებდნენ და აკვრევინებდნენ არადა, პატარა ბიჭი კი არ იყო, ეს ის პერიოდია, კონსერვატორიაში რომ სწავლობდა. იქ ავთო რომ არ ყოფილიყო და კიდევ ერთი-ორი კაცი – ავთოს მეგობრები, სოსო სულ ამ მდგომარეობაში იქნებოდა. არ იფიქროთ, რომ ავთო იყო კრიმინალური ავტორიტეტი. ავთო იყო უნიკალური ბიჭი, კომაროვი ჰქონდა დამთავრებული, მაგარი თავის პატრონი იყო, გახსნილი გონების. მე რომ რაღაცაზე სამი დღე დამჭირდებოდა ფიქრი, ის სამ წამში დადებდა სწორ პასუხს იმ თემაზე. უნიჭიერესი იყო და ძალიან სწორად ცხოვრობდა. ავთოს ვერაფერს გაუბედავდი, მასთან ვერც იკამათებდი, შანსი გქონდა ნული. ის თავის სიმართლეს არავის დაუთმობდა, უსამართლოდ არ მოექცეოდა არავის.
– ამბობენ, სოსო პავლიაშვილი ავთო ადუაშვილის წყალობით გახდა ის, რაც დღეს არის, რომ თუკი რამე გააჩნია მეგობრის დამსახურებააო.
– ყოველ შემთხვევაში დიდი ნაწილი. ავთოს ამოცანა ყოველთვის იყო სოსო კარგი მუსიკოსი გამხდარიყო, რადგან მასში ხედავდა ნიჭს. სოსო ჯარში რომ წავიდა, თვითონ 17 წლის ბიჭმა ბალტიისპირეთში ჩააკითხა და სთხოვა ბატალიონის მეთაურს, თქვენ არ იცით, ეს როგორი მუსიკოსია, მის თითებს მოფრთხილება სჭირდებაო და სხვაგან გადააყვანინა. მოუგვარა საქმე, მისთვის მუსიკალური ჯგუფი ჩაებარებინათ. აი, ამ დონეზე უყვარდა და ზრუნავდა. მერე კიდევ რამდენჯერმე ჩააკითხა, იქ უკვე მღეროდა სოსო – თავისი ანსამბლი ჰყავდა. იურმალაში რომ წავიდა, მაშინაც ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დაეხმარა. არა მარტო სოსო, სოსოს მხარდამჭერი ჯგუფებიც, პირადად ავთოს მამის ნაყიდი ბილეთებით წავიდნენ. ავთო სოსოსთვის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მფარველი ანგელოზი იყო. რუსეთში ასეთი ადვილი არ არის ფეხი მოიკიდო, ათი პანაროვსკაიაც რომ ჰყოლოდა. იმ მომენტში აუცილებელი იყო კონტაქტების დამყარება, რაც სოსოს არ ჰქონდა და ამაშიც ავთოს წვლილი დიდია.
– ესე იგი, ავთო არა მხოლოდ ფინანსურად, ყოველმხრივ გვერდში ედგა მეგობარს?
– მოსკოვში სოსოს შეექმნა პრობლემები. გამოსაქცევად ჰქონდა საქმე, როცა ავთოს სთხოვა დახმარება. მისმა ბისზნეს-პარტნიორებმა დიდი თანხა გაფლანგეს და პრეტენზიორებს სოსო შეატოვეს. მაშინ სოსოს საკმაოდ სერიოზული ხალხი სთხოვდა პასუხს, მათ შორის კრიმინალებიც. ავთომ ეს თემაც დაულაგა, ბინის საკითხიც გადაუწყვიტა – ფაქტობრივად „აჩუქა” მოსკოვის ცენტრში სამოთახიანი ბინა. ყველა თავის ნაცნობს მოსკოვში ტვინს უჭამდა – ნიჭიერი ქართველია, ჩემი ძმაა და დაეხმარეთო. მისი ხათრით ცნობილმა ავტორიტეტმა მირონ მამედოვმა, სოსოს იმ დროისთვის საბჭოთა კავშირში საუკეთესო ხმის ჩამწერი სტუდია აჩუქა. თბილისშიც, კონცერტების ორგანიზაციულ მხარეს ავთო უგვარებდა.
– მართალია, რომ ავთო ძმაკაცის, სიყვარულით, სოსოს დის ოჯახსაც ეხმარებოდა – სიძეს, ვახო ჩხაპელიას, რომელიც დღეს ბრალდებულის სკამზე ზის, როგორც ავთოს მკვლელების დამქირავებელი?
– ვახო დაიბადა „შნირად”. მის დასახასიათებლად სხვა სიტყვას ვერ გამოვიყენებ. რუსეთში რომ ჰყავდა სოსოს, იქაც „შნირი” იყო – ეს მოიტანე, ის მოიტანე, იქ წაიღე... ავთო სოსოს და მაკას სიყვარულით სცემდა პატივს ვახოს. წლების განმავლობაში საჭმლის ფულს ავთო აძლევდა. ვახო ლტოლვილი იყო აფხაზეთიდან, ბინა არ ჰქონდა. ერთ დღესაც ავთოსთან წაიწუწუნა: სოსო ხომ კაცი არაა, ეს რა მიქნა, შვიდი ათასი მაკლდებოდა ბინის საყიდლად და არ გამომიგზავნაო. ავთომ რა გატირებს, არა აქვს ეტყობა ბიჭს და ვერ გამოგიგზავნა, მე მოგცემო და მისცა ის შვიდი ათასი. მოკლედ, დაასახლა – ერთი მოსკოვში, მეორე თბილისში. საერთოდ, ავთოს ბავშვობაშიც, ფული სულ ჰქონდა იმაზე მეტი, რაც ჩვეულებრივ, ჩვენ ყველას. გვეტყოდა: ჰა, გიდევს ფული? თუ ეჭვი შეეპარებოდა, ძალით ჩაგიტენიდა ჯიბეში. ავთო იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი, ომგამოვლილი ბიჭი, რომელიც ყოველთვის უანგაროდ ედგა გვერდში, თუ ვინმეს გაუჭირდებოდა. ავთომ, ვახოს ცოლ-შვილი უსაფრთხოდ რომ გამოეშვა დაცემული სოხუმიდან, ასაფრენად გამზადებული თვითმფრინავი ერთი საათით გააჩერა. დასვა და გამოაფრინა.
– იმ მომენტში, როგორც კი ეს ამბავი გაიგეთ, რა იფიქრეთ, ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა?
– ავთო მორგში ვნახე, იმდენჯერ აქვს დანა დარტყმული და იმდენი ტყვია მოხვედრილი, ლოგიკურია, იფიქრო, რომ ეს უეჭველად შეკვეთილი მკვლელობაა. შეკვეთა კი, ხდება რა მოტივით? ან ქალი უნდა იყოს მიზეზი, ან პოლიტიკა, ან ფული. ქალის ამბავი გამორიცხულია. იმდენად ლამაზი და სუფთა ურთიერთობა ჰქონდა ყველასთან. მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მტერი ჰყოლოდა გამორიცხულია – გვეცოდინებოდა. პოლიტიკაში არ იყო, დარჩა ერთადერთი – ფული. ბიზნესურთიერთობა კი ვისთანაც ჰქონდა ავთოს, ეს იყო სოსო, რომელიც პერიოდულად აძლევდა მას თავის კუთვნილ, საკმაოდ, სოლიდურ თანხებს, რისთვისაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ ერევანსა და კიევში.
ვერაფერს ვამტკიცებ, მაგრამ ეჭვი უფრო გაღრმავდა მას შემდეგ, რაც „საუკეთესო მეგობრის“ დასაფლავებაზე არ ჩამოვიდა ერევნიდან, სადაც იმ დღეებში იმყოფებოდა.
– სოსომ რუსულ მედიას მისცა ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ ავთოს ჰყავდა მტრები და ცხოვრობდა შიშით.
– მტკნარი სიცრუეა. ავთოს ჰყავდა უამრავი მეგობარი და ცხოვრობდა სიყვარულით. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იყო ძალიან მხიარული და სიცოცხლით სავსე.
– ჩხაპელიას ჩვენება: „მე სოსოს ვუთხარი, მაგას დაუსჯელობის სინდრომი აქვს, მეც არაერთხელ მაჩვენა თავისი იარაღი. ამიტომ, ეგ უნდა დავსაჯოთ და ბოლოს და ბოლოს ჭკუაზე მოვიდეს-მეთქი. მე ეს სოსოს ვუთხარი 2012 წლის ივნისში თურქეთში დასასვენებლად ყოფნისას. სოსო ამაზე დამთანხმდა, ყოველ შემთხვევაში, წინააღმდეგობა არ გაუწევია. ეს საუბარი შედგა უშუალოდ ჩემსა და სოსოს შორის. სოსომ მაშინ მითხრა, თუ ავთო ცოტა ჭკუაზე არ მოვიდა, მართლაც რაღაც უნდა მოვიფიქროთო. მე ვუთხარი, რომ ავთოს დასჯას და ჭკუაზე მოყვანას მე მივხედავდი. ანტონ (იგივე ავთო) ადუაშვილის დასჯასთან დაკავშირებული საუბრები ჩემსა და სოსოს შორის სხვადასხვა შეხვედრის დროს ისევე გრძელდებოდა. მე ანტონის დასჯაში ვგულისხმობდი ფიზიკურ გასწორებას, მის ცემას. დიდი ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე, მენახა ისეთი პიროვნება, ვინც შეძლებდა ანტონ ადუაშვილის ფიზიკურად ცემას, ასე ვთქვათ, დაინვალიდებას, გონების დაკარგვამდე ცემას. აღნიშნულის განსახორციელებლად, მე გადავწყვიტე, მენახა სანდო პიროვნება” („გურია ნიუსი” 2013. 6. 04)
– ამ ჩვენებას სოსო ეჭვის ქვეშ აყენებს, როგორც სოციალური ქსელებიდან გავიგე. თქვენ რას იტყვით?