კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ყველაზე მდიდარი ევროპაში და რამდენი მილიარდი დოლარი იზარალა ფრანგმა ბერნარ არნომ

ამერიკულმა ჟურნალმა „ფორბსმა” გლობალური მილიარდერების 2013 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგის თანახმად, მილიარდერთა რაოდენობამ პლანეტაზე სარეკორდო ციფრს მიაღწია – 1 426 მილიარდერი, რაც 16 პროცენტით მეტია გასული წლის რეიტინგთან შედარებით. მილიარდერთა საერთო კაპიტალი 5,4 ტრილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წელს – შარშან თანხა 4,6 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. ყველაზე მეტი მილიარდერი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს; მეორე ადგილზეა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი, ხოლო მესამე ადგილზე ევროპელი მილიარდერები არიან. რეიტინგის კიდევ ერთი მოულოდნელობაა პირველ სამეულში უორენ ბაფეტის არმოხვედრა – ცნობილი ფინანსისტი მეოთხე პოზიციამდე დაქვეითდა, რაც ბოლო ათწლეულში პირველად დაფიქსირდა.

 

N1 – კარლოს სლიმ ელუ (მექსიკა); კაპიტალი: 73 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ტელეკომუნიკაცია

მექსიკელმა კარლოს სლიმმა ზედიზედ მეოთხედ შეინარჩუნა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტული. მისი კაპიტალი წინა წელთან შედარებით 4 მილიარდი დოლარით გაიზარდა. სატელეკომუნიკაციო სფეროს გარდა, 73 წლის მილიარდერი ჩართულია ნახშირმომპოვებელ ბიზნესში, საბანკო სექტორში, უძრავ ქონებასა და თამბაქოს ბიზნესში; იგი, ასევე, ფლობს გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსის” აქციების გარკვეულ ნაწილს. გასულ წელს სლიმ ელუმ  საფეხბურთო კლუბები შეიძინა: მექსიკური „ლეონი” და „პაჩუკა” და ესპანური „რეალ ოვიედო”. ტრადიციულად  მექსიკელი მაგნატი დიდ დროს უთმობს ქველმოქმედებასა და თავის ფონდებს: „კარლოს სლიმსა“ და „ტელმექსს”. მისი მიზანია ქველმოქმედება ადამიანური შესაძლებლობების განვითარებისთვის და არა მოთხოვნილებების უზრუნველსაყოფად. 

N2 – ბილ გეითსი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 67 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „მაიკროსოფტი”

 ბილ  გეითსი განაგრძობს 200 მილიონი დოლარის დახარჯვას პოლიომიელიტის დაავადების საბოლოოდ დასამარცხებლად. მისი გათვლით, 2020 წლისთვის პლანეტაზე 8 მილიონი ადამიანის გადარჩენა მოხერხდება. გარდა ამისა, გეითსს ახალი მიზანი აქვს – სოფლის მეურნეობის განვითარება და, ამ მიზნით, წვრილი ფერმერების დახმარებაზე დახარჯულია 2 მილიარდი დოლარი. „მაიკროსოფტის“ აქციების ფასის ზრდამ გამოიწვია მისი ქონების გაზრდა 6 მილიარდით. დანარჩენი აქტივები გადანაწილებულია სხვადასხვა კერძო კომპანიაზე, მაგალითად, „ეკოლაბზე” და მექსიკურ ტელე-რადიოკომპანია „ტელევისაზე”. წელს გეითსმა კიდევ ერთ პროექტს მოჰკიდა ხელი – ის დაიწყებს უფასო მედიკამენტების დარიგებას ღარიბ სახელმწიფოებში.

N3 – ამანსიო ორტეგა (ესპანეთი); კაპიტალი: 57  მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ზარა“

„ფორბსის” ახალი რეიტინგი ყველაზე წარმატებული ესპანელი ამანსიო ორტეგასთვის გამოდგა, რადგან, მან დაიკავა მესამე ადგილი რეიტინგში, ჩამოაგდო უორენ ბაფეტი და, ასევე, ფრანგ ბერნარ არნოს ჩამოართვა ყველაზე მდიდარი ევროპელის სტატუსი. ორტეგა ფლობს კომპანია „ინდიტექსის” აქციათა 59 პროცენტს და, ასევე, უძრავ ქონებას მაიამიში, მადრიდსა და სხვაგან. „ზარასა” და „ბერშკას” ბრენდების ფუძემდებლის ბიზნესმა საქართველომდეც ჩამოაღწია, სადაც უკვე გაიხსნა ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი. 

N4 – უორენ ბაფეტი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 53,5 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ბერკშირ ჰეთუეი”

მიუხედავად იმისა, რომ ბაფეტის ქონება წინა წელთან შედარებით გაიზარდა, მან მაინც „მოახერხა“ მილიარდერების სამეულში ადგილის დაკარგვა. 2000 წლიდან ბაფეტი პირველად დაქვეითდა მეოთხე პოზიციამდე. „ომაჰელ ორაკულს” არც წელს დაუსახელებია თავისი სავარაუდო შემცვლელის ვინაობა კომპანიის მეთაურის თანამდებობაზე. შარშან ბაფეტი ბარაკ ობამას საარჩევნო კამპანიაში იყო ჩართული, ხოლო ქველმოქმედებაზე დახარჯულმა თანხამ უკვე გადააბიჯა 20-მილიარდიან ნიშნულს.

N5 – ლარი ელისონი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 43 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ორაკლი“

შარშანდელთან შედარებით, ლარი ელისონის კაპიტალი 7 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც „ორაკლის” აქციების ფასის ზრდამ განაპირობა. გასულ წელს ელისონმა 500 მილიონ დოლარად ჰავაის კუნძულებიდან ერთ-ერთი შეიძინა, სადაც ფეშენებელური სასტუმროები და პერსონალური აგარაკები აქვს. 

N6 – ჩარლზ კოხი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 34 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები

N7 – დევიდ კოხი (ამერიკის შეერთებული შტატები); კაპიტალი: 34 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ძმები, ჩარლზ და დევიდ კოხები, ამერიკაში სიდიდით მეორე კერძო კომპანიის – „კოხ ინდასტრისის” მფლობელები არიან. გასულ წელთან შედარებით მათმა მოგებამ 9 მილიარდი დოლარით მეტი შეადგინა, ხოლო სულ ბიზნესიმპერიის შემოსავალმა 115 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. „კოხ ინდასტრისი” მრავალფეროვანი კომპანიაა, რომელიც ჩართულია, როგორც ნავთობსადენების მშენებელ და ნავთობგადამამუშავებელ ბიზნესებში, ასევე, პირსახოცების, ჭიქებისა და სამშენებლო მასალების წარმოებაში.

N8 – ლი კა-შინი  (ჰონკონგი); კაპიტალი: 31 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები

აზიის უმდიდრესმა ადამიანმა გაიმყარა პოზიციები მილიარდერთა რეიტინგში და მისმა კაპიტალმა, გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვანი მატება განიცადა, – 5,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ჰონკონგელი მაგნატის სტრუქტურაში მსოფლიოს 53 ქვეყანაში დასაქმებულია 270 ათასი ადამიანი. მისი აშენებულია ყოველი მეშვიდე ბინა ჰონკონგში, ხოლო მის საკუთრებაში არსებული კომპანია „ჰატჩინსონ პორტ ჰოლდინგსი” ახორციელებს მსოფლიოში სატვირთო გადაზიდვების 13 პროცენტს. ლის, ასევე, აქვს პირადი ინტერესები „ფეისბუქში”, რომლის მეწილეც რამდენიმე ხნის წინ გახდა. 

N9 – ლილიან ბეტანკური და ოჯახი (საფრანგეთი); კაპიტალი: 30 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: „ლორეალი“

კოსმეტიკური პროდუქციის მწარმოებელი გიგანტი-კომპანია „ლორეალის” 90 წლის მემკვიდრემ, ლილიან ბეტანკურმა, ყველა არსებული თანამდებობა დათმო კომპანიაში და ამჟამად შვილის, ფრანსუაზას მზრუნველობის ქვეშაა. ამის მიუხედავად, კომპანიის აქტივებმა წინა წლებთან შედარებით იმატება და კაპიტალი 6 მილიარდი დოლარით გაიზარდა. იურიდიულად, ლილიან ბეტანკური კომპანია „ლორეალის” ჯერაც ერთადერთი მემკვიდრეა მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა მამამისი, კომპანიის დამაარსებელი. 

N10 – ბერნარ არნო (საფრანგეთი); კაპიტალი: 29 მილიარდი დოლარი; სიმდიდრის წყარო: LVHM

ფრანგი მილიარდერი ბერნარ არნო ერთადერთია მსოფლიო მილიარდერთა რეიტინგში, რომელმაც წინა წელთან შედარებით ყველაზე დიდი ზარალი განიცადა – არნოს კაპიტალი 12 მილიარდი დოლარით შემცირდა და მან დაკარგა ყველაზე მდიდარი ევროპელის სტატუსი. მისი კაპიტალის დაკარგვა საფრანგეთის ახალი ხელისუფლების მოსვლას დაუკავშირდა, რომელმაც 75-პროცენტიანი ბეგარა დაადო გადამხდელებს. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არნომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უარი ეთქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და ბელგიის მოქალაქე გამხდარიყო.

скачать dle 11.3