მსოფლიოს მონარქიული ოჯახები და ტახტის მემკვიდრეები
2013 წლის აპრილში ჰოლანდიის სამეფო ტახტზე დედოფალი ბეატრიქსი პრინცმა ვილემ-ალექსანდერმა ჩაანაცვლა და „ტიტების სამშობლოდ“ წოდებული ნიდერლანდების ახალ მეფედ ეკურთხა. მსგავსი პრეცედენტი ახლო მომავალში სხვა მონარქიულ სახელმწიფოებსაც ელის. ამ ნომერში გაგაცნობთ მსოფლიოს სამეფო ტახტების ნომერ პირველ მემკვიდრეებს.
ალოიზი – ლიხტენშტეინის სამთავროს მემკვიდრე
ლიხტენშტეინის მთავრის ჰანს-ადამ მეორის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, რეგენტი, პრინცი ალოიზი, დაიბადა 1968 წელს, ციურიხში და განათლება დიდ ბრიტანეთში, სანდჰერსტის სამხედრო აკადემიაში მიიღო. სამხედრო წოდებით უმცროსი ლეიტენანტი ალოიზი ჰონკონგსა და ლონდონში მსახურობდა; გარდა ამისა, ის ზალცბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. 2004 წლიდან ლიხტენშტეინის სამთავროს მთავარმა ჰანს-ადამმა, ქვეყნის მართვის სადავეები თავის შვილს – პრინც ალოიზს გადასცა, თუმცა, ფაქტობრივად, ჰანს-ადამი ჯერჯერობით ინარჩუნებს ჯუჯა სახელმწიფოს მთავარი პირის სტატუსს, ხოლო ალოიზი მხოლოდ შიდა საქმეების მოგვარებით არის დაკავებული. ალოიზი დაქორწინებულია ბავარიის პრინცესა სოფიაზე და მასთან ოთხი შვილი ჰყავს.
ვიქტორია – შვედეთის კრონპრინცესა
ბერნადოტების სამეფო გვარის შთამომავალი და შვედეთის მეფის, კარლ გუსტავის ქალიშვილი – ვიქტორია შვედეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეა. პრინცესა ვიქტორია 1977 წელს დაიბადა სტოკჰოლმის შემოგარენში, სოლნაში. 2008 წელს ის შვედეთის სამეფოს წარმომადგენელი გახლდათ ევროპის საკონსულტაციო საბჭოზე, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მოვლენებს განიხილავდა. ვიქტორიას პირადი ცხოვრება არაერთხელ გამხდარა განსჯის საგანი. მას მიაწერდნენ არაერთ რომანს, მათ შორის – პირად მწვრთნელთან, დენიელ ვესტლინგთან, რომელიც მოგვიანებით ვიქტორიას მეუღლე გახდა. ვიქტორია დიდი პოპულარობით სარგებლობს შვედეთში.
გიიომი – ლუქსემბურგის საჰერცოგოს მემკვიდრე
ლუქსემბურგის საჰერცოგოს მემკვიდრე, პრინცი გიიომი, დაიბადა 1981 წელს, ლუქსემბურგის ჰერცოგის ანრისა და მარია-ტერეზა მასტერის ოჯახში. პრინც ალოიზის მსგავსად, პრინც გიიომსაც, განათლება სანდჰერსტის სამხედრო აკადემიაში აქვს მიღებული და სამხედრო ჩინით პოლკოვნიკია. სპეციალობით გიიომი პოლიტოლოგია და რამდენიმე ენას ფლობს: ფრანგულს, გერმანულს, ინგლისურს, ესპანურსა და მშობლიურ ლუქსემბურგულ ენას. 2012 წლიდან პრინცი გიიომი გრაფინია სტეფანი დე ლანუაზეა დაქორწინებული.
ჯიგიელ უგიენ ვანგჩუკი – ბუტანის სამეფო ტახტის მემკვიდრე
ჯიგიელ უგიენ ვანგჩუკი მეფე ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის მეორე ვაჟი და ბუტანის ამჟამინდელი მეფის – ჯიგმე კხესარ ნამგიალ ვანგჩუკის ნახევარძმაა. მას შემდეგ, რაც მამამისმა უარი განაცხადა ტახტზე და მეფედ ჯიგმე კხესარი ეკურთხა, ჯიგიელ უგიენ ვანგჩუკი ბუტანის ტახტის მემკვიდრე გახდა. ბუტანის პრინცს განათლება ამერიკაში აქვს მიღებული. ის 1984 წელს დაიბადა და ჯერჯერობით დაქორწინებული არ გახლავთ.
მახა ვაჩირალონგკორნი – ტაილანდის ტახტის მემკვიდრე
ტაილანდის მეფის, ფჰუმიპონ ადულიადეტის ერთადერთი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე, პრინცი მახა ვაჩირალონგკორნი 1960 წელს დაიბადა ბანგკოკში. მას სამხედრო მფრინავის განათლება აქვს მიღებული ინგლისისა და ავსტრალიის სამხედრო კოლეჯებში. ტაილანდის პრინცი სამჯერ იყო დაქორწინებული და მას ექვსი შვილი ჰყავს. იმ შემთხვევაში, თუ ის ტაილანდის მეფის ტახტს დაიკავებს, გახდება ტაილანდის ტერიტორიაზე დაბადებული პირველი მონარქი, რადგან, მამამისი ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, ხოლო მამის წინამორბედი მონარქები გერმანიაში.
მულაი ჰასანი – მაროკოს ტახტის მემკვიდრე
პრინცი მულაი ჰასანი მაროკოს მეფის, მუჰამედ მეექვსისა და დედოფალ ლალი სალმის პირველი ვაჟია. პრინცი მულაი 2003 წელს დაიბადა რაბათში. ჯერჯერობით ის მხოლოდ სწავლით არის დაკავებული დერვიშების სასწავლებელში, რაბათის სამეფო სასახლეში. მისი უდიდებულესობა პრინცი მულაი ჰასანი მაროკოს ტახტის ნომერ პირველი მემკვიდრეა და ტახტზე ასვლისას მისი სახელი იქნება მეფე ჰასან მესამე.
ნარუჰიტო – იაპონიის სამეფო ტახტის მემკვიდრე
1960 წელს დაბადებული პრინცი ნარუჰიტო იაპონიის იმპერატორის – აკიჰიტოს პირველის ვაჟი და ტახტის მემკვიდრეა. ბავშვობაში ნარუჰიტო პრინც ჰიროს სახელით იყო ცნობილი. იგი ქველმოქმედებით არის დაკავებული, თავისუფალ დროს კი, უყვარს ალტზე დაკვრა, ალპინიზმი და სირბილი. 1993 წელს ნარუჰიტო ოვადა მასაკაზე დაქორწინდა და მათ ერთი შვილი ჰყავთ – პრინცესა აიკო. პრინცი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია; გარდა ამისა, ის არის იაპონელი ბოისკაუტების მომზადების პროგრამის ხელმძღვანელი.
ფელიპე ასტურიელი – ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე
ასტურიის პრინცი ფელიპე ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე და ესპანეთის მეფის, ხუან კარლოს პირველის უფროსი ვაჟია. ფელიპე 1968 წელს დაიბადა. მას ჰყავს უფროსი დები: ინფანტა ელენა და ინფანტა კრისტინა. პრინცი ფელიპე 1992 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე გახლავთ აფროსნობაში; იგი, ასევე იყო ესპანეთის ნაკრების მედროშე გახსნის ცერემონიალზე. პრინცი ფელიპეს მეუღლე, ყოფილი ჟურნალისტი ლეტიცია ორტის როკოსოლანაა. წყვილს ორი შვილი ჰყავს: ინფანტები – ლეონორი და სოფია.
ფილიპი – ბელგიის სამეფო ტახტის მემკვიდრე
ბელგიის მეფის, ალბერტ მეორისა და დედოფალ პაოლას უფროსი ვაჟი, ბელგიის სამეფო ტახტის მემკვიდრე, პრინცი ფილიპი, 1960 წელს დაიბადა. ის პირველი ბელგიელი პრინცია, რომელმაც დაწყებითი განათლება ჩვეულებრივ ბელგიურ სკოლაში მიიღო. შემდგომში მან სწავლა ოქსფორდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებში განაგრძო. პრინცი ფილიპი ავიაკონსტრუქტორობით არის გატაცებული, კარგად მართავს ვერტმფრენს, რამდენიმე ათეული ფრენა აქვს შესრულებული. 1999 წლიდან პრინცი ფილიპი პრინცესა მატილდაზეა დაქორწინებული და წყვილს ოთხი შვილი ჰყავს.
ფრედერიკი – დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრე
მისი უდიდებულესობა, დანიის სამეფო ტახტის მემკვიდრე, კრონპრინცი ფრედერიკი დედოფალ მარგრეტეს უფროსი ვაჟიშვილია. პრინცს განათლება ჰარვარდის უნივერსიტეტში აქვს მიღებული და 1990-იან წლებში სტაჟირებას გადიოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში. სავალდებულო სამხედრო სამსახური კრონპრინცს დანიის სამეფოს საზღვაო ძალების ელიტურ ქვედანაყოფში აქვს გავლილი. ჯარში მსახურობის პერიოდში პრინცის მეტსახელი იყო „პინგვინი“. 2004 წელს კრონპრინცი მერი ელიზაბეთ დონალდსონზე დაქორწინდა. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.
ჰოკონი – ნორვეგიის სამეფო ტახტის მემკვიდრე
ნორვეგიის მეფის, ჰერალდ მეხუთის ვაჟი, ნორვეგიის კრონპრინცი ჰოკონი 1973 წელს დაიბადა და, ბელგიის პრინცის მსგავსად, ჩვეულებრივ საბავშვო ბაღში და სკოლაში დადიოდა. ამჟამად ნორვეგიის პრინცი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს. 2001 წლიდან იგი მეტე-მარიტ ტიესემ ჰეიბიზეა დაქორწინებული. მათ ორი შვილი ჰყავთ: ინგრიდ ალექსანდერი და სვერე მაგნუსია.
ჩარლზი – დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე
დედოფალ ელიზაბეთ მეორისა და პრინც ფილიპის უფროსი ვაჟი, პრინცი ჩარლზი, 1948 წელს დაიბადა და წელს საიუბილეო დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავს – ნოემბერში მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრინცი 65 წლის გახდება. პრინც ჩარლზს ლედი დიანასგან ორი ვაჟი ჰყავს – პრინცები უილიამი და ჰარი, რომლებიც მისი სავარაუდო შემცვლელები გახდებიან სამეფო ტახტის მემკვიდრის რანგში.