კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იქცა საქართველო დასავლეთის საჩვენებლად რუსეთის ბირთვული მოდელირებული შეტევის მსხვერპლად

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, პოლიტპატიმრად აღიარეს, თუმცა, იმ მარტივი მიზეზით, რომ მის საქმეს პოსტრევოლუციური საქართველოს საყვარელი ტერმინი – გრიფი „საიდუმლოდ“ ადევს, ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ, სამაგიეროდ,  2008 წლის აგვისტოს ომის სამხედრო და პოლიტიკურ ასპექტებს ამჯერად მასთან ერთად განვიხილავთ.

– ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ეს ომი დაიწყო კოკოითმა, მას აჰყვა მიხეილ სააკაშვილი და მოხდა ის, რაც მოხდა. ჩაერია რუსული ფაქტორი და რუსეთმა ჩვენ წინააღმდეგ არაადეკვატური სამხედრო ძალა გამოიყენა. მათ შორის, უნდა აღვნიშნო, რომ მათ ქართული მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ გამოიყენეს არაჰუმანური და საერთაშორისო სამართლით დაგმობილი ბირთვული-ტაქტიკური იარაღი. ამას, რატომღაც, არავინ აქცევს ყურადღებას.

– რას გულისხმობთ?

– „ისკანდერებსა“ და „ტოჩკა უ-ს“. „ისკანდერებს“ შეუძლია ტაქტიკური ბირთვული ქობინების გადატანა და მისი მოქმედების რადიუსი მერყეობს 130-დან 300 კილომეტრამდე. „ისკანდერი“ ითვლება ბირთვული ქობინების მატარებელ სტრატეგიულ-დამრტყმელ შეიარაღებად, ოღონდ ტაქტიკურ დონეზე. გემახსოვრებათ, როდესაც ამერიკელებმა თავიანთი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგება გადაწყვიტეს პოლონეთსა და ჩეხეთში, რუსეთმა ადეკვატური ზომის სახით „ისკანდერები“ განალაგეს.

– ახლაც დგას „ისკანდერები“ ცხინვალის რეგიონშიო.

– ახლა არ მგონია, მაგრამ ომის პერიოდში იდგა. „ისკანდერი“ არის ფრთოსანი ტიპის რაკეტა და მას შეუძლია გადაადგილება რუსეთის ტერიტორიიდანაც. ფოთი „ისკანდერებით“ დაიბომბა, გორი –  „ტოჩკა უ-თი“. პლუს გამოიყენეს „ლუნას“ ტიპის რამდენიმე სარაკეტო სისტემა, თუმცა ეს მეორე თაობის ბირთვული ქობინებს მატარებელი ტაქტიკური შეიარაღებაა.

– ცოტა უხერხული კითხვა უნდა დავსვა: რატომ, მაინცდამაინც, „ისკანდერი“ და „ტოჩკა უ“, სხვა, საერთაშორისო სამართლით აღიარებული რაკეტებით რომ დავებომბეთ, რამე შეღავათი იქნებოდა ჩვენთვის ან ისინი ვერ მიაღწევდნენ სასურველ მიზანს?

– „ისკანდერისა“ და „ტოჩკა უ-ს“ გამოყენებას დაშინების მიზანი ჰქონდა, ოღონდ ეს მიმართული იყო არა მოსახლეობის და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასაშინებლად, არამედ, საგარეო გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მეორე ვერსიასაც გეტყვით: მარნეულისა და ბოლნისის სამხედრო აეროდრომების დაბომბვა დაკავშირებული იყო ირანის მიმართულებით პრევენციასთან, რათა შემდგომში ამერიკელებს ეს სამხედრო ობიექტები არ გამოეყენებინათ ირანზე სავარაუდო დარტყმისთვის. ამ კონტექსტში გამოიყენა რუსეთმა ბირთვულქობინიანი სარაკეტო სისტემები საქართველოს წინააღმდეგ.

– მარტივად რომ ვთქვათ, აჩვენა, თუ დამჭირდა, ბირთვულსაც დაგარტყამთო?

– რუსეთის სამხედრო დოქტრინის რევიზია 2006 წელს მოხდა, 2012-ში კი საბოლოო სახით ჩამოყალიბდა და მასში პირდაპირ წერია, რომ რუსეთს აქვს უფლება, გამოიყენოს ბირთვულ-ტაქტიკური იარაღი, მათ შორის, სახმელეთო-საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს. ამდენად, რუსეთის მიერ ამ შეიარაღების გამოყენებას გამართლება ჰქონდა კონცეპტუალურ დონეზე, მაგრამ არ იყო გამართლებული საერთაშორისო სამართლით და ეს იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ეს დოქტრინა გვაჩვენებს, თუ რაზეა წამსვლელი რუსეთი. ამდენად, სააკაშვილის ხელისუფლებას, რომელიც უამრავ ფულს ხარჯავდა ეროვნული უშიშროების საბჭოში, ეს უნდა სცოდნოდა. მიხეილ სააკაშვილის შეცდომაა, რომ მან ვერ გათვალა, რა მოხდებოდა, იმ ხანად იმასაც ამბობდნენ, რუსეთს ჟანგიანი ტანკები ჰყავსო. თუმცა ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდი. მაშინაც, როდესაც მათი მრჩეველი ვიყავი „ნატოში“ და არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ამ დაპირისპირების გამოც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ჩემ წინააღმდეგ. ეს არ მაპატიეს.

მიხეილ სააკაშვილი იყო ფიარმენი, ამ ფიარს შესწირა საქართველოს ინტერესები და, ფაქტობრივად, გავხდით რუსეთის ბირთვული მოდელირებული შეტევის მსხვერპლი. ამას, რატომღაც, არავინ აქცევს ყურადღებას. თუ ჰააგის სასამართლოში დადგება მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი და მე ეჭვი არ მეპარება, რომ უნდა დადგეს, რადგან მიხეილ სააკაშვილმა ისეთივე ზიანი მიაყენა თავისი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როგორც მილოშევიჩმა –  სერბეთის ეროვნულ ინტერესებს და, ჩემი აზრით, დიმიტრი მედვედევის წინააღმდეგაც ანალოგიური ბრალდება უნდა დადგეს.

– მილოშევიჩის დანაშაულობების გამო გაფორმდა კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. თუ მიხეილ სააკაშვილი გამოცხადდება სამხედრო დამნაშავედ საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მიერ, ამით ხომ არ შეექმნება სამართლებრივი საფუძველი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის აღიარებას? შეიძლება, სამართლებრივად, მორალურად სწორია სააკაშვილის სამხედრო დამნაშავეობის დამტკიცება, მაგრამ, თუ ეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას სამართლებრივად დაარღვევს, გვიღირს?

– დავიწყოთ იმით, რომ სააკაშვილის სიბეცის შედეგად დაიბომბა ქართული ქალაქი ცხინვალი და, როდესაც ამ ტიპის შეიარაღებას იყენებ ერთი ქართული ქალაქის წინააღმდეგ, მგონია, რომ მას შეეძლო იგივე იარაღი გამოეყენებინა თბილისის წინააღმდეგაც.

– მე მესმის ეს...

– იმდენად შორს წავიდა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, რომ, თუ ჩვენ არ გამოვიძიებთ ამას, გამოიძიებს საერთაშორისო ტრიბუნალი, იმიტომ რომ ტალიავინის დასკვნა დადებულია, ანუ პოლიტიკური შეფასება არსებობს. ამდენად, საქმე მაინც მივა ჰააგის ტრიბუნალამდე და, თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ამას გააკეთებს საერთაშორისო საზოგადოება და ეს უფრო უარესი იქნება, შედეგის თვალსაზრისით. მეორე მომენტი: არ მგონია, რომ სააკაშვილის გასამართლებას კავშირი ჰქონდეს აღიარების პროცესთან. რამდენიმე ქვეყანამ სააკაშვილის სწორედ იმ ქმედების გამო აღიარა ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი და ესეც გასათვალისწინებელია. რაც მთავარია: საქართველოში არ დაფიქსირებულა გენოციდის ფაქტი, რაც დაფიქსირდა კოსოვოში. მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი მოსახლეობის წინაშე ჩაიდინა სამხედრო დანაშაული და ესეც ისჯება ჰააგის საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით.

– რუსეთმა რომ გამოიყენოს თავისი აღიარების გასამყარებლად სააკაშვილის სამხედრო დამნაშავედ აღიარება? ჩემთან ინტერვიუშიც უთქვამთ რუს რესპონდენტებს, რომ მათ 2008 წელს საქართველო აიძულეს მშვიდობისთვის და მაშინ გამოდის, რომ იძულება აუცილებელი იყო. ეს პრობლემას არ შეგვიქმნის?

– რუსეთმა დაიცვა თავისი მოქალაქეები და თავისი სამშვიდობო კონტინგენტი, რომელსაც ჰქონდა დანაკარგები და ამას იგნორირებას ვერ გავუკეთებთ.

– ცნობილია, რომ აგვისტოს დასაწყისში დაიღუპნენ ჩვენი სამშვიდობოებიც, მაგრამ ეს ფაქტი ვერ მოხვდა ტალიავინის დასკვნაში, მხოლოდ რუსი სამშვიდობოების დაღუპვაზე გაკეთდა აქცენტი, რითაც ამართლებს რუსეთი თავის ჩარევას ამ ომში.

– რუსი სამშვიდობოების დაღუპვას მოჰყვა არაადეკვატური სამხედრო აგრესია რუსეთის მხრიდან და ჩვენი სახელმწიფოებრიობა დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. ჩვენს სასიცოცხლო ეროვნულ ინტერესებს შეექმნა რეალური საფრთხე. ჩვენი სამშვიდობოები დაიღუპნენ, მაგრამ ისინი დაიღუპნენ ბანდფორმირებებთან შეტაკებისას და, ბუნებრივია, ეს იყო ლოკალური ტიპის შეტაკებები.

– ამის თქმა მინდა სწორედ, თუკი ჩვენი სამშვიდობოები დაიღუპნენ ბანდფორმირებებთან შეტაკებისას, საქართველოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა ძალა, თუმცა შემდეგ რუსეთმა გამოიყენა ძალა, დაგვარტყა და მოგვერია.

– როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთმა გამოიყენა არაადეკვატური სამხედრო ძალა საქართველოს წინააღმდეგ, თავის მხრივ, საქართველომ არაადეკვატური ძალა ოსური წარმოშობის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენა. ფაქტია, რომ იმდროინდელი პოლიტიკური რეჟიმის წარმომადგენლებმა არაადეკვატური ძალა გამოიყენეს. უკაცრავად, მაგრამ 26 მაისს მიხეილ სააკაშვილს რომ საბრძოლო ავიაცია გამოეყენებინა მშვიდობიანი მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ, მაშინ რას გავაკეთებდით?!

– თბილისი დამოუკიდებლობას არ გამოაცხადებდა.

– აგაშენათ ღმერთმა! აღიარების პროცესს ამასთან კავშირი არ აქვს, პირიქით, ეს პროცესი გაგვიხსნის გზას  ოსებისა და აფხაზებისკენ, სახალხო დიპლომატიის, თუნდაც, ადამიანური კუთხით. ნახეთ რამდენი ოსი ეროვნების მოქალაქე ზის ქართულ ციხეებში?! როგორი ტირანიც იყო მიხეილ სააკაშვილი ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ, ისეთივე ტირანი იყო სხვა ეთნიკური წარმომავლობის ჯგუფების მიმართ. ტირანი ტირანია. კოკოითიც ტირანი იყო. ეს ორი ტირანი დაეჯახა ერთმანეთს, რაც მესამე ტირანმა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენა.

– თქვენც ამბობთ, რომ საქართველოს ცემა იყო საჩვენებელი გაკვეთილი დასავლეთისთვის, შესაბამისად, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ 2008 წლის ომს, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს არაფრის გაკეთება არ შეეძლო? მხოლოდ სხვების გეოპოლიტიკური თამაშის პაიკები ვიყავით?

– უნდა ამოხვიდე იმ რეალობიდან, რის წინაშეც დგახარ. კონსტიტუციური წესრიგის დამყარება ყოველთვის შეიძლებოდა, მაგრამ შენი გეოპოლიტიკური ვითარება უნდა გაგეთვალისწინებინა. როდესაც იძაბება სიტუაცია პუტინის რუსეთსა და ბუშის ამერიკას შორის და ორივე მხარეს იყვნენ პოლიტიკური ქორები, არ უნდა დაიწყო ასეთი უგუნური და არასტრატეგიულად დაგეგმილი აქცია. 1995 წელს ხორვატებმა იდეალური სამხედრო ოპერაცია განახორციელეს, სერბეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნეს და აღადგინეს თავიანთი ტერიტორიული მთლიანობა ყოველგვარი აჟიოტაჟის გარეშე. გამოიყენეს გეოპოლიტიკური მომენტი, იმ დროს რუსეთსა და ამერიკას შორის იდეალური ურთიერთობა იყო, ელცინს წინასაარჩევნო კამპანია ჰქონდა და არ ეცალა საგარეო პოლიტიკისთვის. ეს სათავისოდ გამოიყენა ხორვატიის ხელისუფლებამ, დაგეგმა ოპერაცია და მიიღო შედეგი. შენ კი მაშინ, როდესაც ეს ორი სუპერსახელმწიფო ერთმანეთსაა დაპირისპირებული, ყოველდღიურად აკეთებენ ძალიან საშიშ პოლიტიკურ განცხადებებს ერთმანეთის მიმართ, იწყებ ომს. ამიტომაც იყო, რომ  რუსებმა „ისკანდერები“ შემოატრიალეს და, როგორც მანამდე ამბობდნენ, დნესტრისპირეთში კი არ განალაგეს, არამედ ცხინვალის მიმართულებით წამოიღეს და დაგვიბომბეს ფოთი და გორი. აი, სად ჩანს გეოპოლიტიკური სიბეცის ნიშანი. ჩვენ ჩვენს თავზე ავიღეთ დარტყმა, რასაც აზრი არ ჰქონდა. ეს მახსენებს გამონათქვამს, „ჩემთვის უცხოა იმ მამლის გმირობა, რომელიც საკუთარი ნებით მიდის დანისკენ“.

– ახლა უკვე პირდაპირ თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომ საქართველო დაკარგავს ფუნქციას, თუ არ იქნება დაპირისპირების ობიექტი რუსეთსა და დასავლეთს შორისო. ანუ მას ასე ესმის, როგორც პირველ პირს, მის მიერ სამართავად გადაცემული ქვეყნის ფუნქცია.

– რა თქმა უნდა, მას ასე სჯეროდა.

– ეს მისი პოლიტიკის ნაწილი იყო. ეს ხომ ნიშნავს, რომ ისინი, ვინც მას უჭერენ მხარს, მხარს უჭერენ ამ პოლიტიკასაც?

– დღეს მას 10 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს და ესე იგი, მის მმართველობას ამდენი ადამიანი უჭერს მხარს. მიხეილ სააკაშვილის აი, ამ შვიდწლიანი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს 2005 წლიდან დაიწყო, ავტოკრატიული მმართველობიდან გამომდინარე, ამ პოლიტიკამ სრული ფიასკო განიცადა. მაგალითს მოგიყვანთ: სერბეთში მოსახლეობის 70 პროცენტი უჭერდა მხარს კოსოვოს ძალით დაბრუნების პოლიტიკას, მაშინ, როდესაც საქართველოში რომ ჰკითხოთ საზოგადოებას, თანახმა თუ ხართ თუ არა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის შეიარაღებული ძალით დაბრუნებისო, ალბათ, მაქსიმუმ, 10 პროცენტი თუ გასცემს დადებით პასუხს.

– იქნებ მივხვდით, რომ თავი არ გვაქვს ჯერჯერობით.

– ეს სხვა საკითხია, მაგრამ 2008 წლის ომის შედეგის პირველი მიზეზი იყო ის, რომ არასწორად შეფასდა გეოპოლიტიკური გარემო.

– ფიქრობთ, რომ შეიძლებოდა, სწორად შერჩეულ მომენტში წარმატების მიღწევა?

– ხორვატებმა დაგეგმეს სპეცოპერაცია, მათ გააკეთეს სწრაფი ბლიც-კრიგი და მიიღეს ეფექტი.

– და, როგორც ვიცით, მათ თავიანთი სტრატეგია ააგეს, მათ შორის, იმაზეც, რომ სერბეთის არმია მოქმედებდა რუსული არმიის მსგავსად და ამიტომ სწრაფი რეაქცია ვერ ექნებოდა მოულოდნელ დარტყმაზე.

– დიახ. რაც მთავარია, ხორვატების ქმედება აგებული იყო ამერიკულ წესებზე, ანუ, თუ ბალკანეთში, კერძოდ, ხორვატიაში ამერიკული და რუსული სამხედრო მანქანის შეჯახებისას აჯობა ამერიკულმა, კავკასიაში, საქართველოში, ამერიკული და რუსული სამხედრო მანქანების შეჯახებისას აჯობა რუსულმა სამხედრო მანქანამ.

მეორე მიზეზი: სტრატეგიული ოპერაცია უთავბოლოდ იყო დაგეგმილი. პოლიტიკურ მიზნებს დაუქვემდებარეს სამხედრო ამოცანები, მაშინ, როდესაც პირიქით უნდა ყოფილიყო. მესამე მიზეზი ფსიქოლოგიურია –  ფსიქოლოგიურ დონეზე მოწინააღმდეგე არასწორად იქნა წარმოსახული.

– საკმაოდ უცნაური, მე ვიტყოდი, ფსიქოლოგიურად დამანგრეველი განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა „პოზიციაში“: ჩვენ შეგვეძლო, დაგვეცვა კოდორის ხეობა მაშინ, როდესაც 50 აფხაზი გვყავდა მოწინააღმდეგედ, მაგრამ რუსეთის ჯარისგან ვერ დავიცავდითო.

– კოდორის დაცვა შეიძლებოდა და, ბოლოს და ბოლოს, გენერალმა კობა კობალაძემ კოდორში განაიარაღა რუსული სამხედრო დესანტი და ჩვენ გვქონდა მშვენიერი პრეცედენტი. მეტიც, კოდორის ხეობის ბოლომდე დაცვით გაცილებით მეტს მოვიგებდით, ვიდრე მთელი სამხედრო კამპანიის მოგებით. 

– ისიც უნდა ითქვას, რომ, თუმცა რუსებმა კოდორის ხეობაში შეუშვეს აფხაზური შენაერთები, მათ ეყოთ გონიერება და მოსახლეობას აცალეს ხეობიდან გასვლა, ანუ დამატებითი სისხლი არ დაღვარეს.

– ამიტომაც ვამბობ, ჩვენი და აფხაზების მიერ ერთობლივი სახელმწიფოს შექმნა სავსებით რეალური ამოცანაა. ეს მიზანიც მალე მიიღწევა, უბრალოდ საჭიროა ფორმულების შეცვლა. ჩვენ გვაქვს აფხაზებთან და ოსებთან მისასვლელი გზები, თუნდაც, იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დავამარცხეთ, რადგან ოსებს თავიანთი პრეტენზიები აქვთ კოკოითთანაც და მიხეილ სააკაშვილთანაც. კოკოთს სჭირდებოდა ეს პროვოკაცია. მას ჰქონდა პოლიტიკური და ფინანსური პრობლემები, რაც, გარკვეულწილად, ჩამოიწერა ომით. მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მცდარი და არასწორი შეფასებები კი გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველომ წააგო ომი.

скачать dle 11.3