რა აკარგვინებს ქართველ ქალებს ქალურობას, რატომ მიიჩნევა კომპლიმენტად „მამალი ქალები“ და რატომ არ აღიარებს ქალი კაცად სუსტ კაცს
რადგან გეოპოლიტიკურად ყოველთვის მომხიბვლელ ადგილას ვიმყოფებოდით, ვერც ერთმა იმპერიამ გულგრილად ვერ ჩაგვიარა, ამიტომაც ისტორიულად დაგვებედა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი იმპერიის გავლენის ქვეშ მოიაზრებოდა, უარესში კი, 2-3-ს შორის იყო გადანაწილებული. თუკი ასპარეზზე რუსეთის იმპერიის გამოჩენამდე ქართველ ქალებს, სავალდებულო წესით, ჰარამხანებში ამწესებდნენ, ქართველ კაცებს იმპერიების არმიის გაძლიერების ფუნქცია ჰქონდათ (ეს ხარკის ერთ-ერთი სავალდებულო ნაწილი იყო), რუსეთის იმპერიაში როლები თითქოს შეიცვალა: ქართველ კაცებს მოქეიფეებისა და რუსი ქალების გართობის ფუნქცია მიანიჭეს. ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ერთად განვიხილავთ იმპერია-კოლონიების წარმომადგენლებს შორის სასიყვარულო ოთხკუთხედის თავისებურებებს.
– როგორი ურთიერთობები ყალიბდება ხოლმე ყოფილი იმპერიებისა და კოლონიების წარმომადგენლების ურთიერთობაში, ვგულისხმობ, პირად ურთიერთობებს?
– ეს, უდავოდ, გემრიელი საკვლევი საკითხია, მაგრამ არც ვიცი, არის თუ არა გამოკვლეული, იმდენად იშვიათი თემაა, მხოლოდ მწირ გამოცდილებასა და მცირე ანალოგიებს თუ გადავხედავთ. ამდენ ბოდიშს იმიტომ ვიხდი, რომ ჩვენი მსჯელობა, ალბათ, სრულფასოვანი ვერ იქნება, ამდენად, იმ ვერსიებზე ვიმსჯელებ, რაც კითხვის დასმის მომენტში გამიჩნდა. რაღაც თავისებურება ყალიბდება იმპერიისა და კოლონიის წარმომადგენლების ურთიერთობაში. ახსენეთ რუსი ქალები და თვითონ ამ რუსი კაცებისთვის ეს ქალები არ იყვნენ, მაინცდამაინც, იმ მომხიბვლელობის, რაც ქართველებისთვის. გარეგნობის გარდა, შემოდის ის ნიუანსი, რომელიც იპყრობს ყურადღებას.
– ადვილად ხელმისაწვდომობა?
– არა. ანალოგიური რამ ხშირად ჩანს ფერადკანიანის თეთრკანიანთან მიმართებაშიც: ანუ ზანგი კაცისა და თეთრკანიანი ქალის ურთიერთობაში.
– დაჩაგრული მხარის კაცი ცდილობს კომპენსაციის მიღებას მჩაგვრელის წარმომადგენელი ქალის მეშვეობით?
– დიახ. გარდა გარეგნობისა, ეს ასპექტიც იგულისხმება ამგვარ ურთიერთობაში, ანუ არა მხოლოდ ის, პირადად რა ურთიერთობა აქვთ ამ კონკრეტულ ქალსა და კაცს, არამედ ისიც, თუ რა ურთიერთობა აქვთ იმ ერებს, რომლებსაც ეს ქალი და კაცი წარმოადგენენ: ქალისა და კაცის ურთიერთობა თითქოს ერებს შორის ურთიერთობის გარკვეული კომპენსაციაა. ამას, მგონი, გარკვეული მნიშვნელობა აქვს. თანაც, გავიხსენოთ, რომ კომპენსაციური განწყობა ძალიან მკაფიოდ სპორტში იკითხებოდა.
– ახლაც იკითხება: სულ ახლახან ჩვენმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს, რაგბიში კი მუდმივად ვამარცხებთ რუსეთის ნაკრებს.
– ქალისა და კაცის ურთიერთობაშიც ამ ტიპის მოვლენაა, მგონი, ჩარეული. არ ვამბობ, რომ გადამწყვეტია, მაგრამ ჩარეულია. მეორე მხრივ, თვითონ იმპერიების წარმომადგენლების მხრიდანაც არის დამოკიდებულება, როგორც რაღაც ეგზოტიკურისადმი.
– ანუ, თუ ქართველი კაცისთვის რუს ქალთან ურთიერთობა ჩაგრულობის კომპენსაციის საშუალებაა, რუსის ქალისთვის ქართველი პარტნიორი ეგზოტიკაა?
– თავისებური ეგზოტიკაა, თუმცა ეს ყოველთვის ეგზოტიკურობით არ იხსნება. საერთოდ, კავკასიელი და, ზოგადად, აღმოსავლელი უფრო მამაკაცურია, ისევე, როგორც ქალურობა დიდი დოზით აქვთ რუს ქალებს. უფრო ფემინურები არიან. მაგალითად, ასაკოვანი რუსი ქალი ცდილობს, თავი მოაწონოს კაცს, მაშინ, როდესაც იმავე ასაკის ქართველმა ქალმა შეიძლება, მხოლოდ ხაჭაპური გამოაცხოს.
– იმ ასაკის ქართველი ქალების დასაცავად ვიტყვი, რომ, თუ ხაჭაპურის გამოცხობას კაცებთან კეკლუცს ამჯობინებს, საზოგადოება მასზე იტყვის, ფეხსუსტიაო.
– მე არ ვამბობ, რომ ქალია დამნაშავე, საზოგადოება ქმნის ასეთ სტერეოტიპებს. ამ შემთხვევაში, ის კონკრეტული ქალი მსხვერპლია, თორემ, თუ ქართველი ქალი ქალად აღზარდე, ის ძალიან მომხიბვლელი ქალია.
– გულს გვიკეთებთ?
– არა, ბევრ კულტურასთან შერევის ზღვარზე მყოფი ერი ვართ და ამიტომ ჩვენში ბევრი მომხიბვლელობა უნდა იყოს. ვამბობთ, რომ ოსი ქალები ძალიან მომხიბვლელები და ლამაზები არიან, ჩვენთან კი ჩრდილო კავკასიური სისხლიც არის შერეული, სპარსულიც, დასავლურიც, რუსულიც, თუმცა ნაკლებად. ასე რომ, გენებში ძალიან საინტერესო ეთნიკური კოქტეილია და, ამდენად, ქალებშიც, წესით, უნდა იყოს ძალიან ქალურობა და კაცებშიც – ძალიან მამაკაცურობა. მეტისები, როგორც წესი, თავიანთი გენდერული როლების ძალიან მკვეთრი წარმომადგენლები არიან. მაგრამ შემდეგ ამაზე გავლენას ახდენს კულტურა: როგორც ბევრ სხვა მცირე ზომის კულტურაში, ჩვენთანაც მასქულანიზაცია ხდება, ანუ მამალი ქალი კომპლიმენტია, დედალი კაცი – გინება.
– დედალი კაცი არ არის გინება?!
– რა თქმა უნდა, პატრიარქალური კულტურიდან გამომდინარე, გვხვდება სიმკვეთრე შეფასებებისას. მეორე მხრივ, ვიცით, რომ ქართველი ქალი ძალიან ძლიერი ფიგურა იყო აღმოსავლურ მმართველობაში.
– თვისებების გამო თუ იქაც, როგორც რუსეთის შემთხვევაში, აღმოსავლური იმპერიის წარმომადგენელი კაცისთვის ქართველი ქალი ეგზოტიკა იყო?
– ქართველი ქალები აი, ამ თავიანთი მასქულანურობის გამო ადვილად გადადიან მმართველის პოზიციაში. დღეს ბიზნესში ბევრი ქალია, ავტომანქანის საჭესთანაც.
– თუ მიუშვი, აიშვებენ?
– მართვა მოსწონთ, განსაკუთრებით, „ჯიპების“ მართვა. არადა, სადაც „ჯიპის“ მართვა მოსწონს, ქმრის მართვა არ მოეწონება?! რაც შეეხება მათ პოზიციას, ვინც ზემოდან გვიყურებდა: მონღოლები, ირანელები და თურქები გვეპყრობოდნენ, როგორც კარგ მეომრებს, რუსები, როგორც კარგ მოქეიფეებს, თუ ქართველი იჯდა სუფრასთან, აუცილებლად ის უნდა ყოფილიყო თამადა, მას ეუბნებოდნენ, გვაქეიფეო.
– გართობის ფუნქცია გვქონდა?
– როდესაც რაღაც როლს განიჭებენ, მიმნიჭებელს იმ როლში უყვარდები, როგორც ქალს უყვარს კაბა, კაცს – მანქანა.
– მე ჩემი კაბაც მიყვარს და ჩემი მანქანაც.
– იმ როლში უყვართ, რასაც ეს საკუთრება უსრულებს, რუსი ქალისთვის ეს როლი სხვანაირი იყო, რუსი კაცისთვის – სხვანაირი, ორივეს უყვარდა თავის როლში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ეს გართობასა და სიამოვნებას უკავშირდებოდა.
– სქესთა შეხამება განსხვავებულია, რუსი ქალი – ქართველი კაცი, ქართველი ქალი – აღმოსავლელი კაცი, რუსი კაცი და ქართველი ქალის ტანდემი რატომ ვერ შედგა?
– მე საერთოდ არ მახსენდება რუსი კაცი და რომელიღაც ქალი.
– რატომ განაპოლსკი? გრიბოედოვი?
– ცალკეული შემთხვევები ყველგანაა, ტენდენცია არ მახსენდება. მაშინ, როდესაც ქართველებს ხშირად ჰყოლიათ და ჰყავთ რუსი ცოლი და ბევრ კულტურაშია ხშირი რუსი ცოლი. ახლა ევროპელებთანაა ძალიან მოდაში რუსი ცოლები. გავიხსენოთ სალვადორ დალი. მაგრამ დიდად არ გვახსენდება, რომ რუს კაცებს უცხოელი ცოლები ჰყავდეთ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ რუსებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ: რაკეტა გააკეთეს, იმპერია გააკეთეს, ანუ რაღაცის გამკვეთებლები არიან. ჩვენ, ამ მხრივ, დიდად მომხიბვლელად არ გამოვიყურებით იმ ეტაპებზე, რასაც ჩვენი თვალთახედვა სწვდება. თუმცა ადრეულ ეტაპებზე, უდავოდ, ვიყავით დიდი კულტურის კერა, მაგრამ დღეს – ნაკლებად.
– როგორც იმპერიის წარმომადგენლებმა რუსმა კაცმა რატომ ვერ შეძლო ქართველი ქალის სიმპათიის მოპოვება?
– სტატუსი, ბუნებიდან გამომდინარე, ქალზე უფრო ახდენს ზეგავლენას. ქალს ხშირად მოსწონს მაღალი სოციალური სტატუსის ადამიანი მხოლოდ იმიტომ, რომ მას მაღალი სოციალური სტატუსი აქვს. ქალი პატივს სცემს ძალას, კაცი – ნაკლებად. ამ ფაქტორების გამო შესაძლოა, გადანაწილება სხვანაირი იყოს. მონღოლების გინების არ იყოს, გინება სწორედ მონღოლებისგან მოდის, რადგან მათთვის სექსუალური აქტი შურისძიების აქტია. თუმცა შემოსევების დროს გაუპატიურება შემოდის, როგორც ძალადობისა და სხვისი დამარცხების ერთ-ერთი კომპონენტი. იგივე მოტივები გადატანილი სექსუალურ ურთიერთობაზე, შესაძლოა, აჩენდეს სხვადასხვა სახის დამოკიდებულებას. ქალებში ეს შეიძლება, ჩამოყალიბდეს იმ სიმპტომად, რასაც მოძალადისადმი ლტოლვა ჰქვია, კაცებში კი ინსტრუმენტი, ან კომპენსაცია იმის, რომ ვიღაცამ თავის დროზე დაგიმორჩილა.
– ამით შეიძლება ავხსნათ, რომ ქართველ ქალებს მოსწონდეთ სპარსი და თურქი კაცები?
– სპარსი და თურქი უკვე ამოღებულია იმ სტერეოტიპიდან, რაც ისტორიულად მოგვდევდა.
– ვერ ვიტყოდი, მაგალითად, თურქეთის სასტუმროებში ეგრეთ წოდებული თურქული ღამე იმართება ხოლმე, როდესაც სულთნების ტანსაცმელში გამოწყობილი თურქები დადიან, ცეკვავენ, და, თუმცა ეს გასართობი ღონისძიებაა, პირადად მე, მზაფრავს ეს სანახაობა.
– განათლება გაწუხებს ადამიანს ამ დროს. ალბათ, ანალოგიურად დაიზაფრებით სპარსულ ღამეზეც. რუსებთან არ გაქვთ დაზაფრულობის შეგრძნება?
– მთლად დაზაფვრის არა, მაგრამ…
– ჩვენ რუსებთან ძალიან სპეციფიკური დამოკიდებულება გვქონდა და მათაც ანალოგიურად – ჩვენდამი. რბილი იმპერია იყო. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთშიც აღწევდნენ ქართველები წარმატებას, ისლამი უნდა მიგეღო, ჩალმა დაგეხურა, შენი ქართველობა ჩრდილში გადაგეტანა, რუსული იმპერიის კარზე კი, მათ შორის, საბჭოთა კავშირშიც, გვარის შეცვლა აუცილებელი არ იყო. თუმცა ბევრმა ქართველმა შეიცვალა საკუთარი სურვილით, მაგრამ, რაც მთავარია, ეს მწვავე აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ასე რომ, ფსიქოლოგიურ წნეხს ნაკლებად გრძნობდი იმის გამო, რომ ის იყო იმპერია, ანუ მის იმპერიალისტობას ნაკლებად განიცდიდი. თან საბჭოთა დროს უკვე იცოდი, რომ ეს რუსეთის იმპერია აღარ იყო, რომელმაც ტაძრები შეგითეთრა. იმპერიული ჩექმის დარბილებამ გარკვეული სიმწვავე მოაშორა განცდაში რუსულ იმპერიას და ამიტომ არის, რომ ახლა ნაკლებად მწვავედ განვიცდით. მათგან ნაკლებად გვახსოვს ბავშვებისა და ქალების კალოს გალეწვა.
– ცნობილია, რომ საქართველოდან ბევრი ახალგაზრდა ქალი მიჰყავდათ ჰარამხანებში. კარგად ექცეოდნენ, ამითაც ხომ არ იყო განპირობებული მათი გავლენიანობა?
– ცალკე მსჯელობის საგანია, თუ რას ნიშნავს, კარგად მოქცევა. ჩვენ ხომ წესიერად არც ვიცით, რა ხდებოდა ჰარამხანებში?! ვისაც უნახავს, აღფრთოვანებული დარჩენილა, ისეთი აპარტამენტი ჰქონია თითოეულ ცოლს, თან ისიც გასათვალისწინებელია, რა მოთხოვნილებები აქვს ქალს ასეთი ურთიერთობისას. ნუ დაგვავიწყდება ის კომპონენტი, რომ უძლური კაცი ქალის მიერ კაცად არ აღიქმება. ქალს ძალის განცდა სჭირდება და ის, რაც დღეს ცუდ მოქცევად შეიძლება, ჩათვალოთ, იმ დროისთვის შესაძლოა, ნორმალური ყოფილიყო.
– არ არის ცნობილი შემთხვევები, რომ აღმოსავლელ ქალს ქართველი კაცი შეყვარებოდეს. ისიც სათქმელია, სად ნახავდა ჩადრის ქვეშ, მაგრამ, როგორც ამბობენ, თუ გული გულობსო.
– გააჩნია, ვის რა იერარქიული ადგილი უჭირავს, მაშინაც კი, როდესაც ერთი ეთნოსის წარმომადგენლებთან გვაქვს საქმე, თუ ქალი მაღალ სოციალურ საფეხურზეა, კაცი კი – დაბალზე, ქალის მხრიდან სიმპათია შეიძლება იყოს, მაგრამ ეს სერიოზულ ემოციაში ნაკლებად გადავა. შესაძლოა, არადომინანტი ეთნოსის წარმომადგენელმა გააჩაღოს რომანი დომინანტი ეთნოსის წარმომადგენელ ქალთან, მაგრამ ქალი არ წამოგყვება ამ ურთიერთობაზე.
– თუმცა რუსეთის შემთხვევაში წამოვიდა ქალი.
– იქ სოციალური მხარე აღარ იყო წამყვანი და, ჩემი აზრით, სხვა ასპექტები იკავებდა წამყვან ადგილს. მარტივად რომ ვთქვა, რუსი ქალი ადვილად იღებდა ბატონად ქართველ კაცს.
– რაღაც კვალი დღესაც ამჩნევია დამოკიდებულებებს იმ ყოფილი იმპერიების წარმომადგენლებთან, რომლებიც დომინანტობდნენ ჩვენზე. შესაძლებელია ამისგან გათავისუფლება, ჯანმრთელი პარტნიორული, ურთიერთობის დამყარება საქმიანი პარტნიორობა მაქვს მხედველობაში?
– პარტნიორული ურთიერთობა კარგი სიტყვებია, ოღონდ ასეთი რეალური ურთიერთობის მაგალითი ძალიან ცოტა მინახავს. ევროპელთან ურთიერთობაში არანაირი წინაპირობა და ტრადიცია არ გვაქვს, მაგრამ, ამის მიუხედავად, გვაქვს მათთან პარტნიორული ურთიერთობა?! რუსეთთან ურთიერთობისას ვამბობთ, რომ ინერცია მოგვყვება, არანაირი იმპერია ევროპა და დასავლეთი არ ყოფილა ჩვენთვის, მაგრამ მათთან დამოკიდებულებაშიც ინერცია მოქმედებს?! ასე რომ, ეს პრობლემა უფრო აწმყოდანაა, ვიდრე წარსულიდან.
– კომპლექსის მაგვარს ამჩნევთ ყოფილ იმპერიებთან ურთიერთობაში: რუსეთი იქნება ეს, თურქეთი თუ ირანი? არადა, მათ დღემდე ვერ გაუყვიათ, ბოლოს და ბოლოს, რომელი მათგანი ფლობდა ამ ჩვენს ტერიტორიებს.
– ქართველი ისე უდიერად ეპყრობა ამ თემას, განაცხადს მათი მხრიდან, რომ მათი კოლონია ვიყავით, იმდენადაა გათავისუფლებული, პირიქით, ცოტა დაკომპლექსება შეიძლება, არც გვაწყენდა.