ყოფილთა საბჭო
ანუ, ჩუკენობიდან – სპლიყვებამდე
„სინათლის ქალაქი“ აწ უკვე მეორედ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ან კი როგორ არ მოექცეოდა, როდესაც იქ საგამოძიებო სამსახური შევიდა. თუმცა, მანამდე მერიას დაქვემდებარებული ამ შპს-ის საქმიანობა იმით გახდა თვალსაჩინო, რომ მის სამეთვალყურეო საბჭოში, ბედის ავბედითობითა თუ ირონიით, ამჟამად თანამდებობრივად ჩამოლაბორანტებულნი, ერთ დროს კი ხელისუფლებაში მყოფნი დასაქმდნენ.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, „სინათლის ქალაქის“ სამეთვალყურეო საბჭოში საქმიანობენ: ვლადიმერ ვარძელაშვილი (ყოფილი მინისტრი), კობა ხაბაზი (ყოფილი დეპუტატი), პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მეუღლე მაკა მეტრეველი, კოტე გაბაშვილი (იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი), დავით ჯანიაშვილი (პარლამენტის აპარატის ყოფილი უფროსი) და სხვები, ოღონდ ჩამოთვლილთაგან შედარებით წვრილფეხობა. ზედაც, ერთი შეხედვით, ამ თავიანთი განვლილი გზისთვის შეუფერებელ საქმიანობაში საკმაოდ წონიან გასამრჯელოსაც იღებენ, რასაკვირველია, ბიუჯეტიდან.
ჯერჯერობით უცნობია, რას მოჰფენს ნათელს საგამოძიებო სამსახური (ეჭვი მაქვს, ფრიად სახალისო ცნობებსაც მივიღებთ), თუმცა, ამ ფაქტმა დედაქალაქის მერი კვლავაც შედარებების იშტაზე მოიყვანა („ახლა, ალბათ, ზოოპარკში შევლენ და სპლიყვების მოშენების თუ გამრავლების კოეფიციენტს დაითვლიან“).
თუმცა არ დაგვიმალა, შეჩვეულია, „რომ საგამოძიებო სამსახურები და ყველა, ვისაც არ ეზარება, შესამოწმებლად შემოდის და, გამიკვირდა კიდეც, „სინათლის ქალაქში“ აქამდე არ უნდა შესულიყვნენ (ვითომ საგამოძიებო სამსახურმა ანგარიში გაუწია მერს და გაკვირვება დიდხანს არ გაუწელა)?!“
როგორც უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ აქამომდე ბ-ნი უგულავა შედარებებისას არცთუ კორექტულ სიტყვებს ირჩევდა, ამ ბოლო შედარებამ ცხადყო (ყოველ შემთხვევაში, პირადად ჩემთვის), რომ პროგრესი (ჩუკენობიდან – სპლიყვებამდე) აშკარაა.