ნამერალ-ნამინისტრალ-ნაელჩარი
ანუ, ვაცივით
იმ მარტივი მიზეზით, რომ სხვადასხვა სახელისუფლო შტოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი განსხვავებულია, სავსებით ბუნებრივია, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაპირისპირება გრძელდება. გასულ კვირას კახეთის გუბერნატორმა თავისი გულისტკივილი ჟურნალისტებს გაუმხილა.
კერძოდ, ნამერალ-ნამინისტრალ-ნაელჩარმა, აწ კი გუბერნატორმა ბ-ნმა ჭიაბერაშვილმა მთავრობა განტევების ვაცების ძებნაში დაადანაშაულა. თუმცა, იქვე შენიშნა, რომ, ამის მიუხედავადაც, მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილით იწვოდა (ახლაც იწვის), მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ვაი რომ, უშედეგოდ.
სახელდობრ, გუბერნატორს შესაბამისი სამინისტროსთვის სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემის პროცესის ამსახველი დოკუმენტაცია მოუთხოვია (რომ გაგვეგო, რა და როგორ განაწილდაო), რადგან, გუბერნატორი იმითაა შეფიქრიანებული, ზუსტად აღიწერა თუ არა ზარალი, მაგრამ, პასუხი არ მიუღია.
შესაბამისად, ბ-ნი ჭიაბერაშვილი ჩივის, რომ მთავრობა არ ეთანამშრომლება, მთავრობა კი, თავის მხრივ, ირწმუნება, რომ გუბერნატორები თანამშრომლობის უარზე თავად ბრძანდებიან.
ვინ ვის სძლევს ამ დავაში, ამას მხოლოდ დრო თუ გამოაჩენს, მანამდე კი კონკრეტულად კახეთის გუბერნატორმა თადარიგი უკვე დაიჭირა და საზოგადოებას აუწყა, რომ (მომყავს ციტატა): „იმ პირობებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბიუჯეტის შესრულებასაც კი, ბუნებრივია, მთავრობა იწყებს განტევების ვაცის ძებნას, რომ ვიღაცას ეს დაბრალდეს. ამ შემთხვევაში განტევების ვაცად გუბერნატორები შეარჩიეს.“
თუ გავიხსენებთ, რომ არა ერთი და ორი გუბერნატორია ჩვენს სამშობლოში, როგორც ჩანს, მხოლოდ ვაცების რიგითობა დაგვრჩა გასარკვევი?!