ტკბილად შესარგები
ოსტაპ ბენდერის მოტივებზე
შესაძლოა, იმიტომ, რომ ლიბერალია, ან, სულაც, სხვა მიზეზთა გამო, ხალხის რჩეულმა („ნაციონალური“ ფრთიდან) ბ-ნმა ჯაფარიძემ საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივა წარადგინა და 2013 წლის პირველ იანვრამდე ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულის ამნისტირება მოითხოვა.
კერძოდ, დეპუტატი ითხოვს ამოუღებელი საგადასახადო ვალდებულებისგან ბიზნესის გათავისუფლებას, ჯარიმა-საურავების ამნისტირებასა და ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზაციას.
ისიც სათქმელია, რომ ბ-ნი ჯაფარიძე პირველი მერცხალი არ არის, რადგან, ეს იდეა კარგა ხანია, ჩვენს პრეზიდენტსაც აწვალებს (მანაც მიმართა ორიოდე თვის წინათ პარლამენტს მსგავსი კანონპროექტით). თუ გავიხსენებთ, რომ ნამდვილი „პირველი მერცხლის“, ანუ პრეზიდენტის ინიციატივა არც უმრავლესობას ეპიტნავა და არც საზოგადოების დიდ ნაწილს, სავარაუდოა, რომ პარლამენტი, ყოველ შემთხვევაში, სრულად არც ბ-ნი ჯაფარიძის ეგზომ გამოჰუმანურებულ-გამოლიბერალებულ ინიციატივას გაიზიარებს.
მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ აწ უკვე დოკუმენტურადაა დადასტურებული (ეჭვი მაქვს, დაუდასტურებელი უფრო მეტი იქნება), რომ სახელმწიფოს ბოლო 9 წელიწადში გვარიანი თანხა მიუთვისებია ბიზნესმენებისგან, პრეზიდენტის მოტივებიც გასაგებია და ხალხის რჩეულ ბ-ნი ჯაფარიძის ვნებანიც.
შესაბამისად, იქნებ, ამნისტირებული მეწარმეებისთვის (თუ ამნისტიაა, ამნისტია იყოს), როგორც ოსტაპ ბენდერი იტყოდა, იმ ბინის გასაღებიც მიგვეცა, სადაც ფული ინახება?!