მხოლოდ ფაქტები
* ქალაქი არზრუმი 415 წელს დაარსდა და ფეოდოსიპოლი ერქვა. მეცხრამეტე საუკუნეში მისი მოსახლეობა 100 ათასს აღწევდა და მასზე გადიოდა ევროპასა და აზიას შორის მთავარი სახმელეთო სავაჭრო გზა.
* მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა – 2 279 მეტრ სიმაღლეზე, მექსიკის დედაქალაქის, მეხიკოს მეტროპოლიტენი მდებარეობს.
* ევროპელებმა ზებრა პირველად 1591 წელს ნახეს. მათი აზრი არ დაემთხვა აფრიკელებისას – მათგან განსხვავებით, ევროპელები ფიქრობდნენ, რომ ზებრა შავია თეთრი ზოლებით.
* აბრაამიდან დავითამდე 14 თაობაა, დავითიდან ბაბილონში გადასახლებამდე – 14, ბაბილონში გადასახლებიდან – კვლავ 14. ეს იესო ქრისტეს წინაპრების თაობათა რაოდენობაა.
* ინდოეთში, არა მხოლოდ ტყეებსა და მინდვრებში, სოფლებსა და ქალაქებშიც ბევრი დიდი გველი დასრიალებს, თუმცა, ყველაზე საშიშები პატარა, „სამწუთიანი“ და „ხუთწუთიანი“ გველები არიან – მათი კბენის შემდეგ სიკვდილი 3-5 წუთში დგება.
* ჩეხურმა ფანქრების მწარმოებელმა ფირმამ „კოხ-ი-ნორმა“ 1990 წელს გამოუშვა ფლომასტერები, რომლებსაც თეთრი საღებავით ავსებენ. ისინი გრიფელის დაფებზე დასაწერად გამოიყენება და, ჩვეულებრივი ცარცის მსგავსად, უბრალო მშრალი ქსოვილით იშლება.
* ჭადრაკის ფიგურას – ეტლს არაბები „რუხს“ ეძახდნენ, აზერბაიჯანელები – „ტოპს“; ზოგ ენაზე ეს ნიშნავს „კოშკს“, ზოგზე კი – „ლულას“, „ურემს“...
* ყველა ცხოველს გამორჩეულად უყვარს ესა თუ ის სუნი. კატებს ვალერიანისა და პიტნის სურნელი მოსწონთ; ლომებს, თურმე – კარგი სუნამოსი, აქლემს კი... ალბათ, ადვილად მიხვდებით, რომ ყველა სხვა სურნელს თამბაქოს სუნი ურჩევნია. სხვათა შორის, ამიტომაც დაარქვეს ერთ-ერთ სიგარეტს Camel – აქლემი.