კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-17(643) 

კოლმანის მუქარა რეალური იყო, თუმცა, პოლიტბიუროში არჩევის არანაირი შანსი არ ჰქონდა, თანაც, ითხოვდა, რომ მისი სურათი და პოლიტბიუროში არჩევის ინფორმაცია ცენტრალური ტელევიზიით, პროგრამა „ვრემიაში“ გაეშვათ, რომელსაც მთელი საბჭოთა კავშირი უყურებდა. სწორედ ამ დროს გამომიძახეს ლუბიანკაზე და შჩუკინმა მითხრა:

– ჩვენზეა ნათქვამი: „ვაის გავეყარეთ და ვუის შევეყარეთო“.

– რატომ, ამხანაგო გენერალო, რაშია საქმე? – ვკითხე შჩუკინს.

– ვისტის და კლაინის ნეიტრალიზება გახსოვს?

– მსოფლიო რომ „ბურღისგან“ გადარჩა?

– ეს – მაშინ. დღეს კი, მსოფლიოს ახალი „ბურღი“ ემუქრება, – მითხრა შჩუკინმა, კოლმანის ისტორია დაწვრილებით მიამბო და ბოლოს დაამატა: – ხომ წარმოგიდგენია, რა მოხდება, იმ კრეტინმა რომ „ბურღი“ ზღვაში გაუშვას?! ამიტომ, ჩვენ ის უნდა გავანეიტრალოთ და მსოფლიო მეორედ ვიხსნათ „ბურღისგან“.

ერთი სიტყვით, სასწრაფოდ იალტაში გადავფრინდით და კოლმანის განეიტრალების ოპერაციაში ჩავერთე, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. ტექნოკრატი კოლმანი დააძინეს და „ბურღი“ უვნებლად ამოვიღეთ. თავად პროფესორი კი საიდუმლო ლაბორატორიაში დააბრუნეს, ყოველგვარი პრივილეგიები მოუხსნეს, პატიმრის სტატუსი მიანიჭეს და დღემდე იქ ჰყავთ. მოხუცებულობის მიუხედავად, ის კვლავ ნაყოფიერად შრომობს და ახალ, მომაკვდინებელ ვირუსებსა და ანტივირუსებს იგონებს.

იური კოლმანის ისტორიას „კაგებეს“ ორი გენერლისა და ორი ათეული ოფიცრის კარიერა შეეწირა, ვინც საიდუმლო ლაბორატორიებს კურირებდნენ და იქ უსაფრთხოების დაცვა ევალებოდათ.

– კრეტინი! ინჟინერ გარინის კომპლექსით შეპყრობილი! მომინდომა პოლიტბიუროს წევრობა და თავდაცვის კურატორობა! – იმეორებდა შჩუკინი კოლმანზე, როდესაც ის გავანეიტრალეთ და ყველაფერი წარმატებით დასრულდა.

„გარინის კომპლექსი“ მსოფლიოზე ბატონობის იდეას შეიცავს და გამოჩენილ მეცნიერებს ხშირად ემართებათ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში, ამა თუ იმ მძლავრი სამხედრო იარაღის შემქმნელს მიაჩნია, რომ მას უფლება აქვს, სხვებზე იბატონოს და შესაბამის პირობებს ითხოვს. ასე დაემართა კოლმანსაც და, რომ არ გვემარჯვა, მსოფლიოში გლობალური კატასტროფა მოხდებოდა.

სხვათა შორის, დედამიწაზე გავრცელებული მრავალი ცნობილი ინფექცია ხელოვნურადაა შექმნილი და გავრცელებული და მათ შორის პირველობას არავის უთმობს შიდსი... ეს საშინელება „ცეერუს“ პროექტი იყო და მას „სიყვარულის ისარი“ ერქვა. ამერიკელებმა შიდსის ვირუსი აფრიკის ერთ-ერთ ტომზე გამოსცადეს და, მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტის ყველა, რვაასივე მონაწილე დახოცეს, დაწვეს და მათი ფერფლი მიწაში ღრმად ჩაფლეს, შიდსი მაინც გავრცელდა და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გაავრცელა ერთ-ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა. ის ჯარისკაცი გეტოს იცავდა, სადაც ექსპერიმენტში მონაწილე აფრიკელები შერეკეს და ერთ-ერთ ინფიცირებულთან ჰქონდა სქესობრივი კავშირი. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ ილაშქრებს, უფალი კი ასეთ რამეს არ პატიობს.

უღვთოობა, ღმერთის საწინააღმდეგო მოქმედებები და სხვა მსგავსი რამ, ხშირად ახასიათებთ მსხვილ კორპორაციებსა თუ ფირმებს და მათი ასეთი საქციელი სიხარბით, დიდი ფულის შოვნის სურვილითაა გამოწვეული. ერთხელ „ძიამ“ დამიბარა და, ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ მივედი შეხვედრაზე, მითხრა:

– შემკვეთს შენთან შეხვედრა უნდა. ის არც საქმის შინაარსს ამხელს და არც კონკრეტულ თანხას ასახელებს. მან შემოთვალა, რომ ბევრ ფულს გადაიხდის და შეხვედრის ადგილად ჟენევის ტბაზე მდებარე რესტორანი „გედი“ დაასახელა. თუ თანახმა იქნები, ის სამი დღის მერე, საღამოს 10 საათზე დაგელოდება. იჯდება სამხრეთის კედელთან, მეორე რიგში და მის მაგიდაზე იდგმება ლუდ „ვარშტაინერის“ ერთლიტრიანი ბოთლი.

– მივალ, – მოკლედ მოვუჭერი რომანს და, მას მერე, რაც „ძია,“ ტრადიციულად, პირველი წავიდა, მეც წამოვედი.

„გედში“ დათქმულ დროს მოვედი, რა თქმა უნდა, შენიღბული და, შემკვეთს რომ შევხედე, მასში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანიის თანამშრომელი შევიცანი. მას ჰანსი ერქვა და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გავიცანი, როდესაც იქ „კაგებეს“ სპეცდავალებას ვასრულებდი. მან, რა თქმა უნდა, ვერ მიცნო და მითხრა:

– მე არც თქვენი სახელი მაინტერესებს და არც ჩემსას გეტყვით. აქ კი კონკრეტული საქმისთვის დაგიბარეთ, რაშიც კარგად გადაგიხდით.

– არც მე ვაპირებ, წარმოგიდგეთ და არც თქვენი ვინაობა მაინტერესებს. რაც შეეხება საქმეს, აქ მეტი კონკრეტიკაა საჭირო – ზუსტად უნდა ვიცოდე, რას მავალებთ და რამდენს მიხდით ამ საქმეში.

– ეს კაცი პროფესორი კარლ მეზონია. ის ამსტერდამში ცხოვრობს, მისამართი ფოტოზე წერია, უკან. თქვენ ის უნდა მოიტაცოთ, ჟენევაში ჩამოიყვანოთ და, აი, ამ მისამართზე მოიყვანოთ. ამ საქმეში კი მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებთ.

მილიონი ამერიკული დოლარი შეთავაზებულ საქმეში რეალურ ღირებულებაზე ორჯერ მეტი იყო და მივხვდი, რომ პროფესორის მოტაცება რაღაც ბინძურ საქმესთან იყო დაკავშირებული. ამიტომ, ჩემი ვარაუდის შემოწმება გადავწყვიტე და ჰანსს ვუთხარი:

– ასეთი საქმე სამჯერ ძვირი ღირს. სამ მილიონ დოლარს თუ გადამიხდით, საქმე უნაკლოდ გაკეთდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა შემსრულებლის მოძებნა მოგიწევთ.

ჰანსს წარბიც არ შეხრია, ისე მომიგო:

– თანახმა ვარ. გეტყობათ, რომ ნამდვილი პროფესიონალი ხართ. მილიონს დღესვე დაგისვამთ ანგარიშზე, დანარჩენ ორს კი – საქმის დასრულებისთანავე.

კარლ მეზონი ორმოცდაათიოდე წლის სიმპათიური მამაკაცი იყო. ის ამსტერდამში ცხოვრობდა და მუშაობდა. მის მოტაცებასა და შვეიცარიაში ჩაყვანას ბევრი ხლაფორთი არ სჭირდებოდა. ამიტომ, უპრობლემოდ მივაძინე, კონსპირაციულ ბინაში მივიყვანე და მის გამოფხიზლებას დაველოდე. თვალი რომ გაახილა მიიხედ-მოიხედა და აღმოაჩინა, ხელფეხშეკრული იყო და მწარედ გაეცინა:

– მოვკვდები, მაგრამ იმ ნაძირლებზე არ ვიმუშავებ.

პროფესორ მეზონის საქციელიდან მივხვდი, მას არ გაჰკვირვებია, რომ უცხო გარემოში აღმოჩნდა და ვკითხე:

– აშკარაა, სერ, რომ თქვენი ასეთი მდგომარეობა არ გაოცებთ. ნება მიბოძეთ, გკითხოთ, რატომ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ, ვისთვის მუშაობთ და რაზე მოაწერეთ ხელი. მაგრამ, თქვენი შემკვეთები ვერ ეღირსებიან ჩემგან იმას, რასაც ელოდებიან.

– მაინც, რას ელოდებიან?

– რას და, მსოფლიო საშინელებას, მაგრამ, გიმეორებთ: ისინი ამას ვერასოდეს ეღირსებიან ჩემგან.

– სერ კარლ, ნუ აღელდებით და თანმიმდევრულად მომიყევით ყველაფერი, შემდეგ კი ერთად გადავწყვიტოთ, რა ვქნათ.

– კეთილი. მომისმინეთ, – მითხრა მეზონმა და თხრობა უნდა დაეწყო, მაგრამ, მე მას სიტყვა გავაწყვეტინე, ხელ-ფეხი გავუხსენი და ვუთხარი:

– აი, ახლა კი ბრძანეთ.

– ჩემი მოტაცება თქვენ ამ ცნობილმა ფარმაცევტულმა კომპანიამ შეგიკვეთათ, – მითხრა მეზონმა, მერე ზუსტად დაასახელა ის ფარმაცევტული კომპანია, სადაც ჰანსი მუშაობდა და განაგრძო: – შარშან მათ სათანამშრომლოდ მიმიწვიეს. რომ ჩავედი და მათი ჭეშმარიტი ზრახვები გავიგე, ფეხი დავკარი, გამოვიქეცი და დავემუქრე, თუ ასეთ რამეს თავს არ დაანებებთ, თქვენ შესახებ მსოფლიოს შევატყობინებ-მეთქი.

– ისეთი რა შემოგთავაზეს?

– მე პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ, ვირუსებსა და ანტივირუსებზე ვმუშაობ. მათ კი შემომთავაზეს, შემექმნა მუტანტური გრიპის ვირუსი და ანტივირუსი. ვირუსს ისინი მთელ მსოფლიოში გაავრცელებდნენ, შემდეგ კი გამოუშვებდნენ ამ გრიპის სამკურნალო წამალს და დიდ ფულს იშოვიდნენ. როცა ყველაფერი გავიანგარიშე, შედეგებმა მაჩვენა, რომ ამ გრიპს ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირებოდა, ფარმაცევტული კომპანია კი ამ გრიპის საწინააღმდეგო წამლის გაყიდვით, სუფთა მოგების სახით მიიღებდა ერთ ტრილიონ დოლარს. გესმით თქვენ, რამხელა ცოდვისკენ მიბიძგებდნენ ეს გარეწრები?!

პროფესორის მონათხრობი მართლაც ძალიან შთამბეჭდავად ჟღერდა და კარლ მეზონის ჟენევაში ჩაყვანაში ჩემთვის ნახევარი ტრილიონი დოლარიც რომ გადაეხადათ, მაინც უარს ვეტყოდი. ამიტომ, მეზონს ვუთხარი:

– მე თქვენი მჯერა და შეკვეთას ვაუქმებ, მაგრამ, თქვენ რას იზამთ?

– თუ გამიშვებთ, დღესვე დიდ პრესკონფერენციას მოვიწვევ და მთელ მსოფლიოს შევატყობინებ ამ ბოროტების შესახებ.

– ეს საკმარისი არაა. თქვენ ან მოგკლავენ, ან მოგიტაცებენ და ამ სატანურ პროექტს მაინც განახორციელებენ.

– აბა, რას მთავაზობთ?

– თქვენ მყარი სახელმწიფო დაცვა გჭირდებათ – მხოლოდ ეს გიხსნით სიკვდილისგან, მსოფლიოს კი – საშინელებისგან.

– დაცვისთვის რომელ ქვეყანას უნდა მივმართო, ჰოლანდიას? მე ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ.

– ასეთი სულ სამი ქვეყანაა: ამერიკის შეერთებული შტატებში, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი.

– აჰ, რუსეთი არა, – ხელები გაასავსავა მეზონმა. – რუსეთი ბოროტების იმპერიაა. აი, ამერიკა და ბრიტანეთი კი შეიძლება.

– მე კი რუსეთს გირჩევთ, მისტერ მეზონ. ისინი საიმედოდაც დაგიცავენ და არც მსგავს საშინელებას მოგთხოვენ.

– შტატებსა და ბრიტანეთში მომთხოვენ?

– მერწმუნეთ, რუსეთი უფრო საიმედოა, თუ თანახმა ხართ, შემიძლია, დაგეხმაროთ.

– კარგი, მე მჯერა თქვენი. რაც არ უნდა იყოს, იმ მონსტრების კლანჭებიდან მიხსენით და ამით, ალბათ, საკუთარი სიცოცხლე ჩაიგდეთ საფრთხეში. 

– მაგაზე ნუ დარდობთ, პროფესორო. დღესვე მოსკოვში იქნებით. იქ კი სათანადოდ მოგხედავენ.

პროფესორი კარლ მეზონი მოსკოვში ჩავიყვანე და ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად კონსპირაციულ ბინაში მოვათავსე. შემდეგ შჩუკინს შევხვდი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. მან დახმარება აღმითქვა და, მას მერე, რაც ვიქტორ იაკოვლევიჩი შესაბამის ხალხს შეხვდა და მათგან კარლ მეზონის დაცვის მყარი გარანტიები მიიღო, მე მათ კონსპირაციული ბინის მისამართი ვუთხარი და ორიოდე საათის შემდეგ თბილისში გამოვფრინდი.

პროფესორი მეზონი დღემდე რუსეთში ცხოვრობს, უმსხვილეს მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას ხელმძღვანელობს და მიუხედავად იმისა, რომ მასზე კბილებს ილესავენ, ვერაფერს აკლებენ. ეს კი იმიტომ, რომ მეზონი თავის პირად მეგობრად გამოაცხადა რუსეთის პირველმა პირმა და მთელ მსოფლიოში კარგად უწყიან, რომ ვინც რუსეთის მეთაურის მეგობარს შეეხება, ათჯერ უარეს პასუხს მიიღებს... „კბილი – კბილის წილ“ – ასეთია ამბიციური, ძლიერი ქვეყნების დევიზი და, ვინც მათ რამეს ავნებს, ადეკვატურ პასუხს მიიღებს. იყო დრო, (მართალია, ის ძალიან მცირე მონაკვეთს მოიცავდა), როდესაც რუსეთს ადეკვატური პასუხის გაცემა თითქმის არ შეეძლო; დღესდღეობით კი მას არ აკმაყოფილებს ლოზუნგი „კბილი – კბილის წილ“ და თუკი მას ვინმე კბილს მოსტეხს, პასუხად თავს მოჰკვეთენ.

– გიხაროდეს, კოკი, ჩვენ კვლავ ფეხზე დავდგებით, – მითხრა ამას წინათ შჩუკინმა, როდესაც მას მოსკოვში შევხვდი.

– კონკრეტულად რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ? – ვკითხე შჩუკინს, მან კი მიპასუხა:

– რა თქმა უნდა, ჩვენს სამხედრო ძლიერებას და არა მარტო ამას. ჩვენ სულ მალე ეკონომიკურადაც დავდგებით ფეხზე და, რაც არ უნდა ემბარგოები აცხადონ ამერიკელებმა, ეს ჩვენ ვერაფერს დაგვაკლებს.

– ჩვენ, ჩვენ რა გვეშველება? საცოდავი საქართველო კვლავ ვიღაცის ექსპერიმენტებსა და პოლიტიკურ ამბიციებს უნდა შეეწიროს?

– არა! – მტკიცედ მითხრა შჩუკინმა, – მორჩა ექსპერიმენტები. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. ის დრო მოდის, როდესაც თანასწორუფლებიანი პარტნიორები გავხდებით და ერთად შევუტევთ მართლმორწმუნეობის, მართლმადიდებლობის მტრებს. ჩვენ დავანგრევთ ცრუ კერპებს და დედამიწას უწმინდურებისგან გავწმენდთ.

შჩუკინის სიტყვებში მტკიცე საბჭოური რიტორიკა იგრძნობოდა და მე გამახსენდა ცივი ომის პიკი, როდესაც დედამიწა მესამე მსოფლიო ომის პირას იდგა და ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებდა. სწორედ მაშინ დამკვიდრდა ასეთი შეურიგებელი მიმართვების სტილი და, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ოპონენტებს არაფერს ვუთმობდით, მაინც დავმარცხდით და დავიშალეთ. ამიტომ, შჩუკინს ვუთხარი:

– ეს ხომ საბჭოური რიტორიკაა და, გამოგვადგება რამეში?

– გამოგვადგება, ჩემო კარგო. საბჭოური გამოცდილება გამოგვადგება და, მერწმუნე, რომ ჩვენი მტრები, ამერიკის თამადობით, მეორეჯერ  ვეღარ შეძლებენ ჩვენს დამარცხებას. გარწმუნებ, რომ რუსეთი არ დაიშლება და ამაში ლომის წილს საქართველო შეიტანს.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებზე გამეცინა და ვუთხარი:

– ამერიკელები რომ ასე არ ფიქრობენ?

– რომ არ ვიცოდე, ვინ ხარ, შენზე ცუდი წარმოდგენა შემექმნებოდა. ჩემო კოკი, ნუთუ ისე დავკნინდით, რომ გაბღენძილი, გაზულუქებული ამერიკელების გვეშინია? გაიხსენე, რა დღეში ვყრიდით მათ. რა ჩვენი ბრალია, რომ ერთმა მოღალატე ნაძირალამ ამხელა ქვეყანა ჯერ დაშალა, შემდეგ კი მტრებს მიუგდო საჯიჯგნად? მორჩა! ეს ყველაფერი წარსულში იყო და, რომ იტყვიან, წინ ვეღარ წავლენ. ჩვენი დევიზია – „არც ერთი ნაბიჯი უკან“. ეს სტალინისეული მოწოდება მეორე მსოფლიო ომის მერე ახლა ყველაზე აქტუალურია. დღეს სწორედ ჩვენ ვდგავართ მართლმადიდებლური ცივილიზაციის წინა ხაზზე და თუკი კერპთაყვანისმცემლებს გავატარებთ, მაშინ, ისინი ჩვენს სიწმინდეებს წაბილწავენ და დედამიწაზე კატასტროფა მოხდება...

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენ კარგად იცით ჩემი განწყობა და ამერიკელებისადმი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ისინი ჩვენი უპირველესი მტრები არიან და სწორედ ეს ვიგულისხმე ჩემს სიტყვებში. ანუ, ისინი ძალიან ძლიერები არიან, ამიტომ, არც საქართველოს დათმობენ ასე იოლად და არც თავიანთ გლობალურ გეგმებზე აიღებენ ხელს.

– ჰოდა, სწორედ აქ მოიტეხენ კისერს. ვიმეორებ: მორჩა ექსპერიმენტებისა და დაპირისპირებების პერიოდი. საქართველო და რუსეთი ორი ძმური სახელმწიფო, ორი ძმური ერია და მართლმადიდებლური ცივილიზაცია სისხლში გვაქვს გამჯდარი. როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, იმდენი წამებული გვყავს, რომ მარტო მათი სულები არ მოგვცემენ მოდუნების უფლებას და ამ ბრძოლაში წაგვიძღვებიან წინ.

შჩუკინს ვუსმენდი და მეგონა, ჩემ წინ ძლევამოსილი საბჭოთა „კაგებეს“ მაღალჩინოსანი გენერალი კი არა, ეროვნული მოძრაობის ლიდერი იდგა, სულით ხორცამდე ეროვნულ-მართლმადიდებლური იდეოლოგიით გაჟღენთილი და მზად იყო, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში შებმოდა უწმინდურებს. ანუ, შჩუკინში მე ახალი, სრულიად უცნობი პიროვნება აღმოვაჩინე. რას წარმოვიდგენდი, თუ ის ასე ღრმად, საფუძვლიანად იცნობდა ჩვენს სარწმუნოებას და სწორედ ის მიაჩნდა ჩვენი ბრძოლის მამოძრავებელ ერთადერთ და წარმმართველ იდეოლოგიად. ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებში ეჭვის შეტანა აბსურდი იყო, რადგან მე მას მშვენივრად ვიცნობდი და გამორიცხული იყო, შემშლოდა. ამიტომ შჩუკინს გავუღიმე და ვუთხარი:

– სასიამოვნო სიურპრიზია, ამხანაგო გენერალო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ქრისტიანობის ასეთი თავგამოდებული დამცველი იყავით.

– ქრისტიანობის კი არა, ჭეშმარიტი ქრისტიანობის. ნახევარი მსოფლიო უწოდებს საკუთარ თავს ქრისტიანს, მაგრამ, არანაირი საერთო არ აქვს მასთან. ასე, ამერიკელებიც ქრისტიანები არიან, ვითომ... ჭეშმარიტი ქრისტიანობა მართლმადიდებლობაა, დანარჩენი კი მხოლოდ  იბრალებს ამას. ამიტომ, სწორი ის იქნებოდა, გეთქვა, მართლმადიდებლობის დამცველი ხარო.

– და, მაინც, ჩემო ძვირფასო ვიქტორ იაკოვლევიჩ, თქვენგან ასეთი სიტყვები დიდი მოულოდნელობაა და, ვაღიარებ, რომ სასიამოვნოდ გაოცებული ვარ ამით.

– მოხარული ვარ, რომ ჩემზე ასე ფიქრობ. ახლა კი ერთი თხოვნა მაქვს, რომელშიც, რა თქმა უნდა, შესაბამის ანაზღაურებასაც მიიღებ.

– ბრძანეთ.

– კოკი, სიტყვამ შემთხვევით არ მოიტანა რელიგიური თემა, – მითხრა შჩუკინმა და ორი ცალი ფერადი ფოტო მიჩვენა, – ეს ეგრეთ წოდებული „ენჯეოშნიკი“ – არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ცენტრალურ რუსეთში, სადაც საკმაოდ გაჭირვებული, ღარიბი ხალხი ცხოვრობს, მან, ეგრეთ წოდებული „სიკეთის სახლი“ გახსნა და მოსახლეობა ისე ჰყავს „დაბოლებული“, რომ საკუთარ ჭკუაზე ატარებს. ეს კი ძალიან საშიშია და მისი ლიკვიდაცია უნდა მოახდინო.

– მაინც, რას აშავებს?

– მისი მთავარი დანაშაული ისაა, რომ ახალგაზრდებს რყვნის.

– როგორ, სქესობრივად?

– არა. ის ფულს უხდის მათ და სანაცვლოდ მართლმადიდებლობაზე უარის თქმას აიძულებს. ცენტრალური რუსეთი კი მართლმადიდებლობის მთავარი სამჭედლოა, ყველაზე მეტი ტაძარი სწორედ იქაა და სწორედ იქაურები ილაშქრებდნენ ყოველთვის რჯულის შემლახველებისა და უღმერთოების წინააღმდეგ ყველაზე აქტიურად. მტერს კი ამ ჩვენი დედაბოძის დანგრევა სურს და, ეს თუ მოახერხა, ჩათვალე, რომ რუსეთსაც დააჩოქებს, შემდეგ დაშლის და თავის ბილწ მიზანსაც მიაღწევს. გახსოვს, რას წერს ბზეჟინსკი თავის წიგნში?

– მახსოვს. ის წერს: კომუნიზმი დავამარცხეთ, ახლა კი ჯერი მართლმადიდებლობაზეაო.

– ჰოდა, აგაშენა ღმერთმა. ეს „ენჯეოშნიკი“, სინამდვილეში კი სექტანტი და მართლმადიდებლობის მტერი, თავისი  ამერიკელი პატრონების შეკვეთას ახორციელებს და ჩვენი ციხესიმაგრის დანგრევას შიგნიდან ცდილობს. ის ჩვენი კანონების ფარგლებში მოქმედებს, სწორედ ამის გამო არ ხერხდება მისი პასუხისგებაში მიცემა და, ამიტომ, ის უნდა განადგურდეს.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ხომ არ აჯობებდა, მასზე ჯერ კომპრომატი მოგვეძებნა, გადაგვეღო და, მისი ლიკვიდაციის პარალელურად, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ის წამებულად არ შერაცხონ? თორემ, ხომ შეიძლება, ჩვენმა აქციამ უკუეფექტი გამოიწვიოს და მისი მოკვლით მისივე საქმე გავაკეთოთ? – შევთავაზე შჩუკინს, მან კი მითხრა:

– სამწუხარო ისაა, რომ, ის ბილწი, ამერიკელების მიერ კარგად მომზადებული აგენტია და აბსოლუტურად ასკეტურად ცხოვრობს. არც ეწევა, არც სვამს, არც ნარკოტიკებს ეკარება და არც ქალებს. ამიტომ, მისი კომპრომეტირება არ მოხერხდება, თორემ, გიყვარდეს, ასეთი რამ რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად გამოვიყენებდით. ამიტომ, მას მხოლოდ ტყვიას თუ დავაჭედებთ.

– ვიქტორ იაკოვლევიჩ, ვფიქრობ, რომ მისი კომპრომეტირება მაინც მოხერხდება.

– როგორ?

– ჯერ ის მითხარით, სადაურია და რომელი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს?

– ეროვნებით რუსია, მოქალაქეობა კი ამერიკის აქვს.

– ძალია კარგი. ესე იგი, ის რომ გაუჩინარდეს, ამერიკელები დიდ სკანდალს ატეხენ, ხომ?

– მსოფლიოს შეძრავენ.

– მაშინ, ასეთ რამეს გთავაზობთ: ის სუბიექტი უნდა გავიტაცოთ და ამერიკელების რეაქციას დაველოდოთ. საერთაშორისო სკანდალი პიკს რომ მიაღწევს და რუსეთის ლანძღვას დაიწყებენ, პოლიცია წამალში გაპარულ მის ცხედარს აღმოაჩენს ერთ-ერთ მოსკოვურ პრიტონში, სადაც ელიტური ბოზ-ნარკომანი ქალები დაადასტურებენ, რომ ის ხშირად ატარებდა დროს მათთან ერთად. ამ კადრებს კი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, მთელი რუსეთი ნახავს, მათ შორის, მის მიერ „დაბოლებული“ ახალგაზრდებიც. ვფიქრობ, ეს კარგი კომპრომატი იქნება მართლმადიდებლობის დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ.

ლაპარაკს რომ მოვრჩი, შჩუკინი ორიოდე წუთის  განმავლობაში უხმოდ მიყურებდა, ბოლოს თავი გააქნია და მითხრა:

– როგორც ეტყობა, ვბერდები და ვშტერდები. ასეთი კომბინაცია როგორ ვერ მოვიფიქრე? შენ კი, კოკი, კვლავ ძველებურ ფორმაში ხარ. მიდი, იმოქმედე. ნახევარ მილიონ დოლარს ხვალვე დაგისვამენ ანგარიშზე.

ბოლოდან დავიწყებ და ვიტყვი, რომ ის ნახევარი მილიონი დოლარი, რომელიც საქმეში გადამიხადეს, ორად გავყავი და ერთი ნახევრით მართლმადიდებელთა დახმარების ფონდი ჩამოვაყალიბე, მეორე ნახევრით კი მართლმადიდებლური ტაძარი ავაგე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ანონიმურად გავაკეთე. რაც შეეხება ობიექტს, მისი წამალში გაპარული, ნემსებით დაჩხვლეტილი ცხედარი მთელმა მსოფლიომ ნახა და არც ამერიკელებს დაუწყიათ იმისი მტკიცება, ეს კაცი მოკლულია. თუმცა, „ცეერუმ“ კარგად იცოდა, რომ აგენტი ასკეტი იყო. მაგრამ, ამის მტკიცება რომ დაეწყოთ, ეჭვს გამოიწვევდა და ხმა არ ამოუღიათ.

მსგავსი მეთოდებით მოქმედებს „ცეერუ“ საქართველოშიც და, ჩვენდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ აქ ეს კარგად ჭრის და ძალიან ბევრი ადამიანი გაება მათ ბადეში. მაგრამ, ჩვენთან ოდნავ განსხვავებული ტაქტიკით მოქმედებენ: ყველა ანტიქართულ, ანტიმართლმადიდებლურ სექტას ქრისტიანობის მანტია აქვს მოსხმული და ჩვენი მტრები ქრისტეს სახელით გველაპარაკებიან. ერთხელ ჩემს ახალ სახლში ვიმყოფებოდი. ცუდი ამინდი იყო. არანაირი საქმე არ მქონდა და არსად წასვლას არ ვაპირებდი. სავარძელში ვიყავი მოკალათებული, როდესაც ზარმა დაიწკრიალა. გარეთ ფარული ვიდეოკამერები მაქვს დაყენებული და მონიტორს რომ შევხედე, ჩემს კართან მდგარი ქალ-ვაჟი დავინახე, რომლებსაც უზარმაზარი ჩანთები ჰქონდათ მხარზე გადაკიდებული, ხელში კი სექტანტური ლიტერატურა ეკავათ. მათი ამოცნობა არ გამჭირვებია. შემეძლო, კარი არ გამეღო და წავიდოდნენ, მაგრამ, კართან მივედი, გავუღე და ვუთხარი:

– გისმენთ.

ვაჟი უხმოდ იდგა, გოგონამ კი ჩართო:

– გამარჯობა. თქვენთან რამდენიმე შეკითხვა გვაქვს. შეიძლება, გკითხოთ?

– ბინაში შემობრძანდით, – ვუთხარი ქალ-ვაჟს. ისინი აშკარად არ ელოდნენ ჩემგან ასეთ თავაზიანობას და, თითქოს ეშინიათ, ორმოში არ ჩავარდნენო, ძალიან ფრთხილად შემოვიდნენ სახლში. მე ისინი სასტუმრო ოთახში შევიყვანე, სავარძელზე მივუთითე და ვკითხე:          

– ყავას მიირთმევთ?

გოგონა ბიჭზე ბევრად თამამი აღმოჩნდა და მითხრა:

– დიახ, უნალექოს.

– თქვენ? – ვკითხე ვაჟს.

– მეც, – ენის ბორძიკით მითხრა ვაჟმა.

– ნალექიანს თუ უნალექოს?

– ნალექიანს.

მე სამზარეულოში გავედი. უკან გორგოლაჭიანი ურიკით დავბრუნდი, რომელზეც ნალექიანი ყავის გარდა, სხვადასხვა სასმელი, ტკბილეული და სიგარეტები ელაგა. ახალმოსულებს ყავა წინ დავუდგი და ვკითხე:

– რომელი რას დალევთ ყავასთან ერთად – ვისკის, არაყს, ღვინოს თუ ლიქიორს?

ყმაწვილს აშკარად ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი უნდოდა, თუმცა, გოგონამ არ აცალა და მითხრა:

– ჩვენ მხოლოდ ყავას ვსვამთ.

– კარგი, როგორც გენებოთ. მიირთვით ყავა და ბრძანეთ, რა გნებავთ.

ვაჟი ნელ-ნელა, სიამოვნებით სვამდა უმაღლესი ხარისხის ყავას, გოგონამ კი არაყივით გადაჰკრა და მითხრა:

– შეიძლება, გკითხოთ?

– ბრძანეთ.

– თუ შეიძლება, თქვენი სახელი მითხარით.

– კოკი.

– ბატონო კოკი, რას ფიქრობთ მეორედ მოსვლასა და ღმერთზე?

– ღმერთი არსებობს, მეორედ მოსვლა კი მისი ნებაა და ის გადაწყვეტს, ვინ დაიღუპება და ვინ გადარჩება.

– ეკლესიაში დადიხართ?

– ძალიან იშვიათად, – მივუგე გოგონას, რომელსაც ჩემმა პასუხმა ფრთები შეასხა და მითხრა:

– ღმერთის რისხვის არ გეშინიათ?

– არ ვიცი, – ვუთხარი გოგონას, რომელსაც მერყევ კაცად მოვაჩვენე თავი და საშუალება მივეცი, თავისი სექტის ფართო პროპაგანდა დაეწყო ჩემთან. მან თხუთმეტი წუთი „იქადაგა“ და ბოლოს შემაპარა:

– როგორ ფიქრობთ, ღირს ჩვენს ჭეშმარიტ სარწმუნოებრივ სახლში მოსვლა, სადაც იდეალური ჰარმონია სუფევს და მაღალი ღმერთი გვფარავს?

მე ჭიქები არყით შევავსე და გოგონას ვკითხე:

– დარწმუნებული ხართ, რომ ღმერთი არსებობს?

– რა თქმა უნდა, – ერთხმად მომიგეს სექტანტებმა.

– მაშინ, ღმერთს გაუმარჯოს! დალიეთ, თორემ, არ დავიჯერებ, რომ მართლა ჭეშმარიტ რწმენაში ხართ.

წყვილი სექტის მიერ „ვერბოვკაზე“ იყო გამოგზავნილი და, ალბათ, იფიქრეს, რომ, თუკი დალევდნენ, „დამავერბოვკებდნენ“. ამიტომ, თითო ჭიქა არაყი გადახუხეს... მე მათ კიდევ ორ-ორი ჭიქა დავალევინე, რამაც ისინი კარგად შეაქეიფიანა და ენებიც ააშვებინა, განსაკუთრებით კი ბიჭი ენაწყლიანობდა. გამომიტყდა, რომ მას სიმონი ერქვა, გოგონას კი – ეთერი და რომ ისინი იმერეთის ერთ-ერთი მაღალმთიანი სოფლიდან იყვნენ.

 

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3