ექიმის რჩევები
კითხვა: როგორ ხდება სისხლძარღვებში თრომბის არსებობის დადგენა? შეიძლება თუ არა, რომ თრომბის კოლტი თვალისთვის შესამჩნევი იყოს და ხელით ისინჯებოდეს, მაგალითად, ტერფზე, კოჭთან?
პასუხი: დაავადებას, რომლის დროსაც სისხლძარღვებში ჩნდება თრომბი, თრომბოფლებიტი (ვენის კედლის ანთება) ეწოდება. ის ვენების ვარიკოზული გაგანიერების ხშირი გართულებაა. ავადმყოფი უჩივის დაზიანებული კიდურის ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოძრაობისა და ფიზიკური დატვირთვისას. ვენა შეწითლებულია, ისინჯება მკვრივი, სიმისებრი მტკივნეული წარმონაქმნი, მტკივნეული კვანძები, რომლებიც ირგვლივ მდებარე ქსოვილებისგან მკვეთრად არის გამოკვეთილი. შესაძლოა, სხეულის ტემპერატურამ 37-38 გრადუსამდე მოიმატოს. ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობა არცთუ შესამჩნევად უარესდება.
იშვიათად მოსალოდნელია თრომბის ჩირქოვანი გალღობა და სეპტიკური მდგომარეობა. პროცესი ყველაზე ხშირად კოჭის ვენაში ლოკალიზდება. კვლევისთვის ყველაზე ხშირად დოპლეროგრაფიას მიმართავენ.
კითხვა: შეიძლება თუ არა ნაღვლის ბუშტის ანთების დროს ნაყინის ჭამა?
პასუხი: ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს ნაყინი უნდა ამოიღოთ რაციონიდან, რადგან ცივი საკვები, ნაყინი, ცივი სასმელი ხშირად ხდება ნაღვლის ჭვალის მაპროვოცირებელი.
კითხვა: გამრუდებული ძგიდის გასწორება ფრონტიტის მდგომარეობას აადვილებს?
პასუხი: ძგიდის გამრუდებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელების გამო პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი და ფრონტიტი. ამიტომ, გამრუდებული ძგიდის დროული და კვალიფიციური მკურნალობა აუცილებელია.
კითხვა: საიდან აღწევს ჰერპესი ორგანიზმში?
პასუხი: ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი, ხოლო ინფექციის გადაცემა ხდება სქესობრივი, კონტაქტური, ჰაერწვეთოვანი და ტრანსფუზიული (სისხლის გადასხმა) გზით. ნაყოფის ინფიცირება ხდება ორსულობის დროს ტრანსპლაცენტური ან მშობიარობის დროს ტრანსცერვიკალური გზით. ვირუსი ორგანიზმში შეიჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
კითხვა: ამ ბოლო დროს ძალიან მოვიმატე წონაში. ვაპირებ ანალიზების გაკეთებას. რა ანალიზები უნდა ჩავიტარო ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გარდა?
პასუხი: მსუქან პირებს, ფარისებრ-მასტიმულირებელი ჰორმონის გარდა, როგორც წესი, ვურჩევთ სისხლში გლუკოზისა და ლიპიდების შემცველობის განსაზღვრას.
კითხვა: თირკმელებში მაქვს დიდი რაოდენობით მარილები, შარდი კი – მუქი ყვითელი. თუ შეიძლება, რომ ეს მარილების ბრალი იყოს? რით ვუშველო მარილებს?
პასუხი: დიდი რაოდენობით მარილები, შესაძლოა შარდის გამუქების მიზეზი იყოს.
შარდში მარილების აღმოჩენა არ არის არავითარი დაავადების სიმპტომი და, შესაბამისად, არც მკურნალობაა საჭირო, უბრალოდ, მიიღეთ სითხე სათანადო რაოდენობით, განსაკუთრებით – დღის მეორე ნახევარში.