კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ერთი სიყვარულის ისტორია

ყოველთვის ვკითხულობ თქვენს რუბრიკას, რომელშიც თითქმის ყველა ავტორი (იშვიათი გამონაკლისის გარდა) წერს თავისი გაცრუებული სიყვარულის, ღალატის, ორგულობის შესახებ. მე მინდა გიამბოთ ჩემი 80 წლის ბებოს საოცრად რომანტიკული ისტორია. შეიძლება, ეწყინოს კიდეც, მის შესახებ რომ გწერთ, მაგრამ იმედია, მაპატიებს.

სკოლის მოსწავლე რომ იყო, ბებოს ეზოში ცხოვრობდა ერთი სტუდენტი ბიჭი, რომელიც ბებიაჩემს სულ პატარა ასაკიდან შეუყვარდა. ის 15 წლით უფროსი იყო და ლამაზ, განებივრებულ გოგონას, როგორიც პატარა ბავშვს, ისე უყურებდა. ცხადია, ვერც კი ხვდებოდა, რა ცეცხლი ტრიალებდა მის გულში. უბრალოდ, მოსწონდა, როგორც ლამაზი ბავშვი და ყოველთვის, შინ დაბრუნებისას, მისთვის პატარა საჩუქარი მოჰქონდა: ხან კანფეტი, ხან ბუშტი, ხან თოჯინა. ბებიამ სკოლა რომ დაამთავრა, ის ბიჭი (პირობითად ირაკლის დავარქმევ) უკვე კაცი იყო და რუსეთში წავიდა სამუშაოდ, მერე კი იქ დარჩა და რამდენიმე წელი აღარ ჩამოსულა. მისი ორი პატარა ოთახი დაკეტილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლიმ არაფერი იცოდა ბებოს სიყვარულის შესახებ და არც თვითონ უგრძნობინებია ოდესმე რაიმე მსგავსი, ბებიაჩემს მთელი ამ წლების განმავლობაში ერთი პატარა ფლირტიც კი არავისთან ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი გოგო იყო და მომწონებელიც ბევრი ჰყავდა და ხელის მთხოვნელიც. თუ ვინმე ძალიან გაუწყალებდა გულს, ეუბნებოდა, შეყვარებული მყავსო. ერთ დღეს კი დედამისს უპოვია ყუთში სათუთად ჩალაგებული ყველა ის საჩუქარი, რაც კი ირაკლის ბავშვობაში უჩუქებია მისთვის, მიმხვდარა, ვინც უყვარდა მის შვილს და უთქვამს: იმას ტყუილად ელოდები და ტყუილად იტანჯავ თავს. ის შენზე ბევრად უფროსია; ალბათ, უკვე ცოლ-შვილიც ჰყავს. რამე გრძნობა რომ ჰქონოდა შენ მიმართ, მიგახვედრებდა და მაინცდამაინც ცხრა მთას იქით არ წავიდოდა. ის აქ ჩამომსვლელი აღარ არისო. იმაზე ბებოს უთქვამს: ჩემს სიყვარულს  იგრძნობს და დაბრუნდებაო.

ერთ დღეს (მაშინ ბებო უკვე უნივერსიტეტს ამთავრებდა) მეზობლებმა თქვეს, ამ დღეებში ირაკლი ჩამოდისო. იმ ღამით ბებიაჩემმა ძველი გასაღებების უზარმაზარი ასხმულადან ერთ-ერთი მოარგო ირაკლის ოთახის კარს, შევიდა და დედამისის მალულად იქაურობა დააწკრიალა. იმ დღეს კი, როცა ირაკლი უნდა ჩამოსულიყო, რამდენიმე საათით ადრე, გემრიელი სადილი მოამზადა (რაც, მისი აზრით, ირაკლის მონატრებული უნდა ჰქონოდა), მაგიდა გაუწყო, კარი ისევ ჩაკეტა და თვითონ მეგობართან წავიდა. ცხადია, ირაკლი გაოცებული დარჩა იმით, რაც თავის ოთახში დახვდა და დიდხანს ეძებდა „ზღაპრულ ფერიას“, რომელსაც ასე უზრუნია მისთვის, მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნო, ისიც შემთხვევით. მათი ისტორია მართლაც ლამაზი ზღაპარივით დამთავრდა, უფრო სწორად – გაგრძელდა. ისინი დაქორწინდნენ და საოცრად უყვარდათ ერთმანეთი. ბაბუა სიცოცხლის ბოლომდე აღმერთებდა ბებოს და აღფრთოვანებული იყო მისით.

ბაბუა რომ გარდაიცვალა, ბებო 76 წლის იყო, ბაბუა – 91-ის, მაგრამ, ისე განიცადა, კინაღამ თან გაჰყვა. ბაბუამ სიკვდილის წინ მითხრა, ღმერთს ვყვარებივარ, ბებიაშენი რომ შემახვედრა ცხოვრებაშიო. ბებოც სულ ამ სიტყვებს მეუბნება ხოლმე და დღემდე ცოცხალივით უყვარს ქმარი.

ირმა, 26 წლის.

 

როგორ დავკარგე ნამდვილი სიყვარული

თქვენი ჟურნალის წინა ნომერში წავიკითხე 15 წლის გოგონას წერილი, რომელშიც წერდა, რომ უყვარდა ბავშვებში არაპოპულარულ თანაკლასელ ბიჭს და, მიუხედავად იმისა, რომ თვითონაც ჰქონდა მის მიმართ გრძნობა, რადგან ბევრ ღირსებას ხედავდა მასში, მაინც თავს არიდებდა იმის შიშით, რომ ბავშვებს ისიც არ აეთვალწუნებინათ. ამ წერილის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, მეც მომეწერა თქვენთვის წერილი, უფრო სწორად კი, ამ წერილით 15 წლის მაკას მინდა მივმართო. მე მას არაფერს ვურჩევ, არც ჭკუას ვასწავლი, უბრალოდ, ჩემს ამბავს მოვუყვები.

თითქმის ასეთივე ისტორია გადამხდა მეც ახალგაზრდობაში. მაშინ მეც მაკას ხნის ვიყავი და შევუყვარდი ბიჭს, რომელსაც მთელი უბნის ბიჭები ამრეზით უყურებდნენ. ამ შემთხვევაშიც დაახლოებით იგივე მიზეზი იყო: ოთო არასდროს იდგა ბირჟაზე, სწავლობდა კარგად, არაჩვეულებრივად ხატავდა და, რაც მთავარია, უვლიდა მოხუც ბებოს და უმცროს ძმას. ოთოს დედა გარდაცვლილი ჰყავდა, მამა კი ცალკე ცხოვრობდა მეორე ცოლ-შვილთან ერთად. მართალია, შვილებს ხანდახან აკითხავდა და, ალბათ, მატერიალურადაც ეხმარებოდა, მაგრამ ბიჭები ძირითადად მარტონი იყვნენ მოხუც ბებიასთან.

ოჯახების „კასტებად“ დაყოფა სიმდიდრისა და თანამდებობების მიხედვით მაშინაც იყო და, თავისი „მონაცემებიდან“ გამომდინარე, ოთო პოპულარული ბიჭი ნამდვილად არ იყო, მით უმეტეს, რომ არ უყვარდა ქუჩაში უსაქმოდ დგომა და ძველბიჭობა (მაშინ ვინც შეძლებული ოჯახიდან არ იყო, ამ გზით ცდილობდა ავტორიტეტის მოპოვებას და, სხვათა შორის, მათი უმრავლესობა ამას ახერხებდა კიდეც).

მოკლედ, ოთოს ვუყვარდი და არც ცდილობდა თავისი გრძნობის დამალვას. ჩვენ პარალელურ კლასებში ვსწავლობდით და ხშირად ერთად გვიწევდა სკოლაში სიარული, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მსიამოვნებდა მასთან საუბარიც (ძალიან ნაკითხი ბიჭი იყო) და ელემენტარული ურთიერთობა, მას შემდეგ, რაც ერთხელ უბნის უსაქმურებმა ერთად დაგვინახეს სკოლიდან მომავლები და ოთოს დაცინვა დაუწყეს – ნახე, ბიჭო, რომეო მოდისო, ამან კი პასუხი არ გასცა, მე ეს ვითაკილე და ვუთხარი, ჩემთვის ხმის გაცემაც აღარ გაბედო-მეთქი. მას მერე დიდხანს ცდილობდა ჩემთან შერიგებას, ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ მე სამუდამოდ ჩამოვიშორე. ოთომაც დამანება თავი და სულ მარტო დადიოდა. ერთი-ორი თვის შემდეგ კი ვიგრძენი, როგორ მაკლდა მასთან ურთიერთობა, მაგრამ, სიამაყეს ვერ ვძლიე და, მიუხედვაად იმისა, რომ ვიცოდი, ისევ  ვუყვარდი, მაინც არ დაველაპარაკე, არ გადავდგი შერიგებისკენ პირველი ნაბიჯი და ასე სამუდამოდ დავშორდით. დედაჩემს ჩვენი დაშორება ძალიან უხაროდა, რადგან, სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რაში გჭირდება ეგ უპატრონო ბიჭი, მაგან ოჯახს როგორ უნდა მოუაროს, თვითონაც შიმშილით უხმება კუჭიო.

ერთი წლის შემდეგ ოთოს ბებია გარდაეცვალა, მამამისმა ბინა გაყიდა და შვილები თავისთან წაიყვანა. მას მერე ისე გავიდა თხუთმეტი წელი, ოთოზე არაფერი გამიგია. გარდა იმისა, რომ ნიჭიერ ახალგაზრდა მხატვრად იყო აღიარებული და ძირითადად უცხოეთში მოღვაწეობდა. მე სულ ვფიქრობდი მასზე და ვნანობდი ჩემს საქციელს, მით უმეტეს, რომ პირადი ცხოვრება ვერ ავაწყვე – ქმარს გავშორდი და მარტო ვზრდიდი ორ შვილს.

ერთ დღეს კი მეგობარმა მითხრა, ოთოა ჩამოსული და თბილისში აწყობს გამოფენასო. რა თქმა უნდა, წავედი – ძალიან მაინტერესებდა, მართლა ასეთი ნიჭიერი მხატვარი თუ იყო, როგორც მასზე ლაპარაკობდნენ. სიმართლე გითხრათ, გულის სიღრმეში, ალბათ, მინდოდა კიდეც მისი ნახვა, მაგრამ, იმდენად მრცხვენოდა მისთვის თვალებში შეხედვა, გადაწყვეტილი მქონდა, მაქსიმალურად ამერიდებინა თავი მასთან შეხვედრისთვის. თუმცა, ეს შეხვედრა მაინც შედგა და ეს იყო შოკი: გამხდარი შავი ბიჭის ნაცვლად, ჩემ წინ იდგა სიმპათიური, წარმოსადეგი მამაკაცი, რომელიც სევდიანად მიღიმოდა. მაგრამ, მთავარი შოკი დარბაზში დამემართა: გამოფენის ერთი კედელი თითქმის ჩემი პორტრეტებით იყო სავსე. ყველა უაღრესად ნიჭიერად შესრულებული ტილო იყო, მაგრამ ერთმა განსაკუთრებით მომხიბლა – ყვავილებით სავსე მინდორში ვიდექი ქარისგან თმააწეწილი და ვიცინოდი. დიდხანს ვიდექი ამ ნახატის წინ, მერე კი ჩუმად წამოვედი სახლში.

მეორე დღეს ვიღაც ბიჭმა ტილოში გახვეული რაღაც მოიტანა ჩემს სახლში და მითხრა, თქვენთან გამომატანესო. რომ გავხსენი ჩემი სურათი იყო – მინდორში რომ ვიდექი. პატარა კონვერტში პაწაწინა ფურცელი იდო, რომელზეც ერთადერთი სიტყვა ეწერა: „სახსოვრად“...

მას მერე ოთო აღარ მინახავს. როცა თბილისში აწყობს გამოფენას, არ მივდივარ – რად მინდა, ტყუილად გული გავიხეთქო. ისიც არ მეხმიანება, რადგან, იმ ქვეყანაში, სადაც დასახლდა, ცოლ-შვილი ჰყავს.

ასე დავკარგე პირველი, ყველაზე გულწრფელი და დიდი სიყვარული ჩემი სისულელის გამო, რაშიც, სხვათა შორის, დედაჩემმაც ითამაშა დიდი როლი. მართალია, ახლა ძალიან ნანობს, მაგრამ, რაღა დროსია.

თინა, 41 წლის.

скачать dle 11.3