ვისი დახმარებით გაიტაცა მამინაცვალმა პატარა გოგონა და ვინ აღმოაჩინა ის კონსპირაციულ ბინაში
ინფორმაცია 10 წლის გოგონას დაკარგვის შესახებ სამართალდამცველებს მისმა დედამ, 36 წლის მაკა კ-ძემ მიაწოდა. დაზარალებული დედის განცხადებით, ბავშვი სკოლიდან გაუჩინარდა, რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ კი დედამ შეიტყო, რომ მისი შვილი გაიტაცეს და მძევლად ჰყავდათ. მაკა კ-ძემ სამართალდამცველებთან პირველი ჩვენების მიცემისას აღნიშნა, რომ ბავშვი მისთვის უცნობ პიროვნებებს ფულის გამოძალვის მიზნით ჰყავდათ გატაცებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.
ამონაწერი მაკა კ-ძის ჩვენებიდან: „ჩემი შვილი კერძო სკოლაში სწავლობს. იმის მიუხედავად, რომ იმ სკოლას ავტობუსი ემსახურება, ბავშვი ყოველდღიურად ჩემს მძღოლს მოჰყავს სახლში. იმ დღესაც, მძღოლი ჩვეულებრივად მივიდა სკოლასთან, მაგრამ, ირინკამ სკოლიდან გამოსვლა დააგვიანა. მძღოლი სკოლაში შევიდა, თუმცა ბავშვს ვერსად მიაგნო. ჩემთან დარეკვის შემდეგ გაარკვია, რომ ბავშვის ადგილსამყოფელი არ ვიცოდი. დაკარგული ირინკას ძებნა სკოლის დირექციამაც დაიწყო, მაგრამ, ვერავინ გაიგო, სად გაუჩინარდა ჩემი შვილი. ამ ამბიდან სამი-ოთხი საათი იქნებოდა გასული, როდესაც სახლის კართან წერილი დამხვდა და იქიდან შევიტყვე, რომ ბავშვი გატაცებული იყო.”
მაკა კ-ძემ გამოძიებას წარუდგინა წერილიც, რომელიც კომპიუტერზე აკრეფილი რამდენიმე სიტყვისგან შედგებოდა. წერილში მითითებული იყო, რომ ბავშვს მხოლოდ 20 ათასი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებდნენ. წერილის ავტორი მუქარით მიმართავდა გატაცებული ბავშვის დედას, რომ, თუ ის მომხდარის შესახებ პოლიციაში განაცხადებდა, ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. როგორც დაზარალებულმა განაცხადა, წერილის ავტორი მისთვის კარგად ნაცნობი ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომლის ხელწერასაც იცნობდა და სწორედ ამიტომ ჰქონდა გამოყენებული დამნაშავეს კომპიუტერი. გამოძიების ვერსიით, ის გამოცდილი კრიმინალიც უნდა ყოფილიყო, რადგან კომუნიკაციისთვის არ გამოიყენა სატელეფონო ზარი.
ოპერატიულმა სამსახურმა მაკა კ-ძის საქმიანი და საახლობლო წრის შესწავლა დაიწყო. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, მაკა კ-ძე მესამე ქორწინებაში იმყოფებოდა, შვილი კი პირველი ქორწინებიდან ჰყავდა. ბავშვის მამა რამდენიმე წლის გარდაცვლილი იყო. მამაკაცი, რომელთანაც ახალგაზრდა ქალი მეორე ქორწინებაში იმყოფებოდა, საქართველოში არ ცხოვრობდა. მაკა კ-ძის მესამე მეუღლე თავადაც ძალიან განიცდიდა ბავშვის გატაცებას და აქტიურად იყო ჩართული ბავშვის ძებნაში, ასე რომ, მასზე ეჭვის მიტანა თავიდანვე გამოირიცხა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ მაკა კ-ძე ოქროს სამკაულებით ვაჭრობდა და ოპერატიულმა სამსახურმა მისი საქმიანი პარტნიორების მოძიება დაიწყო, თუმცა, ამ მიმართულებითაც, გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციების დადგენა ვერ მოხერხდა. დამნაშავე, რომელმაც ბავშვი გაიტაცა და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ინციდენტიდან მხოლოდ ათი საათიის შემდეგ გამოჩნდა – მან ავტომობილზე დაუტოვა ქალს მეორე წერილი, რომელშიც მითითებული იყო, რომ ბავშვი ცოცხალი არ დაბრუნდებოდა, რადგან, გამტაცებლისთვისაც ცნობილი გახდა, რომ დედას ამის შესახებ პოლიციაში განაცხადა. როგორც ჩანდა, ის მოვლენების განვითარებას მალულად აკვირდებოდა. ოპერატიული სამსახურის მცდელობა, დედას კავშირი აღედგინა დამნაშავესთან, უშედეგო აღმოჩნდა – ბავშვის გამტაცებელთან კონტაქტი შეწყდა. გამოძიება გატაცებული ბავშვის კვალს ეძებდა. დანაშაულიდან 24 საათის შემდეგ მაკა კ-ძემ დამნაშავისგან კვლავ მიიღო წერილი ფულის მოთხოვნით – 20 ათასი დოლარი მაკა კ-ძეს მითითებულ ადგილზე უნდა დაეტოვებინა. მესამე წერილი დამნაშავემ მაკა კ-ძის მეგობრის სახლის კართან დატოვა, რაც მიუთითებდა, რომ ბავშვის გამტაცებელი მაკა კ-ძის წრეს კარგად იცნობდა. ოპერატიულმა სამსახურმა ფულის გადაცემის ოპერაცია დაგეგმა. ფული დათქმულ ადგილას თავად მაკა კ-ძემ დატოვა. 18 საათი უთვალთვალებდა გამოძიება წერილში მითითებულ ადგილს, მაგრამ, იქ ფულის ასაღებად არავინ მივიდა.
გატაცებული გოგონას პოვნა ოპერატიულმა სამსახურმა სრულიად გაუთვალისწინებელი შემთხვევის წყალობით შეძლო: იმის შესახებ, რომ გატაცებული იყო, ბავშვმა თავად აცნობა მოქალაქეს, რომელიც ბინაში, სადაც გატაცებული გოგონა იყო დატყვევებული, სოციოლოგიური კვლევის ჯგუფიდან მივიდა და კარზე ზარი დარეკა. მოქალაქემ ამის შესახებ პოლიციას აცნობა. ოპერატიულ-სამძებრო სამსახურმა გატაცებული ბავშვის გათავისუფლების ოპერაცია დაგეგმა დამნაშავე, რომელიც 40 წლის კახა კ-ოევი აღმოჩნდა, მათ მაშინ დააკავეს, როდესაც ის დაქირავებული კონსპირაციული ბინიდან საჭმლის საყიდლად გადიოდა.
მოქალაქე, რომლის წყალობითაც დაკარგული ბავშვის აღმოჩენა მოხერხდა, 41 წლის მადონა კ-ძე აღმოჩნდა.
ამონაწერი მისი ჩვენებიდან: „სოციოლოგიური კვლევის ჯგუფში ვმუშაობ, რამდენიმე მოქალაქის გამოკითხვა საცხოვრებელ ბინებში უნდა მომეხდინა. იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გატაცებული ბავშვი ვიპოვე, შემთხვევით შევედი. რატომღაც, ისე მოხდა, რომ მესამე სართულამდე კარი არავინ გამიღო. როცა იმ ბინის კარზე დავაკაკუნე, ბავშვი გამომეხმაურა. როგორც ჩანს, კართან ახლოს იდგა, რადგან, მაშინვე მიპასუხა: დეიდა, დაკარგული ვარ და დედასთან წამიყვანეთო. ჯერ ვერ დავიჯერე და ვუთხარი: უფროსებს დაუძახე-მეთქი, მაგრამ, მაშინვე მიპასუხა – ამ სახლში ერთი კაცის გარდა არავინ მოდის და მარტო ვარო. ბავშვს დავპირდი, რომ მალე დავბრუნდებოდი. იმავე სართულზე, მეორე ბინის კარზე დავაკაკუნე. ქალბატონმა გამომხედა, რომელსაც ვითარება ავუხსენი. მან მითხრა, რომ იმ ბინაში არავინ არ უნდა ყოფილიყო, რადგან ბინა დაკეტილი იყო და იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა მან, ჩემთან ერთად, თავად მოისმინა, რომ ბინიდან პატარა გოგონა შველას ითხოვდა. მაშინვე მივხვდი, რომ დანაშაულთან გვქონდა საქმე, მაქსიმალურად დავიცავით სიფრთხილე, თუმცა, პოლიციას მაშინვე შევატყობინეთ მომხდარის შესახებ. „დამნაშავე” რამდენიმე საათში დააკავეს.
დაკავებული კახა კ-ოევი მაკა კ-ძის მეორე ქმრის ძმა აღმოჩნდა. გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის ბავშვს კარგად იცნობდა. ამიტომაც, 10 წლის ირინკა მას იოლად ენდო და სკოლიდან სახლში წაყვანაზე დასთანხმდა. კახა კ-ოევს ბინა წინასწარ ჰქონდა დაქირავებული და, ორი დღის განმავლობაში, სანამ ბავშვის დედასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა, გოგონა უკანა ოთახში ჰყავდა გამოკეტილი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მას ოთახში ბავშვის გამოკეტვა დაავიწყდა, ის დღე იყო, როცა ის უცნობმა მოქალაქემ აღმოაჩინა.
ამონაწერი კახა კ-ოევის ჩვენებიდან: „მაკას და მის შვილს კარგად ვიცნობდი. ირინკა 2 წლის იყო, როდესაც ჩემმა ძმამ მაკა ცოლად შეირთო და ბავშვი ჩემ თვალწინ გაიზარდა. შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვი ძალიან მიყვარდა და ამიტომაც არაფერი დამიშავებია მისთვის. ვფიქრობდი, რომ ფულს ავიღებდი და მაშინვე დავტოვებდი საქართველოს – ჩემს ძმასთან წასვლა მინდოდა. როდესაც მივხვდი, რომ მაკამ გამოძიებაში პოლიცია ჩართო, ბავშვის გაშვება გადავწყვიტე, მაგრამ, მივხვდი, რომ დედამისს ჩემ შესახებ ყველაფერს ეტყოდა. სამი წელი არ ვყავდი ნანახი, მაგრამ, მაშინვე მიცნო. მერე საქმე გართულდა და აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. ბავშვს ვერაფერს ვავნებდი, ისევ ჯობდა, მოთხოვნილი ფული ამეღო. ირინკასთვის არაფერი დამიშავებია, საჭმელსაც ვაჭმევდი, უბრალოდ, უკანა ოთახში მყავდა გამოკეტილი, რომელსაც ფანჯარა არ ჰქონდა და ვერავის შეატყობინებდა, რომ გატაცებული იყო. იმ დღეს მაკას სახლის სათვალთვალოდ წავედი და ოთახში ბავშვის ჩაკეტვა დამავიწყდა. საღამო იყო, როცა სახლში დავბრუნდი. ირინკა კართან დამხვდა, მაგრამ არ უთქვამს, თუ ვინმეს გამოელაპარაკა. ერთ საათში საჭმლის საყიდლად გავედი და პოლიციამ სადარბაზოსთან დამაკავა.”
წარსულში ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ქურდობისთვის ნასამართლევმა კახა კ-ოევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის გატაცება ფულის გამოძალვის მიზნით, ნარკოტიკის გავლენის ქვეშ დაგეგმა და ამ დანაშაულში მისი უფროსი ძმა გარეული არ იყო, მაგრამ, გამოძიებამ კახა კ-ოევისა და მისი ძმის პირადი მიმოწერით დაადგინა, რომ დანაშაულის ორგანიზატორი მაკა კ-ძის ყოფილი ქმარი – კობა კ-ოევი იყო – დაკავებულმა დამნაშავემ სოციალურ ქსელში და სკაიპში დარჩენილი მიმოწერის წაშლა ვერ მოასწრო. სასამართლომ უმცროს ძმას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო უფროსს, რომელზაც ძებნა გამოცხადდა, დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.