როდის იწყებს ადამიანში ჩადებული სიკვდილის კოდი დროზე ადრე ამუშავებას და რა მოქმედებს უარყოფითად ჯერარდაბადებული ბავშვის ფსიქიკაზე
პარაფსიქოლოგები ამბობენ, სიკვდილის კოდი იმ ადამიანებშია ჩადებული, ვისი დაბადებაც არ უნდოდათ, მაგრამ სასწაულით მოევლინენ ქვეყანასო. ასევე, ადამიანებსა და ცხოველებს შორის ტელეპათიურად ხდება აზრთა გაცვლა და ამის ხარჯზე – კონტაქტი. ქართველი პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნანა, ამ კონკრეტული საკითხებით უკვე, დაახლოებით ოცდახუთი წელია, დაინტერესებულია და უცხოეთში ყოფნის დროს, არაერთი ცნობილი ეზოთერიკოს-მკვლევრისა თუ პარაფსიქოლოგისგან აქვს მიღებული მსგავს საკითხზე ინფორმაცია.
ნანა: ძნელია, ვინმეს აუხსნა ის, რისიც არ სჯერა. ამ დროს კამათს აზრი არ აქვს, რადგან ყველა ადამიანი თავისი შეხედულებისამებრ ფიქრობს. თავადაც ასე ვიყავი, მაგრამ ერთმა ფაქტმა იმდენად შემიცვალა ფსიქოლოგია, გადავწყვიტე, ეზოთერულ საკითხებში ძირფესვიანად გავრკვეულიყავი. ადრეულ ასაკში დავოჯახდი და შვილი გავაჩინე თუ არა, მალევე გავშორდი ქმარს. ჩემს გიორგისთან ერთად, ცალკე ვცხოვრობდი. არადა, ორსულად რომ დავრჩი, სულ იმას ვამბობდი, ახლა შვილი რად მინდა, აბორტს გავიკეთებ-მეთქი. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, სტუდენტი და ვერ ვხვდებოდი, ამით რა ზიანს ვაყენებდი საკუთარ სხეულში ჩასახულ სისხლსა და ხორცს. დედობის ღირსი მაინც გამხადა განგებამ და მერე აღარც კი გამხსენებია, რომ შვილის დაბადება არ მინდოდა. ყველა, შეძლებისდაგვარად, მეხმარებოდა. არც მე ვიჯექი გულხელდაკრეფილი და შემოსავალს ნამდვილად არ ვუჩიოდი. სამწუხაროდ, გიორგის დაბადების ტრავმა ჰქონდა და გულის არეში ტკივილები გამუდმებით აწუხებდა. სულ მთხოვდა – დედი, კატა ან ძაღლი მიყიდე, მოვუვლი, ვასეირნებ და არ შეგაწუხებსო, მაგრამ, მე ცივ უარზე ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, უყიდე რა მოხდაო, მაგრამ ვფიქრობდი, სადაც ბავშვია, იქ ცხოველს რა უნდა-მეთქი. მოკლედ, ერთ დღეს ბავშვს შეტევა მისცა და რეანიმაციაში მოვხვდით. დავიფიცე, ოღონდ ეს გადარჩეს და აუცილებლად ვუყიდი ძაღლს-მეთქი. რომ გამოჯანმრთელდა, ასეც მოვიქეცი. გიორგი ჭკუაზე აღარ იყო სიხარულით – ეთამაშებოდა, უვლიდა, ასეირნებდა. ერთ დღესაც, სასეირნოდ ჩაიყვანა ეზოში. დაახლოებით, ხუთ-ათ წუთში კარზე ძაღლის ფხაჭუნი მომესმა. გამოვვარდი სამზარეულოდან და კარი გავაღე. უნდა გენახათ, რა დღეში იყო – მომვარდა, კბილებით დამებღაუჭა კალთაზე და გარეთ მექაჩებოდა. მივყევი. ეზოში რომ გავედი, რას ვხედავ! ბავშვი მიწაზე უგონოდ წევს. თურმე, გულის შეტევა მოსვლია. სამწუხაროდ, ბევრი ეცადეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს. მერე ახლობლებმა მიამბეს, ბავშვი რომ საავადმყოფოში იწვა, უნდა გენახა, რა დღეში ჩავარდა ძაღლი, იკლებდა ეზოს ყმუილით, ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამოსდიოდაო. გიორგის დასაფლავებიდან. სულ რაღაც ერთ კვირაში კი, მკვდარი ნახეს მის საფლავთან ახლოს. ამხელა შესავალი იმიტომ გავაკეთე, რომ ახლა აგიხსნათ, რატომ დავიჯერე ადამიანში ჩადებული სიკვდილის კოდის დროზე ადრე ამუშავების შესაძლებლობა და საერთოდ, რატომ დავინტერესდი ამ საკითხით. ერთი სიტყვით, როდესაც ქალი ორსულდება და დაიწყებს აბორტზე ფიქრს, ანუ შვილის გაჩენა არ უნდა და მისი მუცლად ყოფნის დროს სიკვდილზე ფიქრობს, იმ ბავშვში სიკვდილის კოდი ყალიბდება. თუმცა, ეს შესაძლოა, ყველაზე არ ვრცელდებოდეს. მაგრამ, მერწმუნეთ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ასეა. როცა ორსული საათობით ზის და ფიქრობს – მოიშოროს თუ არა ნაყოფი, ეს ძალიან მოქმედებს ჯერარდაბადებული ბავშვის ფსიქიკაზე. ის ხომ ყველაფერს გრძნობს და განიცდის.
– ცოტა უცნაურია, რომ ჯერარდაბადებული ბავშვის ფსიქიკაზე დედის ფიქრი მოქმედებს. და მაინც, ეს კოდი რომ არ ამოქმედდეს და შეჩერდეს, რაიმე მეთოდი არსებობს?
– ეს კოდი ადამიანის ბედზე აისახება და მისი შეჩერება ძალიან რთულია, პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი. ასეთ ადამიანებს გამუდმებით ეცარებათ ხელი, არ უმართლებთ ბედში, მუდმივად წინაღობები და ბარიერები ხვდებათ ცხოვრებაში. ასევე, ამ ტიპის ადამიანები, ანუ მუცლად ყოფნის დროს სიკვდილის კოდით „დაავადებულნი“, მუდმივად დამფრთხალი და დაბნეულები არიან.
– გარდა უიღბლობისა და ცხოვრებისეული წინაღობებისა, სხვა ნიშნები არ ახასიათებთ?
– რასაკვირველია, ახასიათებთ. მაგალითად, უყვართ გარდაცვლილებზე ხშირად საუბარი, მუქი ფერის სამოსის ტარება, კედლებზე მიცვალებული ახლობლების სურათების ჩამოკიდება. სასაფლაოზე, ახლობლის საფლავთან მისულნი კი შვებას გრძნობენ და იქაური გარემო ამშვიდებთ. სხვათა შორის, არ უყვართ წუწუნი მატერიალურზე, თუმცა ბედზე ხშირად ჩივიან, რაც სიკვდილის კოდის ამუშავებასა და გააქტიურებას უწყობს ხელს. მოკლედ, თუ ადამიანი საკუთარ თავს თავად არ დაეხმარა, რომ იმ პროგრამის ჩართვას შეუშალოს ხელი, რომლისკენაც მიდრეკილია, ისე არაფერი გამოვა და ამაში სხვა ვერავინ დაეხმარება.
– ქალბატონო ნანა, გამოდის, რომ ადამიანებსა და ცხოველებს შორის უსიტყვო გაგება და განცდა ხდება, ხოლო მუცლადყოფნის დროს კი – დედის ფიქრით ბავშვის მომავალი ბედის დაპროგრამება?
– გარკვეულ სიტუაციაში ადამიანს შესწევს უნარი, რომ ცხოველის ტვინში წარმოქმნილი „ხედვითი” სახეები აღიქვას. როგორც ჩანს, ასეთი უსიტყვო ურთიერთობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა – ოთხფეხა ტელეპათზე რაღაც მოვლენის ძლიერი ზემოქმედება. რაც უფრო ნათელია ბრძანებები ადამიანის გონებაში, მით უფრო სარწმუნოა, რომ მათ აღიქვამს ცხოველის ტვინი. ჩემი გიორგის და მისი ძაღლის ურთიერთობისთვის რომ გეყურებინათ, ამას თავად მიხვდებოდით. სწორედ, ამ ურთიერთობის შემდეგ დავიწყე ამ საკითხში ჩაღრმავება და მივხვდი, რომ ისინი ტელეპათიურად, უსიტყვოდ უგებდნენ ერთმანეთს. მაგალითად, ადამიანი ვიდრე შესცოდავდა და სამოთხიდან განიდევნებოდა, ჰარმონიაში ცხოვრობდა ცხოველებთან ერთად; იესო ქრისტე უდაბნოში, ორმოცი დღე მხეცებთან ერთად ცხოვრობდა; ეგვიპტეში ლომებთან ყოველდღიური ურთიერთობა ჰქონდა წმიდა ანტონს, რუსეთში კი – დათვებთან წმინდა სერგეი რადონეჟელს.
– ამბობენ, განსაკუთრებული ტელეპათიური უნარი ინდოელ იოგებს აქვთ და ისინი ცხოველების გამოხედვაში კითხულობენ – მათ ფიქრებს და საუბარიც კი შეუძლიათ ოთხფეხა მეგობრებთანო.
– დიახ, ინდოელ იოგებს მართლაც განსაკუთრებით კარგად ესმით ცხოველთა ენა და მათთან საუბრობენ კიდეც. ზოგადად, ყველა, ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, საუბარია ურთიერთობაზე, ანუ ინფორმაციის ორმხრივ გაცვლაზე. ამისთვის საჭიროა, ურთიერთობის ისეთი საშუალება, რომელიც გასაგებია როგორც ადამიანების, ასევე ცხოველებისთვის. ზღაპრებში, ლეგენდებში, გადმოცემებში ცნობილია ერთიანი ენის შესახებ, მაგრამ თუ ამაში ვიგულისხმებთ ნიშნების სისტემას, სულერთია როგორს – ბგერითს თუ მხედველობითს, მაშინ გარდაუვალი ანატომიური შეზღუდულობის გამო, ცხოველს ის ვერ ექნება საკმარისად განვითარებული და ვერ შეძლებს ცნობების გადმოცემას გარე სამყაროში მომხდარის შესახებ. მაგრამ, ამისთვის შესანიშნავია „თანამოსაუბრეთა” მიერ ერთმანეთისთვის გაგზავნილი „ხედვითი” სახეები. ადამიანსა და ცხოველს შორის „სურათების” ასეთ უსიტყვო ურთიერთგაცვლას თავისუფლად შეგვიძლია, ვუწოდოთ „ლაპარაკი”, როგორც ეს ზღაპრებსა და ლეგენდებში ხდება. თუმცა, შესაძლოა, იმ უცნობმა ავტორებმა არც იცოდნენ აღნიშნული რთული პროცესის მექანიზმის შესახებ და მხოლოდ თვალნათელ შედეგს აღწერდნენ. როცა ადამიანი და ცხოველი ერთმანეთს რაღაცას აცნობებენ, ანუ „ლაპარაკობენ”, სინამდვილეში მათ შორის მყარდება ტელეპათიური ურთიერთობა. ეზოთერიკოსთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ არსებობს კავშირის „ფიზიკური არხი”. ეს არის ეგრეთ წოდებული განივი ელექტრომაგნიტური ტალღები. მოცემული ჰიპოთეზის მიხედვით, სწორედ ეს ტალღები, რომელიც უზარმაზარ სივრცეზე ვრცელდება და ნებისმიერ საგანში აღწევს, შესაძლებელს ხდის, ტელეპათიას, შორს ხედვას, ავადმყოფის შორიდან მკურნალობას და მთელ რიგ სხვა ექსტრასენსულ მოვლენას. ასე რომ, ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, სამყაროს აღქმის „არხების,” ანუ გრძნობების ხუთი ორგანოს გარდა, ადამიანებსა და ცხოველებს აქვთ კიდევ ერთი, ბიოინფორმაციული „არხი”, რომელსაც ელექტრომაგნიტური ტალღები ემსახურება.