ადამი და ევა
მარტივი ჭეშმარიტებები
ინგლისელები ამბობენ – სისულელეა დაღვრილი რძის გამო ტირილიო და ისინი აბსოლუტურად მართლები არიან. განა ღირს, ინერვიულო და იდარდო იმაზე, რასაც უკვე აღარაფერი ეშველება?! მით უმეტეს, არ ღირს ნერვიულობა იმაზე, რასაც ეშველება და რაც გამოსწორდება. რაც მოხდა – მოხდა და ამას უნდა შეეგუო. მით უფრო, როცა აღარაფრის გამოსწორება არ ძალგიძს. გონიერი ადამიანი ეცდება, მშვიდად მიიღოს რეალობა ისეთი, როგორიც ის არის, მაგრამ, ემოციებს რა ვუყოთ? იქნებ, ერთი მარტივი ჭეშმარიტების გაცნობიერება-გათავისებამ გვიშველოს: „ბედნიერება ბნელ ოთახშიც მოგძებნის და გიპოვის, ბუხრის უკანაც რომ დაიმალო, თუკი შენ ის დაიმსახურეო,” – უთქვამს ბრძენ ხალხს და ესეც სიმართლეა. შეიძლება, ძალიან დიდხანს და წვალებით მიდიოდეთ დასახულ მიზნამდე, მაგრამ, გაგიმართლებთ, თუკი ამის რწმენა არ მიგატოვებთ. ერთხელაც მოვლენათა ბედნიერი თანხვედრა თქვენს ცხოვრებაშიც შეცვლის ყველაფერს უკეთესობისკენ, უბრალოდ, ამის უნდა გჯეროდეთ; ხელები არ ჩამოუშვათ, არ მოეშვათ და იმედი არ გადაიწუროთ. ერთ ადგილას ჯდომითა და ცრემლების ღვრით ბედნიერება ციდან თავისით არ დაგეცემათ. ჭეშმარიტებაა ის, რომ ბედი ეხმარება აქტიურ, შეუპოვარ, საქმიან და მიზანსწრაფულ ადამიანებს.
სცადეთ და ნახავთ, რომ თქვენც აუცილებლად გაგიმართლებთ.
ღიმილის ძალა!
ღიმილს საოცარი ძალა აქვს. ის გაცილებით ეფექტური იარაღია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ღიმილით, პრაქტიკულად, ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუმცა, უნდა შეეცადო, რომ ის გულწრფელი იყოს, გულითადი და ჯანსაღი. ღიმილს არანაირი კავშირი არ აქვს შავ იუმორთან და დაცინვასთან. მამაკაცებს ხშირად ჰგონიათ (არცთუ იშვიათად – ქალებსაც), რომ მათმა იუმორმა საპირისპირო სქესის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა აღაფრთოვანოს, არადა, ასე ნამდვილად არ არის. ღიმილის მომგვრელი და განწყობის ასამაღლებელი ნამდვილად არის კარგი მუსიკა. (მით უმეტეს, თუ ლაპარაკი არ გეხერხებათ), მხიარული ამბები თქვენი ბავშვობიდან, ასევე, კარგი ანეკდოტი. შეიძლება, საქმეში ბავშვური თამაშებიც ჩართოთ.
არაფერია სასაცილო, როცა ადამიანის გარეგნობაზე ან ჩაცმის სტილზე ლაპარაკობთ. ვერავის გააცინებთ და მოხიბლავთ წარსული სევდიანი ისტორიებით. ნუ იქნებით მწარე ენის ცინიკოსი. ამით მხოლოდ თავს შეაძულებთ იმ ადამიანს, ვისთვისაც თავის მოწონებას ცდილობთ. თუ მასთან ურთიერთობა და სიახლოვე გინდათ, უბრალოდ, ხშირად გაუღიმეთ და უყურეთ ალერსიანი თვალებით – მიზნის მისაღწევად ესეც საკმარისი იქნება.
თანამედროვეობის პასუხად
თუ გული გატკინეს, ჩაისუნთქეთ ღრმად... ბოლოს მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც ჩვენ გვინდა. ძველები ამბობენ, რაც სურს ქალს, ის სურს ღმერთსო. მთლად ასეთი ამბიციურებიც ნუ ვიქნებით. მოდი, ეს ნათქვამი გავიგოთ ისე, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია. მაინც, როგორია თანამედროვე ქალი, ის, ვინც ფეხი აუწყო დროს: მუშაობს, ზრდის შვილებს, ზრუნავს ქმარზე, სახლზე, ოჯახზე და საკუთარ თავზეც. ყველაფერს აკეთებს პიროვნული წინსვლისა და თვითრეალიზებისთვის. შვილების აზრი თანამედროვე დედაზე ასეთია: მაგარი დედა არის ის, ვინც დედაც არის და საყვარელი საქმეც აქვს. ეს ხომ შესანიშნავია?!
ცუდი სტერეოტიპია თუ სულელური მოსაზრება ის, რომ თანამედროვე ქალს გვერდით მამაკაცი არ სჭირდება. როგორ არ სჭირდება – უბრალოდ, უნდა, პარტნიორად ძლიერი და შემდგარი მამაკაცი ჰყავდეს და ეს სრულიად ბუნებრივი სურვილია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე ცხოვრებაში კაცებსაც ძალიან უჭირთ, ზოგჯერ უფრო მეტადაც კი, ვიდრე ქალებს, ქალი მიდის დათმობაზე და პარტნიორად შედარებით სუსტ კაცს ირჩევს. ამით საკუთარ თავზე იღებს ყოველდღიურობის სრულ სიმძიმეს და ეს ყველაფერი მის ხასიათზეც ახდენს ზეგავლენას. არასოდეს მოითხოვო კაცისგან იმაზე მეტი, რისი მოცემაც მას შეუძლია. არ უნდა დაინახო მასში პოტენციური კონკურენტი, მოწინააღმდეგე ან მტერი. არ უნდა გამოხატო ბრძოლა, თუნდაც შეფარვით. ეს, უპირველესად, ქალს აზიანებს. თანამედროვეობა ქალისა და მამაკაცის ჰარმონიულ თანაარსებობას ითხოვს. რთული სიტუაციებიდან საყვარელმა საქმემ უნდა გიხსნას...
თანამედროვეობა ქალისგან მაქსიმუმს ითხოვს და ვართ კიდეც მაქსიმალისტები. რა მნიშვნელობა აქვს?!
უცნაურია, რომ უნისექსის ეპოქაში – დღეს, როცა არანაირი პროგრესი გასაკვირი არ არის, როცა ქალები ტოლს აღარაფერში უდებენ მამაკაცებს, მაინც ვლაპარაკობთ იმაზე, თუ რა არის ჩვენი გასაკეთებელი და რა – პარტნიორის. რადგანაც უკვე არსებობს მამაკაცების მანიკიური (და ძალიან ბევრ ქალს სწორედ მოვლილფრჩხილებიანი მამაკაცები მოსწონს) და... რადგან გვინდა, ქალური სქესი სინაზეს იჩენდეს, იყოს გულჩვილი და მგრძნობიარე, მივცეთ მას იმის უფლებაც, რომ თაგვების ეშინოდეს.
არსებობს ქალების ჰოკეი, ქალების რაგბი, ქალების ბოდიბილდინგი, ქალების ძიუდო და ბალახის ჰოკეი. მერე გვიკვირს, რატომ ვერ ხედავს კაცი ქალში სუსტ, დაუცველ არსებას.
„რა მოხდა, თუ ქალი კარადას ოდნავ გვერდზე გასწევს?!“ – ფიქრობს მამაკაცი. მას ეს კარგად შეუძლია და გაისარჯოს.
სოციოლოგები ამტკიცებენ: უნისექსი ჯერ კიდევ არ არის ცხოვრების ნორმა. ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ამისგანო. ოცდამეორე საუკუნემდე სულ იქნება იმაზე დავა, რა არის კაცის საკეთებელი საქმე და რა – ქალის. ფსიქოლოგებს ეს სრულიად ნორმალურად მიაჩნიათ. მათი მოსაზრება ასეთია: რადგან ქალები და მამაკაცები ბიოლოგიურ არსებებად რჩებიან, ისინი აუცილებლად შეეცდებიან მათი სქესისთვის დამახასიათებელი შტრიხების შენარჩუნებასო.
ასეა თუ ისე, ქალი, რომელიც საკუთარ თავს ძლიერად მიიჩნევს, არ უნდა ახდენდეს ამის დემონსტრირებას, რომ მამაკაცი არ დააკომპლექსოს. ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, ჭურჭელს მამაკაცი გარეცხავს, თუ ქალი?!