რაში გამოიხატება ქალის მიერ მამაკაცის „გამოჭერა“ და ხვდება, თუ არა ამას მამაკაცი
ქალი იბადება იმისთვის, რომ ჰქონდეს ოჯახი, ჰყავდეს მეუღლე და შვილები. ეს სურვილები ქალში ბუნებამ „ჩაამონტაჟა“. ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქალების უმრავლესობას, ეგრეთ წოდებულ თავისუფალ ურთიერთობას, ქორწინებაში ყოფნა ურჩევნია. მამაკაცს აფრთხობს ქალის ეს თვისება. ის მიდრეკილია პოლიგამიისკენ. უჭირს ჩარჩოებში ყოფნა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე სრულად აღება. აშინებს ეს პასუხისმგებლობაც. ყველაფერი ეს კი განაპირობებს, რომ ხდება ურთიერთობაში გაურკვევლობა... დაძაბულობა და გაუგებრობა... კონფლიქტიც კი. ქალი ან უკან იხევს და მორჩილად ელის მამაკაცის გადაწყვეტილებას, ან ურთიერთობა მთავრდება, ან ქალი მიდის „ვაბანკზე“ და ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს.
იზა (32 წლის): როგორ მეგონა, რომ ყველაფერი კარგად გავთვალე, თითქოს ყველა ნიუანსი გავითვალისწინე და „ჰეფი ენდი“ უნდა ყოფილიყო, მაგრამ მაინც არაფერი გამომივიდა. ვარ იმედგაცრუებული და გულნატკენი...
– თქვენ ასე სიყვარულზე ლაპარაკობთ?
– დიახ. სიყვარულს სჭირდება ფიქრი და ანგარიში, სწორედაც. არ არის ისე მარტივად საქმე, როგორც წიგნებში წერენ და ფილმებში იღებენ. „შიშველი“ გრძნობა დამღუპველია, მით უმეტეს, ქალისთვის, რომელიც სრულიად დაუცველია. საზოგადოებრივი აზრი, მამაკაცი თავად და მთელი მისი სამეგობრო-სანათესაო მის წინააღმდეგ – ქალის წინააღმდეგ არის მიმართული. ამიტომ, უნდა იბრძოლო, გააფთრებული ბრძოლით უნდა მოიპოვო შენი წილი ბედნიერება.
– ანუ, ქალმა უნდა იბრძოლოს ბედნიერებისთვის?
– თუკი ბედნიერება გათხოვებაშია, რატომაც არა?! ადამიანი ხომ ბედნიერებისთვის იბადება. მით უმეტეს, სიყვარულისთვის ყოველთვის იბრძოდნენ.
– გააჩნია, რა მეთოდებით.
– ამბობენ, ომსა და სიყვარულში ყველა მეთოდი გამართლებულიაო. საკუთარ ღირსებას არ უნდა გადააბიჯო, თორემ ქალისთვის პატარ-პატარა ხრიკების გამოყენება ნორმალურია და დასაშვები. ოცდაათი წლის ვიყავი, ვახო რომ გავიცანი. თავიდან ურთიერთობის გაღრმავებაზე არ ვფიქრობდი. ორი წლით იყო ჩემზე უმცროსი და რაღაც კომპლექსივით მქონდა. უფრო სწორად – შიში. ვფიქრობდი, ჩემზე უმცროს მამაკაცთან სერიოზული ურთიერთობა არ გამომივა-მეთქი. სტერეოტიპები მაინც თავისას შვრება. მერე საკუთარ თავს ვუთხარი – არაჩვეულებრივად გამოიყურები. ვერავინ ხვდება შენს ჭეშმარიტ ასაკს. წარმატებული ხარ და დამოუკიდებელი, გვერდით გაკლია საყვარელი მამაკაცი. თავი კი არ უნდა შეიკავო, უნდა აიღო ის, რასაც ბედი გაძლევს-მეთქი. ბოლო დროს მამაკაცთან სტაბილური ურთიერთობის მოთხოვნილებას ვგრძნობდი. ეტყობა, ქალი მაინც მიდრეკილია ოჯახის შექმნისკენ. ვერ ვხვდები, ამაში რა არის ცუდი, ან დასაძრახი. მამაკაცები ამას, რატომღაც, ნაკლად გვითვლიან. ხშირად გამიგონია, როგორი ირონიით ამბობენ – ყველა ქალი გათხოვებისთვის იკლავს თავს. ოღონდ საქორწინო კაბა ჩააცვი და ყველაფერზე თანახმააო.
– იქნება, მართლაც ასეა. იქნებ გათხოვების ხიბლი ისეთი ძლიერია, რომ ამის გავლენით, ქალი ხშირად უღირს მამაკაცს ირჩევს პარტნიორად?
– ვერ გეტყვით. საკმაოდ რთული შეკითხვაა. დაგეთანხმებით, რომ ქალი ხშირად ბრმად ენდობა გულის კარნახს. ქალი ხომ უფროა მიდრეკილი თავგანწირვისკენ. სიყვარულისთვის მსხვერპლის გაღება ქალს გაცილებით დაუფიქრებლად შეუძლია. მე ერთი წარმატებული სიყვარული მქონდა ჩემს პრაქტიკაში. მართალია, არც ისეთი ძლიერი, მაგრამ მამაკაცის მენტალობაზე გარკვეული წარმოდგენა შემექმნა. თავს იკლავდა ვითომ, ისე ვუყვარდი, მაგრამ, როგორც კი სიტყვა ქორწინებასა და ოჯახზე დავძარი, მაშინვე გაქრა. თავისი საქციელი როგორმე რომ გაემართლებინა, რაღაც ესემესი მომწერა – ოჯახის შექმნისთვის ჯერ მზად არ ვარ და არ მინდა, იმედი გაგიცრუოო. ანუ, ამ შემთხვევაშიც კი, შენ კარგად ყოფნაზე ვზრუნავო. რა სასაცილოები არიან კაცები და როგორი სამარცხვინოები.
– ანუ, მამაკაცი – თითქმის ყველა – ქორწინებას გაურბის?
– ასეა, ძალიან გაგიჟებული უნდა იყოს სიყვარულით, რომ ქორწინების ინიციატორი გახდეს. ამ შემთხვევაშიც კი, ნებისმიერ მომენტში, შეიძლება, გადაიფიქროს. ოჯახს ადვილად ქმნიან ოცი-ოცდაერთ წლამდე ასაკის მამაკაცები. მაგრამ, მათი ეს ნაბიჯი იმდენად გაუაზრებელი და უპასუხისმგებლოა, რომ რისკს შეიცავს. სამწუხაროდ, კაცი ის არსებაა, რომელმაც ზუსტად არასოდეს იცის, რა უნდა. მით უფრო, პირად ურთიერთობაში.
– მამაკაცები საპირისპიროს ამტკიცებენ.
– რომ ქალებმა არ ვიცით, რა გვინდა? – როგორ გეკადრებათ. ჩვენ ზუსტად ვიცით, რა გვინდა. კაცებს ჭკუა რომ ჰქონდეთ, მიხვდებოდნენ, ოჯახი უპირველესად მათთვის არის კომფორტი და სასიკეთო. მაგრამ, გამოკიდებულები არიან უაზრო თავისუფლების ხიბლს და აღმა-დაღმა დაბოდიალობენ. ბოლოს მაინც ყველას მომვლელი და ცხელი წვნიანი უნდა. იმაზე არ ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უნდა დაიმსახურო. ჩემი შეყვარებული და მე შესანიშნავად ვუგებდით ერთმანეთს, თითქმის უსიტყვოდ. პროფესიაც თითქმის ერთნაირი გვაქვს, ჰობი, შეხედულებები... ამიტომ, დარწმუნებული ვიყავი, რომ მასაც ისევე უნდოდა ოჯახი, როგორც მე. მთელ თავისუფალ დროს ერთად ვატარებდით. ცხოვრებასაც ერთი ჭრილიდან ვუყურებდით...
– საუბრობდით საერთო მომავალზე?
– ზოგადად – კი, კონკრეტულად – არა! იმიტომ კი არა, რომ მისი დაფრთხობისა და გაქცევის მეშინოდა. უბრალოდ, ვფიქრობდი, ისედაც ხომ ყველაფერი გარკვეულია-მეთქი. ქორწინება უკვე ძალიან მინდოდა. ვინც ფიქრობს, რომ ეს ცუდია, დამძრახოს. ვაღიარებ, ქორწილზე ვოცნებობდი და გულახდილად გეუბნებით, დარწმუნებული ვარ, რომელი ქალიც ქორწილზე არ ოცნებობს, ის დებილია ან იტყუება.
– მამაკაცებს არ მოსწონთ ის, რომ ქალი დაქორწინების გეგმებს მათ გარეშე, დამოუკიდებლად აწყობს და კაცს „პოსტ-ფაქტუმ“ აყენებს ამის წინაშე.
– ეგ მათი – კაცების სუბიექტური აზრია. რას ნიშნავს „პოსტ-ფაქტუმ“? – როცა სულ ამ ადამიანთან ხარ, როცა მის ავსა და კარგს იზიარებ, როცა ზრუნავ იმაზე, რომ კომფორტი შეუქმნა – რას ნიშნავს ეს ყველაფერი?! კიდევ ლაპარაკი სჭირდება ურთიერთობის გარკვევა-დაკონკრეტებას? მე ვკითხე, რა აზრის იყო ოჯახის შექმნაზე, როცა ურთიერთობას ის იყო ვიწყებდით და დადებითი პასუხი მივიღე. ეს უკვე მერე დაიწყო: „რა გვეჩქარება“, „რა გვეჩქარებას“ ძახილი და ლამის გამაგიჟა. სულელურ კითხვებს მისვამდა: დარწმუნებული ხარ, რომ ერთმანეთს შევეფერებით? იქნებ ახლა გვეჩვენება, რომ კარგად ვუგებთ ერთმანეთს, მერე კი ორივე ვინანებთ... ექვსი თვის განმავლობაში სრული ჰარმონია გვქონდა და რაღა ქორწინების მერე დავჭამდით ერთმანეთს?
– ერთ ჭერქვეშ ცხოვრება მაინც სხვაა. შეიძლება, გიჟდებოდე ადამიანზე, ისე გიყვარდეს, მაგრამ მასთან ერთად ვერ იცხოვრო...
– მაგრამ, ჯერ უნდა იცხოვრო მასთან ერთად, რომ ამას მიხვდე, ხომ მართალია? ნებისმიერ შემთხვევაში, ქორწინება გამართლებაზეა. ადამიანს მხოლოდ ოჯახში გაიცნობ სრულად და ბოლომდე. ცეცხლი არ აანთო და გაიყინო იმის შიშით, რომ ვაიმე, ხელი დამეწვებაო – იდიოტიზმია. მიმაჩნია, რომ ქალმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, ურთიერთობის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად, თუკი ხვდება, რომ ეს ურთიერთობა ამად უღირს.
– ამას როგორ უნდა მიხვდე?
– მიხვდები. არაფერია ამაში განსაკუთრებული. ჩემი ქმარი დღეს ამბობს, რომ მე შანტაჟით ვაიძულე, ცოლად შევერთე და თუკი მიღალატებს, სინდისი სუფთა ექნება. მსგავსი სისულელე გსმენიათ? მაგრამ, ასეთია მამაკაცის ლოგიკა.
– შანტაჟი რას ნიშნავს?
– გეტყვით. არგუმენტი ასეთი აქვს – მე ქორწინებისთვის მომწიფებული არ ვიყავი. შენ მაიძულე და გადამადგმევინე ნაბიჯი, რომელიც ბოლომდე არ მინდოდა. არჩევნის წინაშე დამაყენე და გამოვიდა, რომ ჩემზე ინადირეო. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რა სჭირდა მოსანადირებელი, ჩვეულებრივი მამაკაცია, რომელზეც მუდმივად უნდა იზრუნო. ოჯახი, თავისი საყოფაცხოვრებო პრობლემებით, მთლიანად მე მაწევს. არაფერზე ვაწუხებ. მართალია, მუშაობს და ფული მოაქვს სახლში, მაგრამ არც მე ვარ გულხელდაკრეფილი, მასზე მეტი ხელფასი მაქვს. პრობლემა ისაა, რომ მისი მამაკაცური „მე“ შეილახა იმით, რომ დავასწარი და ის გაკეთდა, რაც პირველმა მე ვთქვი. თურმე, უნდა ვმჯდარიყავი, დაუსრულებლად მეცადა, როდის გაუბრწყინდებოდა გონება და ჩემს გაბედნიერებას ინებებდა. ამას რა ჰქვია? რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იტყვის პირველი და ვინ იაქტიურებს, თუკი ორივეს გასახარი საქმე გაკეთდება. ჭია ღრღნის, თურმე, ბიჭს. გამაოგნებელი რამეა.
– როგორ დააშანტაჟეთ, მოკვლით დაემუქრეთ?
– არა. რა სისულელეა. ვუთხარი, რატომ უნდა გაწელო დრო, როცა ოცდაათს გადააბიჯე, ერთად თავს კარგად ვგრძნობთ, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, ორივე ფეხზე მყარად ვდგავართ, ბოლოს და ბოლოს, გვიხარია ერთმანეთის დანახვა. თუ ასე არ არის, მაშინ, რატომ ხარ ჩემთან? წადი და ნუღარ მოხვალ-მეთქი. ესე იგი, გათხოვება ისე გინდა, რომ ჩემი დაკარვისაც კი არ გეშინიაო.
– ხომ არ უთხარით, რომ ბავშვს ელოდებოდით? ქალები ცრუ ფეხმძიმობას ხშირად მიმართავენ კაცების „გამოსაჭერად“.
– არა. ასეთი ტყუილის თქმა დიდ სისულელედ მიმაჩნია. მე ვუთხარი, რომ ვეღარასდროს მნახავდა, ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს. უცებ, ძალიან შეშინებულმა მკითხა, თავის მოკვლას ხომ არ აპირებო.
– თქვენ უთხარით, კიო?
– არა, არა, უბრალოდ, გავჩუმდი და ტირილი დავიწყე. ძალიან არ მეტირებოდა, მაგრამ გამომივიდა. ეს არის ჩემი დანაშაული? რატომ? მე მართლა ძალიან მინდოდა, მისი ცოლი გავმხდარიყავი. ჩვენს საზოგადოებას მაინც აქვს კლიშეები. მაინც ვერ ხარ შენს „ტყავში“, როცა კაცთან ურთიერთობას ოფიციალური ელფერი არ დაჰკრავს.
– ანუ, მაინც საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენით გააკეთეთ ყველაფერი, რომ გათხოვილიყავით?
– კი. ცოტა ესეც იყო, მაგრამ სიყვარულს ნუ გამორიცხავთ. მე ჩემს საყვარელ მამაკაცთან ყველგან ყოფნა მინდოდა. აშკარად და დაუფარავად. რა არის ამაში ცუდი, გამაგებინოს ვინმემ. ვმწარდები, როცა ჩემი ქმარი მეუბნება, ისე აღარ მიყვარხარ, როგორც დაქორწინებამდე, იმიტომ, რომ შენში ზოგჯერ მოძალადეს ვხედავო. ის ხომ მოსწონს, ეს მოძალადე თვალებში რომ შესციცინებს, ანებივრებს და ზედ ჰყვება. რა უნდათ ამ მამაკაცებს, ვერ გამიგია.