ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა ფუნქცია გააჩნია ზოგადად გუბერნატორს და ვინ ნიშნავს დღეს, მოქმედი კანონის შესაბამისად, გუბერნატორებს?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლობას საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში უზრუნველყოფს სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი. სახელმწიფო რწმუნებულს, გუბერნატორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავრობა, ხოლო სახელმწიფო რწმუნებულის, გუბერნატორის უფლებამოსილებანი განისაზღვრება ცალკე კანონით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა აუცილებელ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანი, მოსამართლედ რომ დაინიშნოს და რამდენია მოსამართლეთა თანამდებობაზე ყოფნის ზღვრული ვადა?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ მოსამართლე შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, თუ მას აქვს შესაბამისი უმაღლესი იურიდიული განათლება და სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება. მოსამართლე თანამდებობაზე განწესდება უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. მოსამართლის უვადოდ განწესებამდე, კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს, მოსამართლის განწესება განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 3 წლისა. მოსამართლეთა შერჩევის, დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განსაზღვრულია კონსტიტუციით და ორგანული კანონით.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორია გაფიცვის სამართლებრივი განმარტება და რა პროცედურები უძღვის წინ პირის გაფიცვის უფლების წარმოშობას?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ გაფიცვა არის დავის შემთხვევაში, დასაქმებულის დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად, ან ნაწილობრივ შესრულებაზე. გაფიცვაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირებს. გაფიცვის უფლების გამოყენებამდე, დასაქმებულები ვალდებული არიან მოაწყონ გამაფრთხილებელი გაფიცვა. გამაფრთხილებელი გაფიცვის დაწყებამდე, გაფიცულმა მხარემ დამსაქმებელს არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა შეატყობინოს დავის საგნისა და წარმოშობის საფუძვლის, აგრეთვე გაფიცვის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ. გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ მხარეები ვალდებული არიან, შრომის კოდექსით დადგენილი წესით კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემათანხმებელ პროცედურებში. გაფიცვის უფლება წარმოიშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი გაფიცვის შემდეგ, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს, 14 კალენდარული დღის განმავლობაში. გაფიცვის პერიოდში მხარეები ვალდებული არიან, განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები. გაფიცვა არ შეიძლება გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს. გაფიცვის დროს დამსაქმებელი არ არის ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება. ამასთანავე, გაფიცვა არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს.
კითხვა: მაინტერესებს, რას ნიშნავს ლოკაუტი და ვის აქვს ლოკაუტის გამოყენების უფლება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ლოკაუტი არის დავის შემთხვევაში, დამსაქმებლის დროებითი, ნებაყოფლობითი უარი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად, ან ნაწილობრივ შესრულებაზე. შესაბამისად, მისი გამოყენების უფლება აქვს დამსაქმებელს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა პროცედურების დაცვით გამოიყენება ლოკაუტის უფლება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ისევე როგორც გაფიცვის მხარე, ლოკაუტის უფლების გამოყენებამდე დამსაქმებელიც ვალდებულია, მოაწყოს გამაფრთხილებელი ლოკაუტი. გამაფრთხილებელი ლოკაუტის დაწყებამდე, მხარემ არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე, წერილობით უნდა შეატყობინოს დასაქმებულს დავის საგნისა და წარმოშობის საფუძვლის, აგრეთვე ლოკაუტის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ. გამაფრთხილებელი ლოკაუტის შემდეგ მხარეები ვალდებული არიან, კანონით დადგენილი წესით, კვლავ მიიღონ მონაწილეობა შემათანხმებელ პროცედურებში. ლოკაუტის უფლება წარმოიშობა მხოლოდ გამაფრთხილებელი ლოკაუტის შემდეგ, არანაკლებ 24 საათის და არა უმეტეს 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ლოკაუტის პერიოდში მხარეები ვალდებული არიან, განაგრძონ შემათანხმებელი პროცედურები. ლოკაუტი არ შეიძლება, გაგრძელდეს 90 კალენდარულ დღეზე მეტხანს. ასევე ლოკაუტის დროს არ არის დამსაქმებელი ვალდებული, მისცეს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება და ლოკაუტიც, გაფიცვის მსგავსად, არ არის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევებში შეიძლება, ჩაითვალოს შრომითი ხელშეკრულებით დაკავშირებული მხარიდან კანონით მინიჭებული გაფიცვის, ან ლოკაუტის უფლების გამოყენება უკანონოდ და ვის შეუძლია, უკანონოდ ცნოს გაფიცვა ან ლოკაუტი?
პასუხი: განგიმარტავთ, უპირველესად, აღსანიშნავია, რომ დაუშვებელია, უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს, გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია, ამ საქმიანობის შეჩერება. სხვა შემთხვევებში, გაფიცვა ან ლოკაუტი უკანონოდ ჩაითვლება, თუ ერთ-ერთმა მხარემ თავი აარიდა შემათანხმებელ პროცედურებში მონაწილეობას და ისე მოაწყო გაფიცვა ან ლოკაუტი. უკანონოდ ჩაითვლება ასევე, იმ დასაქმებულთა გაფიცვა, რომლებიც შრომითი ხელშეკრულების მოშლის შესახებ ინფორმირებული იყვნენ დავის წარმოშობამდე. თუ გაფიცვის უფლება წარმოიშვა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დასრულებამდე, გაფიცვა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე უკანონოდ ჩაითვლება. რაც შეეხება უკანონოდ ცნობას, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, რომელიც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს. სასამართლო გადაწყვეტილება გაფიცვის ან ლოკაუტის უკანონოდ ცნობის შესახებ სრულდება დაუყოვნებლივ.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია კანონით დადგენილი შვებულების ვადა წლის განმავლობაში და შეიძლება თუ არა შვებულების ვადის ცალ-ცალკე გამოყენება?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს წელიწადში ანაზღაურებადი შვებულებით არანაკლებ 24 სამუშაო დღით და ანაზღაურების გარეშე შვებულებით – არანაკლებ წელიწადში 15 კალენდარული დღით. ასევე, შრომითი ხელშეკრულებით, შეიძლება განისაზღვროს განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. რაც შეეხება შვებულების ვადის ცალ-ცალკე გამოყენებას, მხარეთა შეთანხმებით, ასევე შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენებაც.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ გადაწყდება იმ დასაქმებული მუშების საკითხი, რომლებიც მართალია არ მონაწილეობდნენ თანამშრომელთა გაფიცვაში, მაგრამ სამუშაოსაც ვერ აგრძელებენ გაფიცვის გამო?
პასუხი: გაცნობებთ, რომ დასაქმებულები, რომლებიც არ მონაწილეობდნენ გაფიცვაში, მაგრამ გაფიცვის გამო ვერ ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს, დამსაქმებელმა შეიძლება გადაიყვანოს სხვა სამუშაოზე, ან აუნაზღაუროს შეჩერებული სამუშაო დროის პერიოდი სამუშაოს საათობრივი განაკვეთის მიხედვით.