რატომ ითვლება გოიმობად სოფელში დასვენება ჩინელი ბიჭის აზრით
გამარჯობა დედა, როგორ ხარ? ძალიან მენატრებით ყველა. მე არა მიშავს, უბრალოდ, ძალიან გადავიღალე და დასასვენებლად გადავწყვიტე წასვლა. გართობაზე ადრეც მოგწერე, დასვენება კი ნამდვილად ხარისხიანად შეიძლება აქ, ულამაზესი ბუნება აქვს საქართველოს, თან, ძალიან მცირე მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული ზღვის პლაჟი და თხილამურებით სასრიალო თოვლიანი მთები.
საქართველოში თუ ზღვაზე დასვენებას გადაწყვეტ, ძალიან ბევრი ფული უნდა მოიმარაგო, რომ ადამიანურად დაისვენო, რადგან, შავი ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ბათუმში, ძალიან ძვირი ღირს ყველაფერი. თბილისში ჩვენს ბინაში 12 ვცხოვრობთ და თვეში 150 ლარს ვიხდით, ბათუმში კი 150 ლარად 12 ადამიანი ერთ ღამესაც ვერ გაათევს ჩვეულებრივ ოთახში. თბილისში ერთი სადილი საშუალოდ 20 ლარი გვიჯდება ხოლმე ყველას ერთად, ბათუმში კი ამ ფულით ერთი კაციც ვერ ისადილებს ხეირიანად. სასმელებს ისეთი ფასი აქვს, როგორც თბილისის ღამის კლუბებში. მოკლედ, ქართველებმა თუ შეგატყვეს, რომ დასვენებას ან გართობას აპირებ, იმწამსვე გაგიძვირებენ ყველაფერს, თუ უცხოელი ხარ ხო, საერთოდ, ათჯერ მეტ ფასს გეუბნებიან.
პრინციპში, ადამიანსაც გააჩნია, თორემ, შარშან კობა 4 ლარით წავიდა ზღვაზე დასასვენებლად და 20 ლარით ჩამოვიდა.
ბათუმში დასასვენებლად ჩასული ქართველების დიდი ნაწილი ოჯახებში მიდის და გარკვეულ საფასურად ჩვეულებრივ, საკუთარ სახლებში ბინავდებიან, მხოლოდ ძალიან პატარა ნაწილი ცხოვრობს სასტუმროებში, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს. მაგალითად, ბათუმის სასტუმროში ერთი ღამის გათენება რომ შევძლო, თბილისში სამი თვე უნდა ვიმუშაო. საშუალო შეძლების ქართველები თურქეთში მიდიან, იმიტომ, რომ იქ გაცილებით იაფი ჯდება დასვენება, თანაც, ბევრად უკეთეს პირობებში.
სამთო კურორტები საქართველოში სულ ორია – გუდაური და ბაკურიანი. აქაც ზუსტად იგივე მდგომარეობაა, დედა – ძალიან ძვირი ღირს ყველაფერი. ამის გამო, ბევრია ისეთი ქართველი, რომელიც არც ზღვაზეა დასასვენებლად ნამყოფი და არც სამთო კურორტებზე.
დედა, მე უკვე გადავწყვიტე, როგორც დავისვენებ – მოვიქცევი ისე, როგორც ქართველების უმრავლესობა იქცევა: ჯერ კობას სოფელში წავალ ორი კვირით, მერე სამი დღით – ზღვაზე, მზეზე დავიწვები, ჩამოვალ და ვიტრაბახებ, ზღვაზე მაგრად დავისვენე-მეთქი. ადრე, თურმე, ყველა თავის სოფელში ისვენებდა და დროსაც კარგად ატარებდნენ. ახლა კი გოიმობად ითვლება სოფელში დასვენება და ამის გამო, ბევრი მთელი ზაფხული არც კი გადის თბილისიდან.
დასვენების შთაბეჭდილებებს უფრო კარგად მოგწერ, როცა თბილისში დავბრუნდები, ჯერჯერობით კი სულ ეს არის. მომიკითხე ყველა