როგორ დააფრთხო ლოგინში ფაჩუნმა შიმშილისგან გამგელებული ქართველი ფალავანი
ძალიან რთულია მოჭიდავის რეჟიმი. ვარჯიში – ვარჯიშად, დისციპლინა – დისციპლინად, მაგრამ, არსებობს ყველაზე „ბოროტი” ცნება – წონის შენარჩუნება. არადა, თუ მოჭიდავე ჯეროვნად არ იკვებება – ღონე არ აქვს, იკვებები და – წონაში იმატებ. მოკლედ, დილემაა, რა... მოგეხსენებათ, თუ შეჯიბრებაზე თუნდაც 100 გრამით მეტი ხარ შენს წონით კატეგორიაზე, მოგხსნიან და უყარე მერე კაკალი...
1971 წელია. კიევში ვართ შეკრებაზე. სასტუმროს ერთ ნომერში ვცხოვრობდით მე, გივი ონაშვილი და „ეშმაკის ფეხის მკვნეტელი”, ბუმბერაზი მოჭიდავე შოთა ჩოჩიშვილი. ჩემ გარდა თითქმის ყველა თავის წონაშია, მე კი 4-5 კილოგრამით მეტი ვარ ჩემს ნორმაზე. დავჯექი „უჭმელობით დიეტაზე.” მშიერი კაცი მგელზე უარესი და ბრაზიანია. თავისი ჭკუით, მიადვილებენ და ათასნაირ ვითომ ხუმრობებს იგონებენ ჩემი გუნდის წევრები. ხან რა „შტუკას” მიწყობენ, ხან – რას. ერთ საღამოს ცოტა გვიან მივედი ნომერში. შოთა-გივის უკვე „დაუძინიათ”. მახსოვს, რომ გასვლისას (დილით), ვჩქარობდი და ჩემი ლოგინი აშლილი დავტოვე. რომ შემოვედი – გაწყობილ-გაწკრიალებულია, მაგრამ, ყურადღება არ მივაქციე. არ მინდა, ბიჭები გავაღვიძო, მალულად ჩავაქრე შუქი და შევგორდი ლოგინში.
დავხუჭე თვალები და ჩემს თავს მამაპაპური ძილის „ზაკაზი” მივეცი. მალე წავედი ბურანში და... ზეწრის ქვეშ რაღაც აფუთფუთდა, ამოძრავდა... ალბათ, მომეჩვენა-მეთქი და ოდნავ შევსწორდი ლოგინში. ცოტაც და – ისევ აფუთფუთდა რაღაც... „ვაა, ნუთუ თაგვია?” – ვფიქრობ, მაგრამ, რომელი თაგვი გაუძლებდა ჩემი ტანის სიმძიმეს...
მოვლენებს წინ ნუ გადაუსწრებთ და ნუ იფიქრებთ, რომ რაღაც რეპტილია შემისვეს ლოგინში.
ცოტა ხანში, ისევ რომ აფუთფუთდა ჩემი ზეწარი, მაშინ კი წამოვვარდი და ავანთე შუქი. ზეწარზე არაფერია. არც საბანზე ჩანს რაიმე საეჭვო. „ოოხ, მე შენიო, – რომ უნდა ვთქვა, „მძინარე” შოთა ყვირის:
– სტოპ! არ შეიგინო, კაცო! – და გივი-შოთამ ისეთი ხარხარი ატეხეს, მთელ შენობას გაეღვიძა.
...თურმე, კაპრონის ძაფები „შეუმონტაჟებიათ“ ჩემი ზეწრის ქვეშ და მეორე ბოლოები თითებზე მოუბამთ. ეწევიან და ეწევიან ჩუმ-ჩუმად თავიანთი ლოგინებიდან. იცოცხლე, გვარიანად შემომელანძღა ორივე იმ ღამეს, მაგრამ „შემაბეს” – არ გაგვთქვა და მეზობელ ნომერშიც ჩავუტაროთ ბიჭებს ასეთი რამეო. მეორე დღეს მართლაც გაფართოებული მასშტაბით ჩატარდა ჩემზე უკვე აპრობირებული „ღონისძიება“. მეზობელ ნომერში გაეღვიძათ „ძაფნაფხაჭუნებ” ფალავნებს შუაღამეზე, ოღონდ, ერთი განსხვავებით – ძაფის „დამონტაჟების“ დროს ამათ პატარა ტექნიკური შეცდომა მოუვიდათ და კვალმა „დაზარალებულები” მალე მოიყვანა ჩვენს ნომერში, კინაღამ სერიოზულად იჩხუბეს, მაგრამ მოსაგონებლად ახლაც ღირს.
P.S. ამის შემდეგ კიდევ ბევრი „შუტკა” ჩამიტარეს ისედაც მშიერ და აღრენილ კაცს. ვითმინე, ვითმინე, ერთხელაც, ვეღარ მოვითმინე და გვარიანად შემომელანძღა ორივე.
– რა იყო, ჯო, – მეუბნება გივი – მასხრობა არ იცი, კაცო, შენა?
– რა მასხრობა! ვიღრინები და რა ვიღრინები, – კაცი წონის დასაკლებად ვშიმშილობ, ძილში პურისა და ყველის მეტი არაფერი მესიზმრება და, თქვენ კიდევ...
მოვდივარ საღამოს ჩემს ნომერში. კარი უნდა გავაღო, მაგრამ, სიბნელეში კარზე რაღაც თეთრი ლაქა დავლანდე. ამოვიღე ჯიბის სანათი, მივანათე – ვაა, ფურცელია... ნეტავ რა უნდა იყოს? მივედი უფრო ახლოს და ვკითხულობ: „ოსტოროჟნო, ვ კომნატე ზლაია სობაკა” (ფრთხილად, ოთახში ავი ძაღლიაო!), ჰმ! მეე კაცო?!! აბა, მაშინ გენახაა, სუ ერთმანეთს ეფარებოდნენ – ესა, ესაო, მე არა, – კაცოოო!
ვეტერანი ძიუდოისტი გურამ გოგოლაურის ნაამბობის მიხედვით