კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის დაუპირისპირდნენ საბოოლოდ ერთმანეთს თამაზ ნადარეიშვილი და აფხაზი სეპარატისტები

„უმნიშვნელოა აფხაზეთის გარეშე არსებული სტაბილური საქართველოს ფასი; არც ისეთი აფხაზეთი გვინდა, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას რომ შეიწირავს... აფხაზეთში ჩვენ გარეშე ჩავლილი ყოველი წელი, საქართველოსგან ფაქტობრივად  ჩამოცილებული აფხაზეთის იურიდიულ გაფორმებას უწყობს ხელს...” – ეს იმ კაცის სიტყვებია, რომელიც თავისი ქვეყნის სიყვარულს შეეწირა, რომელიც მტერმა და მისმა მაცდურმა შეთავაზებებმა ერთხელაც ვერ გატეხა, ერთხელაც ვერ შეაცდინა, ერთხელაც ვერ დააჩოქა. ამ სიყვარულმა შეიწირა ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, მათ შორისაა ძალიან მართალი კაცი – ჟიული შარტავაც. ძნელია ყველაფერი ერთად გადმოსცე, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენმა მომავალმა თაობებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ სიმართლე აფხაზეთზე. სწორედ ამ მიზნით შევარჩიეთ აფხაზ დიდგვაროვანთა შთამომავლის, თამაზ ნადარეიშვილის ცხოვრების დღიურები.                 

„1989 წლის მაისს, როცა გაგრის სტადიონზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად შეკრებილ ქართველობას სეპარატისტებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რათა შეურაცხყოფით დაეკნინებინათ იქ მყოფთა ეროვნული ღირსება, თანამოძმეებმა ხმა მიაწვდინეს და თანადგომა სთხოვეს მაშინ გაგრის ქალაქკომის მეორე მდივანს, საკმაოდ ახალგაზრდა თამაზ ნადარეიშვილს, რომელსაც უკვე მოხვეჭილი ჰქონდა სახელი, როგორც ექსტრემისტულად განწყობილი აფხაზი თანამდებობის პირებისადმი დაუმორჩილებელ კაცს. თამაზ ნადარეიშვილმა არ დააღალატა მისი მოიმედე ხალხი, მით უმეტეს, რომ საქმე საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს შეეხებოდა. ამიტომ, არც დაფიქრებულა, სწრაფად აღმოჩნდა დაპირისპირებულთა შუაგულში და გულწრფელად სცადა, მათი ქმედების უღირსობაში დაერწმუნებინა ღონისძიების ჩასაშლელად იქ მისული აფხაზები. რაღაც მომენტში მიზანსაც მიაღწია – სიტყვის შებრუნება არავის უცდია და, მაშინ, როცა მშვიდობიანად უნდა დაშლილიყვნენ კიდეც, მავანმა ვერ აიტანა ქართული აზრისა და შეგონების გამარჯვება და გაგრაში პირველი შეტაკების პროვოცირება მოხდა. საკმაოდ მძიმედ ტრავმირებული თამაზ ნადარეიშვილი მცირე ხნით საავადმყოფოში მოათავსეს. გაგრაში მცხოვრებმა მისმა უახლოესმა აფხაზმა ნათესავებმა მტკივნეულად განიცადეს მომხდარი. იგუმანეს, რომ დაპირისპირება ქართველებსა და აფხაზებს შორის ბუნებრივად კი არ მომხდარია, გარედან იყო ხელოვნურად თავსმოხვეული და ამდენად, საშიშიც. მაშინ ბატონ თამაზს მათი შიში არ გაუზიარებია, რადგან, ვერ წარმოედგინა თუ დაპირისპირება, გაუცხოება და სიძულვილი ისეთ მასშტაბებს შეიძენდა, რომ გუშინდელ მეგობრებს სამუდამოდ მტრებად გადაჰკიდებდა...   

...საბოლოო დაპირისპირება სეპარატისტებსა და თამაზ ნადარეიშვილს შორის მაშინ გამოიკვეთა, როცა ვლადისლავ არძინბამ, უკვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარის პირველ მოადგილეს, შეახსენა აფხაზური წარმომავლობა, ერთი შეხედვით გული გადაუშალა და მაცდური დაპირებების სანაცვლოდ საქართველოს ღალატი შესთავაზა... იმავე დღეს მიიღო შესაფერისი პასუხი სეპარატისტთა თავკაცმა. აფხაზთა და ქართველთა მრავალსაუკუნოვანი, ისტორიული ერთობის გასახლეჩად მომართულს, ხანდახან გათვლები ღალატობდა. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ინტერესთა წინააღმდეგ ნადარეიშვილის გადაბირების მცდელობისას მან აშკარად შეცდომა დაუშვა...

..1992 წლის დეკემბერსა და 1993 წლის იანვარში, საქართველოს ხელისუფლებაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყანაში დაძაბული ვითარება შეიქმნა... რკინიგზებისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად, არძინბასთან წინასწარ შეთანხმებით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილდა შინაგანი ჯარის სამასკაციანი შემადგენლობა... წინასწარ მომზადებული საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის მეშვეობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს აფხაზეთში საქართველოს ჯარი შევიდა აფხაზების წინააღმდეგ საომრად. ასე დაიწყო ომი აფხაზეთში.

...1993 წლის ივლისის პირველი რიცხვებიდან ქართული მხარე გმირულად იგერიებდა მტრის შემოტევას, რამაც აიძულა რუსეთი, თითქოს და აფხაზეთში მშვიდობის სანაცვლოდ, სისტემატური მოლაპარაკებები ეწარმოებინა საომარი მოქმედებების შეწყვეტის, განიარაღებისა და აფხაზეთიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანის მოთხოვნით...სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ იფიქრა, რომ ნადარეიშვილს შურისძიება ალაპარაკებდა. ქვეყნის პრეზიდენტი დაარწმუნეს კიდეც, რომ, თუკი სეპარატისტებთან შეურიგებელი ნადარეიშვილი აღარ იქნებოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მეთაური, მოლაპარაკებით გახდებოდა შესაძლებელი ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევა. 16 ივლისს, გულის მორიგი შეტევის გამო, თამაზ ნადარეიშვილი თბილისის საავადმყოფოში მხოლოდ 2-3 დღით, აუცილებელ პროცედურებზზე იყო ჩამოსული, 18 ივლისს კი ტელეეკრანიდან შეიტყო, რომ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გათავისუფლებულია აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავჯდომარეობიდან, მის ადგილზე კი დანიშნულია ჭეშმარიტად პატრიოტი და გამოცდილი პიროვნება – ჟიული შარტავა. ჩვენი საზოგადოების ერთმა ნაწილმა ირწმუნა, რომ ის, რაც ვერ შეძლო აფხაზ სეპარატისტთა ბარბაროსული ქმედებით გაღიზიანებულმა თამაზ ნადარეიშვილმა, შეძლებდა უსაზღვროდ მიმტევებელი ჟიული შარტავა და აფხაზეთში საბოლოოდ მშვიდობა დამყარდებოდა... ამ ცვლილების მიუხედავად, ბატონ თამაზს აშკარად ეეჭვებოდა სასურველი შედეგის და, იმავე დღეს, თბილისიდან სატელეფონო საუბრისას, სთხოვა სოხუმში მყოფ ხელისუფლების წარმომადგენლებს და თვითონ ჟიული შარტავასაც, რომ არ ერწმუნათ სეპარატისტთა და რუსთა დაპირებების და ხელი არ მოეწერათ განიარაღების შეთანხმებისთვის. მას ეს მოსაზრება მაშინ პანიკად ჩაუთვალეს, მაგრამ, როცა ზუსტად ის შედეგი დადგა, რასაც ბატონი თამაზი ვარაუდობდა, მისი უცდომელი პროგნოზი ძალიან ცოტამ თუ გაიხსენა.“ 

წინაპართა კვალდაკვალ

თამაზ ნადარეიშვილი დაიბადა ქალაქ გაგრაში, 1954 წლის 19 ივლისს, ვლადიმერ ნადარეიშვილისა და ალექსანდრა შენგელაიას ოჯახში. 7 წლის თამაზს მამა (გაგრის სარემონტო-სამშენებლო სამმართველოს უფროსი) ავიაკატასტროფაში დაეღუპა და ის უმცროს ძმასთან, მერაბთან ერთად ობლად დარჩენილი, დედამ და ბებიამ _ ალექსანდრა შენგელაიამ და მერი შარვაშიძემ აღზარდეს. მერი შარვაშიძე სამხედრო მოსამსახურის _ კონსტანტინე ლაკერბაიას ქვრივი იყო. კონსტანტინე ლაკერბაიამ 1918 წელს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. ამის მიზეზი კი გახდა შემდეგი ფაქტი: შავი ზღვის აფხაზეთის აკვატორიაში შემოსული წითლების გემის მეზღვაურებისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს, ბოლშევიკებმა ტყვედ აიყვანეს მისი თანამებრძოლი, ნათესავი და უახლოესი მეგობარი, რომელიც, მის თვალწინ, გემის გახურებულ საცეცხლურში ჩააგდეს. ამ შემზარავი ფაქტით შეძრწუნებულმა კონსტანტინე ლაკერბაიამ თავი მოიკლა. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პერიოდში მერი შარვაშიძე, მისი მცირეწლოვანი ვაჟი – გიორგი ლაკერბაია, დედა _ ტერეზია ჩიჩუა, და _ ვერა შარვაშიძე და მისი ოჯახის დანარჩენი წევრები თავდაპირველად თურქეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, შემდგომ _ საფრანგეთში. მაგრამ, ივანე შარვაშიძის ქალიშვილებმა დიდხანს ვერ გაძლეს უცხოეთში და, როცა ირწმუნეს, რომ სამშობლოში მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა, ოჯახებითურთ ორივე დაბრუნდა საქართველოში, განსხვავებით მათი ბიძაშვილისგან _ მერი პროკოფის ასული შარვაშიძისგან, რომელმაც მთელი სიცოცხლე საფრანგეთში, ემიგრაციაში გაატარა და იქვე, პარიზში გარდაიცვალა. ადრე დაქვრივებულ მერი შარვაშიძეს, რომელიც მომხიბვლელი გარეგნობის, ზნე-ჩვეულებისა და შინაგანი კულტურის წყალობით უამრავ მამაკაცს ჩაუვარდა გულში, მაგრამ, ის ცოლად გაჰყვა გაგრის მკვიდრს, თავადაზნაურთა თვალსაჩინო წარმომადგენელს, ვარლამ შენგელაიას, რომელიც გაგრის მშენებლობისა და კეთილმოწყობის ინიციატორის, ქველმოქმედებით ცნობილი პიროვნების, ანდრია შენგელაიას ერთადერთი ვაჟი იყო. მეფის არმიის კავალერისტ ვარლამ შენგელაიასა და მერი ივანეს ასულ შარვაშიძეს შეეძინათ ქალიშვილი – ალექსანდრა შენგელაია (თამაზ ნადარეიშვილის დედა)... ალექსანდრა შენგელაიამ თავისი ცხოვრება გაგრის მკვიდრს, კარგად ცნობილ პიროვნებას, ვლადიმერ ნადარეიშვილს დაუკავშირა, მაგრამ, მათი ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა – ადრე დაქვრივებული ობლად დარჩენილი შვილების აღზრდას სწორედ დედის _ მერი შარვაშიძის დახმარებით შეუდგა... ალექსნდრა შენგელაიამ წლების განმავლობაში იმუშავა გაგრის პირველ საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და შეძლებულ დიდგვაროვანთა შთამომავალი, პედაგოგის მოკრძალებული ხელფასით ზრდიდა ობლებს, წინაპართაგან შემორჩენილ რელიკვიებს კი, როგორც ყველაზე ძვირფას განძს, სათუთად ინახავდა. ეს იყო ოქროსა და ვერცხლის ნივთები – საგვარეულო მემკვიდრეობა, აგრეთვე, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის დედის – დედოფალ მარია ფიოდოროვნას ნაჩუქარი ბროლისა და ვერცხლის ნივთები სამეფო გვირგვინის გამოსახულებით და ასე შემდეგ. მერი შარვაშიძის მიერ შემონახული, მრავალ ქარტეხილგამოვლილი ყველა ეს განძი, გაგრის აღებისას, 1992 წლის ოქტომბერში, პირწმინდად დაიტაცეს სეპარატისტთა „ბოევიკებმა”. წარსულთან კავშირის სიმბოლოდ კი ალექსანდრა შენგელაიასა და მის შვილებს მერი შარვაშიძის ალბომიღა შემორჩათ, რომელიც აფხაზმა ნათესავებმა გადაარჩინეს დაწვას და გაგრის დაცემის შემდეგ გამოუგზავნეს ნადარეიშვილების ოჯახს”.

მასალა მომზადდა დალი ჯოჯუას წიგნის – „წინაპართა კვალდაკვალ” მიხედვით    

скачать dle 11.3