რომელ შენობებს ჰქონდა საკუთარი ელექტროსადგურები მეოცე საუკუნის დასაწყისის თბილისში და რა როლი მიუძღვით ქალაქის ელექტრიფიკაციაში ძმებ სიმენსებს
თბილისის ქუჩების განათება ღამის საათებში 1850-იან წლებში დაიწყო. განათება ჯერ სანთლებით, შემდგომ კი ნავთისა და გაზის ფანრების საშუალებით ხორციელდებოდა. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კი, თბილისის ქუჩები პირველმა თბოელექტროსადგურმა გაანათა. მას შემდეგ ყოველწლიურად თბილისის ქუჩების გასანათებელი წყარო იზრდება და თვალშისაცემია ტექნიკური პროგრესი, რომელიც განათების სისტემამ განიცადა – „სინათლის ქალაქად” წოდებულ თბილისს, ქუჩის განათების საინტერესო ისტორია აქვს.
სახლებისა და ქუჩის განათება თბილისის მთავრობისთვის სერიოზული პრობლემა იყო მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდამდე. საღამოს მოახლოებისთანავე ქალაქური ცხოვრება კვდებოდა, ყველა კარი ირაზებოდა და მხოლოდ ყარაულები რჩებოდნენ ქუჩებში, რომლებიც მთვარის შუქისა და საკუთარი სანთლის ან ნავთის ფანრების იმედზე იყვნენ. იმ დროის თბილისში ამბობდნენ კიდეც „არ ენდო ქუჩის ფანარს, ენდე ვარსკვლავებს ცაზე”. მას შემდეგ, რაც თბილისს რუსეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრე ესტუმრა, ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ქუჩების განათებაზე ეზრუნა. 1850 წლის 30 სექტემბრით დათარიღებული გაზეთი – „კავკაზი” წერდა: ტახტის მემკვიდრე ქართველი დიდგვაროვნების მიერ ორგანიზებულ მეჯლისს დაესწრო, ერთ-ერთ ბაღში, რომელიც ათასნაირი ფერის ფანრით იყო განათებული, ასევე ბრწყინვალედ იყო განათებული თავად დარბაზიცო. გაზეთის თანახმად, იმ დღეს თბილისი არნახულად განათებული ქალაქი გახლდათ, ილუმინაციები ქალაქის ყველა კუთხეში იყო, მათ შორის – სომხის ბაზარი და ზუბალაშვილების ქარვასლა ორიგინალურად ყოფილა განათებული.
განათებასთან დაკავშირებული სიტუაცია შედარებით გამოსწორდა მას შემდეგ, რაც აირზე მომუშავე ფანრების მონტაჟი დაიწყო. გაზის განათება ნავთის ან სპირიტ-სკიპიდარის ორთქლზე მუშაობდა და მათი უმეტესობა თბილისში მიხეილ ვორონცოვის მთავარმართებლობის დროს შემოიღეს. 1851 წელს, ვორონცოვის განკარგულებით, სტავროპოლიდან, სადაც იწარმოებოდა განათების ტექნიკა, შემოიტანეს 12 ფანარი და 50 ფუთი „სპირტის აირი”. ეს გაზი სპეციალური ფურგონებით გადაჰქონდათ და ამგვარად ავსებდნენ უკვე დამონტაჟებული ფანრების რეზერვუარებს. 1853 წელს თბილისი რამდენიმე ასეული ასეთი ფანრით ნათდებოდა, თუმცა ქუჩებს მხოლოდ მაშინ ანათებდნენ, თუკი მთვარის შუქი საკმარისი არ იყო და ისიც – სექტემბრიდან მაისის ჩათვლით. ზაფხულში თბილისი ჩაბნელებული იყო ღამითაც. დღესასწაულებზე, ქუჩის განათებასთან ერთად, ანთებდნენ ჩირაღდნებსა და ფისით სავსე კასრებს.
1860 წლისთვის თბილისის ქუჩის განათების ფანრების უმეტესობა თუჯის ბოძებზე იყო დამაგრებული, ხის ბოძების ნაცვლად, ხოლო განათებისთვის გამოიყენებოდა ნავთობი. იმ დროისთვის თბილისში უკვე ფუნქციონირებდა ამიერკავკასიაში მეფანრეებისა და მეჩირაღდნეების პირველი არტელი, სადაც 15-მდე ადამიანი იყო გაწევრიანებული. მეფანრეებს საკუთარი ორგანიზაცია ჰქონდათ გახსნილი. ისტორიას შემორჩა რამდენიმე მათგანის სახელი: იოსიფ ვიპერტი, ნიკოლო კარლი და ანდრეი ნაუმოვი. ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, ფანრები, რომლებიც გაზზე მუშაობდა, სასახლისა და პუშკინის ქუჩებზე და სომხის ბაზარში იყო დამონტაჟებული. საუკეთესო ქუჩის განათება კი იმ დროის თბილისში, ცენტრალურ ქუჩაზე – გოლოვინის, ამჟამინდელ რუსთაველის გამზირზე იყო.
1884 წლის 20 ნოემბერს თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქუჩების გასანათებლად გაზისა და ნავთობის ელექტროენერგიით ჩანაცვლების წინადადება, საზოგადო მოღვაწემ და პუბლიცისტმა, ნიკო ნიკოლაძემ დააყენა. ნიკოლაძის თქმით, ელექტროგანათება პარიზსა და ბერლინში ფეხს იკიდებდა და დრო იყო თბილისშიც დაეწყოთ ზრუნვა ახალ ტექნოლოგიებზე. მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში თბილისში ელექტროენერგიამ შემოაბიჯა და თავდაპირველად, ადმინისტრაციულ და საზოგადოებრივ შენობებში, ხოლო მეოცე საუკუნის დასაწყისში, თითქმის ყველა მცხოვრების ოჯახში დამკვიდრდა. მათ შორის, მთლიანად შეიცვალა ქუჩის განათების სისტემა.
პირველი დენი ელექტროსადგურიდან თბილისმა 1887 წელს მიიღო, როდესაც ქართული დრამატული თეატრის გასანათებლად თბური ძრავების დაყენება დაიწყეს. ამ საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე იყო. ასევე, განათდა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობა, მათ შორის სათავადაზნაურო ბანკი. 1895 წლის მაისში ამუშავდა მეორე ელექტროსადგური ძმები თამამშევების ქარვასლაში, ხოლო 1896 წელს – ახალ სახაზინო თეატრში გოლოვინის პროსპექტზე. მეოცე საუკუნის დასაწყისში თბილისის მსხვილ შენობებს საკუთარი ელექტროსადგურები ჰქონდა: არტისტული საზოგადოება (ახლანდელი რუსთაველის თეატრი), მელიქ-აზარიანცის საცხოვრებელი სახლი ოლღას ქუჩაზე, არამიანცის საავადმყოფო, ვეტცელის სასტუმრო მიხაილოვის (აღმაშენებლის) გამზირზე და სხვა. იმავე პერიოდში ამუშავდა პირველი საქალაქო ელექტროსადგური, რომლის მთავარი ინჟინერი რამენდინ ლეიზეროვიჩი გახლდათ.