რას შეგვახსენებს დიდ ხუთშაბათს ეკლესიაში წაიკითხული 12 სახარება და ანთებული სანთლები და რატომ დაწესდა ამ დღეს ზიარება
5 მაისს მართლმადიდებელი ქრისტიანები კიდევ ერთხელ ვიზეიმებთ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, რომელსაც წინ ვნების შვიდეული უძღვის. მთელი კვირის განმავლობაში ეკლესიაში სხვადასხვა სახის მსახურება აღესრულება, რომელში მონაწილეობაც ყველა მართლმადიდებლისთვის მნიშვნელოვანია. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– კაცობრიობის საღმრთო ისტორიის მოამბე საეკლესიო ხელოვნებას არ შეიძლება, გვერდი აევლო ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, როგორიც მაცხოვრის აღდგომაა. მათე მახარებელი მოგვითხრობს: „და აჰა‚ ძვრა იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისა გარდამოჰხდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისი საფლავისა და დასჯდა მას ზედა“. მაგრამ, აღმოსავლეთ საქრისტიანოს, სამართლმადიდებლოსა და სახელდობრ, საქართველოს ძველი ოსტატები ამ ამბავს არასდროს გამოგვისახავდნენ. მათ აირჩიეს სხვა, რომელსაც წმიდა მათეც ყვება და ოდნავ სხვაგვარად – წმიდა ლუკა მახარებელიც: „რომელი განსთენდებოდა ერთ შაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხვა იგი მარიამი, ხილვად საფლავისა მის. მიუგო ანგელოსმან მან და რქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქვენ, ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარცმულსა ეძიებთ. არ არს აქა, რამეთუ დადგა, ვითარცა სთქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. ეკლესიათა და სამღვდელთმსახურო წიგნების მომხატველნი, ხატთა დამწერნი მქანდაკებელნი თუ მქარგველნი საფლავის გადმობრუნებულ ქვაზე მჯდომარე ანგელოზს გამოსახავდნენ, რომლისკენაც მიემართებოდნენ წმიდა დედანი ნელსაცხებლიანი ჭურჭლით ხელში. ორივე მარიამისადმი ანგელოზის გაწვდილი ხელი გვიხატავს მის მიერ ქრისტეს აღდგომის ხარებას. არსებობს კიდევ მეორე ხატი, რომელსაც ქართულად „ჯოჯოხეთის წარმოტყვენა“ ჰქვია. ეს გამოსახულება ეგრეთ წოდებულ ნიკოდიმეს წიგნს მისდევს, რომელიც კანონიკურად არ არის აღიარებული, მაგრამ ეკლესიისგან აკრძალული არ ყოფილა. ნიკოდიმე მოგვითხრობს, თუ როგორ შთახდა მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ქვესკნელად, დალეწა კლიტენი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი, შებორკა ბოროტი ძალები და აღმოიყვანა მანამდე გარდაცვლილები. შესაბამისად‚ გამოიხატებოდა მაცხოვარი, რომელსაც ერთ ხელში უჭირავს ჯვარი, მეორეთი კი ამოჰყავს ადამი. როგორც წესი‚ ასევე გამოსახულია ევა, წინასწარმეტყველნი – დავითი და სოლომონი, ზოგჯერ – იოანე ნათლისმცემელი და გათოკილი სატანა.
– როგორც ცნობილია, მაცხოვარმა ჯერ კიდევ დედამიწაზე ყოფნისას იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგომა. მთელი ვნების შვიდეულის თითოეულ დღესაც განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, რის გახსენებაც ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, ვინც ვაპირებთ მსახურებებზე დასწრებას, არ იქნებოდა ურიგო.
– ბზობის მომდევნო დღეს, დიდ ორშაბათს მაცხოვარი გამოდის მოწაფეებთან ერთად და ბეთანიაში ბრუნდება. მას გზაზე ხვდება უნაყოფო ლეღვის ხე, რომელზეც მაცხოვარი ვერ იპოვის ლეღვის ნაყოფს და შერისხავს, დასწყევლის: „ნუღარასდროს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე“ და მეყსეულად გახმება ლეღვის ხე. ლეღვის ხეში ის ადამიანები იგულისხმებიან, მთელი ცხოვრების განმავლობაში კეთილი ნაყოფი რომ არ გამოუღიათ და მხოლოდ გარეგნულად იცავდნენ სჯულს და ამ შემთხვევაში ებრაელები „მოსეს კანონს“, რაც არც დღეს არის ჩვენთვის უცხო. წმიდა ქალაქ იერუსალიმში იესომ, ისევე‚ როგორც წინა დღეს, ტაძრიდან გამოყარა ვაჭრები: „ჩემი სახლი სამლოცველი სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის, თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ“. დღეს როდესაც ეს მოვლენა განვითარდა, ეწოდება დიდი ორშაბათი. ასე რომ‚ ამ დღეს ორი მნიშვნელოვანი მოვლენა აღესრულა. ასევე მნიშვნელოვანია დიდი სამშაბათი თავისი შინაარსით. ამ დღეს იესო ქრისტე იერუსალიმის ტაძარში მოძღვრავდა ხალხს, შეაგონებდა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და ფარისევლებს. ცდილობდა‚ გაეღვიძებინა მათი სინდისი და მოეხმო სინანულისკენ, ოღონდ ამ ყველაფერს იგავების მოყოლით აკეთებდა. ერთ იგავში იესო ამხელდა ფარისევლებს, რომლებიც ღვთისმოსაობას იჩემებდნენ და საქმით არც სინანულს ამჟღავნებდნენ და არც უფლის ნებას ასრულებდნენ. როდესაც ფარისევლებმა და მწიგნობრებმა საკუთარი თავის მრავალგზის მხილება ისმინეს, დაიწყეს ბჭობა, როგორ დაეჭირათ მაცხოვარი სიტყვაში, რათა ის რომაელთა მმართველების ხელში ჩაეგდოთ. ამიტომაც მიუგზავნეს მოწაფეები შეკითხვით: უნდა ეძლიათ ხარკი რომაელებისთვის თუ არა. იმედი ჰქონდათ, რომ იესო უარყოფით პასუხს გასცემდა და შემდეგ დაასმენდნენ. ხოლო, თუ ის ხარკის მიცემაზე დასთანხმდებოდა, მაშინ მას საკუთარი ხალხი უარყოფდა. უფლის პასუხი კი ამგვარი იყო: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს”. ამ პასუხმა განაიარაღა ფარისევლები. ამის შემდეგ მან ამხილა სადუკევლები, რომლებიც მკვდრეთით აღდგომას ეწინააღმდეგებოდნენ და ისევ საგონებელში ჩააგდო ფარისევლები, რომლებმაც ვერ უპასუხეს მის კითხვას: „რას ფიქრობენ ისინი იესო ქრისტეზე: ვისი ძეა იგი? ფარისევლებს უკვე აღარაფერი დარჩათ საპასუხო, იესომ მთელი ხალხის წინაშე ამხილა ისინი და დიდი განსაცდელი უწინასწარმეტყველა. როდესაც მაცხოვარი და მისი მოწაფეები ტაძრის შემოგარენში იმყოფებოდნენ, იესომ ამცნო მათ, რომ მოვიდოდა დრო და ამ ტაძრიდან (საუბარია სოლომონის ტაძარზე), ქვა ქვაზე არ დარჩებოდა. თან, აუწყა იმ ნიშნების შესახებ, რაც იერუსალიმის დანგრევის მომასწავებელი გახდებოდა. ეს წინასწარმეტყველება ახდა ქრისტეს აღდგომის 35-ე წლისთავზე – რომაელმა მღვდელმთავარმა ტიტუსმა მიწასთან გაასწორა პალესტინა, ხოლო ებრაელები მთელი დედამიწის ზურგზე მიმოფანტა. დიდ სამშაბათს მაცხოვარმა იესო ქრისტემ წარმოუსახა მოწაფეებს თავისი უკანასკნელი საშინელი სამსჯავრო, სადაც ადამიანები განისჯებიან იმის მიხედვით, როგორ ასრულებენ უფლის მცნებებს, და რა დაასრულა საუბარი, ამცნო მოწაფეებს: „თქვენ იცით, დადგება პასექი (ებრაელთა უდიდესი დღესასწაული) და ძე კაცისა მიეცემა ჯვარზე საწამებლად“. ფარისევლებმა, მიხვდნენ რა, რომ მაცხოვარმა ისინი კიდევ ერთხელ ამხილა, საბოლოოდ განიზრახეს, შეეპყროთ ის და სიცოცხლეს გამოესალმებინათ. ისინი პასექამდე ორი დღით ადრე, შეიკრიბნენ უხუცესებთან და მწიგნობრებთან ერთად მღვდელმთავარ კაიაფასთან და მოითათბირეს, რომ მზაკვრულად შეეპყრათ მაცხოვარი ჩვენი, იესო ქრისტე. მღვდელმთავარმა კაიაფამ კი თქვა, ჯობია, ერთი ადამიანი წარწყმდეს, ვიდრე მრავალი ცდუნდესო. ეს სიტყვები მას სულიწმიდის მადლმა ათქმევინა და ეს იყო უფლის ნება.
იუდა ისკარიოტელი ოთხშაბათს, ანუ შემდეგში უკვე დიდ ოთხშაბათს‚ წავიდა მღვდელმთავრებთან და ჰკითხა: „რას მომცემთ, რომ გადმოგცეთ იგი?“ მოუწოდეს 30 ვერცხლი და მას აქეთ ის ეძებდა მომენტს, რათა გაეცა უფალი. ოცდაათი ვერცხლი მაშინ იყო მწყემსის წლიური ჯამაგირი, ან უბრალო მონის სიცოცხლის საგზური. იუდა ისკარიოტელის გამცემლობის ნიშნად, ოთხშაბათს, პარასკევთან ერთად, როდესაც ჯვარს აცვეს მაცხოვარი, დაწესდა მარხვა. ხუთშაბათ დღეს, დაწესდა ევქარისტია, ანუ სამადლობელო, უსისხლო მსხვერპლი ზიარების სახით და დღესამომდე და მეორედ მოსვლის ჟამამდე, ეკლესია აღასრულებს ევქარისტიას და მორწმუნეები ეზიარებიან. ამ დღეს იუდაში შევიდა სატანა, რადგან იუდა უღირსად, არასწორად ეზიარა‚ შესცოდა და არ გამოიყენა შანსი, რომელიც მას მაცხოვარმა მისცა. ამ დღეს დაბანა მაცხოვარმა თავის მოწაფეებს ფეხები, რითაც მათში თავმდაბლობისა და მოყვასის სიყვარულის გრძნობას ნერგავდა. საღამოს მაცხოვარი მოწაფეებთან ერთად გეთსამანიის ბაღში მიდის და ლოცულობს. ამ დროს ეკლესიაში ყოველთვის იკითხება 12 სახარება და მორწმუნეები სანთლებით ხელში ისმენენ წმიდა სახარებას, რაც შეგვახსენებს მაცხოვრის ლოცვას გეთსამანიის ბაღში. დიდი პარასკევი – ეს არის მაცხოვრის ჯვარცმის დღე: ჯვარი, გოლგოთაზე ასვლა, ტირილი, გოდება, შეხსენება იმისა, როგორ ზრუნავს უფალი ჩვენზე, რომელმაც დაამარცხა ეშმაკი, ყოველივე ამას დაემორჩილა, იტვირთა ჯვარი, დაიმდაბლა თავი, ავიდა გოლგოთაზე და ჩვენი ცხონებისთვის გაეკრა ჯვარზე, ორ ავაზაკს შორის. ქრისტეს წამების დროს მზე დაბნელდა, მიწა იძრა, ტაძრის კრეტსაბმელი ორად გაიყო, საფლავები გაიხსნა და ბევრი მიცვალებული აღდგა. პარასკევ საღამოს‚ პილატეს ნებართვით, იესოს ფარულმა მოწაფემ, იოსებ არიმათიელმა და ნიკოდიმოსმა იესოს სხეული ჯვრიდან გარდამოხსნენ, სცხეს კეთილსურნელოვანი ნელსაცხებელი, შეახვიეს წმიდა ტილოში და დაასვენეს ახალ საფლავში. სამარხის კარს დიდი ლოდი მიადგეს. „დიდ შაბათს“ კი‚ როდესაც ქრისტეს წმიდა სხეული საფლავში განისვენებდა, მისი სული ჩავიდა ჯოჯოხეთში, ამცნო გარდაცვლილ სულებს თავისი გამარჯვება ეშმაკსა და სიკვდილზე. აღმოიყვანა იქიდან მართალთა სულები, რომლებიც რწმენით მოელოდნენ მის მოვლინებას. უკვე რამდენიმე საუკუნეა, დიდ შაბათს იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძრში მადლმოსილი ცეცხლი გადმოდის, რომელმაც‚ მოციქულთა და წმიდა მამათა მოწმობით, ჯერ კიდევ აღდგომისას განაბრწყინა მაცხოვრის საფლავი. წმიდა გრიგოლ ნოსელი წერს: „პეტრე ხედავდა არა მარტო ხორციელი თვალით, არამედ მოციქულებრივი გონებითაც – მაცხოვრის საფლავი აევსო ნათელს, და თუმცა ღამე იყო, ორგვარი ხედვით ჭვრეტდა შინაგანს – გრძნობიერად და სულიერად. დიდი შაბათის შემდეგ, პირველივე დღეს ქრისტეს საფლავთან დიდი მიწისძვრა მოხდა, უფლის ანგელოზმა გადააგორა ლოდი საფლავიდან. მენელსაცხებლე დედებს დახვდათ გადაგორებული ლოდი და მასზე მჯდომი ანგელოზი, რომელმაც აუწყა მათ მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?“