მამათა შეგონებანი
იოსებ ისიხტასი: ენა უნდა დაშვრეს და ზღოს მთელი თავისი უქმეტყველებისა და დაცემისთვის. ეს იმიტომ, რომ იშვას ჩვევა, რაც შრომისა და ღვაწლის გარეშე ვერ მოხდება. უნდა გამოვიჩინოთ სიმდაბლე, რათა მადლი გვეწვიოს; შემდეგ იხსნება გზა – ლოცვა სუნთქვას უერთდება, ხოლო გამოღვიძებული გონება მას თვალყურს ადევნებს. დროთა განმავლობაში ვნებები უძლურდება, გულის სიტყვები მშვიდდება და გული ცხრება.
იოსებ ათონელი: თვიდან ის რამდენჯერმე ამბობს ლოცვას და აკეთებს ერთ ჩასუნთქვას. შემდეგ, როცა გონება გულში დგომას მიეჩვევა, ყოველი ჩასუნთქვისას წარმოითქმის ერთი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე“ – ჩასუნთქვა, „შემიწყალე მე“ – ამოსუნთქვა. ასე გრძელდება მანამ, სანამ მადლი არ მოგეფინება და არ დაიწყებს მოქმედებას სულში; ამის შემდეგ კი უკვე იწყება ჭვრეტა.
წმიდა სილუანი: ადამიანო, ისწავლე ქრისტესმიერი მორჩილება და უფალი მოგცემს შენი ლოცვის სიტკბოების განცდას. თუ გინდა სუფთად ილოცო, იყავი მორჩილი, თავშეკავებული, სუფთად თქვი აღსარება და შეგიყვარებს შენ ლოცვა. იყავი გამგონე, მადლიანი, კეთილი სინდისით დაემორჩილე ხელისუფლებას და იყავი კმაყოფილი ყველასი, აი, მაშინ შენი გონება გასუფთავდება ამაო ზრახვებისგან. გახსოვდეს, რომ გხედავს უფალი და იყავი შიშში, რომ არ აწყენინო რაიმეთი ძმას; არ განიკითხო იგი, არ დაადარდიანო, თუნდაც, შეხედვით და სულიწმიდა შეგიყვარებს შენ, ყველაფერში დაგეხმარება.
არქიმანდრიტი რაფაელი: ღმერთი გვაძლევს არა მარტო თავისას, რაც თავისთავად აღემატება ადამიანის გონებას, არამედ თავის თავს, იგი ადამიანს ღმერთად ხდის მადლში. ამ ძღვენის წინაშე ყველა ადამიანური საქმე არ შეიძლება უსასრულოდ მცირე არ იყოს. უფალმა მოწყალების საქმისთვის მიგება განუზომლად მეტით აღგვიქვა, მაგრამ აქ ადამიანს აძლევს იმას, რასაც ვერაფერს შევადარებ, რასაც ანალოგი არა აქვს, იმას, რაც ყველა ადამიანურ ცნებას აღემატება. აძლევს საკუთარ თავს. რა დამსახურებებზე შეიძლება იყოს აქ ლაპარაკი? როგორ შეიძლება, ღმერთი „გამოიმუშაო“, როგორ შეიძლება, ჯილდოდ ღმერთი მიიღო? აქ არის საიდუმლო ღვთაების მისტიკური სიყვარულისა ადამიანის სულისადმი. დანარჩენი კი მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ სიყვარულის ხმობა გაგონილ იქნეს.
პაისი მთაწმინდელი: ყოველივე სულიერში აუცილებელია კრძალულება და გული, ყველაფერი, რაც მოკრძალებით კეთდება, კურთხეულია. განსაკუთრებით იმისთვის, რომ რომელიმე წმიდანის მსახურება დაწერო, უნდა გიყვარდეს ეს წმიდანი, მისდამი კრძალვას უნდა გრძნობდე, მაშინ ეს მსახურება გულიდან შეიქმნება და კრძალულების არომატს დააფრქვევს. ხოლო, თუ საღვთო გულმოდგინების მდგომარეობას, საღვთო უგუნურების მდგომარეობას მივაღწევთ, მაშინ ტროპარები თავად გადმოიღვრება ჩვენი არსებიდან.