კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში „დასთენებია“ ღამეები ეკა აბშილავას და როდის აქვს მას „გათიშვის“ პერიოდები

მომხიბვლელი და ენერგიული მსახიობი ეკა აბშილავა მაყურებელმა „კომედი შოუს” მეშვეობით გაიცნო. ის ცხოვრებაშიც ისეთივე მხიარული და ხალისიანია, როგორიც ეკრანზე ჩანს. დღეს გიამბობთ, თუ რა ხდება მის პირად ცხოვრებაში, რა საინტერესო გატაცება გამოჰყვა ბავშვობიდან და რა უცნაური თვისება ახასიათებს ამ მომხიბლავ მსახიობს.

ეკა აბშილავა: ამ ეტაპზე შემოქმედებითად საკმაოდ აქტიურად ვარ დაკავებული. ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ „კომედი შოუზე”; ახლახან ერთ-ერთი ფილმი გავახმოვანეთ, ასევე, გვიწვევენ სხვადასხვა გადაცემაში. ერთი სიტყვით, გაცილებით აქტიური გახდა ჩემი ცხოვრება, რაც ძალიან მომწონს.

– სპექტაკლებში თუ თამაშობ?

– როგორც კი თეატრალური უნივერსიტეტი  დავამთავრე, ქასთინგზე მივედი „კომედი შოუში“. სტუდენტობის პერიოდში ვითამაშე რამდენიმე სპექტაკლში, თუმცა, „კომედი შოუს” შემდეგ ცოტა ჩამოვშორდი თეატრს, რაც ჩემთვის ნამდვილად სამწუხაროა. მაგრამ, ჩემი ბედით მაინც კმაყოფილი ვარ. სპექტაკლებში თამაშის სურვილი, რასაკვირველია, მაქვს. ამჟამად „ილიაუნის” თეატრში ვთამაშობ ერთ სპექტაკლში. ვებღაუჭები თეატრს, ჩემს ჭიას მაინც ვახარებ (იცინის). თეატრალურში იმიტომ ჩავაბარე, რომ სპექტაკლებში, ფილმებში მეთამაშა. იმედია, სამომავლოდ უფრო დავკავდები როლებით.

– რაც შეეხება კინოს, როგორც ვიცი, რამდენიმე ფილმში თამაშობდი.

– რამდენიმე ეპიზოდური კინოროლი მაქვს. „ჟამი ყვავილობისა” – იყო ასეთი სერიალი და იქ ვთამაშობდი ერთ-ერთ როლს. ამ სერიალის გადაღების პროცესში, პარალელურად იწერებოდა სცენარი და თანდათან ისე განვითარდა ჩემი როლი, რომ ძალიან საინტერესო გახდა. შემდეგ, სამწუხაროდ, შეწყდა სერიალის გადაღებები, რაც ძალიან მეწყინა. სერიალ „დეტექტივებში” ვითამაშე ერთ სერიაში. მოკლედ, მაქვს რამდენიმე როლი და, იმედია, უფრო სერიოზული როლებიც მექნება მომავალში. ძალიან დიდი სურვილი მაქვს და, ალბათ, შემოთავაზების შემთხვევაში, აუცილებლად დავთანხმდები, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემი ბედით ძალიან კმაყოფილი ვარ და სიამოვნებას მანიჭებს ის საქმე, რასაც ახლა ვაკეთებ.

– საკუთარ თავს თუ ამსგავსებ შენ მიერ განსახიერებულ რომელიმე პერსონაჟს?

– საკუთარ თავს, ალბათ, ვერ მივამსგავსებ, რადგან, ჩვენი თითოეული სკეტჩი დაახლოებით თხუთმეტწუთიანია. იმ მომენტში ვეძებ კონკრეტული პერსონაჟის თვისებას, მანერას ან ჩაცმის სტილს, იმდენად ვიცვლები ხოლმე, რომ, ჩემი აზრით, არც ერთი პერსონაჟი არ არის „ჩემეული”. ვიცი, რომ უნდა ვითამაშო, დავემსგავსო კონკრეტულ ადამიანს, ვაკვირდები ხოლმე, ვცდილობ, თავიდან ბოლომდე გადავიღო მისი თვისებები.

– თითქმის ყველანაირი პერსონაჟის განსახიერება გიწევს. ეს, ალბათ, ძალიან საინტერესოა.

– ნამდვილად ძალიან საინტერესოა. ბევრ ისეთ რაღაცას აღმოვაჩენ ხოლმე, რაზეც მანამდე დაკვირვებული არ ვიყავი. საინტერესოა თვითონ წერის პროცესი. ოც ხუმრობას რომ დაწერ, იქიდან, შეიძლება, სამი აირჩიონ, მაგრამ თვითონ წერის პროცესი ძალიან სახალისოა. მე პირადად, ძალიან ვერთობი ხოლმე (იცინის). ბიჭები ძალიან ბევრს ფიქრობენ თითოეულ ხუმრობაზე. ხანდახან ისეთი ხუმრობებიც არის, რომ, გამორიცხულია, არ გაგეცინოს. ამ შემთხვევაში ვაჩერებთ კადრს და შემდეგ თავიდან ვიწყებთ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხალხს, რომელიც ჩაწერებს ესწრება. იმდენად გვამხნევებენ, ისეთი დადებითი მუხტი მოდის მათგან, რომ არანაირი უხერხული მომენტები არ გვაქვს ხოლმე. ხანდახან ისეთი როლი მაქვს, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლო და სანერვიულოა, მაგრამ, ის პუბლიკა, რომელიც გადაცემის ჩაწერას ესწრება, ძალიან გვამხნევებს და ჩაწერაც გაცილებით გვიმარტივდება.

– ეკრანზე ძალიან მხიარული და ენერგიული ჩანხარ, ცხოვრებაშიც ასეთი ხარ?

– სხვათა შორის, როცა ჩემს ნათამაშებ როლებს ვუყურებ, ძალიან არ მომწონს, ვერ ვიტან ხოლმე. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ თავმდაბალი ვარ, უბრალოდ, მართლა არ მომწონს და ყოველთვის ვცდილობ, გამოვასწორო. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი თავის მიმართ. როდესაც ცნობილი ადამიანების პაროდიებს ვაკეთებ, ძალიან მიჭირს, მერიდება. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს დადებითად უნდა აღიქვა და ცუდად არ მიიღო. რაც შეეხება რეალურ ცხოვრებას, ჩემი აზრით, მხიარული ვარ. მიყვარს მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ, ერთი უცნაური თვისება მახასიათებს – გათიშვები მჭირს. შეიძლება დავჯდე და უცბად გავითიშო. მეკითხებიან, რა გჭირსო – შეიძლება, სახეზე მეტყობა, რადგან მაშინვე მამჩნევენ, რომ რაღაც ისე ვერ არის. ძალიან ხშირად მეუბნებიან, რომ გაცნობამდე სხვანაირი ვეგონე და სინამდვილეში სხვანაირი ვარ. ერთი თვისება მომწონს საკუთარ თავში – საერთოდ არ ვარ დეპრესიული. როდესაც რაღაც პრობლემა მაქვს და ძალიან განვიცდი, მალე მავიწყდება. დილით, შეიძლება, სიგიჟემდე ვინერვიულო რაღაცაზე, მაგრამ, საღამოს რომ მკითხო, არ არის გამორიცხული, არც კი გამახსენდეს. ხანდახან უყურადღებობაში გადამდის და ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს. თუ არ დამირეკეს და შემახსენეს, მავიწყდება.

– რაც შეეხება შენს პირად ცხოვრებას, რა ხდება სამსახურს გარეთ?

– ადრე მქონდა ისეთი პერიოდი, რომ არაფრისთვის არ მრჩებოდა დრო, მაგრამ, ახლა ასე ნამდვილად აღარ არის. დრო როგორ ვერ უნდა გამონახო პირადი ურთიერთობებისთვის, მეგობრებისთვის, განტვირთვისთვის?! – ეს, ალბათ, აუცილებელიცაა. თუმცა, არიან ადამიანები, ვინც მართლა ვერ იცლის ვერაფრისთვის სამსახურის გარდა. ჩემს შემთხვევაში ასე არ არის. დღის განრიგი ისე მაქვს განაწილებული, რომ ცოტ-ცოტა ყველაფრისთვის მრჩება დრო.

– რა არის შენთვის განტვირთვის საუკეთესო  საშუალება?

– ყველაზე კარგი განტვირთვა ჩემთვის არის ვარჯიში – ვგიჟდები, ისე მიყვარს. როდესაც სავარჯიშო დარბაზში შევდივარ, ყველაფერი მავიწყდება. სარბენ ბილიკზე რომ ვდგები, თვითონ მეცინება საკუთარ თავზე, იმდენად მობილიზებული ვარ ვარჯიშისთვის. სეირნობაც ძალიან მიყვარს. კიდევ, განტვირთვის ერთ-ერთი საშუალება არის თავისუფალ დროს აქსესუარების კეთება – შეიძლება ითქვას, ეს ჩემი ჰობია.  ბავშვობიდან მიყვარდა ეს საქმე, უამრავი სამკაული მაქვს ჩემი ხელით გაკეთებული. ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა აქსესუარების კეთებისას ღამეები დამთენებია (იცინის). ბავშვობაში ვქარგავდი, შემდეგ კი ამ მოქარგულს ბისერებით ვრთავდი; ვაკეთებდი ლამაზ ჩარჩოებს, ზარდახშებს და ეს გატაცება დღემდე გამომყვა, თუმცა, ამ ბოლო პერიოდში ცოტა მოვუკელი ამ ყველაფრის კეთებას. მახსოვს, ბავშვობაში დაქალები მთხოვდნენ ხოლმე, რომ მეჩუქებინა და, იცი, როგორ მენანებოდა (იცინის)?! ახლა იმდენი მაქვს, ყუთებში მიწყვია, ვისაც უნდა, შეუძლია, მოვიდეს და წაიღოს (იცინის).

– „კომედი შოუში” გამოჩენისთანავე ძალიან პოპულარული გახდი. მოგწონს მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნა? ალბათ, თაყვანისმცემელთა რიცხვმაც იმრავლა.

– თავიდან, ქუჩაში თან მცნობდნენ, თან – ვერა და ეს ცოტა მაკომპლექსებდა, ძალიან ვიძაბებოდი. ამბობდნენ: ეს ის არ არის, კომედი შოუს მსახიობიო?! ეჭვის თვალით მიყურებდნენ. ახლა კი თითქმის ყველა მცნობს; იციან, რომ მე ვარ ეკა, „კომედი შოუს“ მსახიობი. ძალიან მომწონს პოპულარობა, ყურადღების ცენტრში ყოფნა სტიმულს მაძლევს თუნდაც იმაში, რომ მუდმივად ფორმაში ვიყო. ადრე თუ გავდიოდი მაღაზიაში ჩუსტებით, ახლა ასე აღარ დავდივარ. თაყვანისმცემელთა რიცხვმაც იმრავლა, „ფეისბუქის“ საშუალებით ხშირად მწერენ, მეგობრების სიაში მამატებენ. ტელეფონზე ზარები ცოტა გამაღიზიანებელი და შემაწუხებელია. ძალიან ხშირად მირეკავენ და, ცოტა უხეშად თუ ვეტყვი რამეს, მერე ჰგონიათ, თავში მაქვს ავარდნილი. ამიტომ, ვცდილობ, ზრდილობიანად ველაპარაკო და ჩემი მეგობრები მიბრაზდებიან ამაზე.

скачать dle 11.3